
ებან-ემაელის გმირები.
1. ედმუნდ შმიდტი (Edmund Schmidt, 4-ე რაზმი)
2. გერჰარდ ბეკერი (Gerhard Becker, 5-ე რაზმი)
3. ფრანც იანოვსკი (Franz Jannowski, 5-ე რაზმი)
4. კარლ პოლზინი (Karl Polsin, 4-ე რაზმი)
5. ვილჰელმ სტუკე (Wilhelm Stucke , 1-ლი რაზმი)
6. ჰარმ მიულდერი (Harm Mülder, 7-ე რაზმი)
7. ვილჰელმ იოლმანი (Wilhelm Ölmann, 2-ე რაზმი)
8. პეტერ ცირვესი (Peter Zirwes, 6-ე რაზმი)
ბელგიური ფორტის ებან-ემაელის აღებაფორტი ებენ-ემაელი ბელგიის თავდაცვითი ხაზის შემადგენელი ნაწილი იყო, რომელიც ქალაქ ლიეჟის ახლოს, მეფე ალბერის არხის (ალბერ-კანალის) გასწვრივ აგებული რკინა-ბეტონის კაპიტალური თავდაცვითი სიმაგრეების ჯაჭვის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენდა. გარდა ებენ-ემაელისა, ამ სისტემაში შედიოდა ფორტები დე ვატიკი, დე ობინ-ნიოფშატო, დე ბატისი და დე ტანკრემონი.
პირველი მსოფლიო ომის გამოცდილების გათვალისწინებით კონკრეტულად ებან-ემაელის ფორტის პროექტის ავტორმა, ბელგიელმა ინჟინერმა ანრი ბრიალმონმა ფორტის პროექტირებისა და მშენებლობისათვის მრავალი ახლადშემოღებული სიახლე გამოიყენა: არმირებული საფორტიფიკაციო რკინა-ბეტონი, ნაკლებად შეჯგუფული საარტილერიო კოშკები, ფუნქციონალურად მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული ვენტილაციის სისტემა, მიწაში დიდ სიღრმეზე აგებული საბრძოლო მასალების საწყობები და სხვა. ფორტის მშენებლობა 1931-1935 წლების განმავლობაში მიმდინარეობდა და, მსოფლიოს მრავალი სამხედრო ინჟინრის აღიარებით, დასრულების მომენტისა და მეორე მსოფლიო ომის დაწყებისათვის მსოფლიოში პრაქტიკულად ყველაზე სრულყოფილი საფორტიფიკაციო-თავდაცვითი ნაგებობა იყო.
ებან-ემაელის ფორტის დამახასიათებელი თვისება იყო 75 მმ- იანი ქვემეხები და 120 მმ-იანი ჰაუბიცები, რომელთა ცეცხლის არეში მოქცეული იყო ლიეჟის რაიონში არსებული შორეული მიზნები და ალბერ-კანალზე გამავალი ხიდები (სქემაზე წრეებითაა მონიშნული), რომლებიც, თავის მხრივ, ომის დაწყებისთანავე (1939 წლის 1 სექტემბრიდან) დაინაღმა.

ებან-ემაელის ფორტი რამდენიმე ნაწილისაგან შედგებოდა:
1-ლი ბლოკი: მთავარი შესასვლელი, ორი 60 მმ-იანი ტანკსაწინააღმდეგო ქვემეხი და ტყვიამფრქვევები
2-ე, 4-ე და 6-ე ბლოკები: თხრილის პერიმეტრზე განლაგებული ფლანგური კაზემატები. თხრილებში გამჭოლი ცეცხლის საწარმოებლად იდგა ორი 60 მმ-იანი ქვემეხი და ტყვიამფრქვევები.
5-ე ბლოკი: ერთი 60 მმ-იანი ქვემეხი და ტყვიამფრქვევები
Cupola 120 (თაღი 120): ერთ სპეციალურ შეჯავშნულ (320 მმ საერთო სისქის ორი ფენა, მათ შორის ფეტრის ფენით) კოშკში განლაგებული ორი 120 მმ-იანი ჰაუბიცა, სროლის მაქსიმალური სიშორე - 17,5 კმ.
