დაწყნარდი, ეგ დიპლომატიური თამაშია პიარზე გათვლილი
რუსეთი მომაკვდავი ცივილიზაცია?
Monday, 20 June 2011 00:00 დავით ავალიშვილი
E-mail Print PDF
რუსეთსა და ევროკავშირს შორის მორიგი ომი მიმდინარეობს: ამჯერად „მთავარმა სანიტარმა“ ონიშჩენკომ (რომელიც იმ ქვეყანაში საოცარ ძალაუფლებას ფლობს) ევროპული ბოსტნეულის შემოტანა აკრძალა. საბაბად „ეკოლის“ ვირუსი გამოიყენა. თუმცა სინამდვილეში ეს არის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მორიგი ხერხი. მოსკოვი ამით ბრიუსელს მიანიშნებს: საქართველო აიძულეთ, თანხმობა მოგვცეს, თორემ საერთოდ ყველაფრის იმპორტს ავკრძალავთო.
ევროპა კი ჯერჯერობით დუმს: არ იცის ამ გამოუცხადებელ ემბარგოს რა დაუპირისპიროს. საპასუხო ზომების მიღება, უბრალოდ, არ შეუძლია: რუსეთი ხომ ევროპაში არანაირ ექსპორტს არ ახორციელებს, გარდა ენერგომატარებლებისა, ანუ ნავთობისა, და გაზის შემოტანას ხომ არ აკრძალავს?
საოცარი სიტუაცია იქმნება: ის, რომ რუსეთი გამოსადეგს ვერაფერს აწარმოებს და, ამ მხრივ, შუა საუკუნეების დონეზე რჩება, ამ ქვეყნის ერთ-ერთ კოზირად აქცია პუტინმა: შეუძლია, დახუროს თავისი ბაზარი ევროპული (დასავლური) პროდუქციისთვის, საპასუხოდ კი ვერანაირ ზომებს ვერ მიიღებ, ვერაფრის შემოტანას ვერ აუკრძალავ რუს მწარმოებლებს – რაც არ არსებობს, როგორ უნდა აკრძალო?
თუმცა რუსებს ეს მდგომარეობა ტყუილად ახარებთ. ისევე, როგორც დასავლეთის დამოკიდებულება მის ენერგომატარებლებზე. ჯერ ერთი, ონიშჩენკოს აკრძალვამ რუსეთში უკვე გააძვირა (ორჯერ) კიტრისა და სხვა ბოსტნეულის ფასი. აღმოჩნდა, რომ რუსეთი თავის სამყოფ კიტრსაც კი ვერ აწარმოებს. სამხრეთის იმ მიწებზეც კი, სადაც ოღონდ რამე დათესე – აღარაფერი უნდა: თვითონ ამოდის და იზრდება. ევროპის ჩრდილოეთში კი ბოსტნეულის მოყვანას (სათბურებში) ბევრად მეტი შრომა და წვალება სჭირდება. ამის მიუხედავად, მაინც უკეთ შრომობენ და მეტიც მოჰყავთ.
მაგრამ როდის იყო, რუსეთის ხელისუფლებას საკუთარი მოსახლეობის ბედი აღელვებდა? ბოსტნეულის გარეშეც გაძლებენ როგორმე. მით უმეტეს, რომ ონიშჩენკოს კარტოფილის იმპორტი არ აუკრძალავს. მიხვდა, ამის გარეშე რუსეთის ბევრ რეგიონში შეიძლება, უბრალოდ, შიმშილი დაწყებულიყო. კიტრი კი, როგორც ეტყობა, ფუფუნებად და იშვიათ დელიკატესად ჩათვალა რუსებისთვის. კიტრისა და პომიდვრის გარეშე ისევე არ მოკვდებიან, როგორც არ მოკვდებიან, თუ ქოქოსსა და ანანასს არ მიირთმევენ.
ბევრად უფრო საშიშია რუსეთისთვის, თუ, ბოლოს და ბოლოს, შემცირდება დასავლეთის დამოკიდებულება ენერგომატარებლებზე. არადა ეს, უბრალოდ, გარდაუვალია: მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესი იმდენად სწრაფია და იმდენად ერგება სასიცოცხლო საჭიროებებს, რომ ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში აუცილებლად მიაგნებენ შემცვლელს: ბოლოს და ბოლოს, ისეთ აკუმულატორებს გამოიგონებენ, რომ მანქანებიცა და თვითმფრინავებიც უბენზინოდ იმოძრავებენ.
