ჩაჩიბა დანიშნეს მოადგილედ
დღეს, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ გაერთიანებული შტაბის უფროსის ახალი მოადგილე პოლკოვნიკი ვლადიმერ ჩაჩიბაია წარადგინა.
„პოლკოვნიკი ჩაჩიბაია კურირებას გაუწევს სამხედრო განათლებასა და ადამიანური რესურსების მართვას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს შეიარაღებულ ძალებში კარიერული წინსვლის სისტემა ძალიან სწორად იყოს ჩამოყალიბებული. ეს არის გრძელვადიანი დაგეგმარების პროცესი და ჩვენ იანვარში უკვე წარმოგიდგენთ ზოგადად თავდაცვის და შეიარაღებული ძალების განვითარების იმ საშუალო ვადიან მოდელს, რომელიც ოთხი წლის განმავლობაში გაწერს, თუ რა გაკეთდება და როგორი რეფორმა განხორციელდება ჩვენს უწყებაში ყოველ თვე. ქართული არმია ჩვენი ქვეყნის და თითოეული ჩვენგანის მოსაფერებელი ოჯახია. ის არის პოლიტიკის მიღმა და ყველა პოლიტიკური ძალა ვთანხმდებით იმაში, რომ ჩვენს არმიას განვითარებაში უნდა შევუწყოთ ხელი“ - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
მედია წარმომადგენლებისთვის გამართულ ბრიფინგზე თავდაცვის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვლადიმერ ჩაჩიბაიას დამთავრებული აქვს თავდაცვის აკადემია საქართველოში, ასევე უმაღლესი სამხედრო განათლება მიღებული აქვს აშშ-ის არმიის ომის კოლეჯში. ეს უმაღლესი სასწავლებელი სულ რამდენიმე ქართველს აქვს დამთავრებული და მათგან სამი - გაერთიანებული შტაბის უფროსი პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე და მისი მოადგილეები ბრიგადის გენერალი ვახტანგ კაპანაძე და პოლკოვნიკი ვლადიმერ ჩაჩიბაია ერთად იმუშავებენ გაერთიანებულ შტაბში.
ვლადიმერ ჩაჩიბაია ოცი წლის განმავლობაში მსახურობდა საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფებში. იყო გაერთიანებული შტაბის უფროსი, ასევე თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე. 2004 წელს მეთაურობდა ქართულ სამშვიდობო კონტინგენტს ერაყში.
პოლკოვნიკ ჩაჩიბაიას სამხედრო განათლება მიღებული აქვს როგორც საქართველოში, ასევე აშშ-ში. გავლილი აქვს სამხედრო კურსები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. დაჯილდოებულია მედლებით „საბრძოლო დამსახურებისათვის“, „გენერალი მაზნიაშვილი“ და II ხარისხის ორდენი უმწიკვლო სამსახურისთვის.
დღეიდან საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსს ხუთი მოადგილე ეყოლება.
ომის დროს სანამ ღმერთს თხოვ დახმარებას გახსოვდეს, შენ მჭიდში მინიმუმ 30 "ღმერთი" დევს!