Cupola Nord და Cupola Sud (ჩრდილო თაღი და სამხრეთ თაღი): თითო მექანიზმი დაფარული ორქვემეხიანი 75 მმ-იანი შეჯავშნული (250 მმ საერთო სისქის ორი ფენა მათ შუა ფეტრის ფენით) კოშკის ამოსაწევად, რომელთა სროლის მაქსიმალური სიშორე 10, 5 კმ იყო.
Blok Canal Nord (ჩრდილო არხის ბლოკი) და Blok Canal Sud (სამხრეთ არხის ბლოკი): ორ-ორი 75 მმ-იანი ქვემეხით შეიარაღებული თითო საარტილერიო კოშკი ყოველ მათგანში.
Visé I და Visé II (სამიზნე 1 და სამიზნე 2): მიზნები, რომლებისკენაც მიმართული იყო ცხრა 75 მმ-იანი ქვემეხი (სამხრეთისაკენ), რომლებიც იმ 3 ადგილთან იდგა, სადაც სამხედრო პირები ცხოვრობდნენ. თითო ადგილისათვის სამი 75 მმ-იანი ქვემეხი იყო განკუთვნილი. თავად ჩრდილო და სამხრეთ არხებში თითო 60 მმ-იანი ქვემეხი და ტყვიამფრქვევებიც იდგა, რომლებიც არხებს იცავდნენ. Canal Sud მოგვიანებით დაანგრიეს, როდესაც ალბერ-კანალს აფართოებდნენ.
Maastricht I და II (მაასტრიხტი I და II): თითოეული ითვლიდა სამ 75 მმ-იან ქვემეხს, რომლებიც ჩრდილოეთით, მაასტრიხტისაკენ იყო მიმართული.
Mi-Nord და Mi-Sud (შუაგული ჩრდილო და შუაგული სამხრეთი): ფორტის ზედაპირზე განლაგებული სატყვიამფრქვევო ბლოკები (მოგვიანებით მათ ფორტის დაცვაში გადამწყვეტი როლი ითამაშეს).
Blok O1 (ბლოკი O1): ხედით ალბერ-კანალზე. იცავდა ლანეის მუნიციპალიტეტის ციხე-კოშკებს. შეიარაღება: 60 მმ-იანი ქვემეხები და ტყვიამფრქვევები.


ფორტის საერთო შეიარაღება: ორი 120 მმ-იანი ჰაუბიცა ერთ შეჯავშნულ კოშკში ((Cupola 120), თექვსმეტი 75 მმ-იანი ქვემეხი ორი დაფარულ და ამოსაწევ კოშკსა (Cupola Nord, Cupola Sud) და ოთხ კაზემატირებულ საარტილერიო წერტში ((Vise I, Vise II, Maastricht I და Maastricht II), 12 ტანკსაწინააღმდეგო 60 მმ-იანი ქვემეხი (ბლოკები В I, B II, В IV, В V და В VI, Canal Nord და Canal Sud და Blok O1), ერთი 47 მმ-იანი ტანკსაწინააღმდეგო ქვემეხი (Blok O1), 4 საზენიტო ტყვიამფრქვევი ღია პოზიციებზე, 26 დაზგის ტყვიამფრქვევი ბეტონირებულ ამბრაზურებში (ბლოკებში В I, B II, В IV, В V და В VI, Canal Nord და Canal Sud, Mi-Nord და Mi-Sud და Blok O1), 13 ხელის ტყვიამფრქვევი გამაგრებული ჯგუფის (Mi-Nord და Mi-Sud და Blok O1) ახლო დაცვისათვის, მიწისქვეშა კომუნიკაციების დაცვისათვის და სამეთვალყურეო ხუფებიდან ცეცხლის საწარმოებლად. ყველა ტანკსაწინააღმდეგო ქვემეხისა და დაზგის ტყვიამფრქვევის ცეცხლის სექტორში დამატებით იყო დადგმული ერთი პროჟექტორი მაინც. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ასეთი შთამბეჭდავი შეიარაღებისა, ებან-ემაელის ფორტში არ იყო არცერთი ნაღმმტყორცნი საკუთრივ მის ტერიტორიაზე დაკიდებული ცეცხლის საწარმოებლად.
