უფრო შესაფერისი თემა ვერ ვნახე და აქ დავფოსტავ. მე მგონი, საინტერესოა. თუ უფრო შესაფერისი თემა არსებობს და იქ გადაიტანეთ.
ვესტ პოინტის პირველი ქართველი მეორე ლეიტენანტი
http://24saati.ge/index.php/category/news/...6-05/17418.htmlამერიკის უძველესი სამხედრო აკადემიის, ვესტ პოინტის (დასავლეთის საზღვარი) უზარმაზარ კამპუსში, 2011 წლის 21 მაისს გამოსაშვები ცერემონიალი ჩვეული ზარ-ზეიმით ჩატარდა:
სამხედრო აღლუმით, საზეიმო მესით, ქვეყნის პირველი ლედის, მიშელ ობამას მისალოცი სიტყვით, ცაში ასროლილი ქუდებითა და საზეიმო ბანკეტით. უჩვეულო მხოლოდ ის იყო, რომ ათასობით კადეტს შორის, რომლებსაც ბაკალავრის დიპლომი გადაეცათ და მეორე ლეიტენანტის წოდება მიენიჭათ, თორნიკე თოდრიაც იყო. პირველი ქართველი, რომელმაც ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სამხედრო აკადემია წარმატებით დაამთავრა.
ნიუ იორკ სითის ჩრდილოეთით მდებარე აკადემიისა და მისი მსოფლიოში ყველაზე დიდი კამპუსის ისტორიას, ამერიკის შეერთებული შტატების, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს ფორმირების მრავალი ისტორია უკავშირდება.

აკადემიის პრესტიჟულობა, ისტორიული შენობების სიმრავლე და სიძველე ერთნაირი ძალით იზიდავს სამხედრო კარიერის მოსურნე ახალგაზრდებსა და ტურისტებს. შავი გრანიტით, ნეოგოთიკურ სტილში აშენებულ სახლებს, უძველეს სამხედრო მუზეუმსა და ჯორჯ ვაშინგტონის ბრძანებით, პოლონელი ოფიცრის, ტადეუშ კოსტიუშკოს მიერ მდინარე გუძონის დასავლეთ სანაპიროზე აგებულ უდიდეს საფორტიფიკაციო ნაგებობას (რომელზეც დღეს აკადემიის კამპუსი მდებარეობს) მნახველები არასდროს აკლია. ფორტმა, რომელიც 1778 წელს ბრიტანეთის არმიის სამხედრო ხომალდების შესაჩერებლად აიგო, გადამწყვეტი როლი ითამაშა ამერიკის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. მის განმტკიცებასა და უსაფრთხოებას კი, 1802 წლიდან მოყოლებული, აქ გამოწვრთნილი კადეტები ორ საუკუნეზე მეტია წარმატებით უზრუნველყოფენ.
- ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ამერიკელი მაიორი დერენ სმიტი, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ამერიკის სამხედრო ატაშედ მუშაობდა, გივი ზალდასტანიშვილის სახელობის თბილისის ამერიკულ აკადემიაში (რომელშიც ვსწავლობდი), ვესტ პოინტისთვის კანდიდატების ასარჩევად მოვიდა. შეგვარჩია სამი სტუდენტი, მათ შორის, ერთი გოგონა და გვითხრა, თუ სურვილი გვქონდა, გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, ერთ-ერთ ჩვენგანს სასწავლებლად ვესტ პოინტის სამხედრო აკადემიაში მიიღებდნენ. სურვილი მარტო მე და იმ გოგონამ გამოვთქვით. SAT-ის ტესტი (იგივეა, რაც ჩვენთან უნარები) თბილისში დავწერეთ და ვესტპოინტში გავაგზავნეთ. აქვე, საქართველოს სამხედრო აკადემიაში ჩავაბარეთ ფიზიკური მონაცემების შესამოწმებელი ტესტიც, რომელიც თვითონ მაიორმა ჩაგვიტარა. მანვე შეაგროვა ყველა საბუთები, მათ შორის ჩვენი დახასიათებები ყველა მასწავლებლისგან და დირექტორისგან. ინტერვიუ მასთანაც გავიარეთ და თემაც დავწერეთ. ვინაიდან ყოველ წელს მხოლოდ ერთს იღებენ, აკადემიაში მე ჩამრიცხეს. ჩემს მერე მიღებულ ბიჭს კი უკვე 14 კონკურენტი ჰყავდა. ასე გავხდი პირველი ქართველი, რომელიც ვესტპოინტში მოხვდა.
