ირანული მედია: ისრაელმა საქართველოში თავისი სამხედრო კონტინგენტი განათავსა
ისრაელის ხელისუფლებამ ახალის ტრატეგია შეიმუშავა, რომლის მიხედვითაც ირანზე სამხედრო თავდასხმის შემთხვევაში საქართველოს ტერიტორიაც იქნება გამოყენებული. ეს ცნობა სომხურმა სააგენტო "პანორამამ" ირანულენოვან ინტერნეტ-გამოცემა "ასრ ირანზე" დაყრდნობით გაავრცელა, რომელიც თავის მხრივ ამერიკელ ექსპერტებს ეყრდნობა.
ამავე წყაროს ცნობით, ებრაელ სამხედროთა გარკვეული კონტინგენტი უკვე საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება.
თავდაცვის სამინისტროში ამ ცნობებს გადაჭრით უარყოფენ. დამოუკიდებელი ექსპერტებიც მიიჩნევენ, რომ ებრაელი სამხედროების საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნაც და ისრაელის მიერ ირანზე თავდასხმისათვის საქართველოს ტერიტორიის გამოყენებაც არარეალურია.
"რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ისრაელმა საქართველოში მნიშნელოვანი სამხედრო პოტენციალი განათავსა. ამას გარდა, ირანზე თავდასხმის შემთხვევაში, ისრაელს ირანზე თავდასხმისათვის აზერბაიჯანის ტერიტორიის გამოყენებაც სურს. მანამდე კი მათ აზერბაიჯანში თავისი სამხედრო-საჰაერო ძალების მნიშვნელოვანი ნაწილი ჰყავს კონცენტრირებული", - წერს ირანული გამოცემა. ოფიციალური თბილისი გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტში აცხადებენ, რომ არც სამხედროების დისლოცირება და არც ამ თემასთან დაკავშირებული სხვა საკითხები სიმართლეს არ შეესაბამება.
"არც სამხედროების დისლოცირებაზე და ან რაიმე მსგავსზე არც ლაპარაკი გვქონია და არც არაფერი გვსმენია", - ამბობს დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე მახარაძე.
ქართველი ექსპერტები თვლიან, რომ საქართველოში ებრაული კონტინგენტის არსებობა არარეალურია. თუმცა განსხვავებული მოსაზრებები აქვთ იმასთან დაკავშირებით, დაიწყებს თუ არა ისრაელი ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებას და როგორი იქნება ამ კონფლიქტში საქართევლოს როლი.
ექსპერტი სამხედრო საკითხებში ირაკლი სესიაშვილი მიიჩნევს, რომ ისრაელი ირანზე თავდასხმას "საქართველოს ტერიტორიის გარეშეც მოახერხებს". მაგრამ, სესიაშვილის თქმით, ისრაელი სამხედრო მოქმედებებს არ დაიწყებს და პრობლემის მოგვარებას საერთაშორისო მექანიზმებით შეეცდება. ექსპერტის აზრით, ამ ინფორმაციის გავრცელებას შესაძლოა სულ სხვა მიზნები ჰქონდეს.
"გამორიცხულია საქართველოში ებრაული კონტინგენტის არსებობა. ეს არ შეესებამება სიმართლეს. საკუთარი ტექნიკური პოტენციალიდან გამომდინარე, ირანზე თავდასხმა ისრაელს საქართველოს ტერიტორიის გამოეყნების გარეშეც შეუძლია. თანაც ისრაელის მხრიდან რაიმე ჯარების განთავსებას არანაირი პრაქტიკული მნიშვნელობა არ აქვს.
"გარდა ამისა, ისრაელი ითვალისწინებს ჩვენს ქვეყანაში შექმნილ ვითარებას, ოკუპირებულ ტერიტორიებს და რუსეთთან ურთიერთობას. ამიტომ ამ კონტექსტშიც გამორიცხულია საქართველოში სახმედრო ბაზის ფარულად გახსნა. ღიად კი აუცილებლობა არ არის. მეტიც, ისრაელმა საქართველოს იარაღის მოწოდებაც შეუწყვიტა რუსეთთან ურთიერთობის გამო.
"შესაძლებელია, ისრაელს ირანში კონკრეტულად რაიმე ობიექტების განადგურების სურვილი ჰქონდეს. თუმცა, ის, როგორც დემოკრატიული სახელმწიფო, გაეროს რეზოლუციას ითვალისწინებს და კონფლიქტების საერთაშორისო მექანიზმებით მოგვარებას ცდილობს. ვფიქრობ, ისრაელს არ სურს გაიმწვავოს ურთიერთობა საკმაოდ სერიოზული შესაძლებლობების მქონე ირანთან. წინააღმდეგ შემთხვევაში ისრაელისათვის კიდევ უფრო გაიზრდება სააფრთხეები და რისკები. ამიტომ, მათ ურჩევნიათ ირანის წინააღმდეგ მიმართულ საერთაშორისო მოქმედებებში ჩაერთონ.
"ვფიქრობ, ირანული გამოცემის ინფორმაცია უფრო მეტად ფანტაზიაა და კეთდება იმისთვის, რომ გარკვეულწილად ხელი შეეშალოს ირანულ-ქართულ ურთიერთობას და საზოგადოებაში საქართველოს წინააღდეგ აზრი შეიცვალოს. ეს რითია განპირობებული, ამას ცალკე კვლევა სჭირდება.
