აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიმოწერა: საქართველო კარგავს აშშ-ს ყურადღებას .09.12.2010 12:02 დაიჯესტი წაკითხულია 551 ჯერ .ტექსტის ზომა
.ვაშინგტონი უპირატესობას ანიჭებს რუსეთთან დაახლოვებას – თბილისი სასოწარკვეთილი ეძებს აშშ-ს სამხედრო მხარდაჭერას.
საქართველოს ძვირად დაუჯდა რუსეთთან 2008 წლის აგვისტოს ომი. ქვეყანა რომელიც კავკასიაში ნატო-ს მოკავშირედ მოიაზრებოდა, სუსტ და აშშ-ს ლაქია სახელმწიფოდ გადაიქცა, რომელიც პანიკურადაა შეპყრობილი იმის შიშით, რომ სეპარატისტულ რეგიონებს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებენ და საქართველო რუსეთისა და ირანისთვის უფრო მოწყვლადია.
7-8 აგვისტოს ღამით, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ცხინვალზე წარუმატებელი თავდასხმის შემდეგ (სამხრეთ-ოსეთის დედაქალაქი), მოსკოვმა სამხედრო ბაზები შექმნა აფხაზეთსა და სამხრეთ-ოსეთში – ტერიტორიები, რომელიც ფორმალურად საქართველოს ეკუთვნის, თუმცა 1991 წლის შემდეგ, როდესაც საბჭოთა კავშირის ნანგრევებიდან 15 რესპუბლიკა აღმოცენდა, თბილისი მათ ვეღარ აკონტროლებს. თბილისი აშშ-ს ებღაუჭება, რადგან მიაჩნია რომ მხოლოდ ის არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის გარანტი და არა ევროპელი ”ცინიკოსები”.
ჩვენს ხელთ არსებული დიპლომატიური დოკუმენტების თანახმად, 1-2 აგვისტოს რეგიონში ადგილი ჰქონდა ისეთი ინტენსივობის სროლებს, რაც ”2004 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა”, თუმცა სროლის დაწყების ინიციატორი არ სახელდება. 7 აგვისტოთი დათარიღებულ ორ ანგარიშში დაფიქსირებულია ”ინტენსიური ბრძოლები სამხრეთ-ოსეთში 6 გვისტოს ღამით” და ”ქართული არტილერიის გადაადგილება”. შემდეგ თბილისის ოფისიდან გაგზავნილ დოკუმენტებში 138 სიმბოლო გამოტოვებულია. 8 და 9 აგვისტოს დღეში მხოლოდ ორი ტელეგრამა იგზავნება. კრიტიკულ დღეებში ინფორმაციის ეს წყვეტა და ლაკონურობა იმაზე მიუთითებს, რომ საელჩოდან ცნობები სხვა არხებით ვრცელდებოდა, რაც ხელს უშლის მკაფიო სურათის ჩამოყალიბებას იმის შესახებ, თუ რა როლს თამაშობდნენ ამერიკელები სააკაშვილის თავდასხმაში. ევროკავშირის გამოძიებამ, შვეიცარელი დიპლომატის ჰეიდი ტალიავინის ხელმძღვანელობით დაასკვნა, რომ ცხინვალზე თავდასხმით, ომი სააკაშვილმა დაიწყო და რუსეთის რეაქცია არაპროპორციული გახლდათ.
დიპლომატიური გზებით ვაშინგტონი შეეცადა ხელი შეეშალა სეპარატისტული სამხრეთ-ოსეთისა და აფხაზეთის ლეგიტიმაციისთვის, რომელთა დამოუკიდებლობაც რუსეთმა, ნიკარაგუამ, ვენესუელამ და კუნძულმა ნაურუმ აღიარა. აშშ-მ შეაჩერა ”აღიარების კასკადი”, რაც თბილისს თავზარს სცემდა, მაგრამ ვერ შესძლო ირანის გავლენის ზრდის პრევენცია კავკასიის ამ სტრატეგიულ რეგიონში, სადაც აშშ იბრძვის გავლენისთვის რუსეთის, ოტომანთა და სპარსეთის იმპერიების მემკვიდრეებთან ერთად. ბარაკ ობამას გაპრეზიდენტების შემდეგ, თეთრი სახლი ქართველებს რომლებიც მოსკოვის აზრით მილიტარისტული ქმედებებისკენ უმცროსმა ჯორჯ ბუშმა წააქეზა, ”უხეში ძალის ნაცვლად გონიერებისკენ” და ”სტრატეგიული მოთმინებისკენ” მოუწოდებს.
