ახალგორის რაიონში, იკოთის დედათა მონასტერთან ახლოს, რკინის ორმეტრიანი ჯვარი ჩეჩენმა ტრაქტორისტმა 3 დღის წინ მოამტვრია.ახალგორის რაიონში, იკოთის დედათა მონასტერთან ახლოს, რკინის ორმეტრიანი ჯვარი ჩეჩენმა ტრაქტორისტმა 3 დღის წინ მოამტვრია. ამის შესახებ პრესა.გე–ს ერთ–ერთმა ძირძველმა ახალგორელმა უთხრა; ის ამ ფაქტს თავად შეესწრო. ჩვენი წყაროს ვინაობას გასაგაბი მიზეზების გამო ვერ ვასახელებთ, რისთვისაც ჩვენს მკითხველს ბოდიშს ვუხდით. წყაროს ცნობით, ახალგორის მილიციაში დევს ეგრეთ წოდებული ოსური პასპორტები, რომლის დარიგებას ადგილობრივი მოსახლეობისთვის აპირებენ და ის, ვინც ამ პასპორტზე უარს იტყვის, 1 ივლისის შემდეგ ახალგორში ვეღარ შევა.
ეს ინფორმაცია პრესა.გე–სთან საუბრისას შსს–ს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, შოთა უტიაშვილმა დაადასტურა – “საქმის კურსში ვართ და ახლა ვფიქრობთ, რა შეიძლება გავაკეთოთ“. ექსპერტი კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძე კი მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლება უძლურია და უმჯობესია მოსახლეობამ პასპორტებზე უარი არ თქვას.
ადამიანი, რომელსაც პრესა.გე ოკუპირებულ რაიონში არსებულ ვითარებაზე ესაუბრა, ამ წუთშიც ახალგორშია.
ვინ აიღო იკოთის მონასტერთან ახლოს არსებული ჯვარი?
– დედათა მონასტერი პატარა მთის წვერზეა; იქიდან დაახლოებით 500 მეტრში რკინის ორმეტრიანი ჯვარი იყო აღმართული. ზუსტად 3 დღის უკან, ჩეჩენი იყო, გადაამტვრევინეს, ნახევარი ჯვარი, მოტეხილი, გვერდზე გადააგდეს. ეგაც ჩემი თვალით ვნახე.
თქვენი თვალით უყურეთ ჩეჩენმა ჯვარი როგორ მოამტვრია? ქართული სააგენტოების ცნობით, ეს ოსებმა გააკეთეს.
– მე ვნახე მომტვრეული, კი, ტრაქტორისტი იყო ეროვნებით ჩეჩენი და ჩაბეტონებული იყო ეს ჯვარი; ეგ ადგილი დედათა მონასტერზე იყო გადაცემული და ამიტომ დადგეს იქ ჯვარი. იმ ჩეჩენმა ამოთხარა, სხვათა შორის, რუსები არ გაეკარნენ, რა თქმა უნდა, არც არაფერი უთხრეს; მერე გამოაგდეს და ვითომ ამით თავი დაიზღვიეს. მანდ სხვა რაღაც მაიმუნი, პატარა პოლიტიკა ჩადეს.
მაგ ადგილზე რუსებს ხომ აეროდრომის გაკეთება უნდოდათ?! ჰოდა, ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი ისაია (ჭანტურია) პატრიარქთან შესახვედრად თბილისში იყო ჩასული. ამ აეროდრომის მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით, ილია მეორემ მიტროპოლიტი ისაია მოსკოვში გაგზავნა, საიდანაც დადებითი, ანუ საჩვენო წერილობითი პასუხი ჩამოიტანა – “მაგ ადგილზე მშენებლობა არ შეიძლება, ნუ შეეხებით, ვინაიდან დედათა მონასტრის ტერიტორიააო“, მაგრამ როგორც ხედავთ, მაინც ეხებიან.
ოსები არაფერ შუაში არ არიან, ოსები ახლოს არ მისულან; ოსებს მანდ უკვე არავინ აღარაფერს ეკითხებათ, ჩვეულებრივად არიან, რუსები რასაც ეტყვიან, იმას აკეთებენ, ისე ნაბიჯს ვერ დგამენ.
თვითონ რუსები რა დოზით ერევიან ადგილობრივი მოსახლეობის – ქართველებისა და ოსების ურთიერთობაში?
– ადგილობრივ ოსებსა და ქართველებს შორის ურთიერთობა არ დაძაბულა, რადგან ისინი ერთმანეთისგან არ განუსხვავებიათ, როცა მისცეს კომპენსაციები, კოტეჯები წეროვანში. ოსური მოსახლეობის დიდი ნაწილი, ვისაც აქაური პოლიტიკა არ მოსწონს, ძირითადად წეროვანში ცხოვრობს. რუსებს ეს თავიდან არ მოსწონდათ, “თქვენ ისევ ერთადა ხართ, ჭირში, ლხინში, მეგობრობთ, ნათესაობთ და აბა ჩვენ ვინა ვართ აქო?!“ ამის მერე მონოპოლია რუსებმა აიღეს და ოსებსაც აღარაფერს ეკითხებიან.
კონკრეტულად რას გულისხმობთ?
– ხომ არის ადმინისტრაციის უფროსი, ანუ გამგებელი?! აი, იმას უნიშნავენ რუს ზედამხედველს და რეალურად, ზედამხედველი კი არ იქნება?! ძირითადი საქმის წამყვანი სწორედ ის რუსი ზედამხედველი იქნება.
რამდენად ახლოსაა რეალობასთან, ქართული სააგენტოების მიერ გავრცელებული ინფორმაცია – ახალგორში მხოლოდ იქ ჩაწერილებს უშვებენო?
