defender.
Super Moderator

      
ჯგუფი: Members
წერილები: 10569
წევრი No.: 120622
რეგისტრ.: 6-September 10
|
#35143345 · 11 Feb 2013, 13:14 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ტურისტებით სავსე 2 ქართული ვერტმფრენი ცხინვალის თავზე ჩამოგდებას გადაურჩა თეონა გიგაური (11.02.2013)
ორიოდე კვირის წინ ცხინვალის რეგიონი ახალ ტრაგედიას, ქართულ-რუსული ურთიერთობები კი - სერიოზულ გაუარესებას გადაურჩა. უცხოელი ტურისტებით სავსე 2 ვერტმფრენი, რომლებიც თურქეთის ქალაქ ტრაბზონიდან გუდაურში მიფრინავდა, შემთხვევით ოკუპირებული ახალგორისა და ცხინვალის თავზე აღმოჩნდა.
საბედნიეროდ, ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა და ეს ინციდენტიც არსად გახმაურებულა.
"ჩვენს ვერტმფრენს, რომელიც გუდაურში მიფრინავდა, გზა შეეშალა და შემთხვევით ცხინვალის კონტოლირებად ტერიტორიაზე გადაიფრინა, მაგრამ დე ფაქტო ხელისუფლებას ამაზე საყვედურის თვალსაზრისით მაინცდამაინც არ უაქტიურია", - ამბობს ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე.
თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ შემთხვევის შესახებ არაფერი არ იციან, შსს-ში კი მომხდარს ადასტურებენ და აზუსტებენ, რომ საუბარია არა ერთ, არამედ ორ ვეტრმფრენზე.
მათივე ცნობით, რუსი "მესაზღვრეებისა და" დე ფაქტო მთავრობის ხელმძღვანელების დროული გაფრთხილების წყალობით, ფრენა უსაფრთხოდ დასრულდა. პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი კი იმედს გამოთქვამს, რომ "მსგავს შემთხვევებში იქ განთავსებული სამხედრო ძალები პირდაპირ ცეცხლს არ გახსნიან."
როგორც მამუკა არეშიძემ "მთელ კვირას" განუცხადა, "მფრინავი ჩვენიანი იყო, გამოუცდელი და უცხოელი ტურისტები გადაჰყავდა ჩვეულებრივი სამგზავრო ვერტმფრენით, მაგრამ ქართულით".
"ასეთ რაღაცებზე ცხინვალი, როგორც წესი, მწვავედ რეაგირებს, მაგრამ მიხვდნენ, რომ ეს ვერტმფრენი სამხედრო დანიშნულების არ იყო და მაინცდამაინც ხმა არ ამოუღიათ. უბრალოდ, დარეკეს, რატომ დაფრინავსო და ამით მორჩა, არც განცხადება გაუკეთებიათ, არც პრესაში დაბეჭდილა და არაფერი", - უთხრა არეშიძემ "მთელ კვირას".
შსს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი დავით სუჯაშვილი "მთელ კვირასთან" საუბრისას ინციდენტის დეტალებს ყვება.
"25 იანვარს, დაახლოებით 13:42 საათზე თურქეთის ქალაქ ტრაბზონიდან საქართველოში, დაბა გუდაურის მიმართულებით მფრენი ორი ფრანგული "პუმას" ტიპის სამოქალაქო ტურისტული ვერტმფრენი საქართველოს სამოქალაქო ავიაციის რადარებიდან გაუჩინარდა.
"მოგვიანებით გაირკვა, რომ ვერტმფრენების პილოტებმა ინდივიდუალური გადაწყვეტილებით, სავარაუდოდ, მანძილის შემოკლების მიზნით, ფრენის კურსი შეცვალეს და საქართველოს კონტროლირებადი საჰაერო სივრცის ნაცვლად, ფრენა ოკუპირებული ცხინვალისა და ახალგორის რეგიონის უკონტროლო საჰაერო სივრცის გამოყენებით განახორციელეს. საბოლოოდ, ვერტმფრენებმა, რომლებსაც უცხოელი ტურისტები გუდაურში გადაჰყავდათ, ფრენის უსაფრთხოდ დასრულება შეძლეს.
