პაველ ფელგენგაუერი - "2014 წლისთვის რუსეთმა კავკასიის საკითხი საბოლოოდ უნდა გადაწყვიტოს, რათა მთელი სამხედრო რესურსები, რომელიც ამჟამად კავკასიაშია კონცენტრირებული, შუა აზიის უშიშროების სისტემის შექმნისთვის გადაისროლოს"
"საქართველოს გავლით სამხედრო ტრანზიტის აკრძალვა სერიოზული გადაწყვეტილებაა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ხელშეკრულება არ მუშაობდა 2008 წლიდან. ძალიან ძნელია სხვა გზით ცოცხალი ძალის თუ შეიარაღების გაგზავნა სომხეთში. საჰაერო გზა ირანიდან წარმოუდგენლად ძვირი ჯდება. დღეისთვის მდგომარეობა მთიან ყარაბაღში ძალიან დაძაბულია. არსებობს საომარი მოქმედებების დაწყების დიდი საშიშროება. სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის გამწვავების შემთხვევაში რუსეთისთვის აუცილებელი იქნება სომხეთში ჩაღწევა ნებისმიერი გზით, რაც ჩაითრევს კონფლიქტში საქართველოსაც", - აცხადებს რუსი სამხედრო ექსპერტი პაველ ფელგენგაუერი გაზეთ "24 საათისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით 2014 წლისთვის რუსეთმა კავკასიის საკითხი საბოლოოდ უნდა გადაწყვიტოს.
"რუსეთს აქვს დიდი თვითმფრინავები რუსლან-124, რომლებსაც საბრძოლო ტანკები გადაჰქონდათ, მაგრამ ისინი ცოტა შემორჩა. საერთოდ, რუსეთის სამხედრო სატრანსპორტო ავიაცია ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. სამხედრო ტრანზიტი საქართველოს გავლით უმნიშვნელოვანესი პრობლემაა და რუსეთს, რასაკვირველია, არ მოსწონს მისი გადაკეტვა. საქართველოსთვის მთავარია შეინარჩუნოს ნეიტრალიტეტი, რომ არ მოხდეს მის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნა. 2008 წლის აგვისტოში იყო იდეა, დაერტყათ საქართველოსთვის სომხეთიდანაც, მაგრამ სომხებმა არ დართეს ამის ნება. მათთვის მნიშვნელოვანია საქართველოსთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნება, რადგან საქართველო აკონტროლებს მათ არასამხედრო ტრანზიტსაც. საქართველოც დაინტერესებულია სომხეთთან ურთიერთობების გამყარებაში, მაგრამ არ თანხმდება გახსნას სამხედრო ტრანზიტი ლარსიდან, რადგან მისთვის მნიშვნელოვანია კარგი ურთიერთობა ბაქოსთან - საქართველომ დაბალანსებული პოლიტიკა უნდა აირჩიოს", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაველ ფელგენგაუერი.
"ყარაბაღის კონფლიქტში რუსეთისთვის ყველაზე მომგებიანი იქნება თუ ნებას დართავენ განათავსოს იქ მშვიდობისმყოფელები, როგორც ეს იყო აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. ამით რუსეთს გაეხსნება სომხეთში გასასვლელი გზა და საქართველო იზოლირებული აღმოჩნდება - ეს იქნება საუკეთესო გამოსავალი რუსეთისთვის, მაგრამ, მაგრამ ჯერჯერობით არც ერთ მხარეს არ სურს რუსი მშვიდობისმყოფელების იქ ნახვა", - ამბობს ექსპერტი.
"დღეს ნატო-ში არ არის კონსენსუსი საქართველოს მიღებაზე, მაგრამ არ შეიძლება საქართველოსთვის უარის თქმა - ნებისმიერი ქვეყნისთვის, რომელიც შეასრულებს მოთხოვნებს, ნატო-ს კარი ღიაა - ეს პრინციპული საკითხია. ქვეყნები, რომელთაც არ სურთ საქართველოს გაწევრიანება ნატო-ში ცნობილია: გერმანია - მისთვის წამგებიანია რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭება საქართველოს გამო; საფრანგეთში გამუდმებით იმართება ცხარე დისკუსიები რუსეთის თემაზე - ზოგი მის წინააღმდეგ გამოდის, ზოგი პირიქით, ამიტომ ხშირია სკანდალები. შარშან ჩემი მეგობარი, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანი სამსახურიდან გაათავისუფლეს ანტირუსული პოზიციის გამო; შეგვიძლია იტალიაც დავასახელოთ, მაგრამ გერმანია საკმარისია, რომ საქართველო ნატო-ში არ მიიღონ", - განაგრძობს გამოცემის რესპონდენტი.
"2014 წლისთვის უფრო სერიოზული ამბები ხდება ვიდრე ოლიმპიადა, რომელიც ერთჯერადი ღონისძიებაა. მთავარი სხვაა - ამ წელს ავღანეთიდან უნდა გავიდეს ამერიკის და ნატო-ს ჯარები. მოსკოვში კი ყველა სამხედრო, პოლიტიკოსი თუ ექსპერტი თანხმდება, რომ დასავლეთის ჯარები დატოვებენ ავღანეთს, გაიმარჯვებს თალიბანი და საფრთხე შეექმნება შუა აზიას, რაც რუსეთს დიდი პრობლემების წინაშე დააყენებს, რადგან არ აქვს იმდენი ძალა ერთდროულად გაუმკლავდეს ორ ცხელ და საშიში ზონას - კავკასიას და შუა აზიას. ამიტომ რუსეთი ვერ მისცემს თავს უფლებას, რომ ყველაზე ბრძოლისუნარიანი ნაწილები და საუკეთესო ტექნიკა მხოლოდ კავკასიაში იყოს დისლოცირებული. თუ ყველა ძალას კავკასიაში ვაგზავნით, შუა აზიისთვის არაფერი რჩება - ყირგიზეთის მოვლენების დროს რუსეთს ერთი ბატალიონიც არ აღმოაჩნდა იქ გასაგზავნი", - დასძენს პაველ ფელგენგაუერი.
