ლეიტენანტ-კოლონელ ჯეიმს დულიტლის (James Harold "Jimmy" Doolittle) ავიარეიდი იაპონიაზე (18.04.1942) მეორე მსოფლიო ომის ისტორიაში ცნობილი და უნიკალური საბრძოლო ოპერაციაა იმ კუთხით, რომ ფლოტისა და ავიაციის ისტორიაში პირველად სწორედ ამ ოპერაციის მსვლელობისას მოხდა ორმოტორიანი შორმფრენი ბომბდამშენების (B-25B Mitchell, სულ - 16 ერთეული) ავიამზიდის ("ჰორნეტი", USS Hornet CV-8) გემბანიდან აფრენა. ეს რეიდი ტოკიოზე პირველი ამერიკული საჰაერო თავდასხმა და იაპონიის სამხედრო ხელმძღვანელობისათვის სრული მოულოდნელობა იყო. მიუხედავად დიდი რისკისა, ეს ოპერაცია მნიშვნელოვანი (პირველ რიგში - იდეოლოგიური და პოლიტიკური) წარმატებით და შედარებით მცირე მსხვერპლით დასრულდა, რისთვისაც ოპერაციის ავტორი, ხელმძღვანელი და უშუალო მონაწილე ჯეიმს დულიტლი კონგრესის მედლით დააჯილდოვეს და ბრიგადის გენერლის წოდება მიანიჭეს.
ავიამზიდი "ჰორნეტი" (USS Hornet CV-8), 1941 წ.

18.04.1942 წ.: ავიამზიდ "ჰორნეტის" გემბანი სავსეა B-25 ბომბდამშენებით (ტრავერზზე მოჩანს საესკადრო ნაღმოსანი "გუინი" (USS Gwin (DD-433)).

18.04.1942 წ.: B-25-ები ფრინდებიან "ჰორნეტის" გემბანიდან.




1985 წ.: ოთხვარსკვლავიანი გენერალი ჯეიმს დულიტლი (14.12.1896-17.11.1993)
* * *
ეკიპაჟი N.1 (34-ე ბომბდამშენი ესკადრილია, ბორტი N.40-2344), მარცხნიდან მარჯვნივ:
ლეიტენანტი ჰენრი პოტერი (Henry A. Potter)
ლეიტენენტ-კოლონელი ჯეიმს დულიტლი (James H. Doolittle)
შტაბ-სერჟანტი ფრედ ბრემერი (Fred A. Braemer)
ლეიტენანტი რიჩარდ კოული (Richard E. Cole)
შტაბ-სერჟანტი პოლ ლეონარდი (Paul J. Leonard).
დავალების შესრულების შემდეგ ეკიპაჟი ჩინეთის ტერიტორიის თავზე გადმოხტა პარაშუტით, წარმატებით გადავიდნენ მოკავშირეების კონტროლირებად ტერიტორიაზე და უვნებლად დაბრუნდნენ სამშობლოში.

ეკიპაჟი N.2 (37-ე ბომბდამშენი ესკადრილია, ბორტი N.40-2292), მარცხნიდან მარჯვნივ:
ლეიტენანტი ტრევის ჰუვერი (Travis Hoover)
ლეიტენენტი უილიამ ფიტცჰიუ (William N. Fitzhugh)
ლეიტენანტი კარლ უილდნერი (Carl R. Wildner)
ლეიტენანტი რიჩარდ მილერი (Richard E. Miller)
სერჟანტი დუგლას რედნი (Douglas V. Radney).
დავალების შესრულების შემდეგ ჰუვერმა ბომბდამშენი ჩინეთის ტერიტორიაზე, ბრინჯის მინდორზე უვნებლად დასვა, ეკიპაჟის ყველა წევრი წარმატებით გადავიდა მოკავშირეების კონტროლირებად ტერიტორიაზე და უვნებლად დაბრუნდნენ სამშობლოში. ლეიტენანტი მილერი ჩრდილოეთ აფრიკაში დაიღუპა (22.01.1943 წ.)

