Wanguard
Crazy Member

    
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 3717
წევრი No.: 34060
რეგისტრ.: 30-April 07
|
#29262207 · 18 Jan 2012, 15:18 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE | რომ არა 41 წლის ბოლოსთვის დაწყებული კაუჩუკისა და ფერადი ლითონების მიწოდება, 1942 წელს საბჭოთა მრეწველობა თვითმფრინავების 10% ვერ გამოუშვებდა(სხვა პროდუქციას თავი რომ დავანებოთ), შესაბამისად არც სტალინგრადის გამარჯვებას ექნებოდა ადგილი კურსკზე რომ არაფერი ვთქვათ. ინტერნეტში ამ საკითხებთან დაკავშირებით არაერთი წყარო დევს და დაინტერესებულ პირებს ადვილად შეუძლიათ მოძიება |
მე ვარ დაინტერესებული პირი და ძალიან მაიტერესებს ამ წყაროების ნახვა, მაგრა, სამწუხაროდ, ვერ ვპოულობ. ლინკი დადე, თუ შეიძლება. თუკი პარალიჩზე და კოლაფსზე ვსაუბრობთ, ლენდ-ლიზის დახმარებების გავლენა სსრკ-ს ინდუსტრიის შემდეგ დარგებზეა საგრძნობი: 1) რ კ ი ნ ი გ ზ ი ს ტ რ ა ნ ს პ ო რ ტ ი. სსრკ-ში რკინიგზის რელსების (მ.შ. - ვიწრო ლიანდაგისათვის) წარმოება შემდეგნაირი იყო: 1940-1,360 მლნ.ტ. 1941-874 ათასი ტ. 1942-112 ათასი ტ. 1943-115 ათასი ტ. 1944-129 ათასი ტ. 1945-308 ათასი ტ. ლენდ-ლიზით (1942 წლის მეორე ნახევრიდან) მოწოდებული იქნა 622,5 ათასი ტონა, თანაც მთელი ეს მოწოდება მხოლოდ ფართო ლიანდაგისათვის იყო (ვიწრო ლიანდაგისათვის ლენდ-ლიზის მოწოდებები არ ხორციელდებოდა). თუკი სსრკ-ში რელსების 1940-1945 წლების საერთო წარმოებას ვიწროლიანდაგიანი რკინიგზისათვის საჭირო რელსების რაოდენობას გამოვაკლებთ, ლენდ-ლიზით მოწოდებული რელსების რაოდენობა სსრკ-ში წარმოებული რელსების მთლიანი რაოდენობის 92,7% გამოდის. სსრკ-ს რკინიგზის სატვირთო ვაგონების პარკი 1941 წლისათვის დაახლოებით 600 ათას ერთეულს შეადგენდა. 1941 წელს სსრკ-ში 33 096 სატვირთო ვაგონი გამოუშვეს, ხოლო მთლიანად 1942-1945 წლებში - 1 087 ვაგონი. ამასთან ერთად მხოლოდ სსრკ-ს ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაკარგული იქნა 428 ათასი ვაგონი. ლენდ-ლიზით სსრკ-მ 11 155 ვაგონი მიიღო, თანაც, მაგალითად, 05.07.1943-05.11.1943 პერიოდში წითელმა არმიამ 13 210 ვაგონი ჩაიგდო ხელში, ოპერაცია "ბაგრატიონისას" (22.06.-22.07.1944 პერიოდში) - 6 389 ვაგონი, იას-კიშინიოვის ოპერაციისას - 6 493 ვაგონი. 