თავდაცვის სამინისტროში საკადრო ცვლილებები იწყება
თავდაცვის სამინისტრო საკადრო ცვლილებებისათვის ემზადება. ამ ინფორმაციას სამინისტროს კულუარებში აცხადებენ. საუბარია იმაზე, რომ მალე თანამდებობები შეიძლება დატოვონ, აწ უკვე სამინისტროს შემადგენლობაში "საკუთარი ინიციატივით" გადასული შპს "თბილავიამშენის" ხელმძღვანელმა პანტიკო თორდიამ და ეროვნულ გვარდიის სარდალმა ზურაბ არსოშვილმა.
თავდაცვის სამინისტროში ამ ინფორმაციას ოფიციალურად არ ადასტურებენ. სამინისტროს პრეს-სამსახურის უფროსის სალომე მახარაძის თქმით, "თუკი ცვლილებების განხორციელება დაიწყება, ეს ოფიციალურად გახმოვანდება". ამდენად, სამინისტროს პრეს-სამსახური მოსალოდნელ ცვლილებზე წინსწრებით წინასწარმეტყველებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.
"თბილავიამშენში" შესაძლო საკადრო ცვლილებების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია კატეგორიულად უარყო პანტიკო თორდიამ. ამ ცნობას ოფიციალურად არც სამინისტროში ადასტურებენ, თუმცა კულუარებში არათუ ზოგადად საკადრო ცვლილებაზე აკეთებენ აქცენტებს, არამედ ახალი კადრების კონკრეტულ გვარებსაც კი ასახელებენ.
"თბილავიამშენს" სავარაუდოდ, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ვაშაკიძე უხელმძღვანელებს, რომელიც ამჟამად საერთაშორისო ურთიერთობებს უწევს კოორდინაციას. კულუარული ინფორმაციით, აღნიშნული ცვლილება უახლოეს დღეებში განხორციელდება.
სამხედრო ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ ვაშაკიძისთვის "თბილავიამშენის" ხელმძღვანელად დანიშვნა დაქვეითებაა.
"მინისტრის იმ მოადგილის, რომელსაც ძირითადში საერთაშორისო ურთიერთობის საკითხები ევალებოდა და ახლა მისი ქარხნის დირექტორად გადაყვანა, თვითონ ხვდებით რა ტიპის კომბინაციასთან გვაქვს საქმე. ეს არის ვაშაკიძის დაქვეითება და რამდენადაც ამბობენ, ეს ცვლილება გარდაუვალია," - ამბობს ირაკლი სესიაშვილი.
ოფიციალური არდადასტურების პარალელურად კულუარებში საუბარია იმაზე, რომ ეროვნული გვარდიის სარდალი ზურაბ არსოშვილი თავდაცვის სისტემიდან რეზერვთან დაკავშირებული ხედვების ვერწარმოდგენის გამო გათავისუფლდება.
"არსოშვილი ამჟამად საკუთარ თანამდებობაზე მუშაობს. რეზერვის ხედვაც უკვე არსებობს. შეგიძლიათ ჩვენს საიტზე შეხვიდეთ და იქ ყველაფერს ნახავთ. ხოლო თუკი ვინმეს გათავისუფლების ან დანიშვნის გადაწყვეტილება გაიცემა, ეს საჯაროდაც გავრცელდება," - ამბობს "რეზონანსთან" საუბარში სალომე მახარაძე.
ცნობისათვის, ზურაბ არსოშვილი ეროვნული გვარდიის სარდლად დაახლოებით ორი წლის წინ დაინიშნა. მანამდე, წლების განმავლობაში, ის შიდა ქართლის ფინანსური პოლიციის უფროსი იყო.
სამხედრო ექსპერტების შეფასებით, პიროვნებათა ცვლილებებზე მეტად მნიშვნლოვანი თავად ეროვნული გვარდიის ვერშექმნა და "თბილავიამშენის" სამინისტროს დაქვემდებარებაში გადასვლაა.
"ნაციონალური მოძრაობის" საკადრო პოლიტიკა მუდმივად სიურპრიზებითაა სავსე და გადაიყვანენ არსოშვილს გუბერნატორის თანამდებობაზე, თუ მთლიანად გაქრება ჩვენი თვალთახედვიდან, ისე როგორც, მაგალითად, პოლოლიკაშვილის შემთხვევაში მოხდა, ეს დიდად მნიშვნელოვანი არ მგონია", - ამბობს გიორგი მელითაური.
