რას და რასაც ამ ბოლო დროს აკეთებენ იმას, ყველანი რო გაყარეს
* * *
გამოგზავნილია: 16 Nov 2010, 15:35 #22539067 ბარათი · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
მედვედევს პრეზიდენტობა მოეწონა და აშკარაა, რომ პუტინისთვის ძალაუფლების დაბრუნებას არ აპირებს
18:02 15-11-2010
რუსეთში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე, თუ რას უკავშირდება რუსეთის ნატოსკენ სწრაფვა და ასევე იმაზე, სავარაუდოდ, როგორ აისახება ნატო-რუსეთის დაახლოება საქართველოზე, "ინტერპრესნიუსი" რუსეთის პრეზიდენტის საზოგადოებრივი საბჭოს წევრსა და პოლიტოლოგს, დიმიტრი ორეშკინს ესაუბრა.
_ ბატონო დიმიტრი, როგორ შეაფასებდით რუსეთში არსებულ ვითარებას? თქვენი აზრით, საითკენ მოძრაობს რუსეთი?
_ თუ მოკლევადიან პერსპექტივაზე ვისაუბრებთ, იგი განისაზღვრება 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებით და 2011 წლის საპარლამენტო არჩევნებით. თუ ვისაუბრებთ გრძელვადიან პერსპექტივაზე და შევეცდებით ვუპასუხოთ კითხვას - საითკენ მოძრაობს რუსეთი? პასუხი ასეთი იქნება: რუსეთი არსაითკენ არ მოძრაობს, უძრაობაში ეფლობა და მეზობლებს ჩამორჩება. მთელი მსოფლიო ვითარდება, რუსეთი კი ადგილზე დგას და სულ უფრო ავლენს საბჭოური ღირებულებებისადმი ლტოლვას - როგორც ჩანს, იგი დასასრულისკენ მიექანება, მაგრამ ჯერ გაუგებარია, როგორი იქნება ეს ბოლო - აფეთქება, თუ პირიქით, ნელი ლპობა. ყოველ შემთხვევაში, პერსპექტივა აშკარად არ ჩანს.
რუსეთს ყოველწლიურად ათეულ ათასობით ტოვებენ განათლებული ან განათლების მიღების მსურველი ადამიანები. წასულები დასავლეთში რჩებიან და რუსეთში აღარ ბრუნდებიან. ხელისუფლება ბევრს საუბრობს მოდერნიზაციაზე, მაგრამ აშკარაა, რომ ყველაფერი უფრო კონსერვაციისკენ მიდის, რისი ნათელი მაგალითიცაა ნიკიტა მიხალკოვის მანიფესტი. ასე რომ, რუსეთი საპრეზიდენტო არჩევნებს ჩიხური ვითარებით ხვდება.
სწორედ არჩევნების მოახლოებას უკავშირდება ტანდემის წევრთა შორის ურთიერთობების გამწვავება. ახალგაზრდა და ამბიციურ მედვედევს პრეზიდენტად მეორე ვადით არჩევა სურს. პუტინს, როგორც რაციონალურ ადამიანს ესმის, რომ მედვედევის მეორედ გაპრეზიდენტება არანაირად არ უნდა დაუშვას. მედვედევი ახლაც საკმაოდ დამოუკიდებელ პოლიტიკას ატარებს და თუ იგი პრეზიდენტად ხელმეორედ იქნა არჩეული, ეს ცუდად დამთავრდება როგორც პუტინისთვის, ისე პუტინის გუნდისთვის, ვინც მედვედევი დიდ პოლიტიკაში მოიყვანა.
ამიტომ, პუტინის ნათქვამი _ `ჩვენ დავჯდებით და მოვილაპარაკებთ თუ ვინ იყრის კენჭს 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე,~ _ ეს მხოლოდ ყურადღების გადატანისთვის განსაზღული მანევრია. უკვე ნათელია, რომ მედვედევსა და პუტინს შორის მოლაპარაკება არ შედგება და მათ შორის მეტად დაუნდობელი კონკურენცია იქნება. ამასთან, იმ პოლიტიკის გათვალისწინებით, რომელიც პუტინმა აირჩია, ნათელია, რომ კონკურენციის შედეგი კულისებში გადაწყდება.
