იარაღი "გადატვირთვის" წინააღმდეგ
აშშ-ს სენატმა სამხედრო ბიუჯეტი დაამტკიცა.
დიმიტრი ავალიანი
24 საათი 25.12.11
aa
aa
აშშ-ს სენატმა სამხედრო ბიუჯეტი დაამტკიცა.
რომლის ერთ-ერთი მუხლი საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობას და თავდაცვითი შეიარაღების მოწოდებას ითვალისწინებს.
რისგანაც ობამას ადმინისტრაცია 2008 წლის შემდეგ შეგნებულად იკავებდა თავს. ეს გადაწყვეტილება როგორც ავღანეთის მისიაში საქართველოს მონაწილეობამ, ასევე თბილისსა და ვაშინგტონს შორის მრავალწლიანმა მოლაპრაკებებმა და ამ თემისადმი პრესისა და ექსპერტების ყურადღებამ განაპირობა. საქართველოსთვის თავდაცვითი შეიარაღების მოწოდების დაწყების შემთხვევაში ვაშინგტონს, ფაქტობრივად, მოსკოვთან ურთიერთობის "გადატვირთვის" ფარგლებში ერთ-ერთ მთავარ დათმობაზე უარის თქმა მოუწევს. იმ ფონზე, რომ რუსეთში საპარლამენტო არჩევნების გაყალბებისა და მასობრივი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ აშშ-ში განახლდა საუბრები "გადატვირთვის" პოლიტიკის გადახედვის თაობაზე.
აშშ-ს ადმინისტრაციამ საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობის გააქტიურების კონკრეტული გეგმა უნდა წარმოადგინოს და თბილისს თავდაცვითი შეიარაღება მიაწოდოს. ასეთი დავალება აღმასრულებელ ხელისუფლებას შეერთებული შტატების სენატმა მისცა, რომელმაც 15 დეკემბერს ქვეყნის სამხედრო ბიუჯეტი დაამტიცა.
დოკუმენტი აშშ-ს 2012 წლის ეროვნული თავდაცვის ხარჯების შესახებ სამხედრო მიზნებზე ჯამში 662 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ასიგნებებს ითვალისწინებს. მისი ერთ-ერთი თავი "თავდაცვის სფეროში საქართველოსთან თანამშრომლობას" ეძღვნება და მოიცავს მოწოდებას აშშ-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის "ნორმალიზების" შესახებ, მათ შორის თბილისისთვის თავდაცვითი შეიარაღების მიყიდვის კუთხით.
მიღებული დოკუმენტის თანახმად, პენტაგონმა საქართველოს თავდაცვის საჭიროებები უნდა შეისწავლოს. თანამშრომლობის გეგმა საკანონმდებლო ორგანოს ზედა პალატას თავდაცვის მდივანმა სახელმწიფო დეპარტამენტთან შეთანხმებით 90 დღის ვადაში უნდა წარუდგინოს. გეგმა უნდა შეიცავდეს დახმარების კონკრეტულ მიმართულებებს, რათა საქართველომ "უზრუნველყოს საკუთარი მთავრობის, ხალხის და სუვერენული ტერიტორიის დაცვა, საქართველოს მთავრობის მიერ ძალის გამოუყენებლობის თაობაზე აღებული ვალდებულების შესაბამისად".
დოკუმენტი შეიცავს მოწოდებას საქართველოსთვის "თავდაცვითი საშუალებებისა და მომსახურების" მიყიდვის თაობაზე. იქვე აღნიშნულია, რომ ვაშინგტონმა უნდა მოუწოდოს "ნატო-ს წევრ და კანდიდატ ქვეყნებს, განაახლონ და გააფართოვონ თავდაცვითი შეიარაღების და მომსახურების მიყიდვა საქართველოსთვის".
გეგმას, რომელსაც პენტაგონი მოამზადებს, თან უნდა დაერთოს იარაღის შესყიდვის თაობაზე ყველა ის განაცხადი, რითიც ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს აშშ-სთვის მიუმართავს. დოკუმენტის თანახმად, ეს გეგმა საჯარო უნდა იყოს, თუმცა შესაძლოა დანართის სახით გასაიდუმლოებულ ნაწილსაც შეიცავდეს.