- ფიზიკურ მომზადებაში რა ჩააბარე?- ამერიკელმა მაიორმა მოგვცა ბუკლეტი, რა ფიზიკური გამოცდა გვქონდა ჩასაბარებელი და იმის შესაბამისად დავიწყე მზადება გამოცდისთვის. სირბილი იყო, აზიდვები და კიდევ რაღაცეები, უკვე ზუსტად აღარც მახსოვს... ეხლა უკვე სულ სხვა გამოცდებია.
- როგორი დღის რეჟიმია ვესტ პოინტში?- დილის 6 საათზე ადგომა, საუზმე და უკვე 6:30-ზე სწავლა იწყება.
- დილით არ ვარჯიშობთ?- სწავლის პერიოდში არა. ოთხ საათამდე გაკვეთილებია. რა თქმა უნდა, არა გადაბმულად, შუალედებით. ეს რეჟიმი ყველას ინდივიდუალური აქვს. მერე ორი საათი სპორტი. ვინც მანამდე რაიმე სპორტს მისდევდა, ამ სპორტს აკადემიის შესაბამის გუნდში აგრძელებს, სხვები კი, ინტერესებიდან გამომდინარე, რაიმე სახეობას ირჩევენ. მე ფეხბურთი ავირჩიე, უფრო გამომდის და მიყვარს. აკადემიაში არის სპეციალური ფიზიკური კლასები, ყოველ წელს ორი კლასი. ერთ-ერთს ჰქვია "სერვაივალს". ფორმითა და მთელი ამუნიციით უნდა იცურო, რომ ანალოგიურ სიტუაციაში თავის გადარჩენა შეგეძლოს. ამ დროს ძალით ცდილობენ, ჩაგძირონ, გაგირთულონ ამოცანა, რომ ყველა ანალოგიური ექსტრემალური სიტუაციისთვის მზად იყო. გასწავლიან, როგორ უნდა ივარჯიშო სწორად და იკვებო.
- წვრთნები?- წვრთნები ძირითადად ზაფხულობით არის, ორი თვის მანძილზე. სწავლის პერიოდში კი მხოლოდ შაბათ-კვირას, მაგრამ ყოველთვის არა. ასე რომ, დასვენება მხოლოდ ერთი თვეა, მაქსიმუმ თვენახევრი.
- ყველა წვრთნა კამპუსის ტერიტორიაზეა?- წვრთნებს გააჩნია. ძირითადად კი. აკადემიას ძალიან დიდი ტერიტორია აქვს.
- ყველას ერთნაირი წვრთნა უტარდება თუ იმის მიხედვით, რა ტიპის სამხედრო სამსახურს ირჩევ?- არის ყველასთვის სავალდებულო წვრთნები, რომელიც ძირითადად ვესტპოინტის ბაზაზევე მიმდინარეობს. თავიდან რომ ჩავედი, მქონდა 6 კვირიანი წვრთნა. სანამ ამ წვრთნას არ გაივლი, მიღებული არ ხარ და კადეტად ჯერ არ ითვლები. თუ ეს წვრთნა ვერ გაიარე, აკადემიაში არ მიგიღებენ. არის ასეთი ტერმინი ჯარში - "ბეისიქ თრეინინგ", რაც გულისხმობს მოქალაქიდან ჯარისკაცად გადაქცევას. პირველ კვირას გასწავლიან სამხედრო ქცევის წესებს, მარშირებას, დისციპლინას, ფორმა როგორ უნდა ჩაიცვა. მეორე-მესამე კვირას უკვე გადადიან სროლის სწავლებაზე და ფიზიკურ მომზადებაზე.
- ძნელი იყო მოქალაქიდან ჯარისკაცად გადაქცევა?- ყველაზე მეტად პირველი კვირა გამიჭირდა. არათუ ჯარში, ამერიკაშიც პირველად ვიყავი, სრულიად უცნობ, უცხო ქვეყანაში და ეგრევე წვრთნებზე მოვხვდი... მერე უკვე ეჩვევი. თუმცა, სიმართლე გითხრათ, უფრო ძნელი მეგონა, ვიდრე დამხვდა. ვიცოდი, რომ ხალხი ამ წვრთნას ვერ უძლებდა. ყველაზე ძნელი პირველი დღე აღმოჩნდა. იმ დღესვე ჩემი კურსიდან 20 კაცი წავიდა.
