რაგოზინი: „საქართველო ომისთვის ემზადება, ჩვენ კი ვმიტინგობთ… შენი დედაც“
[რაგოზინი: „საქართველო ომისთვის ემზადება, ჩვენ კი ვმიტინგობთ… შენი დედაც“]
12:44 19.12.2011
[თეა ინასარიძე]
დიმიტრი რაგოზინი საქართველოსთან დაკავშირებით, აშშ-ის კონგრესის მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტის, უფრო კი რუსეთში მიმდინარე საპროტესტო აქციების გამო წყობილებიდანაა გამოსული. საქართველო ომისთვის ემზადება, ჩვენ კი ვმიტინგობთ… შენი დედაც“ - ასეთი კომენტარი დატოვა ნატო-ში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა სოციალურ ქსელ Твиттер-ში.
როგორც ცნობილია, ამერიკის კონგრესმა მხარი დაუჭირა საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას. კანონპროექტში, რომელიც ხელმოსაწერად ობამას გადაეგზავნება, არის მოწოდება, რომ ამერიკამ საქართველოს მიყიდოს თავდაცვითი იარაღი და ამისკენ ნატო-ს სხვა წევრებსაც მოუწოდოს.
აშშ-სა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიერ, საქართველოს ნებისმიერ კონტექსტში ხსენება რუსეთში ისტერიკას იწვევს. მით უფრო, თუ ეს ისტერიკა, შეიძლება, „წამლად“ წაადგეს ქვეყნის შიდაპოლიტიკურ კრიზისს. ამიტომაც, რაგოზინი თანამემამულეებს ყურადღების „მთავარ საფრთხეზე“ გადატანისკენ სულ გინებ-გინებით მოუწოდებს, ხელისუფლებას კი სასწრაფოდ, 58-ე არმიის აღჭურვა-გაძლიერებას ურჩევს.
„მე ოდნავადაც არ მეპარება ეჭვი, რომ სააკაშვილი და ისინი, ვინც მის უკანან დგანან, რევანშზე ოცნებობენ. ისინი გულმოდგინედ ემზადებიან ომისთვის. და ჩვენ? ვმიტინგობთ… შენი დედაც. ბოროტება სძლევს. პოლიტიკა ვერ იტანს სიცარიელეს. სიცარიელე ყოველთვის ივსება უფრო დინამიური ძალით. როგორც წესი, სხვისი ძალით… ქართველებს აქტიურად ითრევენ. ავღანეთში საქართველოს კონტინგენტი აშშ-ის მეთაურობის ქვეშაა. იქ 1500-მდე მებრძოლია. მიმდინარეობს ბრიგადების მუდმივი როტაცია და სწავლება, სამხედრო ტექნიკის ახალი სახეობებით აღჭურვა. აქტიურადაა ჩართული აშშ-ისა და ნატო-ს სამხედრო მრჩეველთა ინსტიტუტი. სამხრეთ ოსეთში სასწრაფოდ უნდა დავიწყოთ. 58-ე არმია უნდა აღვჭურვოთ ყველა საჭიროებით.
აშშ-ის ცინიზმი განსაცვიფრებელია. როცა მათი კრეისერი ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემით შავ ზღვაში შევიდა, მათ ეს „ანტიმეკობრული სწავლებით“ ახსნეს. ჩვენ არ გადავამოწმეთ და და მიზანში ამოვიღეთ. აი, ჩვენც ჩავფიქრდით, ასეთი ვინ არიან ეს „შავი ზღვის მეკობრეები“, რომლებიც ანტისარაკეტო Standart-3-ით უნდა ჩამოაგდო? არასტანდარტული პირატები არიან“ - წერს რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში.
ცოტა ხნის წინ, რაგოზინი, თავისი ნატო-ში მოღვაწეობის შეფასებისას საზეიმოდ აცხადებდა, რომ რუსეთს ალიანსთან და საქართველოსთან მიმართებაში უდიდესი მიღწევები აქვს: „ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ საქართველო არ არის ნატოს წევრი“. მისი თქმით, 2008 წლის შემდეგ რუსეთმა უფრო მეტი პატივისცემა მოიპოვა: „ნატო შეაშფოთა რუსეთის მიერ, ბრძოლაში, მნივნელოვანი შეიარაღებული ძალების შეყვანასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების სისწრაფემ. ანუ, რუსეთის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ შეიყვანა ჯარი, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მხარეს შეიძლება გამოსულიყო ნატო. ანუ ჩვენ მივიღეთ მკაცრი გადაწყვეტილება, მიუხედავად იმისა, რომ მივდიოდით კონფლიქტზე, ვიცოდით, სიმართლე ჩვენს მხრეზეა. ამან ბევრი განაცვიფრა და მაშინ, ნატო ამოვარდა კონტექსტიდან“ - უთხრა რაგოზინმა ჟურნალისტებს.
http://presa.ge/new/index.php?m=politics&AID=11883აბა რას იტყვით?