მიწისქვეშა შახტები მთის ქვეშ 4 კილომეტრის მანძილზე იყო გადაჭიმული და საბრძოლო ბლოკებს, მიწისქვეშა ყაზარმებს, ელექტროსადგურს, საბრძოლო მასალების საწყობებსა და სხვა სამსახურებრივ ნაგებობებს ერთმანეთთან აერთებდა. ომის დაწყებისთანავე ებან-ემაელის ფორტში 1 322-კაციანი გარნიზონი იმყოფებოდა (მეთაური - მაიორი ჟან ჟოტრანი (Jean Jotran)), რომელიც 3 ნაწილად იყო დაყოფილი: 202-კაციანი ტექნიკური პერსონალი ფორტის ტერიტორიაზევე ცხოვრობდა, არტილერისტების 550-კაციანი პირველი ჯგუფიც აქვე იმყოფებოდა, ხოლო არტილერისტების 550-კაციანი მეორე ჯგუფი ფორტთან ახლის მდებარე სოფელ ვონკში ისვენებდა და ეს ორი ჯგუფი კვირაში ერთხელ ცვლიდა ერთმანეთს. ქვეითი ნაწილები ებან-ემაელის ფორტში საერთოდ არ იყო. აღსანიშნავია, რომ 1939/1940 წლების ზამთრის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ მეორე მსოფლიო ომი უკვე დაწყებული იყო, დასავლეთის ფრონტზე სიწყნარე იდგა და, შესაბამისად, ებან-ემაელის ფორტიც უმოქმედოდ იყო, ზამთრის განმავლობაში ფორტის გარნიზონიდან რამდენიმე ასეული მებრძოლი გამოვიდა მწყობრიდან ავადმყოფობისა თუ უბრალო სიმულაციის ან სიზარმაცის გამო და 1940 წლის გაზაფხულისათვის ებან-ემაელის გარნიზონის რეალური რაოდენობა 989 კაცს შეადგენდა: ფორტის სამეთაურო შემადგენლობის 28 ოფიცრიდან 17 რეზერვისტი იყო, რომელთაგან უკანასკნელი ფორტში მხოლოდ 1940 წლის 2 მაისს ჩავიდა - ვერმახტის საფრანგეთის კამპანიის დაწყებიდან და, შესაბამისად, ფორტის შტურმიდან 1 კვირით ადრე.
ფოტოზე: მაიორი ჟან ჟოტრანი (ზის ცენტრში) თავის ხელქვეით ოფიცრებთან ერთად გერმანულ ტყვეთა ბანაკში.ტერიტორიულად ებან-ემაელის ფორტი ლიეჟიდან 20 კილომეტრში, სოფელ ებან-ემაელის აღმოსავლეთით მდებარე დიდი გორაკზე, ალბერტ-კანალის კლაკნილშია განლაგებული. ფორტის სიგრძე დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ დაახლოებით 600 მეტრია, სიგანე ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ - დაახლოებით 750 მეტრი.
ვერმახტის 1940 წლის საფრანგეთის კამპანიის სტრატეგიის შემადგენელი ნაწილი იყო გენერალ-ობერსტ ვალტერ ფონ რაიხენაუს 6-ე საველე არმიის მიერ მდინარე მაასის ფორსირება საბრძოლო მოქმედებების დაწყებისთანავე, ბელგიის თავდაცვითი ხაზის გადალახვა ტირლემონტის რაიონში და ლიეჟის გამაგრებული რაიონის სრული იზოლირება. ამ ამოცანის სწრაფი და წარმატებული რეალიზაციისათვის ებან-ემაელის ფორტის ნეიტრალიზაცია აბსოლუტურად აუცილებელი იყო.
მძლავრად შეიარაღებული ფორტის პირდაპირი იერიშით აღება შეუძლებელიც იყო და წარმოუდგენელიც - ასეთი რამ შემტევი მხარისათვის არც არავითარ წარმატებას არ მოიტანდა და უამრავ მსხვერპლსაც გამოიწვევდა. გარდა ამისა, ფრონტალური იერიში ბელგიელებს აიძულებდა, ალბერტ-კანალზე გადებული დანაღმული ხიდები აეფეთქებინათ და ამგვარად, ვერმახტის 6-ე საველე არმიის წინაშე დასახული ძირითადი ამოცანა პრაქტიკულად შეუსრულებელი ხდეობდა.