- ფიზიკურად ვერ გაუძლეს?- ამ დღეს წვრთნა არ იყო, მზეში დაგვაყენეს მთელი დღე, სერჟანტები გვიყვიროდნენ და რა ვიცი... ფსიქოლოგიურად უნდა გაგეძლო, ფიზიკურადაც.
- შენ რამ გაგაძლებინა?- პირველი ქართველი ვიყავი და ამის გამო ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვგრნობდი. ვფიქრობდი, თუ ვერ გავძელი და წამოვედი, ქართველებს აღარ მიიღებენ-მეთქი. ცუდი შთაბეჭდილება შეექმნებოდათ ჩვენზე.
- შენ იყავი საქართველო, არა?- კი, ნამდვილად ასე ვფიქრობდი. თან იქ მკლავზე ყველას თავისი დროშა აქვს დაკერებული, ასე რომ, ყველამ იცის, საიდან ხარ. თან, ჩემს ასეულში მარტო მე ვიყავი უცხოელი. ათას კაცში სულ ათი უცხოელია, ამიტომ ყველამ იცის, ყველა ხედავს განსხვავებული დროშა რომ გაქვს.
- იმ დანარჩენ ათასს როგორ შეეწყვე?- ძნელად, მაგრამ რამდენიმესთან ძალიან დავახლოვდი.
- გამოდის, მართლა ისეთი წვრთნაა, ამერიკულ კინოებში რომ აჩვენებენ...- კი. ვესტპოინტს ასეთი სისტემა აქვს, რამდენიმე ოფიცერი კი ჰყავთ, მაგრამ ძირითადად ყველა წვრთნას კადეტები ატარებენ. მე წვრთნა მე-3-ე, მე-4-ე კურსელმა კადეტებმა ჩამიტარეს.
- შენ თუ ჩაგიტარებია წვრთნა?- ისეთი არა, მე რომ თავიდან ჩამიტარეს, მაგრამ იქ აუცილებელია რაიმე სახის წვრთნა ჩაატარო. ანუ, გასწავლიან "ლიდერშიფს".
- რომელ მხარეს დგომაა უფრო ძნელი?- ორივე მხარეს, მაგრამ როცა წვრთნი, უფრო ძნელია, რადგან ვისაც წვრთნი, მთლიანად შენზეა მონდობილი და დამოკიდებული. საერთოდ, პირველი ორი წელი, ძირითადად მორჩილებას გასწავლიან. თუ შენ თვითონ არ ისწავლე მორჩილება, სხვას ვერ დაიმორჩილებ. ვესტპოინტში არსებობს ორგვარი ტაქტიკა, თუ როგორი დამოკიდებულება უნდა გაუჩნდეს შენს მიმართ კადეტს: ნდობისა და პატივისცემის, ან შიშის. პირველის მოპოვება უფრო ძნელია, მაგრამ ჩემთვის უფრო მისაღებია, თან უფრო პრიორიტეტულადაც ითვლება. მე უფრო მომწონდა, როცა იმის მიმართ, ვინც გვწვრთნიდა, პატივისცემის გრძნობა მიჩნდებოდა. მას მეტად ვენდობოდი, უფრო მჯეროდა, ვიდრე იმას, ვინც შიშის დათესვით ცდილობდა თავის დამკვიდრებას. ამას სპეციალურად გაკეთებინებენ. ჯერ ქვეშევრდომი ხარ და მერე ლიდერი. თუ არ იცი, რა არის ქვეშევრდომობა, კარგი ლიდერი ვერ იქნები. მივხვდი, რომ ლიდერობა უფრო ძნელია, მეტი პასუხისმგებლობაა. გადაწყვეტილებას შენ იღებ და ერთი შეცდომაც კი მაშინვე ჩანს. მთავარი ის კი არაა, შეცდომა არ დაუშვა, მთავარია, მერე როგორ იქცევი, როგორ ასწორებ მას. მე თვითონ ყოველთვის ზუსტად ვგრძნობდი ყველა ამ ნიუანსს, ასევე გრძნობს სხვაც...
- მორჩილება ის თვისებაა, რასთან შეგუებაც ქართველებს ყველაზე მეტად უჭირთ.- კი, ძირითადად, ყველაზე მეტად სწორედ ეს უჭირთ, მაგრამ რაიმე ისეთი დაუძლეველი და გადაულახავიც არაფერია.