როგორც 15 დეკემბერს სენატის წინაშე გამოსვლისას რესპუბლიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა განაცხადა, აშშ-ს თანამშრომლობა საქართველოსთან თავდაცვის სფეროში სამი წლის წინ რუსეთის მიერ ამ ქვეყანაში შეჭრის შემდეგ შეჩერებულია. "მართალია, გარკვეულწილად ნელი და მცირე პროგრესი შეინიშნებოდა იმ მიმართულებით, რომ საქართველოს შესაძლებლობა ჰქონოდა, შეიარაღებული ძალები ავღანეთში განეთავსებინა - რასაც ისინი უფრო მეტი რაოდენობით აკეთებენ, ვიდრე რომელიმე ჩვენი მოკავშირე ქვეყანა ნატო-დან. მაგრამ თითქმის არაფერი გაკეთებულა საქართველოს შესაძლებლობის გასაძლიერებლად, რათა მან საკუთარი მთავრობა, ხალხი და ტერიტორია დაიცვას," - განაცხადა მაკკეინმა.
სენატის გადაწყვეტილების კომენტირებისას აშშ-ს ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა განაცხადა, რომ საქართველოსა და აშშ-ს სამხედრო თანამშრომლობა "მჭიდრო და ჯანსაღია" და "საერთო შეხედულებებსა და ღირებულებებს ეფუძნება". ეს საკითხი აშშ-სა და საქართველოს შორის გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ნაწილია. თუმცა, დღემდე საქართველოსთან აშშ-ს თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში სამხედრო რეფორმების განხორციელებაში დახმარებითა და ავღანეთის მისიაში მონაწილეობის მისაღებად ქართველი ჯარისკაცების აღჭურვითა და მომზადებით შემოიფარგლებოდა.
"არარსებული" ემბარგო
აშშ-დან თავდაცვითი შეიარაღების მოწოდების საკითხს თბილისი ვაშინგტონის წინაშე 2008 წლის შემდეგ მუდმივად აყენებდა. თუმცა, ეს თემა საჯარო განცხადებების საგანი იშვიათად ხდებოდა. ამავე დროს, საქართველოსა და აშშ-ს შორის თითქმის ყველა მოლაპარაკებებისა თუ ოფიციალური კონტაქტის პარალელურად შეიარაღების საკითხი მსჯელობის საგანი ხდებოდა ამერიკულ პრესაში.
გასული წლის სექტემბერში აშშ-ს თავდაცვის მდივანმა რობერტ გეითსმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი საქართველოსთვის სამხედრო დახმარების გაწევის საქმეში "სიფრთხილეს" იჩენს. თუმცა, მან ასევე აღნიშნა, რომ "ყველა სუვერენულ ქვეყანას აქვს უფლება, უზრუნველყოს საკუთარი თავდაცვა".
2010 წლის ივნისში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ გორდონმა კატეგორიულად უარყო, რომ ვაშინგტონმა საქართველოს იარაღის ემბარგო დაუწესა. თუმცა, მან ასევე განაცხადა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ვაშინგტონის პრიორიტეტია "დაძაბულობის შემცირება" და იმის მიღწევა, რომ რუსეთმა შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები და პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. "არ გვგონია, რომ იარაღის მიყიდვა და სამხედრო აღჭურვილობა არის გზა იმ ვითარებისკენ, რომლის მიღწევასაც ჩვენ ვცდილობთ საქართველოში," - განაცხადა გორდონმა.
მიმდინარე წლის იანვარში, საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტისა და ვაშინგტონში გამართული მოლაპარაკებების პარალელურად, მედიაში კვლავ გაჩნდა ცნობები აშშ-ს მიერ საქართველოსთვის თავდაცვითი შეიარაღების შესაძლო მიწოდების შესახებ. თუმცა, პენტაგონმა ამ ცნობებს "ცრუ ინფორმაცია" უწოდა.
შეიარაღების თემაზე საუბრის ფაქტი ოფიციალურმა თბილისმაც უარყო.
მარტში, აშშ-ში მორიგი ვიზიტის დროს, ჟურნალ "ფორინ პოლისი"-სთვის მიცემულ ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ აშშ საქართველოს მსუბუქ შეიარაღებას აწვდის, თუმცა ამერიკისგან საქართველოს სჭირდება ის, "რასაც სხვაგან ვერ შეიძენს". კონკრეტულად - ჰაერსაწინააღმდეგო და ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღება.