1941 წლისათვის სსრკ-ში ყველა ტიპის დაახლოებით 35 ათასი ორთქლმავალი მუშაობდა (ამ რაოდენობიდან ომის პერიოდში არანაკლებ 20 ათასისა დაიკარგა). მაგისტრალური ორთქლმავლების წარმოება კი შემდეგნაირი იყო: 1940-914ც. 1941-708ც. 1942-9ც. 1943-43ც. 1944-32ც. 1945-8ც. მაგისტრალური თბომავლები სსრკ-ში 1940 წელს 5 ცალი გამოვიდა, 1941 წელს - 1 ცალი, რის შემდეგაც მათი გამოშვება შეწყდა. მაგისტრალური ელექტრომატარებლები 1940 წელს 9 ცალი გამოვიდა, 1941 წელს - 6 ცალი, რის შემდეგაც მათი გამოშვებაც ასევე შეწყდა. ლენდ-ლიზით სსრკ-მ (1943 წლის დასაწყისიდან) 1 915 ორთქლმავალი და 66 დიზელ-ელექტრომატარებელი მიიღო. მოყვანილი ციფრებიდან ცხადი ხდება, რომ 1942-1943 წლებიდან დაწყებული ლენდ-ლიზის მოწოდებების გარეშე საბჭოთა რკინიგზის შესაძლებლობები აშკარად ვერ აუვიდოდა წითელი არმიის არათუ ყველა ჩაფიქრებული და დაგეგმილი შეტევების უზრუნველყოფას, არამედ ერთი რომელიმე ძირითადი ფრონტის ენერგიულ წინსვლასაც გაჭირვებით თუ უზრუნველყოფდა. 2) ს უ რ ს ა თ ი. 1940 წელს სსრკ-ში, მაგალითად, პურის (ხორბლის) რეზერვი დაახლოებით 4 მლნ. ტ. იყო. ეს რეზერვი წლების მიხედვით შემდეგნაირად იცვლებოდა: 1941 (იანვარი/ივლისი) - 5,9/5,3 მლნ.ტ. 1942 (იანვარი/ივლისი) - 6,3/6,8 მლნ.ტ. 1943 (იანვარი/ივლისი) - 7,2/5,4 მლნ.ტ. 1944 (იანვარი/ივლისი) - 5,5/2,7 მლნ.ტ. 1945 (ივლისი) - 8,2 მლნ.ტ. ომის დაწყებისა და სსრკ-ინგლის-ამერიკის საგრძნობი დაახლოებისა და თანამშრომლობის მნიშვნელოვანი გაღრმავებასთან ერთად (1941 წლის შემოდგომა) დაიწყო სსრკ-ს დახმარებაც, რაც მალევე ჩაჯდა ლენდ-ლიზის კანონში (11 ნოემბერს, მანამდე სსრკ ესპანეთიდან ევაკუირებული ოქროთი იხდიდა მოწოდებების ღირებულებას). თავიდან ეს დახმარება, ძირითადად, საჭურველსა და იარაღს მოიცავდა (მოწოდებები, პრაქტიკულად, 1941 წლისდეკემბერ-1942 წლის იანვარში დაიწყო), თუმცა უკვე პირველ ოქმში (01.11.1941) ჰქონდა სსრკ-ს სურსათის ყოველთვიური მოთხოვნა: 200 ათასი ტ. ხორბალი, 70 ათასი ტ. შაქარი და 1 500 ტ. კაკაო. საერთო ჯამში, პირველი ოქმით გათვალისწინებული მოწოდებებიდან მისი მოქმედების დასრულების მომენტისათვის (30.06.1942) სსრკ-მ 392 ათასი ტონა სურსათი მიიღო. ამგვარად, სურსათის მიწოდება, მიუხედავად იმისა, რომ ამ სურსათმა სსრკ-ში მიწოდებისათვის გამოყენებული სატვირთო ტონაჟის მეოთხედზე მეტი შეავსო, არ შეესაბამებოდა საბჭოთა მხარის მოთხოვნებს. მეორე ოქმი (01.07.1942-30.06.1943), რომლიც უკანა რიცხვით გაფორმდა (06.11.1942), ითვალისწინებდა სურსათის როგორც ნომენკლატურის (ხორცის კონსრევები, ცხოველური ცხიმები, კვერცხის ფხვნილი, შოკოლადი, გალეტები და ა.შ.), ასევე რაოდენობის გაზრდას. საერთო ჯამში მეორე ოქმით მოწოდებულმა სურსათის რაოდენობამ 1,067 მილიონი ტონა შეადგინა (მ.შ. - 182 ატასი ტონა ხორბალი კანადიდან) და გადაზიდვისათვის საჭირო ტრანსპორტის მესამედი დაიკავა. 