მოვძებნი და დაგილინკავ

მგონი თაბრიზის საინფორმაციო ცენტრს ჰქონდა ინფო


ჰამასი სირიას ტოვებს და ახალ ბინას ეძებს
გასულ კვირას სააგენტო "Reuters"-ი დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ პალესტინური ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასის პოლიტიკური ხელმძღვანელობის შტაბ-ბინა დამასკოდან ღაზაში გადადის.
აღნიშნული სააგენტოს ცნობით, "ისლამური წინააღმდეგობის მოძრაობა" ამ საკითხზე ხმამაღალ განცხადებებს არ აკეთებს, მაგრამ მღელვარებებით მოცულ სირიას ჰამასის სულ უფრო მეტი აქტივისტი ტოვებს, რომლებიც ოჯახებთან ერთად ღაზას სექტორში გადადიან.
"Reuters"-ის ინფორმაციით, დამასკოდან უკვე ათეულობით ჰამასის ლიდერი გაიქცა. დამასკოს გარეუბანში "იარმუკ"-ის ლტოლვითა ბანაკში, სადაც ადრე ასეულობით ჰამასის მაღალჩინოსანი აქტივისტი ცხოვრობდა, ამ მოძრაობის წარმომადგენლების უმნიშვნელო ნაწილიღა დარჩა.
მთლიანობაში ცნობა ჰამასის პოლიტბიუროს ღაზაში გადმობარგების შესახებ არც თუ დამაჯერებლად ჟღერს, რადგან ამ ორგანიზაციის ლიდერები ღაზას სექტორში მუდმივად ისრაელის არმიისა და სპეცსამსახურების მხედველობის არეში იქნებიან, თუმცა სავსებით დასაშვებია, რომ ჰამასის ზოგიერთმა ლიდერმა დღევანდელი ღაზა გაცილებით მშვიდ ადგილად მიიჩნია, ვიდრე დამასკო.
სააგენტო "Reuters"-ს დიპლომატიურმა წყაროებმა ასევე აცნობეს, რომ ჰამასი სირიაში თავისი წარმომადგენლობის შენარჩუნებასა და "ახალ ხელისუფლებასთან" ურთიერთობების დაბალანსებას შეეცდება, მაგრამ ამ ეტაპზე ჰამასის ლიდერები ამჯობინებენ გაეცალონ ქვეყანას, სადაც შესაძლოა ნებისმიერ დროს დაიწყოს საერთაშორისო ოპერაცია. შეგახსენებთ, რომ "NATO"-ს წევრი ქვეყნების უმრავლესობამ ჰამასი ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარა.
ამჟამად "მუდმივი საცხოვრებლის" თაობაზე ტერორისტების ლიდერები მოლაპარაკებებს აწარმოებენ სხვადასხვა ქვეყნებთან.
ადრე არაერთხელ გავრცელდა ხმები, რომ ჰამასი შტაბ-ბინის გადატანას ქაიროში, დოხში, ანკარაში ან ხართუმში გეგმავდა. ოფიციალურ დონეზე ამ ინფორმაციას უარყოფდნენ როგორც პალესტინელი ტერორისტები, ისე ეგვიპტის, კატარის, თურქეთისა და სუდანის წარმომადგენლები.
შეგახსენებთ, რომ მეფე აბდალა II-ის ბრძანებით, ჰამასის ხელმძღვანელობა იორდანიიდან 1990-ანი წლების ბოლოს გამოაძევეს. ამის მიზეზი ის გახდა, რომ პალესტინელი ისლამისტები ამანში ისრაელის წინააღმდეგ ტერაქტებს გეგმავდნენ, რაც ებრაულ სახელმწიფოსთან ომის პროვოცირებას გამოიწვევდა. თუმცა ცოტა ხნის წინ, იორდანიის ახალმა პრემიერ-მინისტრმა აუნ კასაუნემ ამ ნაბიჯს მცდარი უწოდა და პირობა დადო, რომ პალესტინის "ისლამური წინააღმდეგობის მოძრაობა"-სთან კონსტრუქციულ დიალოგს წარმართავდა.
ახლო მომავალში იორდანიის დედაქალაქში ჰამასის პოლიტბიუროს ხელმძღვანელის ხალიდ მაშალის ვიზიტი იგეგმება. მაშალი მონარქთან შეხვედრას აპირებს. ზოგიერთი მიმომხილველი თვლის, რომ ჰამასი იორდანიაში დაბრუნების ალბათობას განიხილავს, თუმცა ოფიციალური წყაროები ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ.
ბოლო ინფორმაციით კი, დამასკოს დატოვებაზე უკვე სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადიც ფიქრობს. ცოტა ხნის წინ გაზეთი "ედიოთ ახრონოთ"-ი წერდა, რომ მოსკოვი მზადაა სირიის პრეზიდენტსა და მის ოჯახს თავშესაფარი მისცეს. რუსეთის ოფიციალურ წყაროებს, ამ საკითხზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.