"მას შემდეგ, რაც საქართველოს სამოქალაქო ავიაციის რადარებიდან ფრანგული ვერტმფრენები გაუჩინარდნენ და გაირკვა, რომ ისინი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის უკონტროლო საჰაერო სივრცეში აღმოჩნდნენ, სასწრაფოდ ავამოქმედეთ ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მედიაციით არსებული ცხელი ხაზი და შემთხვევასთან დაკავშირებით გავაფრთხილეთ როგორც ოკუპირებულ რეგიონში დისლოცირებული რუსი მესაზღვრეები, ისე დე ფაქტო ცხინვალის მთავრობის წარმომადგენლები", - აცხადებს სუჯაშვილი.
ამასთან, იგი აღნიშნავს, რომ ცხინვალის დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებმა ეს ფაქტი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის 29 იანვარს გამართულ შეხვედრაზე დააყენეს, სადაც შემთხვევა დეტალურად განიხილეს.
"საბოლოოდ, გატარებული სწრაფი ღონისძიებების შედეგად, ინციდენტი მშვიდობიანად დასრულდა და სრულად ამოწურულია", - უთხრა სუჯაშვილმა "მთელ კვირას".
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, კონფლიქტოლოგი გია ვოლსკი ამბობს, რომ მსგავსი შემთხვევები ადრეც ყოფილა, რაზეც ცხინვალი ყოველთვის აკეთებდა განცხადებას.
"ადრე იყო ასეთი შემთხვევები, როდესაც მცირე ავიაცია ოდნავ არღვევდა ამ საზღვრებს და მახსოვს, შერეული საკონტროლო კომისიის შეხვედრებზე ამაზე განცხადებებიც კეთდებოდა. იქ იყო სტრუქტურები, რომელიც ასეთ საკითხებს იხილავდა და ოსები განმარტებებს სჯერდებოდნენ.
"ყოველ შემთხვევაში, არასდროს ამ თემის გამო ვითარება არ დაძაბულა და მოლაპარაკების პროცესისთვის ამას ხელი არასოდეს შეუშლია. ახლა უსაფრთხოების თემაზე არანაირი მოლაპარაკებები არ არსებობს, დიდი ხანია არ შეკრებილან და აქედან გამომდინარე, თვითონ განცხადება ჰაერში გასროლილ ფუჭ ტყვიასავით იქნებოდა და ვფიქრობ, ამიტომ არ ჰქონდათ რეაქცია", - აცხადებს ვოლსკი.
ამასთან, ამბობს, რომ "ტურისტების სამგზავრო ვერტმფრენმა არ უნდა დაარღვიოს ასე ე.წ. საზღვარი, მაგრამ როგორც ჩანს, მიხვდნენ, რომ ეს შემთხვევით მოხდა, გზა აერიათ და ამიტომ არაფერი თქვეს".
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი კი აცხადებს, რომ "რამდენადაც ე.წ. სამხრეთ ოსეთი ოკუპირებული ტერიტორიაა, საჰაერო სივრცე ჩაკეტილია და იქ შესვლა გარკვეულ საფრთხეს წარმოადგენს, სჯობს, ქვეყანაში არსებულმა ყველა სამოქალაქო ავიაციამ ეს გაითვალისწინოს და უფრო მეტი ყურადღება დაუთმოს შესაბამისი უსაფრთხოების წესების დაცვას, მათ შორის, პროფესიონალი მფრინავების მომზადებას, რათა მსგავსი ინციდენტები თავიდან ავიცილოთ."
"სხვა მხრივ, ალბათ სასურველია, რომ საერთაშორისო გამოცდილება გაითვალისწინონ და ასეთი არასასურველი ფრენის პრევენციის ტექნიკური მექანიზმები გამოიყენონ. ანუ, ისეთი ტექნიკური საშუალება, რომელიც მფრინავს გარკვეულ ზონაში შესვლას წინასწარ შეატყობინებს.
"იმედი მაქვს, რომ მსგავს შემთხვევებში ის სამხედრო ძალები, რომელნიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე არიან განთავსებულნი, პირდაპირ ცეცხლს არ გახსნიან და შეეცდებიან, რომ თავიდან ავირიდოთ ასეთი გაუგებრობები", - განუცხადა სესიაშვილმა "მთელ კვირას".
--------------------
Sieg heil
|