– ორი დღის წინ, პოსტზე, რომ გამოვიარე, მეც გამაფრთხილეს – “თუ ჩაწერა არა გაქვს, უკან ვეღარ შემოხვალო“. ოსური პასპორტები შემოიტანეს, მაგათ მილიციაში ალაგია და პირველი ივლისიდან აიძულებენ ამ ხალხს, რომ თუ გინდა იყვე ახალგორში, შენ უნდა აიღო ეს ოსური პასპორტი და თუ არ გექნება ოსური პასპორტი, ამ შემთხვევაში, აღარ შემოგიშვებენ. ადრე უნდოდათ რუსული პასპორტები დაერიგებინათ, მაგრამ შემდეგ აზრი შეცვალეს და ოსური პასპორტები ჩამოიტანეს. პოსტზე თქვეს, “აქამდე ხალხს ჩვენი ცნობით ვუშვებდით, რომ ახალგორში ნამდვილად ქონება გააჩნიათ, სახლი გააჩნიათ და ახლა ასე აღარ იქნებაო“.
სეზონური მაცხოვრებლების ძირითადი ნაწილი, 90% თბილისში და სხვაგანაა ჩაწერილი და ახლა ეს ხალხი ან უნდა გადმოეწეროს, ან არ ვიცი; მაღლიდან შეთანხმება უნდა ვნახოთ, თორემ, უკვე გართულდა ვითარება.
ამ საუბრის შემდეგ, პრესა.გე–მ საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარესთან, შოთა მალაშხიასთან დაკავშირება სცადა, მაგრამ მობილური ტელეფონი გამორთული ჰქონდა; ქალაქის ტელეფონზე, კომისიის აპარატში კი გვითხრეს, რომ “საპარლამენტო უმრავლესობა სამი დღით ბათუმშია წასული, იქ გასვლითი სხდომა ტარდება და ბატონ შოთას მობილური ტელეფონი სავარაუდოდ ამიტომ ექნება გამორთულიო“.
პრესა.გე–ს სატელეფონო ზარს, რეინტეგრაციის საკითხებში, სახელმწიფო მინისტრმა, თემურ იაკობაშვილმა გასცა პასუხი, ოღონდ შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაგვამისამართა – “პასპორტების საკითხი მათთან გაარკვიეთ და იმასაც იქ გეტყვიან, რა კონტრზომები შეიძლება მიიღოს საქართველოს ხელისუფლებამო“.
შსს–ს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, შოთა უტიაშვილმა პრესა.გე–ს კითხვებს ასეთი მოკლე პასუხი გასცა – “საქმის კურსში ვართ და ახლა ვფიქრობთ რა შეიძლება გავაკეთოთ“.
ექსპერტი კავკასიის სახკითხებში, მამუკა არეშიძე ამბობს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებს არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ, ხოლო საქართველოს ხელისუფლება უძლურია.
რა ზომები შეიძლება მიიღოს საქართველოს ხელისუფლებამ, საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით?
მამუკა არეშიძე: ამ შემთხვევაში, საერთაშორისო ორგანიზაციების ქმედება არაეფექტური იქნება. საერთაშორისო ორგანიზაციებს ცხინვალი არ ცნობს. საქართველოს ხელისუფლებას ამ სიტუაციაზე ზემოქმედების ბერკეტი სამწუხაროდ, არა აქვს. მოქალაქეები, რომლებიც ამ პასპორტს არ აიღებენ, ახალგორში ვერ შევლენ.
მაგალითად, როცა გალში მაცხოვრებლებმა მკითხეს აეღოთ თუ არა აფხაზური პასპორტები, მათ ვურჩიე, რომ ამაზე უარი არ ეთქვათ. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ გვაწყობს რეგიონის დაცლა ქართველებისაგან. ეს არის ჩვენი ერთ–ერთი მნიშვნელოვანი კოზირი და ამიტომ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს.
ანუ იგივეს ურჩევთ ახალგორელებს?!
– აუცილებლად, რადგან როცა ვხედავ, რომ საქართველოს ხელისუფლებას არა აქვს არავითარი ბერკეტი, ხოლო ცხინვალში საერთაშორისო ორგანიზაციებს წონა და ავტორიტეტი არ გააჩნიათ, ვთვლი, რომ სხვა გამოსავალი არ არის. იდეალურ ვარიანტში ცხინვალსაც ეგ უნდათ, რომ ქართველებმა ნებაყოფლობით (ხაზს ვუსვამ) დატოვონ იქაურობა. ახლა, ჩვენ რამდენად გვინდა, ეს მეორე საკითხია.
მოკლედ, რა უფრო სჭირდება ქვეყანას, იმ პრინციპიდან უნდა გამოვიდეთ. რადიკალი პატრიოტებისთვის ალბათ მისაღები იქნება, არავითარ შემთხვევაში არ აიღონ პასპორტები და იქიდან გამოვიდნენ, მაგრამ ხალხსაც ხომ უნდა გავუწიოთ ანგარიში და იმაზეც ხომ უნდა ვიფიქროთ, რომ ეს ტერიტორია მომავალში ქართველებით დასახლებული გვჭირდება?! ამ მდგომარეობის უკეთესობისკენ შეცვლა, ქართველებით უფრო იოლად მოხდება.
http://presa.ge/index.php?text=news&i=11451 ,,როგორც ადრე ვიმარჯვებდით დიდგორთან და ბასიანთან, ახლაც უნდა გავიმარჯვოთ დიდ ღორთან და ბასიაკთან!'' © ტარიელ ჭანტურია