საქართველო მოითხოვს, რომ აშშ-მ თანამედროვე იარაღი მიჰყიდოს და მწვანე შუქი აუნთოს მის ნატო-ში გაწევრიანებას. ჩრდილო-ამერიკელი დიპლომატები უარს ამბობენ ამ მოთხოვნების შეთავსებას ბარაკ ობამას მიზანთან – განაახლოს რუსეთთან ურთიერთობები.საქართველო პრობლემას უქმნის ვაშინგტონის იმიჯს რეგიონში, რომელიც უარყოფს პოსტ-საბჭოთა სივრცეში რუსეთის თეზას ”გავლენის სფეროების” შესახებ. თუკი ამ რეგიონის ქვეყნები, მაგალითად ბელორუსი და ყირგიზეთი ჩათვლიან, რომ თეთრი სახლი კავკასიის და ცენტრალური აზიის იგნორირებას ახდენს, გადაწყვეტენ რომ აშშ-სთან თანამშრომლობა უფრო სარისკოა, ვიდრე რუსეთთან – წერს თბილისში ამერიკის ელჩი ჯონ ტეფტი.
“თუკი ჩვენ განვაგრძობთ საქართველოსთან უფრო მჭიდრო სამხედრო თანამშრომლობისკენ სვლას, საფრთხის ქვეშ დავაყენებთ რუსეთთან ურთიერთობის გადატვირთვის მცდელობას” – წერს აშშ-ს ელჩი მოსკოვში ჯონ ბაიერლი.
“თუკი ჩვენ დავუშვებთ იმას რომ რუსეთმა გვიკარნახოს საქართველოსთან ჩვენი სამხედრო თანამშრომლობის დინამიკა, შეიძლება მან [რუსეთმა] ეს საკუთარი საქციელისთვის კომპენსაციად აღიქვას” და ”შეიძლება მხოლოდ დროის საკითხი გახდეს” ის, რომ რუსეთმა გაიმეოროს ”აგრესია” ”უკრაინაში ან რომელიმე სხვა ადგილას” – წერს ტეფტი. ამ დიპლომატს სურდა, რომ ვაშინგტონს საქართველოსთვის “ახალი ლეტალური თავდაცვითი სისტემა”- ტანკსაწინააღმდეგო და ჰაერსაწინააღმდეგო იარაღი გადაეცა, რაც საკმარისი იქნებოდა ”თბილისის დაცვისთვის 72 საათის განმავლობაში”. თუკი აშშ საქართველოს ამ იარაღს არ მიჰყიდდა, ის შეეცდებოდა მის ”შოვნას სხვაგან, როგორც ეს წარსულში გააკეთა”. მართლაც, პოლონეთმა საქართველოს ჰაერსაწინააღმდეგო პორტატული სისტემები (Manpads) მას შემდეგ მიჰყიდა, რაც ამ უკანასკნელმა იგივე თხოვნაზე აშშ-ს სახელმწიფო მდივნისგან, კონდოლიზა რაისისგან უარი მიიღო.
რუსული წყაროები ამტკიცებენ, რომ საქართველო კვლავ იარაღდება დასავლეთის ქვეყნების და უკრაინის დახმარებით და ამის საბაბს მათ როგორც სჩანს საიდუმლო მიმოწერაც აძლევს. ამერიკელ იარაღის ბროკერებს უზარმაზარი საკომისიოები აქვთ. თითქმის 70 000 დოლარად შეფასებულ კონტრაქტში Paz Logistics-მა (კომპანია, რომლის სათაო ოფისიც ისრაელშია) ქართველებს 300 000 ამერიკული დოლარი, მეორე 477 000 დოლარის ღირებულების კონტრაქტში კი მილიონი გამოართვა – იუწყებოდა საელჩო 2009 წლის აგვისტოში. არსებობს სხვა შემთხვევებიც, როდესაც Paz Logistics-მა იმ იარაღის ”ფასები გაბერა”, რომელიც საქართველოს მთავრობას მიჰყიდა და ”საბოლოოდ მათი გამოყენებისკენ წაახალისა” – ნათქვამია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტებში, რომელიც დაინტერესდა შეკვეთით, რაც Martin Electronic Florida-ს მხრიდან Logistics-ის შუამავლობით საქართველოსთვის M4331 ტიპის 40 mm 5000 ყუმბარის მიყიდვას ითვალისწინებდა. 2009 წლის აგვისტოში, შესყიდვების პოლიტიკაზე პასუხისმგებელმა თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ მისთვის Paz Logistics-ის მიერ დასახელებულ ფასს მნიშვნელობა არ ჰქონდა, რადგან ამ მასალის ყიდვა ”უმაღლესი პრიორიტეტი” იყო.