გულდასმითი ანალიზისა და შესწავლის შემდეგ გერმანელი სპეციალისტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ებან-ემაელის ერთი შეხედვით მიუდგომელი ფორტის დაცვაში ერთადერთი სუსტი ხვრელი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა იყო (სულ 4 საზენიტო ტყვიამფრქვევი ღია პოზიციებზე), ხოლო ფორტის ტერიტორიაზე მოხვედრის შემდეგ - დაკიდებული ცეცხლის ახლო მანძილზე წარმოების საშუალების არარსებობა. როგორც ჩანს, სწორედ ამ ფაქტორებმა გადააწყვეტინა გერმანელთა სარდლობას საჰაერო-სადესანტო ნაწილებისა და უახლესი ტიპის საიერიშო პლანერების - DFS 230-ების გამოყენება (წონა - 862 კგ, ტვირთამწეობა - 1 238 კგ ან 10 კაცი (პილოტის ჩათვლით)).


აქამდე არნახული ოპერაციის ჩანაფიქრი იმ გაანგარიშებას ეფუძნებოდა, რომ ფორტის არტილერიისა და ავიაციის ცეცხლით დაბომბვა, მისი საფორტიფიკაციო სრულყოფილებიდან გამომდინარე (არმირებული საფორტიფიკაციო რკინა-ბეტონის კედლების სისქე 3,5 მეტრამდე, მიწაში 5 მეტრის სიღრმეზე ჩაფლული ჭერის სისქე - 4 მეტრამდე), ვერავითარ შედეგებს ვერ მოიტანდა მაშინ, როდესაც მის ტერიტორიაზე მოულოდნელად გადასხმული მესანგრეების გაბედული და ინიციატივიანი მოქმედებით შესაძლებელი იყო ფორტის ძირითადი თავდაცვითი ნაგებობების აფეთქებებით განადგურება-ნეიტრალიზება და ფრონტიდან ძირითადი ძალების ერთდროული მხარდაჭერით მთლიანად გამაგრებული პუნქტის ხელში ჩაგდება.

ლიუფტვაფეს სარდლობამ 438 კაცისაგან შემდგარი სპეციალური რაზმი შეარჩია, რომელსაც სათავეში ჰაუპტმანი ვალტერ კოხი (Walther Koch.
ზედა ფოტოზე: პირველი მარცხნიდან - ჰიტლერი მას ებან-ემაელისათვის რაინდის ჯვარს გადასცემს. დანარჩენები - თანმიმდევრობით: ობერლეიტენანტი რუდოლფ ვიტციგი (Rudolf Witzig), ობერლეიტენანტი გუსტავ ალტმანი (Gustav Altmann), ობერლეიტენანტი ვალტერ კისი (Walter Kiess), ობერლეიტენანტი ოტო ცირახი (Otto Zierach), ლეიტენანტი იოაჰიმ მაისნერი (Joachim Meißner), ლეიტენანტი ეგონ დელიკა (Egon Delica), უფროსი ექიმი როლფ იაგერი (Rolf Jäger), ლეიტენანტი ჰელმუტ რინგლერი (Helmut Ringler)) ჩაუყენეს. რაზმი 4 ჯგუფად იყო დაყოფილი:
Gruppe "Steel" (ჯგუფი "ფოლადი"): მეთაური - ობერლეიტენანტი ალტმანი (ამოცანა: ველდვეზელტის ხიდის დაკავება)
Gruppe "Beton" (ჯგუფი "ბეტონი"): მეთაური - ლეიტენანტი შახტი (ამოცანა: ვრენჰოვენის ხიდის დაკავება)
Gruppe "Eisen" (ჯგუფი "რკინა"): მეთაური - ობერლეიტენანტი შეხტერი (ამოცანა: კანის ხიდის დაკავება)
Gruppe "Granit" (ჯგუფი "გრანიტი"): მეთაური - ობერლეიტენანტი ვიტციგი (ამოცანა: ფორტ ებან-ემაელის დაკავება)
1939 წლის ნოემბრიდან საიერიშო რაზმი ჩეხოსლოვაკიაში, გერმანიის ყოფილ საზღვარზე არსებულ გამაგრებულ რაიონში, სპეციალურად მომზადებულ ბანაკში გადიოდნენ სწავლებას, სადაც ებან-ემაელის ფორტის ნატურალური ზომის მაკეტი იყო მომზადებული. საიდუმლოების უმკაცრესი ზომები იყო დაცული: კოხის ჯგუფის მებრძოლები ერთმანეთს ფსევდონიმებით მიმართავდნენ, ხოლო ჯგუფის შემადგენლობიდან ორი მებრძოლი სიკვდილით დასაჯეს საიდუმლოების არასაკმარისად დაცვის გამო.