გასული წლის ბოლოს "ვიკილიქსის" ვებ-გვერდზე 2009 წლის ივნისით დათარიღებული ორი დიპლომატიური დეპეშა გამოქვეყნდა, რომლებიც ნათელს ხდიდა, რომ ამერიკელ დიპლომატებს შორის საქართველოსთვის შეიარაღების მიწიდებაზე იმ დროისთვის განსხვავებული მოსაზრებები არსებობდა.
რუსეთში აშშ-ს ელჩი ჯონ ბაიერლი თავის წერილში აფრთხილებდა ვაშინგტონს, რომ აქტიურმა სამხედრო თანამშრომლობამ თბილისთან შესაძლოა რისკის ქვეშ დააყენოს რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკა, ხოლო საქართველოში ამერიკის ელჩი ჯონ ტეფტი საქართველოს "ზომიერი, გამჭირვალე თავდაცვითი შესაძლებლობებით" უზრუნველყოფას უჭერდა მხარს.
ჯონ ბაიერლის მტკიცებით, ვაშინგტონს თბილისისთვის შეიარაღების მიწოდებისგან თავი უნდა შეეკავებინა, რაც, მისი აზრით, "რუსეთს უკეთესი ქცევისკენ უბიძგებს" და "ხელს შეუწყობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას". საქართველოს მილიტარიზაცია კი საფუძველს მისცემდა რუსეთს, გაემართლებინა თავისი სამხედრო ძალების ზრდა კონფლიქტურ რეგიონებში.
თავის მხრივ, საქართველოში აშშ-ს მაშინდელი ელჩი ჯონ ტეფტი თავის დეპეშაში ასაბუთებდა იმ მოსაზრებას, რომ აშშ-მ საქართველოს თავდაცვითი შეიარაღება უნდა მიაწოდოს, რათა ქვეყანამ "უკიდურესად შეზღუდული" თავდაცვითი ამოცანების შესრულება შეძლოს, რაც მოწინააღმდეგის შეკავებას გულისხმობს იმ მომენტამდე, სანამ საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზება მოხდება.
ტეფტი ასევე აღნიშნავდა, რომ საქართველოსთან აშშ-ს სამხედრო თანამშრომლობის ტემპების "რუსეთის კარნახით" განსაზღვრა იქნებოდა რუსეთისთვის ჯილდოს ტოლფასი იმ ქმედებაზე, რაც მან საქართველოში ჩაიდინა 2008 წლის აგვისტოში, რადგან "დღემდე, რუსეთს მეზობელი ქვეყნის დაპყრობისა და ოკუპაციისთვის არანაირი საზღაური არ გადაუხდია".
"თბილისში ჩვენს საელჩოს მიაჩნია, რომ საქართველოსნაირ ერთგულ პარტნიორთან ურთიერთობის გაწირვა უფრო დიდი რისკია, ვინაიდან ეს რუსეთს მხოლოდ წაახალისებს მომავალში უფრო მეტი დათმობები მოითხოვოს ჩვენგან და მეორეს მხრივ, კიდევ უფრო გაიმყაროს გავლენის სფეროებზე მისი წარმოდგენა," - ნათქვამია გზავნილში.
თუმცა, როგორც ჩანს, ვაშინგტონში სარწმუნოდ არა ტეფტის, არამედ ბაიერლის არგუმენტები მიიჩნიეს. აშშ-ს პოზიცია პირველ რიგში რუსეთთან ურთიერთობების მოწესრიგების სურვილმა განაპირობა. როგორც ჩანს, აშშ-ს ადმინისტრაციას მართლაც გულწრფელად სწამდა, რომ საქართველოსთვის შეიარაღების მიწოდებისგან თავის შეკავება რუსეთის აგრესიულ ქმედებებს შეაჩერებდა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შემდგომი მილიტარიზაციის გეგმებზე უარს ათქმევინებდა. თუმცა, მალევე ცხადი გახდა, რომ ეს მოსაზრება მცდარი აღმოჩნდა. რუსეთმა, ჩვეულებრივ შეიარაღებასთან ერთად, ბოლო წლების განმავლობაში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში "ეს-300" ტიპის საზენიტო კომპლექსები და "სმერჩის" ტიპის ზალპური ცეცხლის დანადგარების დივიზიონი განალაგა.