- სწავლა უფრო გაგიჭირდა თუ ფიზიკური მომზადება?- სწავლა. პირველი ორი წელი ზოგადად გასწავლიან ყველაფერს: ფიზიკას, ქიმიას, მათემატიკას, ისტორიას. რა თქმა უნდა, ინგლისურს და სამხედრო საგნებს, პოლიტიკას, ეკონომიკას, მესამე კურსიდან - უცხო ენას. აკადემიაში შვიდი ენა ისწავლება: ჩინური, ფრანგული, არაბული, ესპანური, პორტუგალიური, გერმანული და რუსული. მე რუსული ავირჩიე. სამხედრო ტერმინები შევისწავლე, მათი ჯარის ატრიბუტიკა, აგებულება და ტექნიკა. ენის უკეთ შესასწავლად კადეტებს შესაბამის ქვეყანაშიც კი აგზავნიან ერთი სემესტრით, ან ზაფხულში რამდენიმე თვით. მესამე წლიდან კი უკვე სპეციალობას ირჩევ. მე მენეჯმენტი ავირჩიე.
- რახან კადეტები სპეციფიურ წვრთნებს არ გადიან, გამოდის, აკადემია უნივერსალურ მებრძოლებს ამზადებს.- ასეა. ყველაფერს გასწავლიან, ტანკისტობიდან დაწყებული -დესანტობამდე. ამიტომ, აკადემიას ისე ამთავრებ, რომ რაიმე სამხედრო სპეციალობას არ ირჩევ. ყველა სახის იარაღისა და ტექნიკის მოხმარებას სწავლობ, მაგრამ რაიმე სფეროში ექსპერტი ვერ ხდები. თუმცა, იმის მიხედვით, როგორი ნიშნები გაქვს, განისაზღვრება წვრთნების პრესტიჟულობა. მე საჰაერო დესანტის წვრთნები გავიარე, პარაშუტით ხტომა, რომლის გავლის შემთხვევაში საჰაერო დესანტის კვალიფიკაცია გეძლევა. ხუთი გადმოხტომა მქონდა.
- რა შეგრძნებაა, როცა პირველად ხტები?- ორივე მხარეს კარი იღება, კადეტები მწკრივში დგებიან, ყველას ერთმანეთის მხარზე უდევს ხელი და მიყოლებით ხტებიან. თუ მეორე, მესამე და ა. შ. ხარ, ისე ხტები, ვერც ხედავ სად გადახტი და უკვე ჰაერში ხარ. ყველაფერს, რაც შეიძლება ამ დროს მოგივიდეს და რაც უნდა გააკეთო, გადმოხტომამდე ორი კვირის განმავლობაში გასწავლიან. როცა ჰაერში აღმოჩნდები, უცბად უნდა ყველაფერი გაიაზრო და ისე მოიქცე, როგორც გასწავლეს. ამისთვის 4 წამი გაქვს. პარაშუტი ავტომატურად იხსნება, მაგრამ მნიშვნელოვანია, როგორ გადმოხტი. თუ ცუდი ფორმით გადმოხტი, პარაშუტი შეიძლება გაიბლანდოს. თუ ამ დროში ვერ მოასწარი პარაშუტის გასწორება, შეიძლება დაჯდომისას რამე მოიტეხო, ან უარესი მოგივიდეს. ყველაზე ძნელი პირველი გადმოხტომა იყო, ყველაზე პრობლემური - ბოლო. ღამით გადმოვხტით, პრაქტიკულად ვერაფერს ვხედავდი. პილოტს რაღაც შეეშალა და ხეების თავზე გადმოგვსვა, მაგრამ ეს ჩვენც ვერ დავინახეთ. ადგილი, სადაც უნდა დავმსხდარიყავით უფრო ღია ფერის იყო, ხეები კი, რომლის თავზეც აღმოვჩნდით - მუქი. ამით მივხვდი, რომ არასწორად გადმოგვსხეს. პარაშუტს მანევრირების საშუალება აქვს და შევეცადე, გეზი ღია ადგილისკენ ამეღო. მაგრამ მანევრირებაც საშიშია, რადგან 64 გადმოვხტით ერთად, ერთმანეთის მიყოლებით და ამ დროს შეიძლება ვინმეს დაეჯახო. სწორედ ასე მოხდა ჩემს შემთხვევაში. ასეთ დროს პარაშუტები შეიძლება ერთმანეთში გადაიგრიხოს და დაიფუშოს, მაშინ ჩაჭიდება უნდა მოახერხო, რომ ორივე ერთით დაეშვათ. საბედნიეროდ, ჩემი შეჯახებისას პარაშუტები არ გადაიხლართა, მაგრამ დრო აღარ დამრჩა, რომ სამხედრო ზურგჩანთა დამეშვა (დაჯდომის წესი ასე მოითხოვს) და ცოტა ხისტად დავჯექი, მაგრამ არაფერი არ მოვიტეხე. თუმცა, რომც მომეტეხა, რადგან ხუთი გადმოხტომა მქონდა, დესანტის წოდებას მაინც მომცემდნენ.
