zindiosama
A word of tough guy

        
ჯგუფი: Members
წერილები: 52209
წევრი No.: 67800
რეგისტრ.: 22-July 08
|
#22964433 · 14 Dec 2010, 15:44 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რუსეთი დღეს იმ სტადიაში შედის, რომელიც საქართველომ 90-იან წლებში გაიარა 21:48 13-12-2010 მოსკოვის ქუჩებში რუსული ნაციონალიზმის მიზეზებსა და იმაზე, სავარაუდოდ, როგორ განვითარდება პოლიტიკური პროცესები რუსეთში, "ინტერპრესნიუსი" მოსკოვში მცხოვრებ ქართველ მკვლევარს, პოლიტიკურ მეცნიერებათა კანდიდატს, ავთანდილ წულაძეს ესაუბრა.
_ ბატონო ავთანდილ, უკანასკნელ პერიოდში რუსეთში ნაციონალისტები გააქტიურდნენ. ყველაფერი თითქოს ფეხბურთის მოყვარულთა დაპირისპირებით დაიწყო, მაგრამ შემდეგ ყველაზე პოპულარული ლოზუნგი გახდა _ "რუსეთი რუსებისთვის". თქვენი აზრით, რა ხდება რუსეთში?
_ რაც დღეს რუსეთში ხდება, მთავრობის პოლიტიკის შედეგია. პუტინის პროექტი 1999 წელს დაიწყო და მისი მთავარი საფუძველი იყო პოპულიზმი. იმ პერიოდში პუტინმა ოპოზიციას, ჟირინოვსკის, ნაციონალისტებს და სხვებს რაც კი რუსეთში პოპულარული ლოზუნგები იყო და ოპოზიციისთვის ქულები მოჰქონდა, წაართვა და ამ ლოზუნგებით წარმართა მთელი თავისი საარჩევნო კამპანია. ყველა ეს ლოზუნგი პუტინის რიტორიკის შემადგენელი ნაწილი გახდა. თუ პუტინის გამონათქვამებს გააანალიზებთ, დარწუნდებით, რომ იგი ნაციონალისტურ აზრებს ხშირად ახმოვანებს. ის ნაციონალისტებისგან განსხვავებით ლოზუნგს - `რუსეთი რუსებისთვის~ პირდაპირ არ ამბობს, მაგრამ ამ თემაზე მისი მსჯელობის შინაარსი და ინტონაცია ექსტრემისტული ხასიათისაა. მთავარი ისაა, რომ რუსეთში ეს ლოზუნგები პოპულარულია. რუსეთი დღეს იმ სტადიაში შედის, რომელიც საქართველომ 90-იან წლებში გაიარა. ჩემი აზრით, მაშინ საქართველოში პრიმიტიული ნაციონალიზმი იყო. საქართველომ ეს ეტაპი გასული საუკუნის 90-იან წლებში გაიარა, ხოლო რუსეთში ეს ხანა ახლა იწყება. საქართველოში ნაციონალიზმი ოფიციალურ რიტორიკაში ჟღერდა, ხოლო რუსეთში ნაციონალისტურმა ლოზუნგებმა საზოგადოების საკმაოდ დიდ ნაწილში იმძლავრა. ამას ხელი შეუწყო ეკონომიკურმა კრიზისმა, უმუშევრობის, სიღარიბისა და უქონლობის ზრდამ. თუ ეკონომიკური კრიზისი გაგრძელდა და უკეთესობის პერსპექტივები არ გამოიკვეთა, რუსეთში ვითარება კიდევ უფრო დაიძაბება. თუ ადრე შესაძლებელი იყო ყველაფრის ცივილიზებული ნაციონალიზმის ფარგლებში `დაჭერა,~ ახლა ეს უკვე ქუჩაში გამოვიდა და მკვეთრად გამოხატული ფორმა მიიღო.
_ გემახსოვრებათ, ამას წინათ, მეჩეთის მშენებლობაზე ნებართვის მიღებასთან დაკავშირებულმა ისტორიამ მოსკოვში საზოგადოების აზრის როგორი პოლარიზება და რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირება გამოიწვია. როგორც იტყვიან, "ჯინი გამოშვებულია", მაგრამ ეს მრავალეროვანი რუსეთისთვის ძალიან სახიფათო არ არის?