საქართველომ აშშ-სგან უკრაინის დახმარებით შეიძინა შეიარაღება. 2009 წლის ზაფხულში საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა 2007-2008 წლებში ამერიკული ავტომატური და ყუმბარმტყორცნი იარაღის შეძენის ფაქტი უკრაინული შუამავალი კომპანიის Bel Ukrainian Trading and Consulting-ისგან (რეგისტრირებული სეიშელის კუნძულებზე). 2009 წლის შემოდგომაზე უკრაინამ უარყო თბილისისთვის T-84 ტანკების მიყიდვა, მაგრამ იმავე წლის ოქტომბერში ნატო-ს ერთ-ერთმა ჩინოვნიკმა განაცხადა, რომ თავად იხილა 12 T-84 ტიპის ტანკები საქართველოს პოლიგონებზე – ნათქვამია ალიანსში აშშ-ს მისიის საიდუმლო დოკუმენტში.
საქართველოში აშშ-ს სამხედრო მრჩეველებს მიესალმებიან და მათი ინსტრუქტორები ამ ქვეყნის აკადემიებში სამხედრო და უშიშროების ოფიცრებს წვრთნიან, თუმცა ამ უკანასკნელთა მომზადების ხარისხი საეჭვოა.
2009 წლის სექტემბერში, ნატო-ს ინსპექტორთა ხელმძღვანელი საქართველოში წერდა, რომ ის ”შეშფოთებულია” ”საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გამეფებული კორუფციისა და პროტექციონიზმის”, ასევე ფუნქციებისა და ”პარამილიტარისტული” საკითხების აღრევის გამო შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. ნატო-ს და ამერიკელებს ასევე აღელვებდათ თავდაცვის ხელმძღვანელობაში ხშირი ცვლილებები და ექვსი მინისტრის შეცვლა ”ექვსი წლის განმავლობაში ბევრია”.
2009 წლის სექტემბერში, აშშ შეშფოთებული იყო ბაჩო ახალაიას თავდაცვის სისტემის ხელმძღვანელად დანიშვნით, რომელიც მანამდე ციხეებს ხელმძღვანელობდა და ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით საეჭვო რეპუტაციით სარგებლობდა. სააკაშვილის თქმით, საქართველომ ახალაიას საშუალებით ”ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში იმაზე მეტ წარმატებას მიაღწია, ვიდრე ყოფილი საბჭოთა კავშირის რომელიმე ქვეყანამ”. ნატო-ს მოთხოვნით, თავდაცვის სამინიტროს მიერ წარმოდგენილ ანგარიშში, რომელიც 2008 წლის კონფლიქტიდან მიღებულ გაკვეთილებს ეხება, იყო მოკლე და ”ზედაპირული”, რის გამოც ამ საქმეში ჩახედული პირი ლონგსდონი ასკვნის, რომ საქართველოს ”წინ ხანგრძლივი გზა აქვს”.
ქართველები ცდილობენ პოსტ-საბჭოთა სივრცეში თავი მედიატორებად და ინფორმატორებად წარმოაჩინონ. ავღანეთში უშიშროებისა და თანამშრომლობის საერთაშორისო ძალებში (ISAF) საკუთარ მონაწილეობას მიიჩნევენ, როგორც იმის ”დამტკიცების გზას”, რომ ”ალიანსისთვის სასარგებლო წევრები” იქნებიან და აშშ-ს საკუთარ ტერიტორიას და პორტებს სთავაზობენ. ისინი ასევე მზად არიან გუანტანამოს პატიმრების მისაღებად. 2009 წელს ელჩმა დენიელ ფრიდმა მათ შესთავაზა შვიდი ”დაბალი რანგის ტუნისელი და ლიბიელი წარმოშობის მებრძოლების” მიღება, რომელთაგან ერთ-ერთმა ჩეჩნეთში გამგზავრების სურვილი გამოსთქვა (საქართველოს მოსაზღვრე რუსეთის ტერიტორია, რომელიც ორი სეპარატისტული ომის გამო განადგურებულია). საქართველო ვერ აკონტროლებს საკუთარ საზღვრებს და შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი შიშობდა, რომ პატიმრები გაიქცეოდნენ. ფრიდმა სთქვა, რომ მას არ სურდა რუსეთთან ”თავის ტკივილი” და ”პატიმრების უკეთესი შემადგენლობა”, კერძოდ იუგურები შესთავაზა, რაზეც საქართველო არ დასთანხმდა ჩინეთთან ურთიერთობებში პრობლემების შექმნის შიშით.