- რეალურ ბრძოლასთან მიმსგავსებული წვრთნებიც გქონდათ?- წინა ზაფხულს სწორედ ასეთი სამკვირიანი წვრთნა გავიარეთ ვესტ პოინტის ბაზაზე. ეს ახლად შემუშავებული წვრთნა იყო. დაქირავებული ჰყავდათ ადამიანები, არაბები, რომლებმაც ინგლისური არ იცოდნენ და მათთან უნდა მოგეხერხებინა კომუნიკაცია. გაკეთებული იყო რეალური ერაყული სოფლები. ტყეში მიდიოდი და ასეთი სოფელი გხვდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ოცეულს ჰყავდა თარჯიმანი, ადვილი არ იყო კონტაქტისა და ნორმალური ურთიერთობის დამყარება. ისინი ხშირად აყენებდნენ გარკვეულ მოთხოვნებს. მაგალითად, ერთ-ერთ სოფელში გვითხრეს, რომ ჩვენმა საბრძოლო მანქანამ მათი გალავანი დააზიანა და მოგვთხოვეს აღგვედგინა. თან ისიც უნდა გაგვეთვალისწინებინა, რომ ამ დროს ალყაში არ მოვხვედრილიყავით.
- აუშენეთ გალავანი?- ვერა, რადგან ამ დროს თავს დაგვესხნენ ტეროროსტები და ამოგვხოცეს.
- რახან "ამოგხოცეს", წვრთნა წარუმატებლად ჩაითვალა?- არა, რადგან ამ წვრთნების მიზანი იყო, ყველანაირ შესაძლო რთულ სიტუაციაში ჩავეყენებინეთ. თუ ამოცანა ადვილად შესასრულებელია, ესე იგი, ოპერაცია ცუდად იყო დაგეგმილი. უნდა გაგვჭირვებოდა, რომ რეალურად გამოგვეცადა ასეთი დავალების შესრულების მთელი სირთულე და შესაბამისი ჩვევები გამოგვემუშავებინა. ამიტომ, თუ რაიმე წინააღმდეგობას დავძლევდით, იქვე ახალს გვიქმნიდნენ... როცა ტყეში ვიყავით, ღამეს იქვე ვათევდით და ისიც უნდა გაგვეთვალა, რომ ყველას არ დასძინებოდა. 50 პროცენტს ეძინა, 50 პროცენტი ყარაულობდა და ყოველ 2 საათში ვიცვლებოდით. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სროლას. ძალიან კარგად უნდა იცოდე.
- გართობისა და დასვენებისთვის თუ გქონდათ დრო?- საამისოდ არც დრო იყო და არც საშუალება. პირველ კურსზე მხოლოდ ორჯერ გვქონდა შაბათ-კვირას სხვაგან დარჩენით გასვლის საშუალება. რამდენიმე საათით გასვლა კი შეგვეძლო, მაგრამ რამდენ კილომეტრზე, ესეც განსაზღვრული იყო და აუცილებლად ღამის პირველ საათამდე უნდა მოგესწრო მოსვლა. შემდეგ კურსებზე გასვლის რაოდენობა იზრდება. ბოლო კურსზე კი უკვე შეუზღუდავია.