უარი საქართველოსთვის შეიარაღების მიწოდებაზე აშშ-რუსეთის "გადატვირთვის" პოლიტიკის ნაწილი გახდა. როგორც რუსეთში აშშ-ს ახლანდელი ელჩი მაიკლ მაკფოლი ჯერ კიდევ უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის მრჩევლის რანგში აცხადებდა, "კითხვა ასე უნდა დავსვათ: არიან თუ არა საქართველო და ევროპა დღეს მეტად უსაფრთხო მდგომარეობაში, ვიდრე მანამდე, სანამ ჩვენ ეს ყველაფერი (გადატვირთვა) წამოვიწყეთ? ვფიქრობ, პასუხი არის "დიახ".
ნიშნავს თუ არა სენატის გადაწყვეტილება, რომ აშშ-ს დამოკიდებულება რუსეთის მიმართ შეიცვლება და ვაშინგტონი "გადატვირთვას" გადახედავს? ინტერნეტ-გამოცემა "ეურაზიანეტ" ყურადღებას ამახვილებს რუსეთის შესაძლო რეაქციაზე საქართველოსთვის შეიარაღების მოწოდებაზე, რაზეც ვაშინგტონში წარმოდგენა უნდა ჰქონდეთ. გამოცემა სენატის გადაწყვეტილებას აშშ-რუსეთის ურთიერთობების თვალსაზრისით "მაპროვოცირებელს" უწოდებს. მით უმეტეს, კრემლის ბოლო განცხადებების ფონზე, რომელმაც საქართველო ტეროტისტების მფარველობაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა და პროტესტი გამოთქვა ნატო-ს მიერ საქართველოს ალიანსის წევრობის "ასპირანტ ქვეყნად" მოხსენიების გამო. გამოცემას მოჰყავს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლობის სამმართველოს ყოფილი უფროსის გენერალ ბუჟინსკის კომენტარი, რომელიც ამტკიციებს, რომ აშშ-მ თავი უნდა შეიკავოს საქრათველოსთან თანამშრომლობით რუსეთის გაღიზიანებისგან, ვინაიდან ამ შემთხვევაში კითხვის ნიშნის ქვეშ რუსეთის გავლით ავღანეთში ნატო-ს სამხედრო ტვირთების ტრანზიტი დადგება. "შეასრულებს რუსეთი ამ მუქარას? შესაძლოა, ამას მალე გავიგებთ," - დასძენს გამოცემა.
"გადატვირთვის"
დასასრული?
ობამას ადმინისტრაციამ კანონმდებლების წინააღმდეგობა დაძლია - აშშ-რუსეთის გადატვირთვის პოლიტიკის "შემოქმედი" მაიკლ მაკფოლი 17 დეკემბერს სენატმა რუსეთში ელჩად დაამტკიცა. ბარაკ ობამამ მისი კანდიდატურა სენატს ჯერ კიდევ 15 დეკემბერს წარუდგინა. თუმცა, მისი დამტკიცება ორჯერ გადაიდო.
ამის მიზეზი გახდა სენატორთა პრეტენზიები "გადატვირთვის" პილიტიკის მიმართ - როგორც ადამიანის უფლებების შელახვა რუსეთში, ასევე მოსკოვის პოლიტიკა საქართველოს მიმართ. ყველაზე მთავარი წინააღმდეგობა ადმინისტრაციასა და კანონმდებლებს შორის რუსეთისთვის ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის შესახებ საიდუმლო ინფორმაციის გაზიარების გეგმები გახდა. ამგვარ მზადყოფნას ობამას ადმინისტრაცია რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის საკითხში მოსკოვთან კონფლიქტის მოსაგვარებლად გამოთქვამდა. თუმცა, საბოლოოდ, ადმინისტრაციამ სენატორებს პირობა მისცა, რომ მოსკოვს ამგვარ ინფორმაციას არ გადასცემდა, რის შემდეგაც კანონმდებლები მაკფოლის დანიშვნას დათანხმდნენ. თუმცა, ამგვარი გადაწყვეტილება აშკარად არ მოეწონება კრემლს, რაც მაკფოლის მისიას მოსკოვში საკმაოდ გაართულებს.
კიდევ უფრო აქტუალური გადატვირთვის კრიტიკა რუსეთში გამართული არჩევნების შემდეგ გახდა, რომლებიც აშშ-ს სახელმწიფო მდივნის განცხადებით, "არც სამართლიანი და არც თავისუფალი იყო". კლინტონის ამ შეფასებას ვლადიმირ პუტინის მწვავე რეაქცია მოჰყვა, რომელმაც აშშ რუსეთის ოპოზიციისა და ქუჩის გამოსვლების წახალისებაში დაადანაშაულა.