1943 წელი სსრკ-ს არმიისა და მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფის მხრივ ყველაზე მძიმე წელიწადი იყო: წითელი არმიის დიდი შეტევების შედეგად ოკუპირებული ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი განთავისუფლდა, რომელთა მოსახლეობაც გამოსაკვებთა საერთო რიცხვსა და წითელი არმიის პრაქტიკულად ყოველთვიურად მზარდ რიცხვს დაემატა, თუმცა ამ ტერიტორიებზე 1943 წელს მოწეული სურსათის თითქმის 100% გერმანიამ და მისმა მოკავშირეებმა მოიხმარეს. მდგომარეობა დაამძიმა დიდმა გვალვამ ჩრდილო კავკასიაში, ვოლგისპირეთსა და სამხრეთ-დასავლეთ ციმბირში. სასურსათო კრიზისი იმდენად მძიმე იყო, რომ სსრკ-ში ნოემბერში არაოფიციალურად თითქმის მესამედით შემცირდა სასურსათო ნორმები. სწორედ ეს იყო მიზეზი, რომ მესამე ოქმის (01.07.1943-30.06.1944, გაფორმდა 19.10.1943) მოთხოვნებში სურსათმა ძირითადი ადგილი დაიკავა და ლითონი და იარაღის ცალკეული სახეობებიც კი ჩაანაცვლა, თანაც ძირითადი ყურადღება ცილებითა და ცხიმებით მდიდარ საკვებს ექცეოდა. ამერიკელებმა, მაგალითად, გაცილებით მეტი შესთავაზეს საბჭოთა მხარეს, ვიდრე ის ითხოვდა: ღორის ხორცის მთლიანი ამერიკული წარმოების 25% სსრკ-ში მიდიოდა (ამერიკის არმიას 14% მიჰქონდა), თანაც სსრკ ერთადერთი ქვეყანა იყო ლენდ-ლიზის პროგრამაში, სადაც ამერიკამ კარაქი შეიტანა, რამაც თავად ამერიკის ბაზარზე კარაქის ფასის მნიშვნელოვანი და მკვეთრი ზრდა გამოიწვია. ამერიკიდან მოდიოდა, აგრეთვე, ოქმით გაუთვალისწინებელი ხილ-ბოსტნეულის წვენები, დაკონსერვებული, მშრალი და ახალი ხილ-ბოსტნეული და ა.შ.. საერთო ჯამში სურსათის მოწოდებებმა 1944 წლის შუახანებისათვის მნიშვნელოვნად გადააჭარბა პირველი ორი ოქმით გათვალისწინებული სურსათის მოწოდებებს და 1,8 მლნ. ტონა შეადგინა. მეოთხე ოქმი (01.07.1944-30.06.1945, ფაქტიურად დასრულდა 12 .05.1945) ასევე დაგვიანებით (17.04.1945) გაფორმდა და ის, ფაქტიურად, აკანონებდა იმ მოწოდებებს, რაც სსრკ-მ უკვე მიიღო. ამ ოქმით მიწოდებული იქნა 1,4 მლნ. ტ. სურსათი, თუმცა ის ღირებულებით წინა ოქმით მიწოდებულ 1,8 მლნ. ტონაზე მეტი იყო უფრო ძვირადღირებული ხორცპროდუქტებისა და ვიტამინების ხარჯზე. 12 მაისს ლენდ-ლიზის მოწოდებები სსრკ-ში მოულოდნელად შეწყდა ტრუმენის განკარგულებით (მოკავშირე მხარე სსრკ-სგან იაპონიის წინააღმდეგ ომში ჩაბმის თაობაზე კონკრეტულ გადაწყვეტილებას ელოდა), რამაც საბჭოთა მხარის ხმამაღალი და ენერგიული პროტესტების დიდი ტალღა გამოიწვია, თუმცა ინცინდენტი ორ დღეში ამოიწურა: 02.09.1945-მდე მოწოდებები ისევ განახლდა და უკვე მოწოდებულ 1,4 მლნ. ტ. სურსათს კიდევ 280 ათასი ტ. დაემატა. ამგვარად, ლენდ-ლიზის პროგრამით სსრკ-სათვის სურსათის მიწოდებამ მთლიანობაში თითქმის 5 მლნ. ტ. შეადგინა (სხვადასხვა წყაროებით ეს ციფრი 3,9-სა და 5,5 მლნ. ტონას შორის მერყეობს, ღირებულებით - დაახლოებით $1,7 მლრდ. 1945 წლის ფასებით) და მისი ძირითადი ნაწილი (თითქმის 3,5 მლნ. ტ.) სსრკ-ში 1943 წლის ბოლოდან წამოვიდა. მარტივი შედარებით ცხადი ხდება, რომ ლენდ-ლიზით მიწოდებული სურსათის საერთო რაოდენობა სსრკ-ს ომის პერიოდის ხორბლის საშუალოდ 1 წლის რეზერვის ტილფასია (მაგრამ, გარდა ხორბლისა სსრკ-ს ხომ სხვა სახის სურსათის რეზერვიც ჰქონდა). მეორე მხრივ, თუ მოწოდებული სურსათის კალორიულობას დავთვლით (67,5 მლნ. კ-კალ.-ზე ოდნავ მეტი) და საბჭოთა ნორმებით ჯარისკაცისათვის სადღეღამისოდ საჭირო კალორიებს გავითვალისწინებთ (4 000 კალ.), ცხადი ხდება, რომ ლენდ-ლიზით მოწოდებული სურსათით 10-მილიონიანი არმიის 1 668 დღის განმავლობაში გამოკვება შეიძლებოდა (დიდი სამამულო ომი 1 418 დღე-ღამეს გაგრძელდა). აქვეა გასათვალისწინებელი, რომ, გარდა 6-10-მილიონიანი არმიისა, სტალინს 180 მილიონი მოსახლეობაც ჰყავდა გამოსაკვები, თუმცა ეს სულაც არ აკნინებს ლენდ-ლიზის სურსათით დახმარების განუზომელ მნიშვნელობას. 3) ს ა მ რ ე წ ე ლ ო დ ა ნ ა დ გ ა რ ე ბ ი: სსრკ-ს სხვადასხვა დანიშნულების დაზგების პარკი 1940 წლისათვის დაახლოებით 2,5 მლნ. ერთეულს შეადგენდა. 1939-1941 წლებში (22 ივნისამდე) სსრკ-მ ლითონსაჭრელი და ლითონდამამუშავებელი დაზგების დიდი შეკვეთები გააკეთა გერმანიაში, ინგლისსა და ამერიკაში. ომის დაწყებისა და ლენდ-ლიზის პროგრამის ამოქმედების შემდეგ 1945 წლამდე ამერიკიდან, მაგალითად, 38 100 ლითონსაჭრელი დაზგა შემოვიდა, დიდი ბრიტანეთიდან - 6 500 დაზგა და 104 წნეხი (მოწოდებების 80% - 1944 წლის დასაწყისიდან). 1941-1945 წლებში სსრკ-ში 115 400 დაზგა აწარმოეს, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ სირთულისა და ღირებულების მხრივ უცხოური დაზგები ბევრად აღემატებოდა საბჭოურს და ისინი, ფაქტიურად, საბჭოთა დაზგების წარმოებისათვის გამოიყენებოდა. 4) ს ა ა ვ ტ ო მ ო ბ ი ლ ო ტ რ ა ნ ს პ ო რ ტ ი. 1941 წლისათვის სსრკ-ში დაახლოებით 1 მლნ ავტომობილი გამოვიდა (სატვირთო - დაახლოებით 750 ათასი), ხოლო კონკრეტულად 1940 წელს - 145,5 ათასი ახალი ავტომობილი (136 ათასი სატვირთო). ომის დაწყებასთან ერთად ავტომობილების გამოშვებამ მკვეთრად იკლო: 1941 - 124,2 ათასი (სატვირთო - 114,7 ათასი) 1942 - 35 ათასი (სატვირთო - 31 ათასი) 1943 - 49,3 ათასი (სატვირთო - 45,5 ათასი) 1944 - 60,5 ათასი (სატვირთო - 53,5 ათასი) 1945 - 74,7 ათასი (სატვირთო - 68,6 ათასი) ამას უკვე არსებული პარკის მნიშვნელოვანი დანაკარგები დაემატა (დაახლოებით 400 ათასი). ლენდ-ლიზით მოწოდებული ავტომობილების საერთო რაოდენობამ დაახლოებით 445 ათასი ერთეული შეადგინა (სხვა წყაროებით - 450-დან 510 ათასამდე), რომელთაგან დაახლოებით 215 ათასი სსრკ-ს 01.01.1942-30.04.1944 პერიოდში გადაეცა. ამასთან ერთად 1944 წლის ბოლომდე წითელმა არმიამ ალაფის სახით 232,5 ატასზე მეტი ავტომობილი იგდო ხელთ. თუ 1943 წელს წითელ არმიაში უცხოური ავტომობილები საერთო რაოდენობის 5,4% შეადგენდა, 1944 წელს ეს ციფრი უკვე 19%-მდე გაიზარდა. აქვეა აღსანიშნავი უცხოური ავტომობილებისათვის საჭირო უცხოურივე საწვავ-საპოხი და სათადარიგო მასალები, რომლებიც ასევე ლენდ-ლიზით შემოდიოდა (მისი გარკვეული ნაწილი საბრძოლო მოქმედებიბს შედეგად ალაფის სახით მოპოვებული ევროპული წარმოების ავტომობილებისათვისაც იხარჯებოდა). აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სახელგანთქმული "კატიუშების" (ასევე სხვა მოდელის საბჭოთა რეაქტიული არტილერიის) შასის თითქმის 95%-ს ამერიკული Studebaker US6 წარმოადგენდნენ. ლენდ-ლიზით მოწოდებული ავტომობილები ტექნიკურ-ექსპლუატაციური თვისებებით ბევრად აღემატებოდა შესაბამისი კლასის საბჭოთა წარმოების ნებისმიერ ავტომობილს, თუმცა მათი ტექნიკური მომსახურებაც, შესაბამისად, ბევრად მეტ ცოდნასა და კულტურას მოითხოვდა, როგორც ზოგადად სხვა უცხოური ტექნიკა სსრკ-ში. 5) ფ ე რ ა დ ი ლ ი თ ო ნ ე ბ ი 1941 წლის შუახანებიდან 1945 წლის შუახანებამდე სსრკ-მ დაახლოებით 534 ათასი ტონა სპილენძი აწარმოა მაშინ, როდესაც 1942 წლიდან ამერიკიდან 404 ათასი ტონა შემოვიდა. ალუმინი, შესაბამისად, 203 და 328 ათასი ტონა (მ.შ. დიდი ბრიტანეთიდან 35,4 ათასი ტონა და კანადიდან 36,3 ათასი ტონა). საერთო ჯამში ჩემს მიერ წინა პოსტებში დახატული სურათი არ იცვლება: ლენდ-ლიზით დახმარების ძირითადი მასა 1943 წლიდან იწყება: სწორედ იმ პერიოდში, როდესაც წითელმა არმიამ სტალინგრადთან და კურსკთან გამარჯვებებით რადიკალური გარდატეხა შეიტანა მთლიანად მეორე მსოფლიო ომის მსვლელობაში. ხოლო ლენდ-ლიზით დახმარება უდიდესი მნიშვნელობის ფაქტორი გახდა საბჭოთა სტრატეგიული შეტევებისათვის 1944-1945 წლებში, როდესაც მან თავის პიკს მიაღწია. QUOTE | უბრალოდ არ მიყვარს მითებისა და ლეგენდების გაფანატება |
არც მე. და სწორედ ამიტომ შევეცადე, ჩემი მოსაზრებები კარგად დამესაბუთებინა. მგონი ამხელა პოსტი ამ ფორუმზე არასდროს დამიწერია და არც ამხელა დრო დამიხარჯავს მის შედგენაში...
--------------------
სიკვდილს ყველა ვიმსახურებთ. საქმე ისაა, როდის და როგორ. Now I want you to remember that no bastard ever won a war by dying for his country. He won it by making the other poor dumb bastard die for his country. - George Smith Patton Jr.
|