_ თქვენი აზრით, ვისზე დადებს ფსონს რუსეთის პოლიტიკური ელიტა?
_ ძნელი სათქმელია. ჯერ უკეთესი პოზიციები პუტინს აქვს, მაგრამ ამომრჩევლისა და ელიტური მოქალაქეების თვალში მისი მდგომარეობა ყოველთვე უარესდება. უარესდება ეკონომიკური ვითარება. მართალია, მთლიანი შიდა პროდუქტი 4%-ით გაიზარდა, მაგრამ მანამდე იგი 9%-ით დაეცა. ინფლაციის დონე 7%-ს აღწევს. იზრდება ოქროს რეზერვი, მაგრამ ეს მხოლოდ ნავთობზე მაღალი ფასის ხარჯზე ხდება. ნავთობის შემოსავლებიდან მიღებული დოპინგი რომ გამოვრიცხოთ, რუსეთი უძრაობის მდგომარეობასთან ძალიან ახლოსაა. პუტინი, როგორც რაციონალური ადამიანი, სამხედროების მხრიდან დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, ცდილობს ლიბერალური რეფორმების არმიაში გატარებას. რეფორმების გატარების გამო იგი, ნებსით თუ უნებლიეთ, კარგავს როგორც თავის პოზიციებს, ისე მხარდამჭერებს.
პუტინს მხარს უჭერდნენ ადამიანები, რომლებიც მიჩვეული იყვნენ სახელმწიფო ხარჯზე ცხოვრებას. პირველ რიგში ესენი არიან სახელმწიფო მოხელეები, ძალოვანები, პედაგოგები, ექიმები და პენსიონერები. ეს მათ სჭირდებოდათ პუტინის მსგავრი ადამიანი, რომელიც წესრიგს დაამყარებდა.
_ აშკარაა, რომ რუსეთში დემოკრატიზაცია-მოდერნიზაცია ისევ ზემოდან დაიწყო. 90-იან წლებში რუსეთში ზემოდან დაწყებულ დემოკრატიზაციას სასურველი შედეგი არ მოჰყოლია...
_ მედვედევსა და პუტინს ესმით, რომ ცუდი არ იქნებოდა ქვეყნის მოდერნიზაცია. ამ საქმეში კი მთავარი წინააღმდეგობა პუტინია. მიუხედავად ამისა, იგი სწორ ნაბიჯებს დგამს პრივატიზაციის, არმიის რეფორმის, საპენსიო და სამედიცინო რეფორმის გასატარებლად. ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმის კვალდაკვალ იგი იმ ადამიანების მხარდაჭერას კარგავს, რომლებიც სწორედ მასზე ამყარებდნენ იმედებს. გაღიზიანებულია ელიტის მნიშვნელოვანი ნაწილიც. უკმაყოფილებას გამოთქვამენ ძალოვნები, ჯერჯერობით დუმან რეგიონული ელიტები. ბიზნეს-ელიტა უფრო მედვედევზეა ორიენტირებული. შეიძლება ითქვას, რომ ახლა რუსეთში პოლიტიკური სივრცის კონფიგურაციაში მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდება. ჯერჯერობით, პუტინის პოზიციები უფრო ძლერია, მაგრამ აშკარაა, რომ პერსპექტივაში მედვედევს აქვს შანსები.
_ ზოგჯერ რჩება შთაბეჭდილება, რომ ვითარება კრემლის კონტროლს არ ექვემდებარება...