ამერიკელი ექსპერტები რუსეთის მიმართ პოლიტიკის შეცვლის აუცილებლობაზე საუბრობენ. ჰოპკინისის უნივერსიტეტის ანალიტიკოსის დონალდ ჯენსენის განცხადებით, "ადმინისტრაცია საკმარის ყურადღებას არ უთმობს რუსეთში ადამიანის უფლებების დარღვევას. გარდა ამისა, ბევრს მიაჩნია, რომ რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესება მეორე პლანზე გადაწევს აშშ-ს ურთიერთობას სხვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან. რუსეთის გავლენა კი ამ რესპუბლიკებში მნიშვნელოვნად გაიზარდა".
14 დეკემბერს სენატში გაიმართა საჯარო მოსმენა რუსეთში ადამიანის უფლებათა დაცვასთან და ამ საკითხში აშშ-ს პოლიტიკასთან დაკავშირებით. უფლებადამცველებმა ამ შეხვედრაზე შეშფოთება გამოთქვეს იმის გამო, რომ ობამას ადმინისტრაციას სათანადო პასუხი არ გაუცია პუტინის ბრალდებებისთვის. "ფრიდომ ჰაუსის" პრეზიდენტის დევიდ კრამერის განცხადებით, ობამა ვალდებულია სახელმწიფო მდივანი პერსონალური თავდასხმებისგან დაიცვას და მოვლენებისადმი საკუთარი დამოკიდებულება დააფიქსიროს. "თუ მომავალი წლის მარტში საპრეზიდენტო არჩევნები რუსეთში ასეთივე დარღვევებით ჩატარდება, შეერთებულმა შტატებმა რუსეთის ხელისუფლების ლეგიტიმურობის საკითხი უნდა დააყენოს".
"ჰუმან რაითს უოთჩის" ვაშინგტონის ბიუროს ხელმძღვანელის, ტომ მალინოვსკის თქმით, "გადატვირთვის" ნამდვილ ღილაკს ხელი რუსმა ხალხმა დააჭირა. ჩვენ არ ვიცით, ეს სად მიგვიყვანს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ისინი უკან აღარ დაიხევენ". შესაბამისად, მისი თქმით, აშშ-მ საკუთარი პოლიტიკა ამ მდგომარეობასთან შესაბამისობაში უნდა მოიყვანოს. უფლებადამცველებმა სენატის ევროპის საკითხთა ქვეკომიტეტს წერილით მიმართეს, რომელშიც რუსეთში ადამიანის უფლებათა დარღვევაზე ქმედითი რეაგირება მოსთხოვეს.
ბრალდებებისა და მოწოდებების საპასუხოდ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ფილიპ გორდონმა განაცხადა, რომ აშშ რუსეთთან საერთო ინტერესების რეალიზაციას მოახდენს, თუმცა, "არასდროს მოერიდება გულახდილ საუბარს ჩვენს უთანხმოებებზე".
საპარლამენტო არჩევნების შემდეგ რუსეთში შექმნილი ვითარება "გადატვირთვის" პოლიტიკას ემუქრება - აღნიშნავს სააგენტო "როიტერი" ანალიტიკურ სტატიაში. მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები ორივე ქვეყანაში ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის დაძაბულობის კიდევ უფრო ზრდას შეუწყობს ხელს. ვლადიმირ პუტინის ბრალდებები შესაძლოა იმის ნიშანია, რომ "დათბობა" ორი ქვეყნის ურთიერთობებში შესაძლოა დასასრულს უახლოვდება.
პუტინი არჩევნების წინ აშშ-ს კრიტიკით იქნება დაინტერესებული. თავის მხრივ, ობამაც შეეცდება თავი დააღწიოს რესპუბლიკელთა ბრალდებებს მოსკოვის მიმართ ლმობიერ პოლიტიკასთან დაკავშირებით და პრინციპული ნაბიჯების გადადგმით დემოკრატებს შორისაც მეტი მხარდაჭერა მოიპოვოს.
"შერიგების პერიოდის შემდეგ გარდატეხის წერტილში ვიმყოფებით და ამ მომენტიდან საქმეები შეიძლება ცუდად წავიდეს," - აღნიშავს "როიტერთან" საუბრისას კარნეგის ფონდის ექსპერტი მეთიუ როჟანსკი.
