რუსი იმპერიალისტებისათვის ყველაზე საძულველი სახელი – ნატო
[რუსი იმპერიალისტებისათვის ყველაზე საძულველი სახელი – ნატო]
16:16 04.04.2011
[გია მამალაძე]
1949 წლის 4 აპრილს ვაშინგტონში ხელი მოეწერა ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია – ნატო-ს დაარსების დოკუმენტს (ინგლისურად: North Atlantic Treaty Organisation, NATO; ფრანგულად: Organisation du traité de l'Atlantique Nord, OTAN). ნატოს დამფუძნებლები იყვნენ: აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ბელგია, ნიდერლანდები, ლუქსემბურგი, კანადა, იტალია, პორტუგალია, ნორვეგია, დანია, ისლანდია.
დაფუძნების მიზანი ცხადია, საბჭოთა კავშირისგან (რუსეთის მოდერნიზებული იმპერია) შესაძლო სამხედრო საფრთხის მოგერიებისათვის გაერთიანება. 1952 წელს ნატო-ში მიიღეს საბერძნეთი და თურქეთი. ნატო-ს სათაო ოფისი არის ბრიუსელში, ბელგიაში. ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. 1955 წელს ალიანს შეუერთდა გერმანია. ნატო არის სახელმწიფოთაშორისი ორგანიზაცია, რომლის წევრობა მხოლოდდამხოლოდ ნებაყოფლობითია და არ ითვალისწინებს სუვერენიტეტის არანაირ შეზღუდვას. ალიანსში ყველა გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ წევრი ქვეყნების კონსენსუსით. ალიანსში გადაწყვეტილებების მთავარი მიმღები ორგანოა ჩრდილო ატლანტიკური საბჭო, რომლის სხდომებს ნატო-ს გენერალური მდივანი ხელმძღვანელობს.
1982 წლიდან ნატო-ს წევრია ესპანეთი. სსრკ-ს დაშლის მერე ბევრს ეგონა, რომ ნატო-მ თავისი ფუნქცია ამოწურა, მაგრამ არა, რუსული იმპერია არ გამქრალა, ის მხოლოდ დასუსტდა და მხოლოდ მოკავშირეები დაკარგა, რომლებიც ძალით ჰყავდა შემოკრებილი. დღესაც რუსეთის იმპერია მაინც არსებობს და საფრთხეს უქმნის მსოფლიოში მშვიდობასა და დემოკრატიას, ერებისა და ადამიანების თავისუფლებას.
ნატო-ს ძირითად ამოცანად განისაზღვრა მისი წევრი ქვეყნების უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ნატო-ს წევრი ქვეყნები საშინაო პოლიტიკაში ვალდებული არიან დაიცვან დემოკრატიის პრინციპები და ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებები.
ნატო-მ თავის ამოცანად განსაზღვრა ნატოს წევრი ქვეყნების დაცვა ნებისმიერი აგრესიისაგან, ალიანსის ერთ წევრზე თავდასხმა განიხილება ყველა წევრზე თავდასხმად, რაც დამფუძნებელი ხელშეკრულების მეხუთე მუხლით არის გათვალისწინებული:
“ხელშეკრულების მონაწილე მხარეები თანხმდებიან, რომ ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში ერთ, ან რამდენიმე მხარეზე განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმა მიიჩნევა, როგორც თავდასხმა ყველას წინააღმდეგ და არსებულ შემთხვევაში, გაერთიანებული ერების წესდების 51-ე მუხლის შესაბამისად, ინდივიდუალური თუ კოლექტიური თავდაცვის უფლების გამოყენებით და საჭიროების შემთხვევაში, სამხედრო ძალის გამოყენებით ისინი დახმარებას გაუწევენ საფრთხეში მყოფ მხარეს ან მხარეებს, რათა შეინარჩუნონ ჩრდილო ატლანტიკური რეგიონის უსაფრთხოება. ნებისმიერი ამგვარი სახის შეიარაღებული თავდასხმის და მის მიმართ განხორციელებული ღონისძიების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს უშიშროების საბჭოს. ამგვარი ღონისძიებები დასრულდება მაშინ, როცა უშიშროების საბჭო მიიღებს ზომებს, რაც საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენისათვის იქნება მიმართული.”
