ეთნოკონფლიქტი იმპერიის ცენტრში - "ეს არის ბოთლიდან გამოშვებული ჯინი, რომელიც დღეს თუ ხვალ რუსეთს საშინელ შედეგს მოუტანს"
"რაც დღეს მოსკოვში ხდება, ხელისუფლების მიერ რამდენიმე წლის წინ დაშვებული შეცდომის გამოძახილია. ეს არის, პრინციპში, ანტიკავკასიური განწყობა, რომელიც ხელოვნურად იქნა გაღვივებული, ისტორიულად, საბჭოთა კავშირის დროსაც კი შემოღებული იყო კავკასიელებისთვის დამამცირებელი ტერმინი "ლიცო კავკაზსკოი ნაციონალნოსტი". ანუ, არავინ იცის, რა ეროვნების არის კონკრეტული ადამიანი, უბრალოდ, კავკასიელია და დამთავრდა. ბუნებრივია, ეს არავის ესიამოვნება. ასეთი მიდგომის გამო გაჩენილი გაღიზიანება ნელ-ნელა დაგროვდა. შემდგომში რუსეთის ხელისუფლებამ, ჩეჩნეთის მოვლენების დროს, გადაწყვიტა სათავისოდ გამოეყენებინა ეს ამბავი და სპეციალურად შეუწყო ხელი ანტიკავკასიურ და ანტიაზიურ განწყობას. სპეცსამსახურები მართავდნენ ამ პროცესს. ერთ-ერთი არჩევნების დროს მაშინდელი დეპუტატი დმიტრი რაგოზინი სწორედ ასეთი საარჩევნო ლოზუნგით გამოვიდა: "მოსკოვი რუსებისთვის" და "რუსეთი რუსეთისთვის", - აცხადებს ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე გაზეთ "რეზონანსისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ეთნოკონფლიქტი იმპერიის ცენტრში / აზიელების თემი მოსკოვში თავად ემზადება თავდასხმისთვის, - აცხადებს ექსპერტი.
"დღეს უკვე, სიმართლე გითხრათ, შესაძლოა, ამ მოვლენების უკან კრემლის ხელი ვერ დავინახო, მაგრამ გარკვეული ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების ქმედება აშკარად ჩანს. მოსკოვში კავკასიელების დიდი ნაწილი საშოვარზეა ჩასული. აქედან გამომდინარე, მათ შორის კრიმინალის დონე საკმაოდ მაღალია. ასეთი ვითარებაა ცენტრალური აზიიდან ჩასულების შემთხვევაში. ეს იწვევს ხალხის გაღიზიანებას და ამას ვიღაც კარგად იყენებს. მოკლედ, ეს არის ბოთლიდან გამოშვებული ჯინი, რომელიც დღეს თუ ხვალ რუსეთს საშინელ შედეგს მოუტანს. არ არის გამორიცხული, სამოქალაქო დაპირისპირებაც მოხდეს. სხვა ქვეყნებშიც ხდება მსგავსი დაპირისპირებები, თუმცა იმ განსხვავებით, რომ იქ ემიგრანტების წინააღმდეგ ჩნდება ეს განწყობა, რუსეთში კი საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ. სხვათა შორის, შარშან ლევადას კვლევის ცენტრმა გამოკითხვა მოაწყო, რომლის მიხედვით მოსახლეობის 60% მიიჩნევდა, რომ კავკასია უნდა ჩამოშორდეს რუსეთს. რასაკვირველია, ეს გულუბრყვილო შეფასებაა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ხალხის გაღიზიანების ხარისხი ჩანს", - განმარტავს მამუკა არეშიძე და განაგრძობს:
"გარდა ამისა, ადგილობრივებს აღიზიანებთ, რომ კავკასიელები თავისი ბუნებრივი გონებისა თუ მოხერხებულობის გამო სიმდიდრის მოსახვეჭ გზებს პოულობენ. გაღიზიანება იგნძნობა ამიერკავკასიელების მიმართაც - მილიონამდე აზერბაიჯანელია მოსკოვში. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი დაიწყო სპეცსამსახურების მიერ, რომლებმაც გამოიყენეს ხალხის განწყობა და დღეს ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მოვლენათა სადავეები ხელიდან გაუსხლტათ".
