ამერიკული იარაღის სახიფათო ძიება საქართველოსთვის
ჯოშუა კუცერა
K Street-ის ლობისტებიდან დაწყებული „ნიუსვიქის“ ინტერვიუებით დამთავრებული საქართველო ყველა ღონეს ხმარობს, რომ რუსეთის წინააღმდეგ ამერიკული იარაღით შეიარაღდეს, მაგრამ განა ეს მართლა კარგი იდეაა?
მას შემდეგ რაც მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ხელისუფლებაში მოვიდა, ეს პატარა პოსტ-საბჭოთა ქვეყანა აშშ-ს ერთ-ერთი ყველაზე თავდადებული მოკავშირეა. მან ერაყსა და ავღანეთში ერთ სულ მოსახლეზე გათვლით ყველაზე მეტი სამხედრო გააგზავნა, თუმცა მისსავე ორ ტერიტორიას, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს რუსეთის მტრული ძალები დაეუფლნენ.
საქართველოს ძალიანაც არ ერიდებოდა იმის გამხელა, რომ საკუთარ წვლილს აშშ-ს სამხედრო მისიაში ისე აღიქვამდა, როგორც სამსახურს სამსახურის წილ. „ჩვენ ჯარისკაცები ვართ და ამერიკელ ჯარისკაცებს ვეხმარებით“ – 2007 წელს New York Times განუცხადა ერთმა ქართველმა კაპრალმა – „მერე კი ამერიკა ჩვენს ქვეყანას დაეხმარება“. ავღანეთში ქართველები ჰელმანდის სახიფათო პროვინციაში ნებაყოფლობით მსახურობენ, სადაც დღემდე 7 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა.
საპასუხო დახმარებად კი საქართველოს ის უნდა, რომ მისი მოსისხლე მტრისგან რუსეთისგან დაიცვან და რუსების მიერ ოკუპირებულ ქართულ ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და სამხრეთ-ოსეთზე კონტროლის აღდგენაში დაეხმარონ, მაგრამ ჯერ-ჯერობით აშშ-ს გარდა რიტორიკისა საქართველოსთვის დიდი ფაქტობრივი დახმარება არ გაუწევია. 2005 წელს საქართველოს ჯორჯ ბუში ეწვია და აქაურობას „დემოკრატიის შუქურა“ უწოდა. გასულ თვეს აშშ-ს საზღვაო ქვეითთა გენერალმა ექსპანსიურად შეაქო ქართველების სამსახური ავღანეთში და აღნიშნა: „ქართველებს ბრძოლა უყვართ“.
მაგრამ სიტყვებს დიდი ფასი არა აქვს და ამ სიტყვათა განსამტკიცებლად ცოტა რამ იყო გაკეთებული. მაგალითად როდესაც 2008 წელს სამხრეთ-ოსეთის გამო ომი ატყდა, მას შემდეგ რაც სააკაშვილს ისეთი შთაბეჭდილება შეუქმნა, რომ ვაშინგტონი რუსეთთან კონფლიქტის შემთხვევაში საპასუხო ნაბიჯებს გადადგამდა, აშშ-მ მხოლოდ ის გააკეთა რომ თავისი სამხედრო თვითმფრინავებით ერაყში მომსახურე ქართველი ჯარისკაცები შინ გადმოაფრინა, თუმცა იმ დროს როდესაც ჯარისკაცებმა საქართველოში ჩამოაღწიეს, ომი უკვე წაგებული იყო.
სააკაშვილის მმართველობის მთავარი ამოცანა ნატო-ში გაწევრიანება იყო. აშშ ამ მისწრაფებას მხარს უჭერდა, თუმცა ამაოდ – რუსეთთან ომმა ნატო-ში გაწევრიანების სერიოზული შანსები დღის წესრიგიდან მოხსნა და მართლაც საქართველო კონფლიქტის დაწყების მომენტისთვის ნატო-ს წევრი რომ ყოფილიყო, ეს იძულებულს გახდიდა აშშ-სა და ნატო-ს დანარჩენ წევრებს რუსეთისთვის ომი გამოეცხადებინათ. ახლა საქართველოს ახალი მიზანი გაუჩნდა: ამერიკული შეიარაღება. გასულ წელს მან სერიოზულად დაიწყო იმის ლობირება, რომ აშშ-ს საქართველო „თავდაცვითი იარაღით“ მოემარაგებინა, კერძოდ კი ანტი-საჰაერო და ანტი-სატანკო სისტემებით.
