კოალიციის ძალები ავღანეთში ომს აგებენ
კოალიციის ძალები ავღანეთში ომს აგებენ, - აქვეყნებს მასალებს უცხოური მასმედია. მასალებს საფუძვლად ავღანეთში ამერიკელთა ბრძოლის საიდუმლო დოკუმენტები უდევს. პუბლიკაციები ბრიტანულ გაზეთში Guardian-ში, ამერიკულ New York Times-სა და გერმანულ Der Spigel-ში დაიბეჭდა. აშშ-ის ისტორიაში ეს საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვის ყველაზე მასშტაბური შემთხვევაა. საიდუმლო ინფორმაციის ათასობით ფაილი საიტ Wikileaks-ის მეპატრონეთა ხელში აღმოჩნდა.
დოკუმენტებიდან, რომლებზეც ჟურნალისტებს ხელი მიუწვდათ, ასეთი სურათი იხატება: კოალიციის ძალები ავღანეთში ომს აგებენ, სამხედროები კი ასობით მშვიდობიან მოქალაქეს კლავენ, ამის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას არ მიეწოდება. ამავდროულად, თალიბთა თავდასხმების რიცხვი იზრდება, ხოლო ნატოს ძალების მთავარსარდლობა შიშობს, რომ ირანი და პაკისტანი რეგიონში არასტაბილურობას ხელს უწყობენ.
Wikileaks-ის მესვეურები ირწმუნებიან, რომ ავღანეთში კონფლიქტის თაობაზე დაზვერვის სამსახურების 90 ათასზე მეტი ანგარიში და შეტყობინება მიიღეს, რომლებიც ბოლო 6 წლის განმავლობაში, სამხედრო ოპერაციებისას მომზადდა. ოპერაციებში სამასზე მეტი ბრიტანელი და ათასზე მეტი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა.
ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ საიტის მეპატრონეები საიდუმლო ინფორმაციის გავრცელებისთვის მკაცრად გააკრიტიკა. თავის მხრივ, საიტი არ ამხელს, რა გზით მოიპოვა საიდუმლო მასალები.
ჯარისკაცთა კვალდაკვალ
როგორც Guardian წერს, საიდუმლო დოკუმენტებში ასახულია მთელი რიგი ეპიზოდები, რომელთა გასაიდუმლოება სამხედროებს განსაკუთრებით სურდათ. ერთ-ერთში საუბარია საიდუმლო ქვედანაყოფის "შავების" მოქმედებაზე, რომელთა მთავარი ამოცანა თალიბთა ლიდერებზე ნადირობა - გასამართლების გარეშე მათი "განადგურება, ან შეპყრობაა".
დოკუმენტების თანახმად ირკვევა, რომ კოალიციის ძალებმა თალიბთა გასანადგურებლად უპილოტოები გამოიყენეს, რომლებსაც ნევადას სამხედრო ბაზიდან მართავდნენ.
საიდუმლო მასალებში გაზეთი New York Times ყურადღებას პაკისტანის დაზვერვის სამსახურებზე ამახვილებს, რომლებმაც რეგიონში უწესრიგობის აღმოსაფხვრელად აშშ-დან მილიარდობით დოლარი მიიღეს, მაგრამ სინამდვილეში თალიბებს ეხმარებიან.
Guardian-ი ამერიკელ მაღალჩინოსან სამხედროზე დაყრდნობით წერს, რომ ეს მასალები დაზვერვის ოფიცრების მიერ "ჭორებსა და გადაუმოწმებელ ინფორმაციებზე" დაყრდნობით მომზადდა.
ჟურნალისტებისგან შეიტყვეს
თეთრი სახლის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ქაოსის სურათი, რომელიც გახმაურებული საიდუმლო დოკუმენტებით იქმნება, ბარაკ ობამას ახალი ავღანური სტრატეგიის დაწყებამდე პერიოდს ასახავს. "საყურადღებოა, რომ დოკუმენტები 2004-2009 წლის პერიოდს მიეკუთვნება", - ნათქვამია განცხადებაში.
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხში ობამას მრჩევლის სახელით გენერალმა ჯეიმს ჯონსმა განაცხადა, რომ ამ დოკუმენტების პუბლიკაციამ "შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ამერიკელთა სიცოცხლეს", ასევე აშშ-სა და მისი მოკავშირეების ეროვნულ ინტერესებს.
განცხადებაში გამოთქმულია წუხილი იმის გამო, რომ Wikileaks-ი საიდუმლო დოკუმენტთა თაობაზე აშშ-ის ხელისუფლებას არ შეეხმიანა. ხელისუფლებამ მათ შესახებ მხოლოდ ჟურნალისტთა პუბლიკაციებიდან შეიტყო. ჯონსმა დასძინა, რომ გამომზეურებული დოკუმენტები "აშშ-ის, ავღანეთისა და პაკისტანის მომავალ თანამშრომლობაზე უარყოფითად ვერ აისახება".
პუბლიკაცია გამართლებულია?
არსებობს ეჭვი, რომ Wikileaks-ს დოკუმენტები იმ სამხედრო ანალიტიკოსმა მიაწოდა, რომელიც ერაყში საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნების ბრალდებით დააპატიმრეს. გამორიცხული არაა, ეს სწორედ ის ადამიანი იყოს, რომელმაც მანამდე Wikileaks-ს ვიდეო მიაწოდა, სადაც ამერიკული სამხედრო ვერტმფრენი თავს მშვიდობიან მოქალაქეებს ესხმის.
New York Times-მა მასალების გამოქვეყნებაზე საკუთარი გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ მათი მეშვეობით "ნათელი ხდება, როგორი სირთულეების წინაშე დგანან აშშ და მისი მოკავშირეები", რისი ამსახველი სხვა დოკუმენტებიც უბრალოდ არ არსებობს. გამოცემა მიიჩნევს, რომ საუდუმლო ფაილების პუბლიკაცია სავსებით გამართლებულია.
საგულისხმოა, რომ ამერიკული გამოცემის ცნობით, "ხელისუფლების წარმომადგენლები ჟურნალისტთა ხელში აღმოჩენილი ინფორმაციის აუტენტურობას ეჭვქვეშ არ აყენებენ".
მიმაგრებული სურათი