მისი თქმით, თავდაცვის სისტემაში უმთავრესი ეროვნული გვარდიაა. ამიტომაც მისი სარდალი არა სამოქალაქო, არამედ სამხედრო პირი უნდა იყოს.
ორი წლის წინ, როდესაც ერონულ გვარდიაში არსოშვილი დაინიშნა, სამხედრო ექსპერტები ძალიან დიდხანს აკრიტიკებდნენ არასამხედრო პირის ამ თანამდებობაზე დანიშვნას, რადგანაც აცხადებდნენ, რომ რეზერვთან დაკავშირებული გეგმების ჩამოყალიბება ისეთი სამხედრო პირის პრეროგატივაა, რომელსაც ამ "სპეციფიკური" სისტემის განათლება ექნება მიღებული.
კახა კაციტაძის თვალსაზრისით, "ელემეტარული რაღაცაა, რომ არ შეიძლება გვარდიის სარდლად სამოქალაქო პირი დაინიშნოს, სულ გადასარევი ადამიანიც რომ იყოს, მაინც. გვარდიის სარდლად ორი სამოქალაქო პირი ვნახეთ - აკაკი ბობოხიძე და ზურაბ არსოშვილი. მიმაჩნია, რომ ასეთ სპეციფიკურ თანამდებობაზე არ შეიძლება დანიშვა ასე ქაოტურად ხდებოდეს, ამ თანამდებობაზე უბრალოდ სამხედრო კი არ არის საჭირო, არამედ სამხედრო - არაორდინალური აზროვნების უნარით, რომელსაც შეუძლია იფიქროს და მოიფიქროს თვისობრივად სხვა, ახალი, სისტემის შექმნა".
რამდენად დადებითად აისახება ეროვნულ გვარდიაზე სამოქალაქო არსოშვილის შეცვლა, კაციტაძე განმარტავს, რომ ამაზე წინასწარ თქმა რთულია, რადგანაც არ ვიცით, ვინ დაინიშნება არსოშვილის ნაცვლად.
"შეიძლება ბატონ არსოშვილზე უკეთესი დაინიშნოს, შეიძლება პირიქით - უარესი. მე, უბრალოდ მრჩება ისეთი შთაბეჭდილება, რომ ჩვენი ეროვნული გვარდია დაწყევლილია - 90-იანი წლებიდან მოყოლებული, როცა სამოქალაქო დაპირისპირება დაიწყო, ვერა და ვერ მოხერხდა მისი ინსტიტუციონალიზება. ნუთუ არ შეიძლება რეზერვის კონცეფცია ჩამოყალიბდეს?! თუმცა, როცა არ იცი როგორი რეგულარული არმია გეყოლება, რეზერვის კონცეფციას ვერ შექმნი.
"რეზერვის კონცეფციამდე რეგულარული ჯარის კონცეფცია უნდა დადოს სამინისტრომ, იმიტომ, რომ რეზერვი რეგულარული ჯარის გაგრძელებაა. თუ დასაწყისი არ იცი, გაგრძელება როგორ უნდა შექმნა? სახურავის კონცეფცია რაც არ უნდა გენიალური იყოს, თუ კედლები როგორია არ იცი, ამას რა აზრი აქვს? ასეა თავდაცვაშიც და ამიტომ არ გამოდის არაფერი", - მიიჩნევს კაციტაძე.
სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე აცხადებს, რომ "არსოშვილს თავდაცვაში არაფერი გაუფუჭებია, მაგრამ არც განვითარების მხრივ გაუკეთებია რამე. სამწუხაროდ, კანონი, რომელიც რეზერვისტების მიმართულებით ჩვენთან დამკვიდრდა, რეფორმირებას მოითხოვს. აქედან გამომდინარე, გამორიცხული არ არის, რომ მისი შეცვლისათვის ამ სფეროში ჩახედული ადამიანი უფრო გამოსადეგია. თავისთავად, არსოშვილის გვარდიიდან წასვლა არაფერს ცვლის. ვინ მოვა, რას აპირებს ხელისუფლება ამ მიმართულებით - ეს არის საინტერესო".