„საქართველოს დაუცველობა სიტუაციას არაფერს შემატებს“ – სააკაშვილმა Newsweek-ს განუცხადა. „საქართველო რუსეთს თავს ვერ დაესხმება, მაგრამ დაუცველი საქართველო რუსეთისთვის დიდ ცდუნებას წარმოადგენს – ის ჩვენი ხელისუფლების შეცვლას სამხედრო ძალის გამოყენებით მოინდომებს… დღეს არსებული სამხედრო თანამშრომლობის ფარგლებში, ჩვენ ვიმედოვნებთ რომ აშშ თავდაცვითი შეიარაღების სიმძლავრეებით დაგვეხმარება“.
მოგვიანებით მან კიდევ უფრო გაამძაფრა რიტორიკა და განაცხადა, რომ მხოლოდ აშშ-ს შეუძლია საქართველოსთვის ისეთი შეიარაღების მიყიდვა, რომელიც მას თავდაცვისთვის სჭირდება: „საქართველოს ისეთი რამ სჭირდება, რაც არსად არ მოიპოვება, ეს ანტი-საჰაერო და ანტი-სატანკო შეიარაღებაა და აბსოლუტურად ცხადია… რომ ჩვენი თანამშრომლობის შემდეგი ეტაპი ეს უნდა გახდეს“.
აშშ არასდროს ყოფილა საქართველოს განსაკუთრებულად დიდი მომმარაგებელი. საქართველომ დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ მემკვიდრეობით მიიღო საბჭოთა აღჭურვილობა და შემდეგ სხვა ყოფილ საბჭოთა და ვარშავის პაქტის ყოფილ ქვეყნებზე იყო დამოკიდებული გადაიარაღების პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ პენტაგონმა რამდენიმე სამხედრო წვრთნა საქართველოში ჩაატარა, ეს წვრთნები ქართულ ჯარს ერაყსა და ავღანეთში დისლოცირებისთვის ამზადებდა.
მაგრამ ამერიკული შეიარაღების საკითხი ახლა იმისთვის ამოტივტივდა, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობათა მდგომარეობა ზუსტად განისაზღვროს. საქმე ისაა რომ საქართველო და მისი მოკავშირეები ვაშინგტონში ამტკიცებენ, რომ თუ აშშ საქართველოს შეიარაღებას არ მიაწვდის შეიარაღებას, ეს წარმოსახვითი „გადატვირთვის“ გამო რუსეთისადმი მონური მორჩილების ტოლფასი იქნება. ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი შეიარაღებით საქართველოს უზრუნველყოფის მთავარი ადვოკატია. მარტში მან კონგრესში მოსმენებზე განაცხადა, რომ „იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთს ჯერ კიდევ აქვს ოკუპირებული ტერიტორიები, რომლებიც ნამდვილად ქართულია და კვლავინდებურად ემუქრება საქართველოს, ჩემთვის რთულია იმის გაგება, რომ ჩვენ საქართველოს თავდაცვით იარაღსაც კი არ ვაწვდით. ეს გაუგებარია“.
როგორც იტყობინებოდნენ, საქართველოს ბოლო ელჩი თანამდებობიდან იმის გამო გაათავისუფლეს, რომ მან ვერ შესძლო შეიარაღების მიღება ამერიკიდან. საქართველომ გასულ წელს მარტოოდენ ოთხ ყველაზე წარმატებულ ლობისტურ ფირმას ვაშინგტონში $1.5 მილიონი გადაუხადა, რითაც ბევრად გაუსწრო წინ თავისი კატეგორიის ქვეყნებს. ამ ლობისტურ ძალისხმევაში შედიოდა პრესაში აგრესიული კამპანია, რომელიც ამტკიცებდა რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა დე-ფაქტო ემბარგო დააწესა საქართველოსთვის იარაღის მიწოდებაზე იმ დროს, როდესაც ამგვარი ემბარგოს დამადასტურებელი ფაქტები არ არსებობდა.
ერთი საკვანძო, მაგრამ პასუხგასაცემი კითხვა ასეთია – საქართველო შეიარაღების ყიდვას აპირებს, თუ სურს რომ აშშ-მ შეიარაღება მას დახმარების სახით მისცეს. როდესაც ამ კითხვით საქართველოს ოფიციალურ პირებს მიმართავენ, ისინი პასუხს გაურბიან და ამბობენ, რომ დისკუსია ასე შორს ჯერ არ შესულა, მაგრამ საქართველოსთვის იარაღის შესყიდვაზე ნებართვის მიცემა სხვა საკითხია, ხოლო აშშ-ს გადასახადის გადამხდელთა მიერ მათი შეიარაღების დაფინანსება სხვა, თუმცა ციფრები იმის ვარაუდს აჩენს, რომ საქართველო ვერასდროს შესძლებს დამოუკიდებლად შეიძინოს ამერიკული აღჭურვილობა.
