კლინტონი საქართველოში: უმნიშვნელო შედეგი
jamestown1
ვლადიმერ სოკორი
აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი 5 ივლისს საქართველოს ექვსსაათიანი ვიზიტით ეწვია – ეს იმ ხუთდღიანი ტურის ნაწილი იყო, რომლის განმავლობაშიც ის ხუთ დღეში ხუთ ქვეყანას ესტუმრა. მისი ვიზიტი საქართველოში პირველია აშშ-ს უმაღლესი რანგის ჩინოვნიკების ვიზიტებს შორის მას შემდეგ, რაც ზუსტად ერთი წლის წინ აქ ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იყო. კლინტონის ვიზიტს, რომელიც ვაშინგტონის თვალთახედვით, ალბათ რუტინული იყო, საქართველოში შესაძლო შედეგების გამო თრთოლვით ელოდნენ. ვიზიტმა ძალიან მცირე შედეგი გამოიღო, თუმცა აშკარად და იმპლიციტურადაც დაადასტურა საქართველოს შიდა პოლიტიკური კონსოლიდაცია და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მთავრობის ეფექტური საქმიანობა
ვიზიტის მთავარი შედეგი სიმბოლურია: აშშ-ს მთავრობამ საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის 2008 წლის ომისა და აფხაზეთისა და სამხრეთ-ოსეთის დაპყრობის ასაღწერად შემდეგი ოფიციალური ფორმულირება შემოიტანა: ”შემოჭრა” და ”ოკუპაცია”.
ეს ფორმულირება განსხვავდება იმისგან, რაც ბრიუსელში პრევალირებს. იქ რუსეთის ომს უბრალოდ ”არაპროპორციულ პასუხს” უწოდებენ. საქართველოს დიპლომატიამ თითქმის ორი წელი შეალია იმას, რომ შეეცვალა აშშ-ს ოფიციალური შეფასებების ენა. ზოგიერთმა ევროპულმა ქვეყანამ, დაინახა რა რომ აშშ-ს გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში არ მოდის რუსეთის ”გადატვირთვის” პოლიტიკასთან, შესაძლოა ამ ქმედებას მიბაძოს. ლიტვის პარლამენტი პირველი იყო, რომელიც ამ ფორმულირებას დაეთანხმა (BNS, June 1).
თუ ამას მთავრობათა უმეტესობა დაეთანხმება, შეფასებები ”შემოჭრა” და ”ოკუპაცია”, სულ ცოტა იმ ქვეყნებს მაინც რომლებიც შუალედურ პოზიციას იკავებენ, გადააფიქრებინებს რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ-ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას. აშშ-ს ახალი ტერმინოლოგია არა მარტო 2008 წლის შედეგების არალეგიტიმურობაზე მიუთითებს, არამედ მის დროებით ხასიათზეც. თუ ეს ფორმულირება საერთაშორისო დოკუმენტებში ჰპოვებს ასახვას, მაშინ ეს დაეხმარება ქართულ დიპლომატიის მიზანს – აფხაზეთისა და სამხრეთ-ოსეთის ”დე-ოკუპაციას”. კრემლი აუცილებლად დაადებს ვეტო-ს ამ ტერმინების იმ ორგანიზაციებში გამოყენებას, სადაც ის ვეტო-ს უფლებას ფლობს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ქართულმა დიპლომატიამ და მისმა მხარდამჭერმა ქვეყნებმა მიიღეს ძლიერი არგუმენტი იმის სასარგებლოდ, რომ ეს საკითხი საერთშორისო დღის წესრიგში წამოსწიონ.
თეთრი სახლის დოკუმენტში ”აშშ-რუსეთის ურთიერთობები: გადატვირთვა, ფაქტობრივი მონაცემები”, რომელიც 24 ივნისს გამოქვეყნდა, ტერმინოლოგიის ცვლილება ოფიციალურად დაფიქსირდა. მასში აშშ-ს პოზიცია განსაზღვრულია, როგორც რუსეთისგან ”ოკუპაციის” დასრულებისა და აფხაზეთიდან და სამხრეთ-ოსეთიდან, „საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან“ ჯარების გამოყვანის მოწოდება (Giorgi Kvelashvili, “Georgia’s Anti-Occupation Strategy Gains More International Support”, www.jamestown.org/blog, June 29).
თეთრი სახლის დოკუმენტი, რომელიც აშშ-ში რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის ვიზიტისას გამოიცა, ნაწილობრივ იმასაც ისახავდა მიზნად, რომ გაექარწყლებინა თვალთახედვა, რომლის თანახმადაც ვაშინგტონმა რუსეთთან ”გადატვირთვის“ პროცესში მსხვერპლად გაიღო მისი მეზობლების ინტერესები, მაგრამ 29 ივნისს იცავადა რა იმავე თეზისს, კლინტონის ვიზიტის წინასწარ მიმოხილვაში (სახელმწიფო დეპარტამენტის სტენოგრამა, 30 ივნისი) , აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ფილიპ გორდონმა აშკარად შეიკავა თავი ამ ტერმინების გამოყენებისგან. თავის მხრივ თბილისში ყოფნისას კლინტონმა რამდენჯერმე გაიმეორა ტერმინი ”ოკუპაცია” და „შემოჭრა“ (სახელმწიფო დეპარტამენტის ჩანაწერი, 5 ივლისი).
