მოვიცალე,
ეხლა რა ხდება, კამათი იმაზე რომელი სპეცი რომელს ჯობია იგივეა, რაც ბრუს ლი მოერევა თუ ვან დამი

კრიტერიუმად ვერ გამოდგება ასეთი მოსაზრება: რეინჯერი ინდიელების გამოცდილებით შეიქმნა 250 წლის წინ და SEAL-ი 80-იანებშიო (ისე 60-იანების დასაწყისში შეიქმნა) და შესაბამისად რეინჯერები უფრო გამოცდილები არიანო. პაპაჩემის პაპის პაპის პაპაც ომობდა ალბათ ერეკლე მეფესთან, მაგრამ იმის გამოცდილება მე რას მიშველის. მთავარია მოქმედი ჯგუფი იყოს შერწყმული და გამოცდილი.
მაგას იმის მიხედვითაც ვერ განსაზღვრავ თუ რომელს რა სპეც. ოპერაცია აქვს ჩატარებული (წარმატებულად თუ წარუმატებლად) იმიტომ, რომ ორი ზუსტად ერთნაირ პირობებში, ზუსტად ერთნაირ მოწინააღმდეგესთან ჩატარებული ოპერაცია ჯერ არ დაფიქსირებეულა და ვერც დაფიქსირდება, რაღაც მაინც იქნება სხვაობა. ამასთან გასათვალისწინებელია ისიც, რომ როგორც წესი ცნობილი ხდება წარუმატებელი ან ძალიან რეზონანსული (მაგალითად ბენ ლადენის ლიკვიდაცია) ოპერაციები. როგორც წესი წარმატებულ ოპერაციებს არავინ აპიარებს და ვერც ვერავინ იგებს თუ ვინ ჩაატარა.
საერთოდ საიდუმლოების მიხედვით არის ორი ტიპის ოპერაცია clandestine operation და covert operation. ქართულად ორივე საიდუმლოდ, მალულად და ფარულად ითარგმნება. შინაარსი კი შემდეგია: clandestine operation არის ისეთი ტიპის ოპერაცია, როდესაც აქცენტი გაკეთებულია ოპერაციის და არა დამკვეთის ფარულობაზე. ხოლო covert operation-ის დროს უფრო მნიშვნელოვანია დამკვეთი დარჩეს ფარული.
სანამ ძირითად საკითხზე გადავალ ჯერ იმაზე გაგცემთ პასუხს თუ რატომ დაევალა ბენ ლადენის ლიკვიდაცია SEAL TEAM 6 (DEWGRU)-ს და არა სხვას. მარტივი და ჩვენთვის კარგად ნაცნობი მიზეზის გამო, რაც ამერიკაშიც ჩვეულებრივი ამბავია იმიტომ , რომ ისინიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან.. ოპერაცია ძნელი არ იყო, როგორც მონაწილეებიც ადასტურებენ, პირიქით იყო 100% შესრულებადი, ამასთან რეზონანსული და სახელის (სახრავისაც) მომტანიც. ხოლო მაშინაც და ეხლაც შეერთებული შტატების სპეციალური ოპერაციების სარდლობის (სპეციალური ოპერაციების და ქვდანაყოფების ყველაზე მაღალი დონის კანტორა) შეფი იყო/არის ადმირალი საზღვაო ფლოტიდან, ყოფილი SEAL-ი და იმანაც თავისი ხალხი გაუშვა.
ეხლა ძირითადი საკითხი. რომელია უფრო მაგარი?! პასუხია: ყველა მაგარია თავის საქმეში!
ყველა სპეციალური ქვედანაყოფი არსებობს გარკვეული სპეციალური ამოცანის შესასრულებლად, ამოცანები განსხვავდება ქვეყნების, სტრუქტურების და მათ წინაშე მდგარი საფრთხეებიდან გამომდინარე. ამჯერად განვიხილავ ა.შ.შ-ს საჯარისო სპეციალურ ქვედანაყოფებს.