_ რა თქმა უნდა. საბჭოთა კავშირის დანგრევა სწორედ ნაციონალურმა საკითხმა გამოიწვია. თუ რუსეთში ნაციონალიზმის აღზევების ტენდენცია გაგრძელდა, რუსეთი ისევე დაინგრევა, როგორც თავის დროზე საბჭოთა კავშირი.
_ თქვენი აზრით, მოსკოვის ქუჩებში ნაციონალისტური ტალღის მძვინვარება ხელისუფლების მიერ მართულია თუ არა? და კიდევ, ხომ არ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მოსკოვის ქუჩებში დაწყებული არეულობა მედვედევ-პუტინის ღია თუ ფარული დაპირისპირების გამოძახილი იყოს?
_ ამ მოძრაობის ფენომენი სწორედ ისაა, რომ ვითარება კონტროლს აღარ ექვემდებარება. ხელისუფლებას არავითარი მოძრაობა - არც ნაციონალისტური და არც დემოკრატიული - ქვევიდან არ აწყობს. ხელისუფლებას უნდა, რომ მორჩილი და პრეტენზიების არმქონე საზოგადოება ჰყავდეს. ის, რაც ახლა რუსეთში ხდება, რუსეთის ლიდერების მხრიდან რეიტინგის ასამაღლებლად ნაციონალისტური და ქსენოფობიური მოძრაობებისთვის კოჭის გაგორების შედეგია. ეს არ არის მედვედევსა და პუტინს შორის ღია თუ ფარული დაპირისპირების გაგრძელება. ხელისუფლება ნაციონალისტებს კოჭს უგორებდა, ახლა საქმე ძალიან გართულებულია და როგორც იტყვიან რუსეთის ხელისუფლებამ `კატა გამოთხარა~. როცა პუტინი პიანინოზე უკრავს, "ფორმულა ერთით" სეირნობს, ამით იგი ცდილობს, ხალხს ყოველდღიური პრობლემები დაავიწყოს და ვირტუალურ სივრცეში ამყოფოს.
_ ცოტა ხნის წინ, კრემლთან დაახლოებულმა პოლიტოლოგმა ლეონიდ რაძიხოვსკიმ გამოთქვა მოსაზრება, რომ რუსეთში დემოკრატიული არჩევნების ჩატარება იმ მოტივით არ შეიძლება, რომ ხელისუფლებაში ნაციონალ-ფაშისტები მოვლენ. რამდენად სავარაუდოა, რომ ტანდემიდან ერთ-ერთს, სავარაუდოდ უფრო პუტინს, სწორედ ამ ტალღაზე სურს ხელმეორედ გაპრეზიდენტება?
_ რასაც რაძიხოვსკი ამბობს, არის კრემლის ძველი მითი, რომლითაც მოსკოვი ერთი მხრივ ქვეყნის გარეთ დასავლეთს, ხოლო მეორე მხრივ, ქვეყნის შიგნით ლიბერალებს აშინებს. დასავლეთი კრემლის მიმართ დამთბობ პოლიტიკას ატარებს, რეალურ პრობლემებზე თვალს ხუჭავს და რუსეთთან ურთიერთობა სხვა განზომილებაზე გადაჰყავს. მხედველობაში მაქვს ავღანეთის საკითხში თანამშრომლობა და ასე შემდეგ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დასავლეთს ამ მითის სჯერა. ანუ, საუბარია იმაზე, რომ რუსეთში დემოკრატიული არჩევნების ჩატარების შემთხვევაში ხალხი დიქტატორს და სტალინის მსგავს ლიდერს აირჩევს. კრემლის ასეთი ქცევა თავის გამართლების მცდელობას და გებელსური პროპაგანდის გაგრძელებას ემსგავსება.
_ როგორც ფიქრობთ, მაინც რა სცენარით შეიძლება განვითარდეს პროცესები რუსეთში?