უკვე დღეს სულ უფრო იზრდება იმ ავტომობილების რიცხვი, რომლებიც სანახევროდ ელექტროენერგიაზე მუშაობენ. არადა, ბენზინის ფასს სწორედ ავტომობილები ზრდიან. თუ ბენზინზე მოთხოვნა შემცირდა, შემცირდება მოთხოვნა ყველა სხვა ენერგომატარებელზეც. მათ შორის გაზზე, რომელიც რუსული ბიუჯეტის ნახევარს ავსებს და ასე შემდეგ.
ჩინური გაკვეთილი და რუსული აიფონი
რუსეთში თუ გლობალური განვითარების ტემპს ფეხი არ აუწყვეს, ეს ქვეყანა, უბრალოდ, დაიღუპება. მედვედევს ესმის და თითქოს რაღაცის გაკეთებას ცდილობს: მოსკოვის მახლობლად სკოლკოლოვოს მაღალტექნოლოგიური ცენტრიც კი დააფუძნა. არნოლდ შვარცენეგერი ჩამოიყვანა კალიფორნიიდან. მაგრამ ჯერჯერობით არაფერი გამოდის. მხოლოდ კომუნისტური რეჟიმის ჩლუნგი მემკვიდრეობითა და ინერციით ეს ვეღარ აიხსნება: ბოლოს და ბოლოს, 20 წელი გავიდა.
ამას გარდა, თვალწინაა ჩინეთის მაგალითი. ისეც ხომ კომუნისტური ქვეყანა იყო? ამის მიუხედავად, დღეს მსოფლიოს ერთ-ერთი ტექნოლოგიური ლიდერია. მსოფლიოს „ასაწყობი საამქრო“ და „მსოფლიოს სამკერვალოა“, როგორიც მე-18 საუკუნეში ინგლისი იყო. აბსოლუტურად ყველაფერი მზადდება ჩინეთში: დაწყებული ავტომანქანებით, დამთავრებული უახლესი აი-პადებით.
ერთმა რუსმა ოლიგარქმა „რუსული აიფონის“ დამზადება სცადა. „ბოლოს და ბოლოს, კალაშნიკოვის ავტომატი დავამზადეთ, მსოფლიოში საუკეთესოა და ტელეფონი რით ვერ უნდა გავაკეთოთო?!“
მართლაც სცადეს და რაღაც საშინელება გამოუვიდათ: ზომით ლამის „მაგთიფიქსის“ სტაციონარული ტელეფონების ოდენაა, ერთი მეგაბიტი მეხსიერებაც კი არა აქვს, ორიოდე მეგაპიქსელის კამერითაა აღჭურვილი და ორ კვირაში ფუჭდება. თანაც აღმოჩნდა, რომ ესეც ჩინეთშია დამზადებული: თურმე დეტალებიც ჩინურია და იქვეა აწყობილი. აბა, რუსული რაღაა? რა და ფული! ნავთობისა და გაზის გაყიდვით მიღებული მილიარდები, რაც რამდენიმე ასეთი ტელეფონის („საცდელიაო“) გამოსაგონად და დასამზადებლად საკმარისია.
ჩინეთს არც ნავთობი აქვს, არც გაზი (იაპონიაზე ხომ საერთოდ ლაპარაკი ზედმეტია, რომელსაც ბრინჯის მეტი არაფერი გააჩნდა 50 წლის წინათ), მაგრამ გაიარეთ ევროპისა და ამერიკის მაღაზიებში: ყველაფერი ჩინურია. თანაც, უკვე არა მხოლოდ იმიტომ, რომ იაფია. ჩინელებს აღმოაჩნდათ უნარი, ნებისმიერი ტექნოლოგია სწრაფად აითვისონ. რუსეთი კი (კომუნისტური რეჟიმის დაშლიდან მესამე ათწლეულში) იმავე სტადიაზე რჩება, როცა საუკეთესო ტანკებს ამზადებდნენ, ქალის ფეხსაცმლის შეკერვას კი (პოლიტბიუროს ასობით დადგენილების მიუხედავად) ვერ ახერხებდნენ.
ესე იგი, თვით რუსულ ცივილიზაციაში არის ისტორიულად რაღაც ისეთი, რაც ამ ქვეყნის განვითარებას აფერხებს. ეს ცივილიზაცია არ ვითარდება და ზღაპრული ბუნებრივი სიმდიდრის მიუხედავად, მაინც მსოფლიოს მაჩანჩალად რჩება ყველა თვალსაზრისით. ერთადერთი, რაც კიდევ შეუძლია, დაპყრობა, ოკუპაცია და საკუთარი ბაზრის „ჯინაზე“ ჩაკეტვაა, რათა რუსებს კიტრი და პომიდორი მოენატროთ, ოღონდ კი საძულველი ევროპა გაამწაროს.
