http://www.presa.ge/new/?m=military&AID=5378ქართული ჯავშანმანქანა „დიდგორი“
ნინო მამუკაძე
ჟურნალისტი არსენალს კითხულობს = ვინმემ დააკვალიანა

რამდენიმე დღის წინ, 26 მაისის აღლუმის რეპეტიციაზე, პირველად გამოჩნდა ქართული, საქართველოში დაპროექტებული და აწყობილი ჯავშანმანქანა „დიდგორი“. ეს უახლესი ტექნოლოგიის მქონე საბრძოლო მანქანა თბილისის სატანკო ქარხანაში აიწყო და მას სადაზვერვო კონვეირებისა და სპეცოპერაციებისთვის გამოიყენებენ.
შექმნილია 2 დანიშნულების, სადაზვერვო და სატრანსპორტო „დიდგორი“. ერთს შვიდი ადამიანის ტრანსპორტირება შუძლია, ხოლო მეორეს - ცხრა. ჯავშანმანქანა აღჭურვილია თანამედროვე კამერებით, ღამის ხედვის და სითბური ხელსაწყოებით. მაღალი დონის მანევრულობა და მობილურობა, ეს კიდევ ერთი პლუსია რაც ქართულ საბრძოლო მანქანას გააჩნია. „დიდგორზე“ ორი სახის ტყვიამფრქვევის დამონტაჟება ხდება.
ერთი მინიგანის ტიპის ექვსლულიანი სწრაფმსროლელი ტყვიამფრქვევია, მეორე - 12.7 კალიბრის. საბრძოლო მანქანა 6 კილოგრამი ტროტილის აფეთქების ტალღას უძლებს. ამ პროექტში მსოფლიოში ცნობილი დიზაინერის, ზვიად ციკოლიას დანახვამ საბოლოოდ დაგვარწმუნა, რომ საქმე მაღალი დონის პროექტთან გვქონდა. XXI საუკუნის დიზაინერად წოდებული ქართველი დიზაინერი, სიხარულს ვერ მალავს, რომ პირველ ქართულ ჯავშანმანქანაზე მუშაობა სწორედ მას მოუწია.
– XXI საუკუნის დიზაინერის სტატუსი, ძალიან დიდი კომპლიმენტია ჩემთვის, რადგან სახალხო წოდებაზე უფრო დიდი წოდება არ არსებობს. 21 წელია ამ სფეროში ვარ და ეს, კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ამ ხნის შრომა და ჯაფა, წყალში არ არის ჩაყრილი. ცოტა რთულია საუკეთესოობა დაიბრალო ამ სფეროში, რადგან ძალიან ბევრი ნიჭიერი დიზაინერია როგორც მსოფლიო მაშტაბით, ასევე საქართველოში. ეტყობა, განსაკუთრებული დაინახეს ჩემს ნამუშევრებში და ამიტომ მივიღე ეს სტატუსი.
– ზვიად, აქამდე თქვენს შემოქმედებაში ნომერ პირველ პროექტად, „ბუგატის“ ექსკლუზიურ მოდელს ასახელებდით ხოლმე, ახლა ალბათ „ბუგატი“ მეორე ადგილზე გადაინაცვლებს.
– ბუგატის პროექტი, რომელიც 1997 წელს განვახორციელე და რომელიც ფრანკფურტში გამოვფინე, იყო პირaდად ჩემი შემოქმედება, სრულად, თავიდან ბოლომდე, არავინ ჩარეულა. შემკვეთიც და შემსრულებელიც მე ვიყავი. მასშტაბურ პროექტს ვგულისხმობ, თორემ მანამდე, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი პროექტი მქონდა გაკეთებული მოდელების სახით. ჩემი ნამუშევრები წარდგენილი იყო სხვადასხვა გამოფენებზე, ვარ არაერთი ჯილდოს მფლობელი. ანუ, გარკვეული ეტაპები გავლილი მქონდა. მაგრამ ამ ბოლო, ქართულმა პროექტმა, ბევრად უფრო დიდი სიხარული და სიამაყის გრძნობა მომიტანა. ქართული საბრძოლო ჯავშანმანქანა „დიდგორი“ ყველაზე საყვარელი პროექტი გახდა ჩემთვის. ყველაზე გემრიელი სამუშაო იყო.
– ვისი ინიციატივით მოხდა ამ პროექტში თქვენი ჩართვა?
– სახელმწიფოს ინიციტივით. უშუალოდ მთავრობიდან და თავდაცვის სამინისტროდან დამიკავშირდნენ და მთხოვეს, რომ ამ პროექტში მიმეღო მონაწილეობა. მუშაობა, რამდენიმე თვის წინ დავიწყეთ. საბოლოო შედეგს დრო გვიჩვენებს, სამუშაო დასრულებული არ არის, ჯერ კიდევ გრძელდება. უშუალოდ მინისტრისგან ძალიან დიდი მოწონება დიმსახურა, ბევრი კომპლიმენტი მივიღე მისგან, მადლობელი ვარ, რადგან კაი მთქმელს კარგი გამგონი უნდაო ნათქვამია. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც მონაწილეობდა ამ პროექტში და უშუალოდ ხელმძღვანელობას, რომ შესაბამისად შეაფასეს ჩვენი ნამუშევარი.