ქვემოთ დაწვრილებით მხოლოდ ჯგუფ "გრანიტის" მოქმედებაზე შევჩერდებით, რომელიც უშუალოდ იკავებდა ებან-ემაელის ფორტს.
"გრანიტი" 11 ჯგუფისაგან შედგებოდა, რომლებიც ასევე 11 პლანერში იყვნენ განლაგებულნი:
1-ლი ჯგუფი:
ლეიტენანტი ეგონ დელიკა
ფელდფებელი ჰანს ნიდერმაიერი (Hans Nidermeier)
ფელდფებელი გერჰარდ რაშკე (Gerhard Raschke) - პლანერის პილოტი
პარაშუტისტი რიჰარდ დრუკსი (Richard Drucks)
პარაშუტისტი პეტერ გრაფი (Peter Gräf)
პარაშუტისტი ვილი კრამერი (Willi Krämer)
პარაშუტისტი ჰაინრიხ ლისტი (Heinrich List)
პარაშუტისტი ვილჰელმ შტუკე (Wilhelm Stucke)
2-ე ჯგუფი:
1-ლი კლასის პარაშუტისტი მაქს მაიერი (Max Maier, დაიღუპა)
უნტერ-ოფიცერი ფრიც ბრედენბეკი (Fritz Bredenbeck) - პლანერის პილოტი
პარაშუტისტი პაულ ბადერი (Paul Bader, დაიჭრა)
პარაშუტისტი ჰანს კომდიური (Hans Comdür)
პარაშუტისტი ფრიც გელიხი (Fritz Gehlich)
პარაშუტისტი გერჰარდ ისკრა (Gerhard Iskra)
პარაშუტისტი ვალტერ მაიერი (Walter Meier, დაიჭრა)
პარაშუტისტი ვილჰელმ იოლმანი (Wilhelm Ölmann)
3-ე ჯგუფი:
1-ლი კლასის პარაშუტისტი პეტერ არდენტი (Peter Arendt)
უნტერ-ოფიცერი ალფრედ ზუპერი (Alfred Supper) - პლანერის პილოტი
პარაშუტისტი ერვინ ფრანცი (Erwin Franz)
პარაშუტისტი პაულ კუპში (Paul Kupsch)
პარაშუტისტი გუსტავ მერცი (Gustav Merz, დაიჭრა)
პარაშუტისტი იოზეფ მიულერი (Josef Müller)
პარაშუტისტი ჰელმუტ სტოპი (Helmut Stopp)
4-ე ჯგუფი:
ობერფელდფებელი ჰელმუტ ვენცელი (Helmut Wenzel, დაიჭრა)
უნტერ-ოფიცერი ოტო ბრაუტლიგამი (Otto Bräutigam) - პლანერის პილოტი
პარაშუტისტი კურტ ენგელმანი (Kurt Engelmann)
პარაშუტისტი ფრიც ფლორიანი (Fritz Florian)
პარაშუტისტი ფრიც კიოლერი (Fritz Köhler)
პარაშუტისტი კარლ პოლცინი (Karl Polzin)
პარაშუტისტი ედმუნდ "ედლი" შმიდტი (Edmund "Eddi" Schmidt)
პარაშუტისტი პაულ ვინდემუტი (Paul Windemuth, დაიჭრა)
5-ე ჯგუფი:
ფელდფებელი ერვინ ჰაუგი (Erwin Haug)
უნტერ-ოფიცერი ჰაინერ ლანგე (Heiner Lange, დაიჭრა) - პლანერის პილოტი
პარაშუტისტი გერჰარდ ბეკერი (Gerhard Becker)
პარაშუტისტი ჰელმუტ ბიოგლე (Helmuth Bögle, დაიღუპა)
პარაშუტისტი ერნსტ გრეშცა (Ernst Grechza)