მისი ვარაუდით, არსოშვილის წასვლა სხვა დიდ საკადრო ცვლილებას არ გამოიწვევს, რადგანაც მას გვარდიაში თავისი საკუთარი კადრები არ მიუყვანია.
რაც შეეხება "თბილავიამშენის" ხელმძღვანელის პანტიკო თორდიას შესაძლო შეცვლას, გიორგი მელითაური აცხადებს, რომ "აქ უფრო მეტად საყურადღებო ისაა, რომ საავიაციო ქარხანა თავდაცვის სამინისტროს გადაეცა და ეს არასწორი ნაბიჯია.
"ეს სწორ ნაბიჯად არ მიმაჩნია, რადგანაც ამ შემთხვევაში თავდაცვის სამინისტროს კომერციული მოღვაწეობის წარმოება მოუწევს. არც ერთ ქვეყანაში, არც საბჭოთა ეპოქაში, გინდა სტალინის პერიოდში, თავდაცვის უწყებაში ქარხნები არ შედიოდა. თავდაცვის უწყებაში მხოლოდ სარემონტო ქარხანა შეიძლება იყოს, როგორც არის ყველგან მიღებული. მაგალითისათვის, ჩვენთან ასეთია მოსკოვი პროსპექტზე არსებული ე.წ. სატანკო ქარხანა, რომელიც ჯავშან-ტექნიკის სარემონტო პროცესს ახორციელებდა.
"რა პრინციპებით არის გადაცემული თავდაცვის სამინისტროსთვის და რის საფუძველზე, ამის თქმა ძნელია. ვინაიდან ამის შესახებ არაფერია ცნობილი. საჭიროა იმის ცოდნა, თუ რას აპირებს თავდაცვის სამინისტრო, რა პრესპექტივას უსახავს "თბილიავიამშენს" და რა პროექტია დადებული. როგორც წესი, ნორმალურ დემოკრატიულ განვითარებულ ქვეყნებში სამხედრო სამრეწველო კომპლექსი კერძო პირების ხელშია," - ამბობს გიორგი მელითაური.
ოფიციალურად, როგორც თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის უფროსი რევაზ ჭარბაძე აცხადებს, "თბილავიამშენი" სამინისტროს შემადგენლობაში, არც მეტი არც ნაკლები, "თავად საწარმოს ხელმძღვანელობის ინიციატივით" გადავიდა. "თბილავიამშენის" თავდაცვაზე დაქვემდებარება, თავად სამინისტროში რიგი პროცედურების გამარტივებად მიიჩნიეს.
საწარმოს ამჟამინდელი დირექტორის პანტიკო თორდიას თქმით, "ახალი სამხედრო სარემონტო-სამრეწველო კომპლექსის შექმნა ჩვენს ბაზაზე, ვფიქრობ, რომ ეს "თბილავიამშენის" კოლექტივის გარანტირებულ დაკვეთებს უზრუნველყოფს. ასევე, შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს - ამდენად, ჩვენ მოხარულები ვართ სამინისტროს შემადგენლობაში გადასვლის გამო."
რა მიზეზით შეიძლება საკუთარი ნებით თავდაცვას დაქვემდებარებულმა "თბილავიამშენის" შეფმა "სიხარულის" კვალდაკვალ თანამდებობა დაკარგოს? ამაზე ჯერ არავინ საუბრობს.
თორდიას ადგილზე ნიკოლოზ ვაშაკიძის დანიშვნას კი კაციტაძე მიესალმება: "მიუხედავად იმისა, რომ ამ ხელისუფლების მოყვარული არ ვარ, ენა არ მომიბრუნდება, რომ ნიკაზე ცუდი ვთქვა. ვიცი, რომ ის ეკუთვნის იმ ძალიან მცირე ადამიანთა კატეგორიას, რომელმაც ამ ხელისუფლებაში რაღაც იცის, მაგრამ ვშიშობ, შექება თუ წამომცდა, ვაი თუ დანიშვნის საკითხი გავუფუჭო. თუმცა ჩემთვის გაუგებარი რჩება, რას ქმნიან, რისთვის ან როგორ ქმნიან".
თამთა ქარჩავა
http://www.ambebi.ge/samkhedro/23210-thavd...bi-itsyeba.htmlგაზეთი ”რეზონანსი”