– სახელი ვინ შეურჩია და რატომ „დიდგორი“?
– სახელი ვისი შერჩეულია არ ვიცი, რადგან პროექტი როცა ვნახე, იქ უკვე აღნიშნული იყო სახელწოდება. მოგვიწია ამ სახელზე შემდგომ ნიშნის გაკეთება და მანქანაზე დატანა. „დიდგორი“ ალბათ იმიტომ, რომ ეს სახელი ყველა ქართველისთვის საამაყო ისტორიული ფაქტთან და გამარჯვებასთან ასოცირდება.
– რა არის „დიდგორის“ თვითღირებულება და თუ შესაძლებელია, მისი ტექნიკურ–ტაქტიკური მახასიათებლები რომ გაგვაცნოთ.
– სამწუხაროდ, ასეთი ინფოrმაციის გაცემის უფლება არ მაქვს, ეს თავდაცვის სამინისტროს პრეროგატივაა.
– მხოლოდ დიზაინი გეხებოდათ თუ კონსტრუქტორის მოვალეობებიც შეითავსეთ?
– დიზაინერს მხოლოდ ვიზუალური მხარე არ ეხება, ეს არის კომპლექსური სამუშაო, როგორც შიგნიდან ასევე გარედან. გარდა ამისა, აქ ჩართულია ინჟინერია, ტექნოლოგია და ასე შემდეგ. უამრავი საკითხი და ნიუანსია და ბარიერების გადალახვა მხოლოდ გუნდური მუშაობით მიიღწევა.
– როგორც ვიცი, „დიდგორი“ ორი მოდიფიკაციის გამოვიდა, სადაზვერვო და სატრანსპორტო, რა ძირითადი განსხვავებაა მათ შორის წმინდა ტექნიკური კუთხით?
– მე მხოლოდ ერთ მოდიფიკაციაზე ვიმუშავე, უფრო მოკლე ვარიანტზე, რომელიც სატრანსპორტო დანიშნულებისაა. განსხვავება საკმაოდ დიდია, როგორც ტაქტიკურ მახასიათებლებში, ასევე გამოყენების მხრივაც. მანქანა აწყობილია „ფორდის“ პიკაპის ბაზაზე. სხვა დანარჩენზე, თავდაცვის სამინისტროს გარეშე კომენტარის მოცემა არ შემიძლია.
– ფოტოებზე არ ჩანს, თუ აქვს „დიდგორს“ V-სებური ფსკერი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია საბრძოლო დანიშნულების მანქანებისათვის, დანაღმულ ტერიტორიაზე მოძრაობისას.
– ეს საკითხი გათვალისწინებულია. გეთანხმებით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს დეტალი, რადგან მანქანა ნაღმზე გავლისას, ამ ტიპის ფსკერის ქონის შემთხვევაში, შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად ირიდებს დაზიანებას. კითხვებზე, რომლებსაც თქვენ მისვამთ და არ მაქვს უფლება გიპასუხოთ, მერწუნეთ რომ 99.9% გათვალისწინებულია და ის დარჩენილი 0.01% გათვალისწინებული იქნება მომავალში.
– გამოჩნდნენ კრიტიკოსებიც...
– დიახ, ტელევიზორშიც ვნახე, გამოდის ზოგიერთი სკეპტიკოსი და ცოტა არ იყოს ნიჰილიზმით საუბრობს. ჯობია, საქმეში ჩაიხედონ და ისე ისაუბრონ, ცოტა უფრო კომპეტენტური კითხვები დასვან. უნდა აღვნიშნო, რომ ამ პროექტზე დიდი გამოცდილების მქონე, ძალიან კომპეტენტური ხალხი მუშაობდა, ნიჭიერები, დიდი ცოდნით და თანამედროვე ტექნიკური აღჭურვულობით. ამიტომ, ძალიან ვთხოვ ყველას, თავის შეიკავონ ზედმეტი კრიტიკისგან. რადგან რა კითხვაც არ უნდა გაუჩნდეს ნებისმიერ მათგანს, სანამ პროექტი დაიწყებოდა, ჩვენ მანამდე გაგვიჩნდა ეს კითხვები და ის ყველაფერი უკვე გათვალისწინებულია პროექტში.
თავი მოვუყარეთ ამ სფეროში მოწინავე ქვეყნების გამოცდილებას, რასაც დავურთეთ ჩვენი სამხედროების ომში და სამშვიდობო ოპერაციებში, ანუ უშუალოდ პრაქტიკაში მიღებული ცოდნა და გამოცდილება, ეს ყველაფერი შევაჯერეთ და მაქსიმალურად გავითვალისწინეთ. ამ მაქანის მახასიათებლები, ზოგადი მონაცემები და შესაძლებლობა, მარტივად რომ ვთქვა, უცხოურ ანალოგებთან შედარებით, გაცილებით უკეთესია. ეს არ არის პატრიოტული მოსაზრებით გამოთქმული სიტყვები. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ქართული „დიდგორი“ წარმატებულ და ამ მხრივ მოწინავე ქვეყნების წარმოებულ ამ ტიპის საბრძოლო მანქანებზე უკეთესია.