ამჟამად ა.შ.შ-ს სამხედრო დოქტრინით (JP 3-05. 18.04.2011) განსაზღვრულია შემდეგი სპეციალური ამოცანები/ოპერაციები:
1. პირდაპირი მოქმედებები;
2. სპეციალური დაზვერვა;
3. არაკონვენციური ბრძოლა;
4. უცხოეთის შიდა თავდაცვა;
5. სამოქალაქო საქმეების ოპერაციები;
6. კონტრტერორიზმი;
7. ფსიქოლოგიური ოპერაციები;
8. საინფორმაციო ოპერაციები;
9. მასობრივი დაზიანების იარაღის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლა;
10. უსაფრთხოების ძალების დახმარება;
11. ამბოხების საწინააღმდეგო ოპერაციები.
ა.შ.შ-ს სპეციალური ქვედანაყოფები, რომლებიც ძირითადად მიეკუთვნებიან არმიას (სახმელეთო ძალებს), საზღვაო ფლოტს და საზღვაო ქვეითებს, მომზადებულნი არიან ამ 11-ვე ოპერაციის ჩატარებაში, თუმცა უმეტესი მათგანი სპეციალიზირებულია აქედან 1-2-ს ჩატარებაზე. ყავთ ამერიკელებს იმხელა ჯარი, რომ თავს ასეთი ფუფუნების უფლება მისცენ.
მაგალითად:
საქვეყნოდ ცნობილი, რეკლამირებული და ამავდროულად სხვებთან შედარებით მრავალრიცხოვანი მწვანე ბერეტების ძირითადი ამოცანაბია: არაკონვენციური ბრძოლა, უცხოეთის შიდა თავდაცვა, უსაფრთხოების ძალების დახმარება და ამბოხების საწინააღმდეგო ოპერაციები (ბოლო ორი 2011 წლამდე შედიოდა უცხოეთის შიდა თავდაცვაში). განვმარტავ ამ ოპერაციებს:
1. "არაკონვენციურ ბრძოლას" ძალიან ბევრი სამხედროც კი მიიჩნევს , რომ არის პარტიზანული ბრძოლა. სინამდვილეში პარტიზანობა მისი ერთერთი შემადგენელი ნაწილია. არაკონვენციური ბრძოლისას ა.შ.შ. აგზავნის მწვანე ბერეტების ერთ ჯგუფს (შედგება 12 კაცისაგან) იმ ქვეყნის მთავრობის მოწინააღმდეგეეებთან, რომლის მთავრობაც არ ევასება. ეს ჯგუფი ეხმარება ამბოხებულებს ფინანსურად, მატერიალურად, რჩევებით და მათი საბრძოლო ქვედანაყოფის (როგორც წესი პარტიზანული) მომზადებით. ძალიან იშვიათ გამონაკლის შემთხვევებში შეიძლება ბრძოლაშიც გაყვეს მათ. მწვანე ბერეტების თითოეული ჯგუფი მომზადებულია, რომ მოამზადოს და უმეთაუროს (შეასრულოს მისი მმართველობისა და შტაბის ფუნქცია) ბატალიონის ზომის ქვედანაყოფს. ანუ ბრძოლაში კი არ ჩაერთოს, არამედ მართოს. თითქოს დიდი არაფერი, მაგრამ ურთულესი ამოცანაა. ჩვეულებრივ ბახა-ბუხს ბევრი კუნთმაგარი და გონებაჩლუნგი ჯეელი შეძლებს. ეს კი მოითხოვს დიდ ფსიქოლოგიურ, ენობრივ და კულტურულ მომზადებას. ესენი სხვისი ხელებით აკეთებენ საქმეს და ამხობენ მთავრობებს.
2. "უცხოეთის შიდა თავდაცვა" და მისგან გამომდინარე "უსაფრთხოების ძალების დახმარება" და "ამბოხების საწინააღმდეგო ოპერაციები" პირიქით მიზნად ისახავს მეგობარი ქვეყნების დახმარებას მათი შეიარაღებული ძალების მომზადებაში და შესაბამისად ამ ქვეყნის მთავრობის განმტკიცებაში. ესაა ის რასაც ამერიკელები აკეთებენ ჩვენთან,
ასევე ცნობილი რეინჯერები პურს ჭამენ ძირითადად "პირდაპირი მოქმედებებით". ესაა ის მოქმედებები, რასაც უმეტესობა ეძახის სპეციალურ ოპერაციას. ანუ მოწინააღმდეგის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ოპერატიული ან სტრატეგიული მნიშვნელობის სამხედრო ოპერაციის (როგორიცაა ჩასაფრება, რეიდი და ა.შ.) ჩატარება.