საქართველო ღარიბია, ხოლო ამერიკული იარაღი ძვირი. საქართველოს სამხედრო ბიუჯეტი 2011 წლისთვის დაახლოებით $370 მილიონია, შესყიდვებისთვის მისი ერთი მესამედის $123 მილიონის გამოყენებაა შესაძლებელი. იმისთვის რომ ერთი შედარება მაინც მოვახდინოთ, გაერთიანებულმა არაბულმა საემიროებმა ახლახანს აშშ-ს საჰაერო-თავდაცვითი შეიარაღების შესაძენად $7 მილიარდი დახარჯეს. მხოლოდ ერთი ანტი-საზენიტო სარაკეტო სისტემა „პატრიოტი“, დაახლოებით $6 მილიონი ღირს, რაც იმას ნიშნავს რომ საქართველოს მთელი თავისი წლიური ბიუჯეტით მხოლოდ 20 სარაკეტო სისტემის ყიდვა შეეძლება, აღარაფერს ვამბობთ სატყორცნ დანადგარებზე, რადარებზე და სხვა საკვანძო კომპონენტებზე.
თუ საქართველოს მართლა სურს საკუთარი ფულით იარაღის შეძენა, მაშინ უკეთესი იქნება, თუ ის შეიარაღების უფრო იაფ წყაროს მიაგნებს. რუსეთმა საქართველოს ბევრი ყოფილი მომმარაგებელი, განსაკუთრებით აღმოსავლეთ-ევროპასა და ისრაელში შეაშინა და მათ საქართველოსთან თანამშრომლობის დამთავრება მოსთხოვა, მაგრამ სხვა მწარმოებლები, ისეთები როგორიცაა ჩინეთი, ინდოეთი, ბრაზილია ან თურქეთი ნამდვილად შესძლებენ საქართველოსთან თანამშრომლობას.
მაგრამ არც ისაა გარკვეული, რამდენად არგებს საქართველოს კბილებამდე შეიარაღება. რუსეთის სამხედრო ძალა იმდენად ძლიერია ქართულზე, რომ დამატებითი შეიარაღება საკამათო საკითხია. უფრო უარესიც: მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს არაერთი განცხადების თანახმად, ის მხოლოდ „თავდაცვითი“ შეიარაღების მიღებას ცდილობს, ნებისმიერი თავდაცვითი შეიარაღება აადვილებს აგრესიას იმით, რომ კონტრშეტევის წინააღმდეგ მიმართულ თავდაცვას აუმჯობესებს. საქართველო ბევრს ლაპარაკობს რუსული შეტევის საფრთხეზე, მაგრამ რეალურად ეტყობა იმ რწმენით, რომ რუსეთი არაფერს მოიმოქმედებდა პირველად საქართველომ გაისროლა 2008 წელს, რამაც დააჩქარა კიდეც 2008 წლის ომი რუსეთთან.
ამ წლის დასაწყისში გამოქვეყნებულ სტატიაში, რეგიონის ორი სპეციალისტი გორი ველტი და სამუელ ჩარაპი ამტკიცებდნენ, რომ საქართველოს შეიარაღებით მომარაგება მარადიული კონფლიქტის მენტალიტეტს სამუდამოდ შეინარჩუნებდა, „ბერლინის კედლის მენტალიტეტს“ და გზას გადაუღობავდა იმ ნაბიჯებს, რომლებიც საქართველოს მართლა სჭირდება, თავის დაკარგულ ტერიტორიებთან აფხაზეთთან და სამხრეთ-ოსეთთან მიმართებაში. ველტი და ჩარაპი წერდნენ, რომ ეს არის ნელი, მტკივნეული პროცესი, რომელიც შედეგად „კონფლიქტის ტრანსფორმაციას შედეგად, ჩააცხრობს დაძაბულობას, კონფლიქტის ხაზებზე მცხოვრებ ადამიანებს ერთმანეთთან დაახლოვებს, შექმნის ნდობას, სავაჭრო კავშირებს და ხელისუფლებებს შორის დაარეგულირებს ურთიერთობას“.
მაგრამ სინატიფეს სააკაშვილის ძლიერ მხარედ ვერ დავასახელებთ. ამერიკული შეიარაღება ადგილზე ვერაფერს ვერ შეცვლის, მაგრამ გახდება ხელშესახები ნიშანი დასავლური მხარდაჭერისა, რაც სააკაშვილს აშკარად დაჟინებით სურს. გასული რამდენიმე წლის განმავლობაში, საქართველომ შეერთებული შტატების სხვა მოკავშირეებთან შედარებით, შესაძლოა ყველაზე მეტი გააკეთა და ყველაზე ნაკლები მიიღო ჯილდოდ, თუმცა რაღა თქმა უნდა ეს არ გამოდგება იმის არგუმენტად, რომ საქართველო უფასო სარაკეტო სისტემებით მოვამარაგოთ. ეს უბრალოდ სიტუაციას კიდევ უფრო ტრაგიკულს ხდის.
http://foreignpress.ge/?p=17287#more-17287