ამერიკული იარაღი საქართველოში - საფრთხე თუ უსაფრთხოება?
აშშ-ის ხანგრძლივი ყოყმანი საქართველოსთვის თანამედროვე შეიარაღების მიყიდვაზე და საქართველოს ხელისუფლების მცდელობა ასეთი შეიარაღების მიღებაზე, როგორც ჩანს, დასასრულს უახლოვდება.
რამდენიმე დღის წინ აშშ-ის სენატმა 2012 წლის სამხედრო ბიუჯეტი დაამტკიცა, რომლის 1244-ე მუხლში საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებაზეა ლაპარაკი და სხვა ღონისძიებებთან ერთად პირველად არის ნახსენები საქართველოსთვის ამერიკული შეიარაღების მიწოდება. დარჩა მხოლოდ ერთი, თუმცა უმნიშვნელოვანესი ფორმალობა:
ბიუჯეტს, ძალაში რომ შევიდეს, აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ უნდა მოაწეროს ხელი. მოაწერს თუ არა ობამა ხელს დოკუმენტს მაშინ, როდესაც აშშ რუსეთთან ჯერ კიდევ ურთიერთობების "გადატვირთვის" რეჟიმში იმყოფება? თუ ეს მაინც მოხდა, მაშინ დიდი ალბათობით რუსულ-ამერიკულ ურთიერთობებში "გადატვირთვა" გაგრძელდება, ოღონდ ორმხრივი ურთიერთობების გაუარესების მიმართულებით. საგულისხმოა, რომ საქართველოსათვის იარაღის მიყიდვის შესახებ გადაწყვეტილება აშშ-ის სენატმა მიიღო ჩიკაგოში ნატოს სამიტის წინ, რომელიც გაისად (მაისში) უნდა გაიმართოს და რომელზედაც ქართული მხარე მაპ-ის (ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმის) მიღებას იმედოვნებს.
სენატის მიერ მიღებული დოკუმენტის დამტკიცებიდან 90 დღის ვადაში, პრეზიდენტი კონგრესის თავდაცვის კომიტეტსა და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს წარუდგენს გეგმას აშშ-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობის ნორმალიზაციის შესახებ თავდაცვის სფეროში, მათ შორის იარაღის მიყიდვის საკითხში. სენატის დოკუმენტში, რომელშიც საქართველო რატომღაც "საქართველოს რესპუბლიკად" არის მოხსენიებული, ხაზგასმულია, რომ "ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობის ნორმალიზება მოხდება იმის გათვალისწინებით, რა პროგრესს მიაღწია საქართველოს მთავრობამ ეკონომიკური და დემოკრატიული რეფორმების საკითხში და როგორია საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაძლებლობები." როგორც ირკვევა, სამხედრო დახმარებას ორმაგი დანიშნულება ექნება:
"უზრუნველყოს საკუთარი ხალხის, მთავრობისა და ტერიტორიული სუვერენიტეტის დაცვა" და "გაგრძელდეს საქართველოს მთავრობის უნარის გაძლიერება კოალიციურ ოპერაციებში მონაწილეობისათვის და ნატოსთან დაკავშირებული მიზნების მიღწევისათვის." დოკუმენტი ნატოს წევრ და კანდიდატ ქვეყნებს მოუწოდებს "აღადგინონ და გააძლიერონ თავდაცვის კომპონენტების და სერვისების მიყიდვა საქართველოსადმი".
თავდაცვის სფეროში აშშ-საქართველოს ურთიერთობაში მაქსიმალური გამჭვირვალობის უზრუნველყოფის პირობებში (სავარაუდოდ, რუსეთის ნეგატიური რეაქციის მინიმიზაციის მიზნით) აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო მოამზადებს შეფასებას საქართველოს თავდაცვის საჭიროებების შესახებ, რომელსაც დაემატება საქართველოს მთავრობის ახსნა-განმარტება, სადაც დასაბუთებული იქნება თავდაცვის იარაღის შეძენის საჭიროება, აგრეთვე, იარაღის შეძენასთან დაკავშირებული ნებისმიერი მოქმედების შესახებ ახსნა-განმარტება. როგორც ვხედავთ, აშშ ცდილობს, გარანტიები მიიღოს სააკაშვილის ხელისუფლებისაგან, რომ ამერიკული იარაღი სამხედრო ავანტიურებისათვის არ იქნება გამოყენებული.
სენატის დოკუმენტს პოლიტიკური დატვირთვაც აქვს: როგორც ცნობილია, აშშ არ აწვდის იარაღს საზღვარგარეთ იმ რეჟიმებს, რომელთა ლოიალობაში დარწმუნებული არ არის. სენატის (სადაც სააკაშვილს გავლენიანი ლობი ჰყავს) გადაწყვეტილება, ფაქტობრივად, სააკაშვილის ხელისუფლებისადმი ავანსად გაცემული ნდობის კრედიტია.
ექსპერტების ნაწილი ამ გადაწყვეტილებას აშშ-ის მხრიდან ირანის წინააღმდეგ დაგეგმილ სამხედრო ოპერაციას უკავშირებს. როგორც ცნობილია, აშშ ემზადება ავღანეთიდან ჯარების გამოსაყვანად, 19 დეკემბერს კი ერაყი დატოვა ამერიკის ბოლო სამხედრო კონტინგენტმა. ანუ, აშშ-ს სამხედრო რესურსები უთავისუფლდება ირანზე დარტყმისთვის. სანდო წყაროების მონაცემებით, საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება აქტიურად სთავაზობს აშშ-ს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის გამოყენებას სამხედრო მიზნებისათვის, იქნება ეს სამხედრო ტვირთებისა თუ ცოცხალი ძალის ტრანზიტი, ანტისარაკეტო სისტემების განთავსება და სხვა ოპერაციები.