მაგრამ სიმბოლიზმისა და სემანტიკის მიღმა, როგორც სჩანს აშშ-ს აქტიურ პოლიტიკაში ცვლილება რაიმე სხვა სახით არ ასახულა, ისეთ პოლიტიკაში რომელიც რუსეთს დაპყრობილ ტერიტორიებს დააბრუნებინებდა. აშშ-ს ეროვნული უშიშროების საბჭოს დირექტორმა მაიკლ მაკფოულმა ამ ბოლო კვირებში რამდენჯერმე საჯაროდ აღიარა, რომ ვაშინგტონს ამ მიმართულებით არავითარი სტრატეგია არა აქვს (Foreign Policy, June 21). თბილისში კლინტონმა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მტკიცე მხარდაჭერა გამოუცახადა და ამავე დროს რუსეთს 2008 წლის საზავო შეთანხმების პატივისცემა, ჯარების პრე-კონფლიქტამდელ პოზიციაზე გაყვანა და აფხაზეთსა და სამხრეთ-ოსეთში ჰუმანიტარული დახმარების შეშვება მოსთხოვა, მაგრამ ამ რიტორიკას ადგილზე არაფერი შეუცვლია.
კლინტონმა საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარება დაავალა, რათა ის აფხაზებისა და ოსებისთვის უფრო მიმზიდველი გახდეს და ამით აღიდგინოს ტერიტორიული მთლიანობა. თბილისში თავისი გამოსვლის დასკვნით ნაწილში მან აღიარა, რომ ეს ”შვილებისა და შვილიშვილების” ამოცანაა (სახელმწიფო დეპარტამენტის სტენოგრამა, 5 ივლისი). ეს დანიშნულება ახალი სულაც არაა. შეერთებული შტატები და ევროპის კავშირი იმის ნაცვლად, რომ დასავლეთის მიერ ინიცირებული გადაწყვეტა მოეძებნათ მაშინ, როდესაც ეს ჯერ კიდევ შესაძლებელი იყო, ამგვარ რეკომენდაციას 1990-იან წლებიდან იძლევიან. დღეს კი ვარიანტები, რომელიც ჯერ კიდევ 2008 წლამდე არსებობდა, თვალსაწიერ მომავალში აღარ ჩანს.
კლინტონმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ს პოზიცია, რომელიც გამორიცხავს რუსეთის პრეტენზიებს გავლენის სფეროზე, როგორც საქართველოში, ასევე ნებისმიერ სხვა ადგილას. მან დაარწმუნა საქართველო, რომ შეერთებულ შტატებს „შეუძლია თან ისეირნოს და თან კევი ღეჭოს“, ანუ გადატვირთოს ურთიერთობები რუსეთთან, ამავე დროს ჰქონდეს პარტნიორული ურთიერთობები საქართველოსთან და არ ითამაშოს ნულოვანი თამაში. საპასუხოდ, კრემლის პროპაგანდისტმა კონსტანტინ სიომინმა ხმამაღლა იკითხა, როგორ შეუძლია ვაშინგტონს მოსკოვსა და თბილისს შორის გაყოს კევი ნულოვანი თამაშის მდგომარეობაში (რუსეთის ტელევიზია, პირველი არხი, 5 ივლისი).
აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია, რომელსაც ბუშის ადმინისტრაციის ბოლო დღეებში, 2009 წლის იანვარში მოეწერა ხელი ჯერ კიდევ შესასრულებელია და მან ჯერ კიდევ უნდა მოიტანოს შედეგები. კლინტონმა ის მხოლოდ საჯაროდ ახსენა, მას შემდეგ რაც სააკაშვილმა ორჯერ ილაპარაკა მასზე შემაჯამებელ პრეს-კონფერენციაზე (სახელმწიფო დეპარტამენტის სტენოგრამა, 5 ივლისი).
აშშ-ს მხარდაჭერა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებისადმი პრინციპის დონეზე (საქართველოს ყველა სხვა ქვეყნის მსგავსად აქვს უფლება მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები) და პროცესის თვალსაზრისით (საქართველომ უნდა დააკმაყოფილოს კრიტერიუმები) უცვლელია. ამასობაში კი შეერთებულმა შტატებმა ძირითადად შეაჩერა სამხედრო თანამშრომლობა საქართველოსთან და კლინტონს ამ მიმართულებით არავითარ ცვლილებაზე არ მიუნიშნებია.
http://foreignpress.ge/?p=13896ოღონდ ერთი კითხვა მაქვს: მანამდე როდის თანამშრომლობდნენ ამერიკელები ჩვენთან თავდაცვის სფეროში? თუკი წვრთნის და აღჭურვის პროგრამას არ ჩავთვლით რომელიც ერაყში და ავღანეთში ჩვენი საზარბაზნე ხორცის გასაწვრთნელად იყო საჭირო? რაიმე სერიოზული მაგათ ჩვენთვის ოდესმე მოუყიდიათ? და ეს მაშინ როცა რუსები სომხებს მილიარდობით დოლარის შეიარარებას უბრალოდ ჩუქნიდნენ ხოლმე
ეგეც ჩვენი მოკავშირეები ბლინ... ეგეთებს მტერსაც არ ვუსურვებდი