ეკიპაჟი N.3 (95-ე ბომბდამშენი ესკადრილია, ბორტი N.40-2270), მარცხნიდან მარჯვნივ:
ლეიტენანტი რობერტ გრეი (Robert M. Gray)
ლეიტენენტი ჯეიკობ მანჩი (Jacob E. Manch)
ლეიტენანტი ჩარლზ ოზუკ-უმცროსი (Charles J. Ozuk Jr.)
სერჟანტი ადენ ჯონსი (Aden E. Jones)
კაპრალი ლილანდ ფექტორი (Leland D. Faktor).
დავალების შესრულების შემდეგ ეკიპაჟი ჩინეთის ტერიტორიის თავზე გადმოხტა პარაშუტით: ლეიტენანტმა ოზუკმა დაშვებისას ფეხი დაიზიანა, ხოლო კაპრალი ფექტორი დაიღუპა. დანარჩენები წარმატებით გადავიდნენ მოკავშირეების კონტროლირებად ტერიტორიაზე; ლეიტენანტი გრეი აქვე დარჩა და საბრძოლო დავალებებზე დაფრინავდა, დაიღუპა ბირმაში (1942 წლის ოქტომბერი).

ეკიპაჟი N.4 (95-ე ბომბდამშენი ესკადრილია, ბორტი N.40-2282), მარცხნიდან მარჯვნივ:
ლეიტენანტი ევერეტ ჰოლსტორმი (Everett W. Holstrom)
სერჟანტი რობერტ სტეფენსი (Robert J. Stephens)
ლეიტენანტი ლუკან (ლუსიან) იანგბლადი (Lucian N. Youngblood)
კაპრალი ბერტ ჯორდანი (Bert M. Jordan)
ლეიტენანტი ჰარი მაკქული (Harry C. McCool).
ავიამზიდიდან აფრენის შემდეგ ამ ეკიპაჟის B-25 ზღვის ზედაპირიდან 23 მეტრის სიმაღლეზე მიფრინავდა, როდესაც მას მოულოდნელად ორმა იაპონურმა გამანადგურებელმა შეუტია წინა ნახევარსფეროდან. იანგბლადმა კიდევ ორი სხვაც შეამჩნია, ჰოლსტრიმმა - კიდევ 9. რაკი დარწმუნდა, რომ მიზნამდე მიღწევის შანსი აღარ არსებობდა, ჰოლსტრიმმა სტეფენსს ბომბების ზღვაში ჩაყრა უბრძანა, რის შემდეგაც საგრძნობლად შემსუბუქებულმა ბომბდამშენმა კურსი სამხრეთით, ჩინეთისაკენ აიღო, სწრაფად გაზარდა სიჩქარე, მოწყდა იაპონურ გამანადგურებლებს და, საწვავის დასრულების შემდეგ, ეკიპაჟი ჩინეთის ტერიტორიის თავზე პარაშუტებით გადმოხტა. ყველანი გადარჩნენ.

ეკიპაჟი N.5 (95-ე ბომბდამშენი ესკადრილია, ბორტი N.40-2283), მარცხნიდან მარჯვნივ:
ლეიტენანტი იუჯინ მაკგარლი (Eugene F. McGurl)
კაპიტანი დევიდ ჯონსი (David M. Jones)
ლეიტენანტი დენვერ ტრულავი (Denver V. Truelove)
ლეიტენანტი როს უაილდერი (Ross R. Wilder)
სერჟანტი ჯოზეფ მანსკი (Joseph W. Manske).
აფრენის წინ ამ ეკიპაჟის თვითმფრინავის საწვავით ბოლომდე გამართვა ვერ მოხერხდა, ამიტომ კაპიტანმა ჯონსმა უახლოესი მიზნის შეტევა გადაწყვიტა: ოთხივე ბომბი ტოკიოს პორტის შენობა-ნაგებობებს მოხვდა (საწვავის ცისტერნა, სამსასრთულიანი ელექტროსადგური და ორი ორსართულიანი ნაგებობა), ხოლო თავად თვითმფრინავმა პირველმა მიაღწია ჩინეთის ტერიტორიას, რომლის თავზეც ყველანი პარაშუტებით გადმოხტნენ. ამ ოპერაციისას ხუთივე გადარჩა, მაგრამ მოგვიანებით ორი მათგანი ბრძოლებში დაიღუპა, კაპიტანი ჯონსი კი ტყვედ ჩავარდა.