_ ხელისუფლება კონტროლზე `ჭკუას კარგავს~ და `გიჟდება~. ხელისუფლება იმ ილუზიის შესაქმნელად, რომ ყველაფერი კონტროლს ექვემდებარება, ყველა ხერხს მიმართავს. რუსეთის საინფორმაციო საშუალებები, რომლებიც პროპაგანდის საშუალებად არიან ქცეული, საზოგადოებას არწმუნებენ, რომ ქვეყანაში ყველაფერი კონტროლს ექვემდებარება, მაგრამ სინამდვილეში ასე ნამდვილად არაა. კვირა არ გავა, რომ მილიციელი არ მოკლან და არა მარტო ჩრდილოეთ კავკასაიში, ტერაქტების რაოდენობა რამდენჯერმეა გაზრდილი. არადა, პუტინი 10 წლის წინ ხელისუფლებაში სწორედ წესრიგის დაცვის ლოზუნგით მოვიდა. ხელფასი არ იზრდება, ფასები კი - ყოველდღე. ამაზე ყველა თვალს ხუჭავდა და ეგონა, რომ ეს დროებითი იყო. სინამდვილეში, რეალურად არავითარი კონტროლი არ არის. შექმნილია კონტროლის არსებობის ილუზია. რეალურად, საპრეზიდენტო კამპანია მიმდინარეობს და პრეზიდენტობის ორივე კანდიდატი ცდილობს საზოგადოების იმაში დარწმუნებას, რომ რუსეთი "მუხლებიდან ადგება". არადა, რჩება შთაბეჭდილება, რომ რუსეთი მუხლებზე სულ უფრო და უფრო მეტად ეცემა.
_ რჩება შთაბეჭდილება, რომ მედვედევ-პუტინის დაპირისპირების იმიტაცია იმას ემსახურება, რომ 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე პრეზიდენტობის მესამე და სახელისუფლებო სისტემის არაწევრი კანდიდატი არ გამოჩნდეს...
_ დიახ, სწორედ ასეა ჩაფიქრებული. არც მედვედევი და არც პუტინი არ არიან დაინტერესებული პრეზიდენტობის მესამე კანდიდატის გამოჩენაში. მათთვის უფრო იოლია ერთმანეთთან წესების დაცვით ბრძოლა და რამეზე მოლაპარაკება, ვიდრე მესამე კანდიდატთან დაპირისპირება. რეალური კანდიდატი ან მედვედევი, ან პუტინი იქნება. პოლიტიკური თამაშის პროცესში მედვედევმა თანდათან დაიწყო იმის გაცნობიერება, რომ იგი პრეზიდენტია. მან პრეზიდენტობის მეორე ვადისთვის ბრძოლა დაიწყო და სწორედ ამას უკავშირდება ტანდემის გუნდებს შორის კონფლიქტები. მედვედევს პრეზიდენტობა მოეწონა და აშკარაა, რომ იგი პუტინისთვის ძალაუფლების დაბრუნებას არ აპირებს.
რადგან ასეა, მივიღეთ შიდა კონკურენციის ვითარება. ბევრი რამ მაშინ გაირკვევა, გაათავისუფლებს თუ არა მედვედევი ფრადკოვს, რომელიც საგარეო დაზვერვას ხელმძღვანელობს. ფრადკოვი პუტინის კადრია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ მისი უწყების საქმიანობა მარცხს მარცხზე განიცდის და იგი თავის საქმეს ვერ უძღვება. თუ ფრადკოვი თანამდებობაზე დარჩა, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ ყველაფერს პუტინი აკონტროლებს. პუტინის გუნდს მედვედევი კუთხეში ჰყავს მომწყვდეული, თავად პუტინი კი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება.
_ თქვენი აზრით, რას უკავშირდება რუსეთის ნატოსკენ სწრაფვა და კრემლის ვაშინგტონთან დაახლოება?
_ მედევედევს აქტიურობისთვის არც ისე ბევრი სფერო აქვს. საშინაო პოლიტიკას თითქმის სრულად აკონტროლებს პუტინი. პუტინი აკონტროლებს ფინანსებს, ტელევიზიებს, სახელმწიფო აპარატს, ანუ ადმინისტაციულ რესურსს. მედვედევი საერთაშორისო არენაზე ცდილობს აქტიურობას და ამას საკმაოდ წამატებით ახერხებს. მან წარმატებით განახორციელა პროვოკაცია კურილის კუნძულებთან დაკავშირებით. მართალია, იაპონია გაანაწყენა და კურილის კუნძულზე მის ჩასვლას სკანდალი მოჰყვა, მაგრამ მან ქულები ჩაიწერა პატრიოტული ელექტორატის თვალში, რომელიც მხარს პუტინს უჭერს. იმავდროულად, იგი ლიბერალებს და დასავლეთთან დაახლოების მხარდამჭერ საზოგადოებას ნათელ მესიჯებს აწვდის იმის თაობაზე, რომ იგი ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და ნატოსთან ახალი ურთიერთობების აგებას უჭერს მხარს.