რაც შეეხება DELTA-ს და SEAL TEAM 6-ს მათი ამოცანაა კონტრტერორისტული ოპერაციების ჩატარება. DELTA (ამას წლებია ერქვა "საბრძოლო გამოყენების ჯგუფი". 2011 თუ 2012 კიდევ გადაარქვეს, მაგრამ აღარ მახსოვს რა, თუმცა ძველი ჩვეულებისამებრ ყველა DELTA-ს ეძახის) ეკუთვნის არმიას, ანუ სახმელეთო ძალებს, ხოლო SEAL TEAM 6 (საზღვაო სპეციალური ბრძოლის განვითარების ჯგუფი, შემოკლებით DEWGRU) ეკუთვნის საზღვაო ფლოტს და წესით უნდა ჩაატაროს ისეთი კონტრტერორისტული ოპერაცია, რაც უკავშირდება წყალს და სანაპირო ზოლს. თუმცა, როგორც ზემოთ ავღნიშნე, ამას არავინ უყურებს, მთავარია ვინაა სათავეში არმიის სპეცი თუ საზღვაოსი. მიუხედავად კუთვნილებისა ორივე ქვედანაყოფი ასრულებს მხოლოდ პრეზიდენტის ან თავდაცვის მდივნის უშუალო ბრძანებებს და ითვლებიან ყველაზე მომზადებულ და ყველაზე ელიტარულ სპეციალურ ქვედანაყოფებად.
არ უნდა აგვერიოს კონტრტერორისტული და ანტიტერორისტული ოპერაციები. კონტრტერორიზმი არის შეტევითი ზომები ტერორიზმის წინააღმდეგ. ანუ როცა იცი, რომ სადღაც ცუდი ბიჭები არიან ან მათი ბუდეა და თუნდაც შენთვის არაფერი ქონდეთ დაშავებული, დაარტყავ. ხოლო ანტიტერორიზმი არის თავდაცვითი ზომები მათ წინააღმდეგ, ანუ როცა მოგიხტებიან, ან რომ იცი რომ უნდა მოგიხტნენ და რაიმე ზომებს მიიღებ. ჩეულებრივ კონტრტერორისტული ოპერაციის დროს იყენებენ პირდაპირი მოქმედებების, სპეციალური დაზვერვის და არაკონვენციური ბრძოლის (ამბოხებულებთან და განაწყენებულ ხალხთან ურთიერთობა) ელემენტებსაც, თუმცა მთელი ოპერაცია მოიაზრება, როგორც კონტრტერორისტული.
იგივეზეა სპეციალიზირებული ბრიტანული SAS და SBS (ისე, თუ მოწონებაზეა, მე პირადად ყველაზე მეტად SAS მომწონს. თუნდაც იმიტომ, რომ მათ მაგალითზე, სტრუქტურაზე და გამოცდილებაზე დაყრდნობით არის შექმნილი DELTA-ც, SEAL-ც, გერმანული KSK-ც, ისრაელის SAYERET MATKAL-ც და კიდევ უსმრავი სხვაც, აღარაფერს ვამბობ ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის SAS-ებზე).
დანარჩენ სპეციალურ ოპერაციებს აღარ განვიხილავ. დასახელებებიდანაც ჩანს, რომ მათ ჩასატარებლად ცალკე სპეციფიკური ქვედყოფებია საჭირო, თუმცა კიდევ ვიმეორებ, ა.შ.შ-ს ყველა სპეციალური ქვედანაყოფი მომზადებულია ყველა სპეციალური ოპერაციის ჩასატარებლად.
მგონი უკვე ნათელია, რომ იმაზე ლაპარაკი ვინ ვის ჯობია ბავშვობაა.
შემდეგ ჯერზე, თუ არ დამეზარა რა თქმა უნდა, რუსულ სპეციალურ ქვედანაყოფებს და მათ ამოცანებს მიმოვიხილავ.