ეკიპაჟი N.6 (95-ე ბომბდამშენი ესკადრილია, ბორტი N.40-2298 Green Hornet), მარცხნიდან მარჯვნივ:
ლეიტენანტი ჩეიზ ნილსენი (Chase J. Nielsen)
ლეიტენანტი დინ ჰოლმარკი (Dean E. Hallmark)
სერჟანტი უილიამ დიტერი (William J. Dieter)
ლეიტენანტი რობერტ მედერი (Robert J. Meder)
ლეიტენანტი დონალდ ფიცმორისი (Donald E. Fitzmaurice).
ამ ეკიპაჟმა უკანასკნელმა დაბომბა ტოკიოს ცენტრი, ამიტომ მათ თვითმფრინავს მჭიდრო საზენიტო ცეცხლის გარღვევა მოუხდა: ჩამოყრილი ბომბებით საგლინავი ქარხანა განადგურდა. საწვავის დასრულების შემდეგ ჰოლმარკმა თვითმფრინავი ჩინეთის სანაპიროს შორიახლოს, წყალზე დასვა: ამ დროს დიტერი და ფიცმორისი დაიღუპნენ, დანარჩენებმა კი ნაპირამდე ცურვით მიაღწიეს და ყველანი იაპონელებს ჩაუვარდნენ ტყვედ. დინ ჰოლმარკი იაპონელებმა სიკვდილით დასაჯეს (15.10.1942), რობერტ მედერი ტყვეობაში გარდაიცვალა (01.12.1943). ამ ეკიპაჟიდან ცოცხალი მხოლოდ ნილსენი გადარჩა.
* * *
ეკიპაჟი N.7 (95-ე ბომბდამშენი ესკადრილია, ბორტი N.40-2262 The Ruptured Duck), მარცხნიდან მარჯვნივ:
ლეიტენანტი ჩარლზ მაკკლური (Charles L. McClure)
ლეიტენანტი ტედ ლოუსონი (Ted W. Lawson)
ლეიტენანტი რობერტ ქლევერი (Robert S. Clever)
ლეიტენანტი დინ დევენპორტი (Dean Davenport)
ლეიტენანტი დევიდ თეტჩერი (David J. Thatcher).
ეს ეკიპაჟი ტოკიოს პორტს ბომბავდა: სამი ბომბი ქარხანას მოხვდა, ერთი ცეცხლგამჩენი ბომბი - მჭიდროდ დასახლებულ რაიონს. დაბომბვის დასრულების შემდეგ ლოუსონმა იოკოჰამას გვერდი აუქცია და კურსი ჩინეთისაკენ აიღო. საწვავი ჩინეთის სანაპიროსთან გაუთავდათ და ლოუსონმა გადაწყვიტა, ნაპირამდე მიეღწია. ნაპირზე დაჯდომისას ეკიპაჟის ყველა წევრმა, გარდა თეტჩერისა, უმძიმესი ჭრილობები მიიღო. მაკკლური 1943 წლამდე დარჩა ჰოსპიტალში, ლოუსონმა ფეხის ამპუტაცია გადაიტანა.

ეკიპაჟი N.8 (95-ე ბომბდამშენი ესკადრილია, ბორტი N.40-2242), მარცხნიდან მარჯვნივ:
ლეიტენანტი ნოლან ჰერნდონი (Nolan A. Herndon)
კაპიტანი ედუარდ იორკი (Edward J. York)
შტაბ-სერჟანტი თეოდორ ლებენი (Theodore H. Laban)
ლეიტენანტი რობერტ ემენსი (Robert G. Emmens)
სერჟანტი დევიდ პოლი (David W. Pohl).
ტოკიოს დაბომბვის შემდეგ (ერთი ბომბი მაღალ შენობას მოხვდა, სად დაეცა სამი დანარჩენი, ეკიპაჟმა ვერ დაინახა) კაპიტანმა იორკმა საწვავის უკმარისობის გამო სსრკ-მდე მიღწევა გადაწყვიტა, სადაც საწვავის დამატების იმედი ჰქონდა. ამ ეკიპაჟის თვითმფრინავი ვლადივოსტოკიდან 25 კმ-ით დაშორებულ აეროდრომ პრიმორსკიზე დაჯდა. საბჭოთა მხარემ თვითმფრინავის კონფისკაცია მოახდინა, ხოლო ეკიპაჟის - ინტერნირება. ამერიკელი მფრინავები სამშობლოში მხოლოდ 1943 წლის მაისში დაბრუნდნენ.

ეკიპაჟი N.9 (34-ე ბომბდამშენი ესკადრილია, ბორტი N.40-2303 Whirling Dervish), მარცხნიდან მარჯვნივ:
ლეიტენანტი ტომას გრიფინი (Thomas C. Griffin)
ლეიტენანტი ჰაროლდ უოტსონი (Harold F. Watson)
სერჟანტი უეინ ბიზელი (Wayne M. Bissell)
ლეიტენანტი ჯეიმს პარკერ-უმცროსი (James N. Parker Jr.)
სერჟანტი ელდრედ სკოტი (Eldred V. Scott).
ამ ეკიპაჟმა დაბომბვის შემდეგ მცელავი ფრენით გადაუფრინა იაპონიის იმპერატორის სასახლეს და კურსი ჩინეთისაკენ აიღო. ჩინეთის ტერიტორიაზე იძულებითი დაშვებისას დაიჭრა უოტსონი. ყველა გადარჩა.

