რაზე აწერინებენ ხელს რეზერვისტებს
სამხედრო რეზერვის თემა, ალბათ, იმდენად საინტერესოა, რამდენადაც ის ჩვენს მოქალაქეთა დიდ ნაწილს ეხება. აგვისტოს ომის შემდგომ შეჩერებული სარეზერვო სამსახური 2010 წლის ოქტომბერში ისე აღდგა, რომ მოსახლეობას თითქმის არ გააჩნდა ინფორმაცია ამის შესახებ. გასაწვევი კონტინგენტის შერჩევისას აქცენტი კეთდება სამხედრო სავალდებულო სამსახურგავლილ მოქალაქეებზე, 2010 წლიდან რეზერვში გაწვევა სავალდებულო გახდა. როგორც ამბობენ, შეიცვალა მომზადების პროგრამაც, მიუხედავად იმისა, რომ არც პროგრამა, რომელიც არსებული კანონით სამხედრო-სარეზერვო სამსახურის შესახებ საჯარო უნდა იყოს, და არც რეზერვის კონცეფცია გაწერილი დღემდე არავის უნახავს. არაფერს ვამბობთ კანონში ცვლილებების შეტანაზე, რომელსაც რატომღაც აღარ დაადგა საშველი. დრო კი გადის და ის ხარვეზები, რაც ამ სისტემას თან სდევს, მხოლოდ რეზერვისტთა პირადი საუბრების თემაა. რადგანაც ამ თემაზე საჯარო განხილვები თითქმის არ ხდება, ხოლო რეაგირების მექანიზმებზეც ჩვენს მოქალაქეებს არ გააჩნიათ ინფორმაცია.
რეზერვისტებს შეკრების ადგილზე ხელწერილზე აწერინებენ ხელს, რითაც განსაზღვრულ ვალდებულებებს აღებინებენ თავდაცვის სამინისტროს წინაშე. ვინაიდან სამართლებრივად ხელწერილი დილეტანტურად არის შედგენილი, ვფიქრობ, მისი მიზანი რეზერვისტების ფსიქოლოგიური დაშინება უნდა იყოს, რათა იმაზე მეტად მორჩილნი გახდნენ, ვიდრე კანონი მათგან მოითხოვს, თუმცა არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ უწყების ზედა ეშელონებში არ იყვნენ მთლად ინფორმირებულნი ხელწერილის იურიდიული მხარის სისუსტეებზე და ხელწერილის ტექსტი რომელიმე დაბალი რანგის სამხედრო პირის ინიციატივა იყო.
ხელწერილი ავალდებულებს რეზერვისტს შეტყობინების შემთხვევაში დაუყოვნებლივ გამოცხადდეს შეკრების ადგილზე, დაიცვას საქართველოს კონსტიტუციის, კანონმდებლობისა და სამხედრო წესდების მოთხოვნები, რასაც კანონი სამხედრო-სარეზერვო სამსახურის შესახებ ისედაც ავალდებულებს მათ. ამავე ხელწერილის თანახმად, რეზერვისტები ვალდებული არიან წერილობით აცნობონ სამხედრო ქვედანაყოფის ხელმძღვანელობას საცხოვრებელი ადგილის (რეგისტრირებული ან/და ფაქტობრივი), ოჯახური მდგომარეობის (ქორწინება, განქორწინება, შვილის დაბადება და სხვ.) (გაუგებარია, "სხვაში" რა იგულისხმება. - სტატიის ავტ.) წინასწარი დადგენილი საკონტაქტო მონაცემების ცვლილება (პირადი მობილური ან/და სახლის ტელეფონი და სხვა), სამსახურებრივ-თანამდებობრივი მდგომარეობის (სამსახურის დაწყება ან/და განთავისუფლება), საქართველოს საზღვრის გადაკვეთის და გადმოკვეთის შემთხვევების შესახებ. რაც მთავარია, ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ხელწერილის თანახმად, რეზერვისტი პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
ხელწერილში არ არის მითითებული არც შესაბამისი სამხედრო ქვედანაყოფის წარმომადგენლის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, სადაც რეზერვისტს შეეძლება ხელწერილით გათვალისწინებული პირადი მონაცემების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, არც საფოსტო მისამართი და არც ის ვადები, რა ვადაშიც ამ ცვლილებების შესახებ უნდა მოხდეს თავდაცვის უწყების ინფორმირება რეზერვისტის მიერ. რეზერვისტს ხელწერილის მეორე ეგზემპლარი რატომღაც არ გადაეცემა.
ერთი შეხედვით ინფორმაციის ქონა აუცილებელია თავდაცვის უწყებისთვის, რადგან საგანგებო თუ საომარი მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში რეზერვისტის გამოძახება მოქმედი საკონტაქტო ტელეფონის მეშვეობით ხდება. მეტ-ნაკლებად გასაგებია სამსახურის ცვლილების ინფორმაციის მიწოდების მოტივაციაც, რადგან კანონი სამხედრო-სარეზერვო სამსახურის შესახებ ითვალისწინებს ზოგიერთ თანამდებობაზე სარეზერვო სამსახურიდან გათავისუფლებას, თუმცა გაუგებარია ისეთი მოთხოვნების წაყენება მათთვის, რაც მათი პრივატული ცხოვრების თითოეული დეტალის მიწოდებას ითვალისწინებს. მაგალითად, ქორწინება, განქორწინება, შვილის დაბადება და სხვ.
საკმაოდ ბუნდოვანია ისიც, თუ რა იგულისხმება ოჯახური მდგომარეობის ჩანაწერისას "და სხვაში" და ერთგვარად სახალისო ასოციაციასაც იწვევს, თუმცა თუ ხელწერილს არა მორალური, არამედ სამართლებრივი კონტექსტით შევხედავთ, ვალდებულება პირადი მონაცემების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაზე კანონიერ ჭრილში არ ჯდება. არ არსებობს კანონი, რომელიც ამ ნორმების დარღვევის შემთხვევაში პასუხისმგებლობას დააკისრებს რეზერვისტს.
ამასთან, მაშინ, როდესაც მოსახლეობის მონაცემთა ერთიანი ბაზა შექმნილია ქვეყანაში და იუსტიციის სახლიც კი გაიხსნა, რა საჭიროა რეზერვისტის დავალდებულება ამ მონაცემების გადაგზავნის შესახებ, როცა ამ სამსახურს კანონითაც კი ევალება საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში შესაბამისი ინფორმაციის თავდაცვის უწყებისთვის მიწოდება (იხილეთ საქართველოს კანონი "სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ", რომლის შესაბამისად, ვალდებულება ეკისრება არა რეზერვისტს, არამედ იუსტიციის სამინისტროს სსიპ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს, რომლებიც ვალდებულნი არიან რეზერვისტის მიერ საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შესახებ მონაცემები გადაუგზავნონ ადგილობრივი თვითმმრთველობის ორგანოს შესაბამის სამსახურებს).
იგივე შეიძლება ითქვას ქორწინება/განქორწინებასა და შვილის დაბადების მონაცემების მიწოდებაზეც. რაც შეეხება რეზერვისტის მიერ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა/გადმოკვეთის შესახებ სამხედრო ქვედანაყოფის ხელმძღვანლის ინფორმირებას, შეგახსენებთ, რომ ეს ინფორმაცია უნდა ჰქონდეს საზღვრის დაცვის შესაბამის სამსახურებს და შესაბამისი ინსტრუქციის შემთხვევაში არც ამ ინფორმაციის მიწოდება იქნებოდა თავდაცვის სამინისტროსთვის დაუძლეველი პრობლემა.
ამით კი მოქალაქე რეზერვისტებს თავიდან ავაცილებდით უპირველეს ყოვლისა იმ დიდ დისკომფორტს, რასაც მათი თითოეული ნაბიჯის შესახებ თავდაცვის სამინისტროსთვის ინფორმაციის მიწოდება ჰქვია და აღარ დავაკისრებდით ზედმეტ სამართლებრივ პასუხისმგებლობას.
იბეჭდება შემოკლებით.
თეონა აქუბარდია
თავდაცვისა და უსაფრთხოების
სამოქალაქო საბჭოს წევრი
ჟურნალი არსენალი #15
წყარო/Source:
http://www.ambebi.ge/samkhedro/39141-raze-...l#ixzz1Sp9TqJcy