მხოლოდ სამმა ქვეყანამ მიბაძა რუსეთს სამხრეთ-ოსეთის და აფხაზეთის აღიარებაში: 2008 წლის სექტემბერში ნიკარაგუამ, 2009 წელს ვენესუალამ და ნაურუმ. იმის შიშმა, რომ ბელორუსი კარაკასის მაგალითს გაიმეორებდა ქართველებში ”სერიოზული პანიკა” გამოიწვია, მიუხედვად აშშ-ს გაფრთხილებისა ”გადამეტებული რეაქციის” წინააღმდეგ.
თბილისმა აშშ-სა და ესპანეთს სთხოვა ”ზეწოლა განეხორციელებინათ ლათინური ამერიკის ქვეყნებზე”, რათა მათაც არ მიებაძათ ვენესუელასა და ნიკარაგუასთვის. ეს მცდელობები “წარმატებული” აღმოჩნდა, თუმცა როგორც აშშ-ს თავდაცვის მინისტრის თანაშემწე ალექსანდრე ვერშბოუმ აღნიშნა, ქართველებს უნდა ესმოდეთ, რომ ვაშინგტონის ”გავლენა ზოგიერთ ქვეყანაზე შეზღუდულია”. მაგალითად, ამერიკამ უარი სთქვა ზეწოლა განეხორციელებინა უზბეკეთზე, იმის შიშით, რომ ეს გავლენას იქონიებდა ავღანეთში სატრანზიტო გზებთან დაკავშირებულ მის მოლაპარაკებებზე. ქართველები გულხელდაკრეფილები არ ისხდნენ და 2009 წლის ნოემბერში ლათინური ამერიკა მოიარეს. კოსტა-რიკა, ბოლივია, პანამა, კოლუმბია, ბრაზილია, არგენტინა და ურუგვაი თბილისთან სოლიდარული აღმოჩნდა. დოკუმენტების თანახმად კუბამ ისიც კი განაცხადა, რომ მოსკოვის ბრძანებებს არ მიიღებდა. ამერიკელებს შეექმნათ შთაბეჭდილება, რომ ამ ჯაჭვში ყველაზე სუსტი რგოლი ეკვადორი იყო.
საქართველო საფრთხეს აფრიკაშიც ხედავდა. 2009 წლის აგვისტოს ბოლოს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ფიქრობდა, რომ სეპარატისტებს ბურუნდი, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, გვინეა და მალი აღიარებდა და ვაშინგტონს და ლონდონს დახმარების თხოვნით მიმართა. ვაშაძე ფიქრობდა, რომ ეს ქვეყნები რუსეთმა ”რაღაც ფორმით იყიდა” ”დახმარების დაპირებით ან პირდაპირი ქრთამით” და მას ეშინოდა, რომ მოსკოვი ამ აღიარების ”ორგანიზებას” გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე მოაწყობდა, რაც მისი აზრით “აბსოლუტური კატასტროფა” იქნებოდა.
ბელორუსი – ქართველების მთავარი თავისტკივილია. მათი ლოგიკის თანახმად, თუკი ალექსანდრე ლუკაშენკოს რეჟიმი სეპარატისტებს აღიარებდა, ის შეცვლიდა კურსს ევროპაში და მას სხვა ყოფილი საბჭოთა ქვეყნებიც მიბაძავდნენ. საქართველო არაერთხელ შეეცადა საკუთარი თავი მედიატორად შეეთავაზებინა ბელორუსს და აშშ-ს შორის. 2009 წელს სააკაშვილი ვერშბოუს ბელორუსის წახალისებისკენ უბიძგებდა. მისი თქმით, ლუკაშენკოს კრემლის ალტერნატივა სჭირდებოდა, რაც მას რეფორმებისკენ ”გზას გაუხსნიდა”.