ეკიპაჟი N.10 (89-ე მზვერავი ესკადრილია, ბორტი N.40-2250), მარცხნიდან მარჯვნივ:
ლეიტენანტი ჰორეს კროუჩი (Horace E. Crouch)
ლეიტენანტი რიჩარდ ჯოისი (Richard O. Joyce)
სერჟანტი ჯორჯ ლარკინ-უმცროსი (George E. Larkin Jr.)
ლეიტენანტი ჯეი სტორკი (J. Royden Stork)
შტაბ-სერჟანტი ედვინ ჰორტონ-უმცროსი (Edwin W. Horton Jr.).
დაბომბვის პროცესში ეს თვითმფრინავი ერთადერთი იყო, რომელმაც საზენიტო ცეცხლისაგან მიიღო დაზიანება. მას ასევე შეუტია 9 იაპონურმა გამანადგურებელმა. მიუხედავად ამისა, ეკიპაჟმა მაინც მიაღწია ჩინეთის ტერიტორიას და პარაშუტებით გადმოხტა. ადგილობრივი მცხოვრებლების დახმარებით მათ მხოლოდ 4 დღის შემდეგ მიაღწიეს შეკრების ადგილს. ყველა გადარჩა და ინდოჩინეთში განაგრძეს ბრძოლა.

ეკიპაჟი N.11 (34-ე ბომბდამშენი ესკადრილია, ბორტი N.40-2249 Hari Kari-er), მარცხნიდან მარჯვნივ:
ლეიტენანტი ფრენკ კაპელერი (Frank A. Kappeler)
კაპიტანი როს გრინინგი (C. Ross Greening)
შტაბ-სერჟანტი უილიამ ბირჩი (William L. Birch)
ლეიტენანტი კენეტ რედი (Kenneth E. Reddy)
შტაბ-სერჟანტი მელვინ გარდნერი (Melvin J. Gardner).
ამ თვითმფრინავმა იოკოჰამას შეუტია: ცხვირის ტყვიამფრქვევების ცეცხლით ტოკიოს პორტში მდგარ კატარღას ცეცხლი გაუჩნდა, ელვინ გარდნერმა კი ორი იაპონური გამანადგურებელი დააზიანა (ოთხიდან, რომლებმაც ბომბდამშენს შეუტიეს), დაბომბვის შედეგად კი საწვავ-საპოხი მასალების შენიღბული საწყობი განადგურდა. ეკიპაჟი ჩინეთის სანაპიროდან 200 მილის მოშორებით გადმოხტა პარაშუტებით, რომლის დროსაც რედიმ ფეხი მოიტეხა და ნაფლეთი ჭრილობა მიიღო, ხოლო გარნერმა ორივე იდაყვი ამოიგდო. ყველა გადარჩა.
* * *
ეკიპაჟი N.12 (37-ე ბომბდამშენი ესკადრილია, ბორტი N.40-2278 Fickle Finger of Fate), მარცხნიდან მარჯვნივ:
ლეიტენანტი უილიამ პოუნდ-უმცროსი (William R. Pound Jr.)
ლეიტენანტი უილიამ ბაუერი (William M. Bower)
შტაბ-სერჟანტი უალდო ბიჩერი (Waldo J. Bither)
ლეიტენანტი ტედ ბლანტონი (Thadd H. Blanton)
შტაბ-სერჟანტი ომერ დიუკეტი (Omer A. Duquette).
დაბომბვის შემდეგ თვითმფრინავმა მშვიდობიანად მიაღწია ჩინეთის ტერიტორიას, რომლის თავზეც ეკიპაჟი პარაშუტით გადმოხტა. დაშვენისას დიუკეტმა ფეხი მოიტეხა. შეკრების ადგილისკენ სვლისას N.10 ეკიპაჟს შეხვდნენ და ერთად მივიდნენ დანიშნულების ადგილას 4 დღეში. ყველა გადარჩა.