გამოცემის კორესპონდენტის შეკითხვას - "საქართველოსთვის როგორ შეიძლება ეს ვითარება განვითარდეს? ან მოსკოვში მცხოვრები ქართველების მიმართ როგორი დამოკიდებულება იქნება ამ პროცესების დროს", - ექსპერტი პასუხობს:
"მოსკოვში ორი ტიპის ქართველები ცხოვრობენ - ერთი, რომელიც ელიტაშია გასული, იქ 1970-80-იანი წლებიდან ცხოვრობენ და ამ საზოგადოების ორგანულ ნაწილს წარმოადგენენ. მეორე ნაწილი ლტოლვილებად არის ჩასული, უკვე შემდგომ პერიოდში, მაგრამ ისინი არ ქმნიან ეკონომიკურ, პოლიტიკურ ან კრიმინალურ ამინდს. მათი ხვედრითი წონა საერთო კრიმინალურ ფონში არ არის მაღალი. თუმცა, რასაკვირველია, არსებობენ ქართველი კანონიერი ქურდები, რომლებიც რუსეთში ამ "პროფესიის" ადამიანების 60%-ს წარმოადგენენ, მაგრამ ეს სხვა დონეა. ეს ქუჩის გარჩევები ამ ხალხს არ შეეხება. თუ ვინმეს დაერევიან, იმ ხალხს, ვინც საცხობებში, ბაზარში, რესტორნებში მუშაობს. არ გამოვრიცხავ, თუ აქამდე გაგრძელდა საქმე, ქართული რესტორნების რბევაც დაიწყოს, მაგრამ ეს ეპიზოდი იქნება. მთავარი აგრესია მიმართულია სხვა მხარეს - დარტყმის პირველი ობიექტი ჩრდილოეთკავკასიელები იქნებიან, რადგან თავს რუსეთის მოქალაქეებად მიიჩნევენ და თვლიან, რომ იგივე უფლებები აქვთ, რაც რუსებს. აგრესია იქნება აზერბაიჯანელების მიმართაც, რომლებსაც გარკვეული სივრცეები აქვთ მოსკოვში დაპყრობილი, მაგალითად, ბაზრები. ასევე შუა აზიელებზე".
"ჩრდილოეთი კავკასიის რესპუბლიკების მცხოვრებლები ცდილობენ დისტანცირებას რუსეთისგან, ამის მიუხედავათ, მათმა მმართველმა ელიტებმა კარგად იციან, რომ მოსკოვის გარეშე შიმშილით დაიხოცებიან. ამიტომ გაყოფაზე ლაპარაკი თვითონ ამ რესპუბლიკებს არ სურთ. უფრო მეტად ამაზე მოსკოვში საუბრობენ. ცოტა ეჭვი მეპარება, ამაზე იყოს გათვლილი. რუსეთის ხელისუფლებამ კარგად იცის, რომ ჩრდილოეთი კავკასიის დაკარგვის შემთხვევაში საზღვარი სადღაც ვორონეჟთან გაივლის. უზარმაზარ ტერიტორიას დაკარგავენ. გარდა ამისა, პრესტიჟის საქმეა, რომ რუსეთმა ამხელა ტერიტორია დათმოს", - ამბობს მამუკა არეშიძე და დასძენს:
"ასეთ შემთხვევაში ყოველთვას ვეძებთ ვიღაცის ოინებს. არ არის საქმე ასე. არის სიტუაციები, როცა ხელისუფლება სულ არ ერევა, ისეთ ამოხეთქავს ხოლმე ხალხის ერთი ჯგუფის გაღიზიანება მეორის მიმართ. მინდა ვთქვა, რომ ფსიქოლოგიური ფონია ისეთი, რომ ერთი ერი მეორის წინააღმდეგია. ხელისუფლების საქმეა, ახლა ამ კონფლიქტს განსაზღვრული პოლიტიკური ნაბიჯებით თუ ჩაახშობს. ავანტიურისტი ხელისუფლება ამას სათავისოდ გამოიყენებს".
http://www.interpressnews.ge/ge/qarthuli-p...4-15122010.html