http://news.ge/ge/news/story/12560-de-faqt...niciativa-uaryoგუშინ, სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის "სახალხო პარტიამ", ორი დღის წინ, მერაბ ჩიგოევის მიერ გაჟღერებული იდეა უარყო და ხაზი გაუსვა, რომ „რესპუბლიკა“ ერგნეთის ბაზრის გახსნის წინააღმდეგია.
30 აპრილს დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ახლადდანიშნულმა გენ-პროკურორმა მერაბ ჩიგოევმა თქვა, რომ არ არის გაუქმებული ერგნეთის ბაზრის გახსნის წინააღმდეგი. განცხადება „პრევენციის მექანიზმებისა და ინციდენტებზე რეაგირების“ ფარგლებში გამართულ 22-ე შეხვედრაზე გაკეთდა. უკვე საღამოს კი, მერაბ ჩიგოევმა თქვა, რომ მისი ფრაზა არასწორად გაიგეს.
ჩიგოევი ერგნეთის შეხვედრებზე სამხრეთოსურ დელეგაციას თითქმის ორი წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ის „რესპუბლიკის გენერალურ პროკურორად“ დაინიშნა. მოლაპარაკებებზე ჩიგოევის შემცვლელი ჯერჯერობით არ შეურჩევიათ. ამგვარად, 30 აპრილს ერგნეთის შეხვედრაზე წასვლა კვლავ მას მოუხდა.
მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ ჩიგოევი ჟურნალისტებს გაესაუბრა. მედიის წარმომადგენლები დაინტერესდნენ, თუ როგორ უყურებს ე.წ. სამხრეთ ოსეთის ახალი ხელმძღვანელობა ერგნეთის ბაზრის გახსნას. ჩიგოევმა ჟურნალისტები პასუხით გააოცა და თქვა, რომ პრინციპში საქართველოს რეგიონებთან სავაჭრო ურთიერობების აღდგენაში ცუდს ვერაფერს ხედავს. რვა წლის წინ საქართველოს ხელისუფლების მიერ ერგნეთის ბაზრის დაშლა მან „სისულელედ“ შეაფასა და აღნიშნა, რომ საერთო ინტერესის პოვნა ორივე მხარისთვის მომგებიანი იქნებოდა.
ჩიგოევმა მედიას აქვე გაუმხილა, რომ შესაბამისი დავალებები დე-ფაქტო რესპუბლიკის ხელმძღვანელობისგან ჯერ არ მიუღია. იგი შეეცადა ჟურნალისტები დაერწმუნებინა, რომ მზადაა ინიციატივა ქართულ მხარესთან განიხილოს და უფრო მეტიც, თავად მიხედავს „საკითხის დამუშავების“ პროცესს.
სენსაციის მოლოდინში მყოფ ჟურნალისტებს, მოლაპარაკებებზე ქართული მხარის წარმომადგენელმა შოთა უტიაშვილმა ჩიგოევის ნათქვამი გაუმეორა. მისი სახის გამომეტყველება მოწმობდა, რომ ბაზრის გახსნის იდეა მანაც პირველად მოისმინა.
უტიაშვილმა ჟურნალისტებთან დე-ფაქტო საზღვარზე გადასვლის სირთულეზე ხუმრობანარევი აქცენტით წარმოთქვა ფრაზა - „აბა სცადე, იმ მხარეს გადასვლა“, ნათქვამით მან ხაზი გაუსვა, რომ ღია ვაჭრობაზე საუბარი ზედმეტია, თუ ცხინვალი ერგნეთის გამშვებ პუნქტს არ გახსნის. ეს საკითხი კი, უტიაშვილის თქმით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლობას შეხვედრაზე არ დაუსვამს.
საბოლოოდ, ჟურნალისტები გაურკვევლობაში დარჩნენ. მათ ვერ გაიგეს, გააჟღერა თუ არა ჩიგოევმა ზოგადად დე-ფაქტო რესპუბლიკის ხელმძღვანელობის პოზიცია. პასუხგაუცემელი დარჩა კითხვაც, თუ როგორ უყურებს ამ ინიციატივას ოფიციალური მოსკოვი.
ბაზრის აღდგენის შესახებ ინფორმაცია ერგნეთის მოსახლეობამ მალე აიტაცა. მედიის წარმომადგენლები შეეცადენ სასიხარულო სიახლის მოლოდინში მყოფი ერგნეთელებისთვის აეხსნათ, რომ ბაზრის გახსნა მხოლოდ იდეის ფაზაშია და გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
მღელვარე დღის შემდეგ რადიო „თავისუფლების“ რუსული სამსახური ჩიგოევს დაუკავშირდა. ჟურნალისტის თქმით, ზარით უკმაყოფილი ჩიგოევმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მას არასწორად გაუგეს.
სამხრეთ ოსეთის „გენერალური პროკურორის“ განმარტებით, ერგნეთის ბაზარი საქართველოს ტერიტორიაა და საქართველოს ხელისუფლებას მისი აღდგენის სრული უფლება აქვს, თუმცა ოსური მხარე არ აპირებს „თავის ტერიტორიაზე“ ამ ბაზრის გახსნას.
ჩიგოევმა აქვე გადაჭრით აღნიშნა, რომ ცხივალი არ აპირებს რაიმე სავაჭრო ხასიათის ინიციატივების წამოყენებას.
სამხრეთ ოსეთის „სახალხო პარტიის“ განმარტებით, ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხების განხილვა მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდება შესაძლებელი, თუ საქართველო სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებს.
საქართველოსთან სავაჭრო-ეკონომიკური კავშირის აღდგენასა და შედეგად, პოლიტიკური ურთიერთობის დარეგულირებაში, ოსური მხარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე კომერსანტების სახით ქართული დაზვერვის შეჭრის საფრთხეს ხედავს. ამგვარად, დაზვერვას დაკისრებული ამოცანების შესრულების პირობები შეექმნება, რაც საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ახალი კონცეფციითაა განსაზღვრული. ოსური სახალხო პარტიის განცხადებაში ნათქვამია, რომ ახალი უსაფრთხოების კონცეფციაში „ნატოს“ რეკომენდაციებია გათვალისწინებული. დასავლელი პარტნიორების მითითებების მიზანი კი, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ქართული მხარის კონტროლის აღდგენაა.
ომის დროს სანამ ღმერთს თხოვ დახმარებას გახსოვდეს, შენ მჭიდში მინიმუმ 30 "ღმერთი" დევს!