"გარღვევის"
წინაპირობები
სენატის მიერ მიღებული დოკუმენტი, რომელიც საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს, ძალაში მხოლოდ მას შემდეგ შევა, რაც მას ხელს აშშ-ს პრეზიდენტი მოაწერს. ამ შემთხვევაშიც, პენტაგონს და სახელმწიფო დეპარტამენტს დრო დასჭირდება თანამშრომლობის კონკრეტული პარამეტრების ჩამოსაყალიბებლად. კიდევ უფრო დიდი დრო შეიძლება დასჭირდეს ყველა ფორმალობის მოწესრიგებას და შეიარაღების რეალურად მიწოდების დაწყებას. თუმცა, მთავარი ამ გადაწყვეტილებაში პოლიტიკური გზავნილია - იარაღის არაფორმალურმა ემბარგომ, რომელიც აშშ-ს ადმინისტრაციამ საქართველოს რუსეთთან "გადატვირთვის" პოლიტიკის კონტექსტში დაუწესა, ამერიკული საზოგადოებრივი აზრის, ექსპერტებისა და კანონმდებლების ზეწოლას ვეღარ გაუძლო. დიდი მნიშვნელობა აქვს დოკუმენტს იმ თვალსაზრისითაც, რომ ის წარმოადგენს მოწოდებას ნატო-ს ქვეყნებისადმი საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობის გააქტიურებისა და შეიარაღების მოწოდების განახლებისკენ.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ამ თვალსაზრისით, ნატო-ს ავღანეთის ოპერაციაში საქართველოს მონაწილეობაა. მზადყოფნა ქართული კონტინგენტის გაზრდასთან დაკავშირებით თბილისმა რამდენიმე თვის წინ გამოთქვა, ამის თაობაზე მიმდინარეობდა მოლაპარაკებები როგორც ვაშინგტონთან, ასევე ნატო-სთან. სენატში კენჭისყრიდან ორ დღეში კი, საქართველოს პარლამენტმა ავღანეთში კიდევ ერთი ბატალიონის გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილებას დაუჭირა მხარი.
შესაბამისად, ავღანეთში მყოფ 900 ქართველ სამხედროს კიდევ 750 დაემატება. ამის შემდეგ საქართველო გახდება ნატო-ს არაწევრი სახელმწიფო, რომელსაც ყველაზე მეტი სამხედრო ეყოლება ავღანეთში. ამჟამად, ამგვარ სახელმწიფოებს შორის ყველაზე მეტი სამხედრო ავღანეთში ავსტრალიას ჰყავს - 1 550-ის ოდენობით.
თბილისის მუდმივი მზადყოფნა, გაზარდოს ავღანეთის მისიაში მონაწილეობა ნატო-ს ბევრი გავლენიანი წევრისგან განსხვავებით, ვაშინგტონშიც არაერთხელ აღუნიშნავთ. ამერიკელი სამხედროები კი მუდმივად უსვამენ ხაზს ქართული ქვედანაყოფების მაღალ ბრძოლისუნარიანობას. ამ ვითარებაში ობამას ადმინისტრაციისთვის სულ უფრო რთული ხდება თბილისისთვის შეიარაღების მოწოდებაზე უარის დასაბუთება.
ოფიციალური თბილისი მუდმივად აყენებდა სამხედრო თანამშრომლობის საკითხს ვაშინგტონში მოლაპარაკებების დროს - არამხოლოდ ადმინისტრაციის, პენტაგონისა და სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან, არამედ კანონმდებლებთან და ექსპერტებთან შეხვედრებზეც. ამან შედეგი გამოიღო და საბოლოო "გარღვევის" მიღწევაში თავისი წვლილი შეიტანა.
ამავე დროს, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ამ მხრივ რუსეთის გარშემო შექმნილი პოლიტიკური ფონია, განსაკუთრებით 4 დეკემბრის საპარლამენტო არჩევნების და რუსეთში საპროტესტო მოძრაობის დაწყების შემდეგ. ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო არენაზე რუსული რეჟიმის მიერ ლეგიტიმურობის დაკარგვამ შესაძლოა აშშ-სა და ევროპის მხრიდან მოსკოვისადმი დათმობების "ლიმიტი" საბოლოდ ამოწუროს. თუმცა, ეს რუსეთის შიგნით განვითარებულ მოვლენებზე იქნება დამოკიდებული.
http://24saati.ge/index.php/category/news/...2-25/23579.html