"საქართველოსა და ირანს შორის ურთიერთობის გაღრმავება იგეგმებოდა. გავრცელდა ცნობა ირანის პრეზიდენტის, მაჰმუდ აჰმადინეჟადის ჩამოსვლაზეც. თუმცა ამის გამო დასავლეთის მხრიდან საქართველოს კრიტიკის შემდეგ ეს ინფორმაცია გაქრა. შესაძლოა, ირანის ხელისუფლება განაწყენებულიც იყოს. თუ ეს სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი გაზეთია, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეს სტატია შესაძლოა ამას უკავშირდებოდეს.
"თუმცა, ყველაფერი ფუჭი მსჯელობაა, პრაქტიკული თვალსაზრისით იმდენად არათავსებადია ეს ვერსია, მის სიღრმისეულ კვლევას საჭიროდ აღარ ვთვლი", - ამბობს სესიაშვილი.
ექსპერტი სამხედრო საკითხებში გიორგი თავდგირიძეს საქართველოში რაიმე ებრაული სამხედრო ძალის არსებობა არარეალურად მიაჩნია. მისი თქმით, საქართველოში თუნდაც შეზღუდული კონტინგენტის შემოყვანა ვერ მოხდებოდა. თავდგირიძე აცხადებს, რომ საქართველოში საიდუმლო სამხედრო ბაზები არ არსებობს და როდესაც ერთი ქვეყნის ჯარების შეყვანა ხდება მეორე ქვეყანაში, საკითხს ორივე ქვეყნის პარლამენტში განიხილავენ.
რაც შეეხება კონფლიქტს ისრაელსა და ირანს შორის, თავდგირიძე მიიჩნევს, რომ ისრაელმა, შესაძლოა, ირანის წინააღმდეგ შეტევა განახორციელოს, მაგრამ ეს იქნება მხოლოდ საჰაერო დარტყმები, რისთვისაც, ექსპერტის აზრით, საქართველოს ტერიტორია ისრაელს საერთოდ არ სჭირდება.
"მთელი მსოფლიო ცდილობს ირანს სანქციები დაუწესოს და შეასუსტოს მისი ბირთვული პოტენციალი. მაგრამ ისრაელისათვის ეს პირდაპირი საფრთხეა და დანარჩენი მსოფლიოსაგან განსხვავებით, უფრო მტკივნეულად აღიქვამს.
"შესაძლებელია ისრაელმა დაბომბოს ის ობიექტები, რომელიც, მისი დაზვერვის ინფორმაციით, ჩართული იქნება ბირთვული იარაღის შექმნაში - ქარხნები, სამეცნიერო დაწესებულებები, ბირთვული იარაღის გამოსაცდელი პოლიგონები და ა. შ. ასე რომ, ირანთან ისრაელის კონფლიქტი მიიღებს მხოლოდ საჰაერო ბრძოლის ფორმას", - ამბობს თავდგირიძე.
ექსპერტის აზრით, მოვლენების ასე განვითარების შემთხვევაში საქართველომ თავისი პოზიცია მკვეთრად უნდა დააფიქსიროს. იმის მიუხედავად, რომ ისრაელს საქართველოს ტერიტორიის გამოყენება არ სჭირდება, ირანთან მისი კონფლიქტისას ჩვენი ქვეყანა მაინც გარკვეულწილად ჩართული იქნება.
"ტერიტორიის გარდა, საქართველო ისრაელს არც ქვეითი ჯარის შემოსაყვანად სჭირდება, რამდენადაც ეს უფრო საჰაერო ბრძოლა იქნება. რაც შეეხება ტექნიკურ მხარდაჭერას, გამორიცხული არ არის საქართველოსა და ისრაელს შორის არსებული მჭიდრო კავშირის გამო ჩვენი ქვეყნის ინფრატსრუქტურული გამოყენება მოხდეს, რაც არ ნიშნავს კონფლიქტში საქართველოს პირდაპირ ჩართვას. ეს შესაძლოა იყოს რადიოლოკაციური სადგური, ან ებრაელი დამკვირვებელი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე მონიტორინგს განახორციელებს, მაგრამ ეს ყველაფერი იქნება შეფუთული.
"საქართველოს მოსახლეობისა და პოლიტიკოსების ნაწილს ჰგონია, რომ თუ სირაქლემის პოზაში იქნება, რაღაც მოვლენების მიღმა აღმოვჩნდებით. მეორე მსოფლიო ომის მაგალითზე ცხადი გახდა, რომ სამხედრო საჭიროებიდან გამომდინარე, ნეიტრალური ქვეყნებიც ჩართულნი აღმოჩნდნენ მოვლენებში. საქართველო ნეიტრალიტეტის შენარჩუნებას ვერანარიად ვერ მაოხერხებს. მისთვის მნიშვნელოვანია სიმართლის მხარეს იყოს. თუ საქართველოს სურს მსოფლიო თანამეგობრობის ღირსეული წევრი გახდეს, თავისი მკვეთრი პოზიცია უნდა გამოხატოს. ცხადია, უნდა ვეცადოთ მოვლენები რაც შეიძლება ნაკლები დოზით შეეხოს საქართვლოს, მაგრამ ადრე თუ გვიან არჩევანის ზღვარზე ვიქნებით და ამ შემთხვევაში არჩევანი უნდა იყოს ისრაელი და აშშ", - განაცხადა თავდგირიძემ.
ლილი ხმალაძე
http://www.ambebi.ge/samkhedro/22528-iranu...ganathavsa.html