1999 წელს ნატო-ს რიგებს შეემატა რუსეთის იმპერიის "თანამეგობრობის" მარწუხებიდან თავდახსნილი ჩეხეთი, პოლონეთი და უნგრეთი. ამ ქვეყნებში, საბჭოთა კავშირის მიერ ნაძალადევად დასმული ხელისუფლება აღარ იყო, სუვერენიტეტი დაიბრუნეს, მაგრამ რუსეთთან ტერიტორიულად ახლოს ცხოვრება დიდი საფრთხეა, ეს იციან ისტორიულად და ამიტომ უსაფრთხოების გარანტიისთვის ნატო-ში შევიდნენ. 2004 წელს ალიანსში ახალი წევრები მიიღეს: ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, რუმინეთი, სლოვაკეთი, სლოვენია და ბულგარეთი.
2009 წელს ნატო-მ თავის რიგებში შეიყვანა ალბანეთი და ხორვატია.
დღეს, რუსეთში კიდევ ლაპარაკობენ "წარსული დიდების" აღდგენაზე, მართლმადიდებლურ ან პრო-სლავურ გეოპოლიტიკაზე და სხვა. ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი რუს იმპერიალისტებს მტრულ ძალად მიაჩნიათ, თუმცა, უნდა ითქვას, რომ ნატო შექმნილია არა რუსეთზე შეტევისათვის, არამედ რუსეთისგან თავის დაცვისთვის. რაც აუცილებელია, მით უმეტეს, რუსეთის მეზობელი ქვეყნებისათვის. მათ შორის მართლმადიდებლებისათვის და სლავებისათვის. სხვათა შორის, მართლმადიდებელი ქვეყნები და სლავები უფრო მეტი ინტენსივობით იღწვოდნენ ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებისათვის, ვიდრე სხვები. ეს კარგად აჩვენებს, რომ რუსულ იმარიალისტურ წრეებში არსებული იდეები, როგორიცაა პრო-მართლმადიდებლური თუ პრო-სლავური გეოპოლიტიკა, სრული კატასტროფით დამთავრდა.
რუსეთმა თავისი ისტორიის მანძილზე მოახერხა და თავისი ბუნებრივი მოკავშირეები – სლავები თავის მტრებად აქცია. დღეს არის ლაპარაკი, რომ ერთიანი ცივილიზაციის მატარებელი ხალხები უნდა გაერთიანდნენ, რათა მსოფლიოში არსებული ან შესაძლო გამოწვევები ერთად გადალახონ. ვერაფრით ვერ იტყვის კაცი, რომ ჩვენ და რუსეთს გვაკავშირებს ერთიანი ცივილიზაცია, ან საერთო რელიგია. რუსეთის პოლიტიკა მაშინაც კი არ იყო მართლმადიდებლური, როდესაც მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგია იყო რუსეთში (თუმცა იმდროინდელ რუსეთს არა მართლმადიდებლურ, არამედ მეფეთმადიდებლურს უწოდებენ). უნდა აღინიშნოს, რომ როგორც სხვები, ისე ქართვლი ხალხისა და პოლიტიკოსების საკმაოდ დიდი ნაწილი თვითონ რუსეთმა აქცია ნატო-ს მოყვარულად – აფხაზეთისა და ჩრდილო ქართლის მოვლენებით და ახლა კი მიტაცებით.
სკეპტიკოსები სააკაშვილის შეცდომებს დააბრალებენ რუსეთის ამგვარ ქცევას, მაგრამ სააკაშვილამდე გამსახურდია იყო. გამსახურდიასაც დააბრალებენ "უგუნური ანტირუსულ პოლიტიკის" წარმოებას. მაგრამ, სად იყო გამსახურდია, როდესაც ავადსახსენებელი უსლარი დაახლოებით ამას წერდა, "თუ გვინდა საქართველოს ძალა გავანეიტრალოთ, უნდა დავშალოთ სხვადასხვა ხალხებად". თუ სამშობლოს თავისუფლებისათვის მოღვაწეობა უგუნური პოლიტიკაა, მაშინ გონიერება რაღას ჰქვია.
ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი რომ არა, დღეს მსოფლიო სხვანაირი იქნებოდა. კიდევ კარგი, რომ არსებობს რაღაც, რისიც ეშინია რუსეთს და ვერ ბედავს ღია აგრესიას.
http://www.presa.ge/new/?m=politics&AID=4136