_ როგორ აისახება რუსეთის დასავლეთთან და ნატოსთან დაახლოება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე, კერძოდ, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხების მოგვარებაზე?
_ ჩემი აზრით, საქართველოს აფხაზეთის დაბრუნება ძალიან გაუჭირდება. აფხაზეთის საქართველოში ძალით დაბრუნება გამორიცხულია. ძნელად დასაჯერებელია, რომ აფხაზებმა თავისი ნებით მოისურვონ საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნება. ნაციონალიზმი ისეთი რამაა, რაც სწრაფად არ ქრება. ისიც ფაქტია, რომ სოხუმი მოსკოვისაგან დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარებას ცდილობს. თუ რამე შეიძლება მოხდეს, ეს სამხრეთ ოსეთს დაუკავშირდება. ესეც იმ შემთხვევაში, თუ საქართველომ სამხრეთელი ოსები დაარწმუნა, რომ ქართული ეკონომიკური მოდელი რუსულს სჯობია. ცხინვალის კორუმპირებული ხელისუფლების გამო მოსახლეობა სამხრეთ ოსეთს ტოვებს და საცხოვრებლად რუსეთში გადადის. სახეზეა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის დეპოპულაცია - ნორმალური მოსახლეობა ცხინვალის რეგიონს ტოვებს. იქ პრაქტიკულად კოკოითის მხარდამჭერი დაჯგუფებები თუ რჩებიან. ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ საქართველომ ეს ტერიტორიები როგორღაც დაიბრუნოს.
ისიც უდავოა, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს არავინ არ აღიარებს, მაგრამ ამით არაფერი არ შეიცვლება. კვიპროსის თურქული ნაწილი ანკარის გარდა 40 წელზე მეტია არავის უღიარებია, მაგრამ ვითარება უცვლელია. დიდი ხანი არაა, რაც მხარეებმა ერთმანეთთან დიალოგი დაიწყეს. შესაძლოა, აფხაზეთის საკითხში პროცესები კვიპროსის სცენარით განვითარდეს.
რაც შეეხება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს, ვერსად ვერ გავექცევით იმას, რომ მოსკოვ-თბილისის ურთიერთობები ჯერ არ გაუმჯობესდება. 2012 წლამდე რუსეთ-ქართული ურთიერთობების გაუმჯობესების საკითხი დღის წესრიგში არ დგას. ვიმედოვნებ, რომ ვითარება ნელ-ნელა, მაგრამ მაინც გამოსწორდება. რუსულ საზოგადოებაში დამკვიდრებულია აზრი, რომ საქართველო რუსეთის მტერია. იმისთვის, რომ ურთიერთობები გაუმჯობესდეს, საჭიროა ვითარების დიამეტრალურად შეცვლა, ამას კი დრო და სურვილი სჭირდება. როგორც ხედავთ, ამის სურვილი ჯერ არც ერთი მხრიდან არ შეინიშნება. მტრის ხატის მითის დაძლევა და მეგობრობაზე გადაყვანა, ძალიან ძნელია. ეტყობა, მტრობის ტრენდი უკიდურეს ჩიხში
უნდა აღმოჩნდეს და თავისი თავი ამოწუროს. მხოლოდ ამის შემდეგ იქნება
შესაძლებელი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს შორის ახალი ფურცლის
გადაშლა და ურთიერთობების ახალი ფურცლიდან განახლება. ახლა კი ფაქტია, რომ ეს
2012 წლამდე არ მოხდება.
http://www.interpressnews.ge/ge/eqskluzivi...ar-apirebs.html