რუსეთის ისტორიული
წყევლა
დღეს რუსული ცივილიზაციის სახე რომან აბრამოვიჩია. დასავლურისა კი – გენიალური სტივ ჯობსი. პირველმა ნავთობის საბადოები იგდო ხელთ სხვადასხვა ღაღლითობით, მილიარდები იშოვა და ახლა „სტენფორდ ბრიჯზე“ მედიდურად ზის სამეფო ლოჟაში – საკუთარ „ჩელსის“ „ბალელშჩიკობს“.
სტივ ჯობსმა კი თავისი ნათელი გონებით, შემოქმედებით, ჯოჯოხეთური შრომით, კაცობრიობის ტექნოლოგიურ განვითარებაში უკვე ისეთივე წვლილი შეიტანა, როგორც ელექტროენერგიის „მამა“ ტომას ედისონმა ან ავტომშენებელმა ჰენრი ფორდმა.
რუსული ისტორიული უბედურების მთავარი მიზეზი იმპერიალიზმია: საუკუნეების განმავლობაში ისეთი მენტალიტეტი გამოუმუშავდათ, რომ შიმშილით დაიხოცებიან, ოღონდ კი „დერჟავული სიამაყით“ გააძღე. არც კიტრი უნდათ და არც „აიფონი“ – ორივეს გარეშე გაძლებენ, მაგრამ იმპერიის დიდებისთვის იბრძოლებენ.
პუტინმა და მედვედევმა ისევ ამ წრეზე დააბრუნეს. თუმცა ბევრ პროგრესულ რუსს (მაგალითად, ანდრეი ილარიონოვს) ესმის, რომ ეს არის გზა ჩიხში, ესე იგი არსაით, – მოუსავლეთისა და სიკვდილისკენ!
შეუძლებელია დღეს ცივილიზაციამ იარსებობს განვითარებისა და ტექნიკური პროგრესის გარეშე, შეუძლებელია გაძლოს, თუ მსოფლიოს მთავარ ტენდენციებს არ აუწყობს ფეხს. პუტინ-მედვედევის რუსეთი, რომელმაც აგვისტოში ისევ იმპერიული თრობის შხამი იგემა, ამით კვლავ საკუთარ ნაჭუჭში ჩაიკეტა და სულაც არაა შემთხვევითი, რომ დემოგრაფიული პრობლემებიც კი შეექმნათ.
მოსკოვი და პეტერბურგი რომ მდიდრდება, ამან არავინ მოატყუოს: ამ ქალაქებს როგორც კი გასცდები და რუსულ „გლუბინკაში“ შეხვალ, თავი ისევ საბჭოთა კავშირში ან, კიდევ უარესი, მეფის რუსეთში გეგონება. მთავარი ცუდი გზები და მოუვლელობა კი არ არის, არამედ ხალხის მდგომარეობა: ისევ ბნელი ლოთობა, უიმედობა, უსიხარულობა, ჩაშვებულობა და უსიცოცხლობა.
რა არ სცადა ხელისუფლებამ, რა პრემიები არ დააწესა მეორე შვილისთვის, მაგრამ სიკვდილიანობა მაინც სჭარბობს დაბადებას. რუსი ერი (არა თათრები, არა ყალმუხები, არა სხვა ერთა წარმომადგენლები, არამედ სწორედ რუსები) თანდათან წყდება. დასავლეთში მთელი სამეცნიერო მიმდინარეობაც კი არსებობს: რა ელის რუსეთს და როგორი იქნება ის 50 წლის შემდეგ? მკვლევარები იმ დასკვნამდე მიდიან, რომ, თუ ასე გაგრძელდა, 50 წლის შემდეგ რუსეთი იქცევა ვეებერთელა ტერიტორიის მქონე ჯუჯა სახელმწიფოდ. თუმცა ამ ტერიტორიასაც სხვები დაეპატრონებიან: უმდიდრეს ციმბირში სულ 20 მილიონი რუსი ცხოვრობს. მათ მეზობლად კი – მილიარდ-ნახევარი ჩინელი.
თუ რუსეთში ნამდვილი რევოლუცია არ მოხდა და რაღაც არ შეიცვალა უახლოეს წლებში, ეს ქვეყანა მომაკვდავ ცივილიზაციად იქცევა და ისევე გაქრება, როგორც ოდესღაც უძლეველი რომის იმპერია გაქრა. იმ განსხვავებით, რომ ლათინთა იმპერიამ კაცობრიობას ენა, სამართალი და არქიტექტურა დაუტოვა. რუსეთი კი რას უტოვებს, ჯართად ქცეული ტანკების გარდა?
http://www.ptpress.ge/index.php?option=com...litika&Itemid=2