- ვესტპოინტის კურსდამთავრებულებს შორის ბევრი სამოქალაქო კარიერას გაჰყვა, შენ რას აპირებ?- მიუხედავად იმისა, რომ ბაკალავრის დიპლომს იღებ, ვესტპოინტში ასეთი წესია, რომ 5 წელი აუცილებლად სამხედრო სამსახურში უნდა იმსახურო. მერე, სურვილისამებრ, შეგიძლია სპეციალობით გააგრძელო საქმიანობა. მე საქართველოში ვბრუნდები, მაგრამ აქ როგორ აეწყობა ჩემი საქმეები, არ ვიცი. აკადემიას მეორე ლეიტენანტის ჩინით ამთავრებ. ამერიკაში მათ აბარებენ ოცეულს. მერე წოდებას რომ იმატებენ სხვა, უფრო მაღალი რანგის სამსახურში არიან. ძალიან ბევრი პენტაგონში მსახურობს. ეს მაშინ, თუ სამხედრო კარიერას აგრძელებ, თორემ, ბევრი კურსდამთავრებული პოლიტიკაშიც მიდის და სენატორებიც ხდებიან. როცა ვესტპოინტში მივდიოდი, გადაწყვეტილი მქონდა, სამხედრო კარიერა გამეკეთებინა, მაგრამ ახლა არ ვიცი რამდენად გამომივა ეს, რადგან თავდაცვის სამინისტროს მიერ ჩემთან კონტრაქტის გაფორმება დღემდე ვერ მოხერხდა. ეს კონტრაქტი თავიდანვე უნდა გაფორმებულიყო, რომლითაც ჩემთვის ამ ოთხი წლის მანძილზე სტიპენდიის გადახდა, მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება და კიდევ სხვა სახის ხელშეწყობა უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული, მაგრამ ასე არ მოხდა. ჩემს მერე მიღებული ქართველებისთვისაც ვერ მოხერხდა სრულფასოვანი, ვესტპოინტის სტანდარტებისა და რეკომენდაციის შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმება. სტიპენდიას აძლევენ, მაგრამ რამდენადაც მე ვიცი, მგზავრობის საფასურს არ უხდიან. სხვა ქვეყნები თავად არიან დაინტერესებული, რომ თავის მოქალაქეებს საუკეთესო პირობები შეუქმნან. მაგალითად, ლიბანელ კადეტს თვეში 3 000 დოლარს უხდიდნენ სტიპენდიის სახით და თუ რამე დასჭირდებოდა, საელჩო ყველაფრით უზრუნველყოფდა. ამას გარდა, სამშობლოში რომ დაბრუნდება, უკვე იცის, თუ რა პოზიციაზე იმსახურებს. იმ კონტრაქტით, რაც ჩემს მერე მიღებულ ქართველ კადეტებს დაუდეს, როცა აქ ჩამოვლენ, კიდევ რაღაც წვრთნები უნდა გაიარონ და მერე მისცემენ ლეიტენანტის წოდებას. თუმცა, სად იმსახურებენ, ეს მათ შემთხვევაშიც გაურკვეველია.
- არ გიცდია ამ ხარვეზის გამოსწორება?- ყოველ ჩამოსვლაზე მივდიოდი სამინისტროში. არ ვიცი რატომ, მაგრამ ვერ მოხერხდა ვერაფერი. საკითხი ისევ ღიად რჩება. იმედია, რაღაც გონივრულ გამოსავალს იპოვნიან.
- ვესტ პოინტში გატარებულმა ოთხმა წელმა ალბათ ბევრი რამ შეგძინა. შეგცვალა კიდეც?- პიროვნულად - არა, მაგრამ ისე ნამდვილად შემცვალა. დისციპლინას მივეჩვიე. იქ ეს საკითხი პირველ ადგილზეა. ოთახშიც კი ყოველთვის ყველაფერი დალაგებული უნდა იყოს. პასუხისმგებლობის გრძნობა გამიმძაფრდა, უფრო დამოუკიდებელი გავხდი. ზემდგომმა ყოველთვის უნდა იცოდეს, სად ხარ და თუ შენ გყავს ვინმე ჩაბარებული, ასევე სულ უნდა იცოდე, სად არის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ზაფხულში ოფიცრები წასულები იყვნენ და მთელ ვესტ პოინტს, ანუ, 4 ათას კაცს, კადეტები ვაკონტროლებდით. ზუსტად უნდა გვცოდნოდა, ვინ სად იყო და როდის.