_ თუ რუსეთში ნაციონალისტური ტალღა გაძლიერდა, პუტინის გუნდს ექნება საბაბი, საუბარი დაიწყოს სახელმწიფოსა და ე.წ. ვერტიკალის კიდევ უფრო გაძლიერებაზე და ჭანჭიკების მოჭერაზე. მაგრამ საქმე ისაა, რომ არჩევნებამდე ჯერ ძალიან დიდი დროა. ამ ვითარებაში არსებითი ისაა, რომ კრიზისი ღრმავდება. საზოგადოების ქვედა ფენებს არ სჯერათ არც მედედევის და არც პუტინის. ხალხს არც ერთი იმ პროექტის არ სჯერა, რომელიც ამ ორივე პოლიტიკურ ფიგურას და მათივე პოლიტიკურ პროექტებს უკავშირდება. საუბარია პუტინის ავტორიტარულ და მედვედევის თითქოს ლიბერალურ პროექტებზე. გახსოვთ, `დათა თუთაშხიაში~ სეთურის ზებო ჭაში რომ ზის და `იმედს~ ქმნის... რუსულ საზოგადოებას აღარაფრის იმედი აღარ აქვს და მიწის თხრას არ აპირებს. ხალხმა ხელისუფლებას ზურგი აქცია, ახლა რუსეთისთვის სიტუაციის ქვევიდან არევა ძალიან სახიფათოა. რუსეთში დაწყებული პროცესები ხელისუფლებისთვის მოულოდნელი გამოწვევაა. აშკარაა, რომ ხელისუფლება ამ გამოწვევისთვის მზად არ არის.
_ იმის გათვალისწინებით, რომ ხელისუფლება დუმს, ბლოგერობის მოყვარულმა პრეზიდენტმა მედვედევმა მოსკოვში მომხდართან დაკავშირებით განცხადება არა ტელევიზიით, არამედ ინტერნეტით გაავრცელა. თქვენი აზრით, რუსეთის ხელისუფლება დაბნეულია, პროცესების მიშვების გზას დაადგა, თუ არც იცის რა რეაქცია მისცეს ნაციონალიზმის ქუჩაში გადმონთხევას?
_ ჩემი აზრით, ხელისუფლება დაბნეულია და არ ელოდა ნაციონალიზმის ტალღის ქუჩაში აგორებას. კრემლში სჯერათ, რომ ქვეყნა ტელევიზორით იმართება და რადგან ტელევიზორი მათ ხელშია, ჰგონიათ, რასაც ისინი ხალხს ტელევიზიით აჩვენებენ, ხალხს ამის სჯერა. მოსკოვის ქუჩებში განვითარებულმა პროცესებმა ცხადყო, რომ ეს ასე დიდი ხანია აღარ არის.
_ რამდენად სავარაუდოა რუსეთში იმ ტიპის სამოქალაქო დაპირისპირება, როგორიც ამ ქვეყნის ისტორიაში არაერთხელ ყოფილა?
_ რამის პროგნოზირება იმიტომ ჭირს, რომ ვითარება სულ უფრო გაურკვეველი და უმართავი ხდება. ასეთ დროს ბევრია დამოკიდებული შემთხვევით ფაქტორებზე. ჯერ კი ისიც გაუგებარი და გაურკვეველია, საიდან რა შეიძლება გამოხტეს. არ გამოვრიცხავ ნაციონალურ რესპუბლიკებში, კავკასიაში და იმავე სათათრეთში ვითარების გამწვავებას. ეს, შესაძლოა, ის დამატებითი ფაქტორი აღმოჩნდეს, რომელიც ვითარებას სწორედ რომ ნაციონალურ საფუძველზე დაძაბავს. რუსეთი დაახლოებით ისეთ სტადიაში შედის, როგორც გასული საუკუნის 90-იან წლებში იყო. 90-იან წლებში ერთი დღითაც კი შეუძლებელი იყო რამის პროგნოზირება. ვითარების გამწვავების შემთხვევაში რუსეთის ყველა პოლიტიკური მოთამაშეები იძულებული იქნებიან იმოქმედონ არა გრძელვადიანი სტრატეგიითა და გეგმებით, არამედ სიტუაციის შესაბამისად.
_ ხომ არ უკავშირდება მოსკოვის ქუჩებში აქციების დაწყება ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის სავარაუდო გაწევრიანებას?
_ არ მგონია. ცხადია, პუტინის დაჯგუფებას ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანება არავითარ შემთხვევაში არ სურს. მედვედევს პირიქით, და ამაში მას ობამა ეხმარება. არ გამოვრიცხავ, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია ამ საკითხში საქართველოზე ზეწოლას ახორციელებდეს. ჩემი აზრით, საქართველომ ამ საკითხში თავისი თამაში უნდა ითამაშოს. თუ საქართველო ვმო-ში რუსეთის გაწევრიანებას დაბლოკავს, შესაძლებელია, თბილისმა სანაცვლოდ პუტინს რაღაც გამოსტყუოს.
კობა ბენდელიანი "ინტერპრესნიუსი"
--------------------
რაშიზმი - ესაა ფაშიზმი უკუღმა, უნტერმენშების შესრულებით
|