ახლახან სააკაშვილმა ავღანეთში ქართული სამხედრო კონტინგენტის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. ანალიტიკოსთა აზრით, ამით სააკაშვილი და მისი გუნდი ცდილობენ, აშშ-ის მხარდაჭერით ხელისუფლებაში ყოფნა გაიხანგრძლივონ. აშშ-ში საქართველოს ელჩმა თემურ იაკობაშვილმა რამდენიმე თვის წინ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ვაშინგტონისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორი ღირებულებებისა და ორიენტაციის მთავრობა ეყოლება საქართველოს. სააკაშვილის ხელისუფლება აქტიურად ცდილობს დაუმტკიცოს ვაშინგტონს, რომ მასზე ერთგულ მოკავშირეს საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში ვერ იპოვის.
ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ამერიკელები ფარულად, მაგრამ აქტიურად სწავლობენ საქართველოში თავიანთი სამხედრო ინფრასტრუქტურის განლაგების საკითხს, სხვადასხვა წყაროდან დასტურდება. მაგალითად, შირაქში, რუსეთის ყოფილი სამხედრო ავიაბაზის პერიმეტრზე მცხოვრებ მოსახლეობას ოფიციალური სტრუქტურების წარმომადგენლები თანხის სანაცვლოდ გასახლებაზე ურიგდებოდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ამ ბაზის მოდერნიზაციით პენტაგონი დაინტერესდა. მარნეულისა და ვაზიანის სამხედრო აეროდრომები თურქი სამხედრო სპეციალისტების მიერ ნატოს სტანდარტებით, პრაქტიკულად, უკვე მოდერნიზებულია.
2011 წლის 18 მარტს თბილისთან ახლოს, ალექსეევკაში, საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეფერალური ლაბორატორიის გახსნაში მონაწილეობდა აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბირთვული პროგრამების, ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის საკითხებში ენდრიუ ვებერი. "ასეთი ლაბორატორია არის მსოფლიოს 3-4 ქვეყანაში და ის, რომ აშშ-მა აირჩია საქართველოს ლაბორატორია, ჩვენთვის დიდი პატივია", - განაცხადა გახსნის ცერემონიაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა.
ხოლო აშშ-ის ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა აღნიშნა, რომ ლაბორატორიის მშენებლობა გამოწვეული იყო საქართველოს გეოგრაფიული მდგომარეობით და აუცილებლობით. ლაბორატორია 100 მილიონი აშშ დოლარი დაჯდა. დასავლური მედიის ცნობით, ამ ლაბორატორიის ტერიტორიაზე ამერიკელი სპეციალისტები აშშ-ის არმიის ინფექციური დაავადებების სამედიცინო კვლევების ინსტიტუტიდან ბიოლოგიური იარაღის კვლევებს აწარმოებენ.
ნიშანდობლივია, რომ საქართველოში აშშ-ის სამხედრო ინფრასტრუქტურის თანდათანობით შემოსვლას საფუძველი ჯერ კიდევ "ვარდების რევოლუციამდე" ჩაეყარა. 2003 წლის 21 მარტს საქართველოს პარლამენტმა 138 ხმით 1-ის წინააღმდეგ მოახდინა საქართველოსა და აშშ-ს შორის სამხედრო თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების რატიფიკაცია, რომლითაც ამერიკულ მხარეს მიეცა უფლება დაიკავოს ორმხრივად შეთანხმებული ტერიტორიები და ობიექტები საქართველოში, აშშ-ის ადმინისტრაციის სამოქალაქო და სამხედრო პირების, სატრანსპორტო საშუალებების, ხომალდებისა და თვითმფრინავებისათვის.
აშშ-ის მთავრობას ასევე ეძლევა უფლება, დაუბრკოლებლად გამოიყენოს ორმხრივად შეთანხმებული ობიექტები საქართველოს ტერიტორიაზე. ხოლო აშშ-ის ხელისუფლების სამოქალაქო და სამხედრო პირებს ეძლევათ უფლება, შემოვიდნენ და გავიდნენ საქართველოდან ვიზისა და პასპორტის გარეშე, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე. ასევე იქონიონ და ატარონ ცეცხლსასროლი იარაღი საქართველოს ტერიტორიაზე.
ექსპერტთა ნაწილი აშშ-ის სამხედრო ინფრასტრუქტურის საქართველოში განლაგებაში საფრთხესთან ერთად სარგებელსაც ხედავს, რაც მათი აზრით, ქართული არმიის მაღალტექნოლოგიური იარაღით აღჭურვასა და მისი ბრძოლისუნარიანობის ამაღლებაში გამოიხატება. გარდა ამისა, ამერიკული სამხედრო ბაზების საქართველოში განლაგება რეალურად შექმნიდა რამდენიმე ათას ახალ და საკმაოდ მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილს...
http://www.ambebi.ge/politika/45777-amerik...frthkhoeba.html