"ამჟამად კავკასიაში კონცენტრირებულია ნებისმიერი სახის ახალი შეიარაღება: ყველა ვერტმფრენი მი-28, მოდერნიზებული მოიერიშეები სუ-25, - ყველა კავკასიაშია. ბომბდამშენები, ღამის ბრძოლისთვის ინფრაწითელი ოპტიკით აღჭურვილი ტანკები, სხვათა შორის, ისინი აფხაზეთშიცაა. ამავე დროს 2014 წლისთვის რუსეთმა უნდა ჩაატაროს შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციაც, გადავიდეს პირადი შემადგენლობის საკონტრაქტო დაკომპლექტებაზე, განაახლოს შეიარაღება. მხოლოდ კავკასიაში სიტუაციის სტაბილიზების შემდეგ, როცა საზღვრებიც დადგინდება, რუსეთს შეეძლება მთელი რესურსების შუა აზიაში გაგზავნა. არავის სჭირდება, ისლამიტ-სალაფიტებმა შუა აზიაში ფეხი მოიკიდონ, ირანსაც კი. ამ კოალიციის სათავეში იქნება რუსეთი, მაგრამ ეს რომ ცარიელ სიტყვებად არ დარჩეს საჭიროა სერიოზული რესურსები თალიბების შესაკავებლად - რუსეთისთვის სრულიად მიუღებელია, შუა აზიის თუნდაც ერთ რომელიმე ქვეყანაში ისლამიტების მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდება და ყოფილი საბჭოთა საზღვრის გადაკვეთა", - განმარტავს რუსი ექსპერტი.
"რუსეთი კი გაუმკლავდება იქაურობას, მაგრამ ერთდროულად რომ მოუყაროს ძალებს თავი აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთსა და აზიაშიც - ამდენი ახალი შეიარაღება და ჯარიკაცი რუსეთს არ ჰყავს. ასე რომ, 2014 წლისთვის, როდესაც რუსეთს მოუხდება შუა აზიის უშიშროების სისტემის შექმნა და იქ ყოფილი საბჭოთა საზღვრის დაცვა, კავკასიის საკითხი საბოლოოდ უნდა იქნეს გადაწყვეტილი, რომ აქ რესურსები არ დაკავდეს. დიახ, ყველაფერი სამხრეთ კავკასიაში ომისკენ მიდის. ნუთუ გგონიათ, ბომბდამშენები და ღამის ბრძოლის დანადგარებით აღჭურვილი ტანკები იმისთვის ჰყავს რუსეთს ჩრდილო კავკასიაში, რომ ბოევიკებს სდიოს? მოსკოვს თავისი შეზღუდული რესურსების შუა აზიაში გადასამისამართებლად, სჭირდება მეგობრული რეჟიმი თბილისში. სამხრეთ კავკასიაში ბევრი რთული პრობლემა დაგროვდა, რომლის გადაწყვეტა მშვიდობიანი გზით ძალზე ძნელია მათი გადადება არ შეიძლება. სავარაუდოდ, რუსეთი სერიოზულად განიხილავს პრობლემების გადაწყვეტას არადიპლომატიური გზით", - მიიჩნევს პაველ ფელგენგაუერი.
"ზოგის აზრით, დაპირისპირება პუტინსა და მედვედევს შორის მოგონილია, მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი სერიოზულად არის. თუ მედვედევი სექტემბრამდე არ მოხსნის პუტინს, მაშინ მედვედევს ბოლო მოეღება. ახლახან დუმაში პუტინის სიტყვით გამოსვლისას, რომელიც კითხვა-პასუხიანად 4 საათს გაგრძელდა, მას არც ერთხელ არ უხსენებია მედვედევი სახელითა და მამის სახელით - მხოლოდ 2-ჯერ აღნიშნა პრეზიდენტის მიმართვა ისე, რომ არ წარმოუთქვამს მისი სახელი, მამის სახელი და გვარი - თუმცა ის მისი ფორმალური უფროსია და რუსეთში ასეთი დამოკიდებულება მიღებული არ არის. ძნელია თქმა, საქართველოსთვის როგორ შემობრუნდება რუსეთში განვითარებული ამბები. ბევრი რამ იმ მოვლენებზეცაა დამოკიდებული, რომელიც მოსკოვში არ წყდება: ყარაბაღის კონფლიქტის განვითარება, სიტუაცია დიდ აღმოსავლეთში, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება იმდენად ფეთქებადი გახდეს, მთელი რეგიონი ცეცხლში გაეხვიოს - მაშინ დასავლეთს ნამდვილად არ ეცლება რუსეთისთვის. მოსკოვში კი შეიძლება იფიქრონ, ჩვენი შიდაპოლიტიკური ვითარებაც იძაბება და რატომ არ გავუსწორდეთ ქართველებს, საქართველოს კუთხეში მოვიმწყვდევთ და ყარაბაღის საკითხსაც მოვაგვარებთ ჩვენი სამშვიდობო ძალების იქ ჩაყენებითო - ხდება ხოლმე, რომ მსგავსი შიდაპოლიტიკური კონფლიქტები იწვევს ომებს სხვა სახელმწიფოში", - დაასკვნის პაველ ფელგენგაუერი.
http://www.interpressnews.ge/ge/qarthuli-p...5-11052011.html