ეკიპაჟი N.13 (37-ე ბომბდამშენი ესკადრილია, ბორტი N.40-2247 The Avenger), მარცხნიდან მარჯვნივ:
ლეიტენანტი კლეიტონ კემპბელი (Clayton J. Campbell)
ლეიტენანტი ედგარ მაკილროი (Edgar E. McElroy)
მასტერ-სერჟანტი რობერ ბურჟუა (Robert C. Bourgeois)
ლეიტენანტი რიჩარდ ნობლოჩი (Richard A. Knobloch)
სერჟანტი ადამ უილიამსი (Adam R. Williams).
იოკოსულას პორტის დაბომბვის შედეგად ამ ეკიპაჟმა მშენებარე მსუბუქი ავიამზიდი ჩაძირა, ასევე ბომბებმა დააზიანეს პორტის ზოგიერთი ნაგებობა და ხანძრები გამოიწვიეს საცხოვრებელ რაიონეში. თვითმფრინავმა თავგადასავლების გარეშე მიაღწია ჩინეთს და ეკიპაჟი პარაშუტებით გადმოხტა. დაშვებისას უილიამსმა მუხლი ამოიგდო. ყველა გადარჩა და განაგრძეს ბრძოლა ინდოჩინეთის ტერიტორიაზე.

ეკიპაჟი N.14 (89-ე მზვერავი ესკადრილია, ბორტი N.40-2297), მარცხნიდან მარჯვნივ:
ლეიტენანტი ჯეიმს მასია-უმცროსი (James H. Macia Jr.)
მაიორი ჯონ ჰიგლერი (John A. Hilger) - დულიტლის მოადგილე
შტაბ-სერჟანტი ჯობ აიერმანი (Job Eierman)
ლეიტენანტი ჯეკ სიმსი (Jack A. Sims)
შტაბ-სერჟანტი ედვინ ბეინი (Edwin V. Bain).
ამ ეკიპაჟმა ნაგოია დაბომბა, თავგადასვლების გარეშე მიაღწია ჩინეტის ტერიტორიას და მის თავზე პარაშუტებით გადმოხტა. ყველა გადარჩა.

ეკიპაჟი N.15 (89-ე მზვერავი ესკადრილია, ბორტი N.40-2267), მარცხნიდან მარჯვნივ:
ლეიტენანტი ჰოვარდ სესლერი (Howard A. Sessler)
ლეიტენანტი დონალდ სმიტი (Donald G. Smith)
ლეიტენანტი ტომას უაიტი (Thomas R. White)
ლეიტენანტი გრიფიტ უილიამსი (Griffith P. Williams)
სერჟანტი ედვარდ სეილორი (Edward J. Saylor).
კობეს დაბომბვის შემდეგ სმიტმა თვითმფირნავი ჩინეთის სანაპიროდან 500 მეტრში, წყალზე დასვა. ნაპირამდე გასაბერი სამაშველო ნავით მიაღწიეს და, ადგილობრივი მცხოვრებლების დახმარებით შეკრების ადგილას მივიდნენ. ყველა გადარჩა.

ეკიპაჟი N.16 (34-ე ბომბდამშენი ესკადრილია, ბორტი N.40-2268), მარცხნიდან მარჯვნივ:
ლეიტენანტი ჯორჯ ბარი (George Barr)
ლეიტენანტი უილიამ ფაროუ (William G. Farrow)
კაპრალი ჯეიკობ დეშაზერი (Jacob DeShazer)
ლეიტენანტი რობერტ ჰიტი (Robert L. Hite)
სერჟანტი ჰაროლდ სპატცი (Harold A. Spatz).
ეს ეკიპაჟი ყველაზე უიღბლო გამოდგა: ჯერ კიდევ აფრენისას ავიამზიდის გემბანის მომსახურე პერსონალის მატროსს ფეხი აუცურდა და ამ თვითმფრინავის მომუშავე პროპელერმა ხელი მჰკვეთა. შემდეგ კი ნაგოიას საავიაცო ქარხნისა და საწვავ-საპოხი მასალების საწყობის დაბომბვამ სასურველი შედეგი ვერ მოიტანა. ჩინეთის ტერიტორიაზე იძულებითი დაშვებისას თვითმფრინავი იაპონელების მიერ დაკავებული ქალაქ ნანჩანგის ახლოს მოხვდა და ეკიპაჟის ყველა წევრი რამდენიმე საათის განმავლობაში აღმოჩნდა ტყვეობაში (პირველი - ფაროუ). ფაროუ და სპატცი იაპონელებმა სიკვდილით დასაჯეს (15.10.1942).