აკადემიის ბოლო წელი საკმაოდ რთული აღმოჩნდა. წვრთნების და ფიზიკური მომზადების მხრივაც. კონკრეტულად ამ წელზეც და ზოგადად, ვესტ პოინტში სწავლის მთელ პერიოდზე, ერთი რამ შემიძლია ვთქვა: ალბათ ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რამაც გამაძლებინა და გადამატანინა სირთულეები, ერთმანეთის თანადგომა იყო. მხედველობაში მყავს ის სამი ქართველ კადეტი, რომელიც ჩემს შემდეგ მიიღეს აკადემიაში. ამ ოთხი წლიდან გასაძლებად ყველაზე რთული პირველ წელი იყო, იმიტომ რომ მაშინ ვესტ პოინტში ერთადერთი ქართველი ვიყავი. იქ მეგობრის დახმარების გარეშე ვერ გაძლებ, რაც არ უნდა ჭკვიანი და ფიზიკურად და მორალურად ძლიერი იყო, მაინც დადგება მომენტი, როცა მეგობრის თანადგომა დაგჭირდება. ჩემთვის ასეთი მომენტი ბევრი იყო, მაგრამ ერთს გამოვყოფდი. ყოველ სემესტრში გვქონდა ფიზიკური გამოცდა, ეგრედ წოდებული APFT (Army Physical Fitness Test), რომლის ჩაბარებაც აუცილებელია. არასდროს მქონია ამ ტესტის ჩაბარებასთან დაკავშირებით პრობლემები, მაგრამ მოხდა ისე, რომ ბოლო სემესტრში ვერ ჩავაბარე. 2 მილზე სირბილში რამდენიმე წამი დამაკლდა. მეორე შანსი მომცეს. ტესტი ერთ თვეში უნდა გადამებარებინა. ხელმეორედ ჩაჭრის შემთხვევაში აკადემიას ვერ დავამთავრებდი. ეს საკმაოდ სტრესული მომენტი იყო, 4 წლის ნამუშევარი წყალში ჩამეყრებოდა. საბედნიეროდ, სამივე ქართველი კადეტი: გიორგი ალავიძე, გიორგი ჯანჯალია და ლევან ლანჩავა, როგორც ყოველთვის, გვერდით დამიდგნენ და თავის თავზე აიღეს ჩემი ტესტისთვის მომზადება. ყოველ დღე ერთად დავრბოდით და ვვარჯიშობდით. ტესტის დღეს კი ეს ორი მილი ოთხივემ ერთად ვირბინეთ. ჩემი მეგობრები ჩემს წინ მირბოდნენ და შეძახილებით მამხნევებდნენ. ყველა გაკვირვებული გვიყურებდა, რადგან ასეთი რამ არავის უნახავს ვესტ პოინტში. იქ, სამწუხაროდ, მეგობრობა ამ დონეზე არ არის აყვანილი. საბენიეროდ, ქართველებს გვაქვს ეს თვისება და ერთმანეთს ყველგან გავიტანთ. ასე რომ, სირთულეები ბევრი იყო, მაგრამ ამ სირთულეებმა უფრო ძლიერი გამხადა და რაც მთავარია, სამი ნამდვილი მეგობარი შევიძინე.
ახლახანს ჩამოვედი თბილისში და ჯერ-ჯერობით ცოტა დასვენებას ვაპირებ. შემდეგ რა მოხდება არ ვიცი. წელს ქართული სამხედრო აკადემია, რომლის გაკეთებაც ვესტ პოინტის მოდელზეა ჩაფიქრებული, პირველ კურსს იღებს. ძალიან მინდა, აკადემიის ხელმძღვანელებს ამ საქმეში დავეხმარო. იმედი მაქვს, საშუალება მომეცემა, ამერიკაში ოთხი წლის მანძილზე შეძენილი ცოდნა და გამოცდნილება პირველ ეტაპზე ამ კუთხით გამოვიყენო.
P.S. ვესტ პოინტის ტრადიცისმებრ, მის არქივში ყველა კადეტის არა მხოლოდ პირადი ნომერი, ბიოგრაფიაც იწერება და ინახება. აკადემიის საკმაოდ სოლიდურ ისტორიაში, რომელსაც ამერიკის პრეზიდენტების, ცნობილი მეცნიერებისა და მაღალი რანგის სახელმწიფო მოღვაწეების სახელები ამშვენებს, პირველი ქართველი კადეტის ბიოგრაფიის პირველი ფურცლები უკვე ჩაიწერა. იმედია, გაგრძელება იქნება...