ქართველებს მიაჩნიათ, რომ რუსეთს აფხაზეთის და სამხრეთ-ოსეთის აღიარებისკენ კოსოვოს დამოუკიდებლობამ უბიძგა. 2008 წლის თებერვალში სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანთან შეხვედრისას, სააკაშვილმა მას უამბო, რომ იმ დროს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მას უთხრა ”გაემზადე” , რადგან ცხადი იყო რომ ”დასავლეთი კოსოვოს აღიარებას აპირებდა”. მიმოწერის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ საქართველო განაგრძობდა ნატო-სკენ სწრაფვას, პუტინი აფხაზეთის და სამხრეთ-ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას გეგმავდა.
ამერიკელებს არ მოსწონდათ საქართველოს ეკონომიკური კავშირები ირანთან. 2009 წლის ივლისში აშშ-ს საელჩო თბილისში ქართველებს აფრთხილებდა ”ჰიდროენერგიის სფეროში ირანული ინვესტიციების მიღების უარყოფით შედეგებზე”. საქართველო ირწმუნებოდა, რომ ირანთან მიმართებაში აშშ-ს თანხმობის გარეშე აღარ იმოქმედებდა, მაგრამ 2010 წლის იანვარში, აშშ ფიქრობს რომ თბილისს სურს ირანთან დაძაბული ურთიერთობის გაუმჯობესება ”თეირანის მხრიდან აფხაზეთის და სამხრეთ-ოსეთის აღიარების შიშით”, ასევე იმის შიშით რომ ირანი ეკონომიკურ ურთიერთობებს განავითარებს აფხაზეთთან და იქ განახორციელებს ინვესტიციებს. ”ირანის ზეწოლის გაძლიერების შემთხვევაში, იმ ფონზე როდესაც ქართველებს უკიდურესად აშფოთებთ მათი ტერიტორიული მთლიანობის საკითხი, ოფიციალურ თბილისს სულ უფრო გაუჭირდება ბალანსის მოძებნა კონფლიქტურ ინტერესებს შორის” – ნათქვამია თბილისში აშშ-ს საელჩოს წერილში.
თეირანში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ნალბანდოვის ვიზიტის დროს, ქართველების აზრით ირანელებს და რუსებს შორის ურთიერთობაში გართულება შეინიშნებოდა. მათ ირანელებს უთხრეს, რომ საქართველოს და შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება თითქოს ”საიდუმლო პროტოკოლს” მოიცავდა. თუმცა, ირანელები არ ენდობიან რუსებს და თურქებს და ანკარას განცხადებებს რეგიონში საკუთარი ლიდერობის საფრთხედ აღიქვამენ.
ქართველები მათი ქვეყნის დანაწევრებაში რუსეთს ადანაშაულებენ და აფხაზების და ოსების არგუმენტებს უარყოფენ, თუმცა სეპარატისტებს საკუთარი გულშემატკივრები ჰყავთ. თურქეთში დაახლოებით ექვსი მილიონი ჩერქეზი ცხოვრობს, კავკასიის ძირძველი მოსახლეობის შთამომავლები, რომლებიც მეცხრამეტე საუკუნეში რუსეთის მიერ რეგიონის დაპყრობის შემდეგ ემიგრაციაში წავიდნენ. იქ ცხოვრობს თითქმის ნახევარი მილიონი აფხაზი და თურქეთის მხრიდან აფხაზეთის იზოლირების შესაძლებლობა შეზღუდულია. 2009 წლის მარტში თურქების მიერ შავი ზღვის ქვეყნების მინისტერიალზე დაპატიჟებულმა ქართველებმა რჩევისთვის ვაშინგტონს მიმართეს, გაუგზავნეს მომავალი დღის წესრიგის პროექტი და ღონისძიებაში მონაწილეთა სია. საელჩომ საქართველოს შეხვედრაში მონაწილეობის მიღება ურჩია, რადგან მისი აზრით საქართველოს არ აწყობდა იმ ერთადერთ ქვეყანად წარმოჩენილიყო, რომელიც შავი ზღვის თანამშრომლობას უარყოფს.
El Pais
foreignpress.ge
http://polity.ge/worldnews/america/2510-20...ml#comment-1075 აჰა ესეც დუგინის ძალიან საინტერრსო ინტერვიუ:http://www.russia.ru/video/diskurs_12045/ This post has been edited by mamukasokhumeli on 4 Jun 2011, 16:42