აფხაზებისგან ჩაგრული რუსები, შველას რუსეთისგან მოელიან
[აფხაზებისგან ჩაგრული რუსები, შველას რუსეთისგან მოელიან]
11:24 19.07.2011
[თეა ინასარიძე]
აფხაზეთში ე.წ. არჩევნების მოახლოებამ ბევრი რამ გამოააშკარავა და ცხადი გახადა. რუსულ-აფხაზური ურთიერთობების “ოდისეა” კი საკმაოდ მძიმე ფაზაში რომ შესულა, შესაძლოა, ეს ორივე მხარისათვის ახალი აღმოჩენა იყოს. ყოველ შემთხვევაში, რუსი ჟურნალისტისა და მწერლის, ანტიქართული პოლიტიკის ცნობილი ლობისტის - ალექსანდრე როსლიაკოვის მიერ ჩამოყალიბებული ანალიზი სათაურით “აფხაზური დებოში,” მრავალმხივი დასკვნების გაკეთების საშუალებას იძლევა.
ის ამბობს, რომ აფხაზებს სძულთ რუსები.
ის პროგნოზირებს, რომ კრემლის სუსტმა პოლიტიკამ აფხაზეთში, არა ლოკალური, არამედ გლობალური, კავკასიის რეგიონული მასშტაბის საფრთხე შეიძლება შეუქმნას რუსეთს.
ის ამტკიცებს, რომ აფხაზებისათვის მიცემული ფული სწორედაც აძლევს უფლებას კრემლს, თავისი წესებით ათამაშოს ადგილობრივი მოსახლეობაცა და ხელისუფლებაც.
გადაჭარბებულია თუ არა როსლიაკოვის შთაბეჭდილებები, რეალურია თუ არა სურათი, რასაც ის რუსეთის ხელისუფლებას გასაანალიზებლად სთავაზობს, ამას მნიშვნელობა ნაკლებად აქვს, რადგან ორივე შემთხვევაში, ამ ტყუილსა თუ მართალს თავისი მიზანი აქვს.
აფხაზები რუსეთის წყალობით ამოვიდნენ ჭუჭყიდან, მაგრამ ყველაფერი უკუღმა დაგვიბრუნდა და ახლა მათ თავდასხმებს ვეღარც ვიგერიებთ - დაახლოებით ასეთი მიმართულებით მიყავს როსლიაკოვს მსჯელობა.
ჟურნალისტი აღშფოთებას გამოხატავს იმ ფაქტზე, რომ “აფხაზები რუსებს სახლებიდან ყრიან (ანუ რუსებს არ აქვთ უძრავი ქონების შესყიდვის უფლება), რუსეთი კი ამაზე დუმს, “აფხაზებს რუსეთმა მოქალაქეობა მისცა და დაღუპვას გადაარჩინა, ახლა კი საქმე ისეა, რომ ადრე თუ გვიან აფხაზები ჩვენს წინააღმდეგ გამოვლენ” - ამბობს ის.
როგორ იჩაგრება რუსი აფხაზეთში, ამის მტკიცებას როსლიაკოვი ყოფითი მაგალითებით ცდილობს. მაგალითად, როგორ აგდებით ეპყრობიან აფხაზი “პაცნები” მხცოვან დამსვენებლებს, “ეი, მომიკიდე, თორემ გესვრი,” - უკვე იარაღითაც ემუქრებიან; როგორ ითხოვენ მათგან - არ იარონ შიშვლებმა (მაისურის გარეშე), რადგან ეს იქ მიღებული წესი არ არის. მაგრამ აქვე როსლიაკოვი მოსკოვისათვის მტკივნეულ თემას განავრცობს და ამბობს, რომ “ჯანიანი” მამაკაცები, რომლებიც მისგან მაისურის ჩაცმას მოითხოვენ, გავრცელებული ხმების თანახმად კადიროვის მებრძოლები არიან, - ჩეჩნეთიდან ანქვაბის მიერ გამოწერილები. “დღეს მაისურებს ჩაგვაცმევენ, ხვალ სხვა რამეს და მათი წესების დაუცველობის შემთხვევაში, ერთი ნაბიჯიღა დარჩება კოცონზე ასაყვანად. ინკვიზიაციაც იბრძოდა წმინდა საქმეებისათვის და ეშმაკის წინააღმდეგ, დღეს ჩეჩნეთში ეშმაკები რუსები არიან და ეს მებრძოლები, მთელ რუსეთში არცთუU წარუმატებლად ნადირობენ მათზე. აფხაზეთში მეჩეთებიც სოკოებივით მრავლდება, 100 ათასი მოჰაჯირის ჩამოყვანის იდეა ჩავარდა, მაგრამ, სამაგიეროდ, შემოვიდნენ ვაჰაბიტები. სტავროპოლის მხრიდან კი (სადაც აფხაზებთან ეთნიკურად ახლომდგომი ტომები ცხოვრობენ) გზა შენდება, რომელიც, ისღა დარჩა, კოდორის გავლით სოხუმს შეუერთდეს, რათა შეიქმნას მთიელების ერთიანი ფრონტი ისლამური დროშით”- საკმაოდ მძიმე სურათს უხატავს კრემლს ამ აზრების პატრონი.
რუსების ჩაგვრას აფხაზეთში როსლიაკოვის მტკიცებით საერთოდ ვერ უპირისპირდება რუსეთის ელჩი. “რუსეთის საელჩოში მისული აფხაზები, როცა მათ ეუბნებიან, რომ მიღების საათები არაა და უნდა მოიცადონ, დებოშს ტეხენ და მოითხოვენ – თქვენ ჩვენს მიწაზე ხართ და როცა მოგვინდება მაშინ უნდა შეგვხვდეთო.” ამაზე რუსეთის ელჩს ანქვაბთან დაუჩივლია, მაგრამ არათუ ვინმე დასაჯეს, ოფიციალური ბოდიშიც კი არ მოუხდიათო აფხაზებს. ეტყობა, ჩვენს საგარეო უწყებაში ელჩს კარგად ვერ უხსნიან, როგორ უნდა დაიჭიროს თავი და მაგას პოლიტიკური მანევრების თავი ექნება? – კითხულობს როსლიაკოვი. ის ამბობს, რომ იგივე პრობლემების წინაშე დგანან აფხაზეთში სომხებიც, მაგრამ ისინი ერთმანეთის მიმართ სოლიდარულები ყოფილან, დაჩაგრული რუსები კი მოზარდი აფხაზებისგანაც კი თავის დაცვას ვერ ახერხებენ და შველას თავისი სახელმწიფოსგან მოელიანო.
ეს კი საკმაოდ სახიფათო გზავნილია. რადგან ნაცნობი თემაა: რუსეთი საკუთარი მოქალაქეების დაცვის ეგიდით ომის მასშტაბის სადამსჯელო ოპერაციებზეც არ ამბობს უარს და მშვიდობასაც იძულებით ამყარებს. ასე რომ, აფხაზებს სიფრთხილე ნამდვილად მართებთ, - თუკი მართლაც ასეთი განწყობები აქვთ რუსეთისა და რუსების მიმართ; და იმ შემთხვევაშიც, თუკი როსლიაკოვის მსჯელობა რეალურ საფუძველს მოკლებულია. რადგან მოსკოვის ანტიქართული პოლიტიკის ლობისტი, შესაძლოა, სწორედ იმაზე “ფანტაზიორობდეს”, რაც კრემლს უკვე გულში უდევს.
http://www.presa.ge/new/?m=politics&AID=7151#Comments