პარაშუტისტი ეგონ ჰარტმანი (Egon Hartmann, დაიჭრა)
პარაშუტისტი ფრანც იანოვსკი (Franz Jannowski, დაიჭრა)
პარაშუტისტი რუდოლს შტიუტცინგერი (Rudolf Stützinger)
6-ე ჯგუფი:
1-ლი კლასის პარაშუტისტი ზიგფრიდ ჰარლოსი (Siegfried Harlos)
უნტერ-ოფიცერი ერვინ ცილერი (Erwin Ziller) - პლანერის პილოტი
პარაშუტისტი რიჰარდ ბლიაზერი (Richard Bläser)
პარაშუტისტი ვერნერ გრამსი (Werner Grams)
პარაშუტისტი ჰანს გრიგოვსკი (Hans Grigowski)
პარაშუტისტი ვალტერ კიპნიკი (Walter Kippnick)
პარაშუტისტი ფრანც ლუკაშეკი (Franz Lukascheck)
პარაშუტისტი პეტერ ცირვესი (Peter Zirwes)
7-ე ჯგუფი:
1-ლი კლასის პარაშუტისტი ფრიც ჰაინემანი (Fritz Heinemann)
უნტერ-ოფიცერი ჰაინც შაიდჰაუერი (Heinz Scheidhauer, დაიჭრა) - პლანერის პილოტი
პარაშუტისტი ვილჰელმ ალეფსი (Wilhelm Alefs)
პარაშუტისტი ვილჰელმ ჰიოპფნერი (Wilhelm Höpfner, დაიჭრა)
პარაშუტისტი რობერტ მიხალკე (Robert Michalke, დაიჭრა)
პარაშუტისტი ჰარმ მიულდერი (Harm Mülder)
პარაშუტისტი ალოიზ პასმანი (Aloys Paßmann, დაიჭრა)
პარაშუტისტი ვოლფგანგ შულცი (Wolfgang Schulz)
8-ე ჯგუფი:
1-ლი კლასის პარაშუტისტი ოტო უნგერი (Otto Unger, დაიღუპა)
უნტერ-ოფიცერი ჰანს დისტელმაიერი (Hans Distelmeier) - პლანერის პილოტი
პარაშუტისტი იოჰანეს ელზე (Johannes Else, დაიჭრა)
პარაშუტისტი ერნსტ ჰიერლიანდერი (Ernst Hierländer)
პარაშუტისტი ბრუნო ჰოოგე (Bruno Hooge, დაიჭრა)
პარაშუტისტი კაიეტან მაიერი (Kajetan Meyer, დაიჭრა)
პარაშუტისტი ჰერბერტ პლიტცი (Herbert Plietz)
პარაშუტისტი ჰაინც ვაინერტი (Heinz Weinert)
9-ე ჯგუფი:
1-ლი კლასის პარაშუტისტი ევალდ ნოიჰაუზი (Ewald Neuhaus)
უნტერ-ოფიცერი გიუნტერ შულცი (Günter Schulz) - პლანერის პილოტი
პარაშუტისტი ჰანს ბრაუნი (Hans Braun)
პარაშუტისტი როლფ იაკობი (Rolf Jacob, დაიჭრა)
პარაშუტისტი იოჰან კიორნერი (Johann Körner)
პარაშუტისტი ერნსტ შლოსერი (Ernst Schlosser, დაიჭრა)
პარაშუტისტი ანტონ ზელტმანი (Anton Seltmann)
პარაშუტისტი ანტონ "ტონი" ვინგერსი (Anton "Toni" Wingers)
10-ე ჯგუფი (რეზერვი, იძულებითი დაშვება):
1-ლი კლასის პარაშუტისტი ვილი ჰიუბელი Willie Hübel, დაიღუპა)
უნტეროფიცერი ერვინ კრაფტი (Erwin Kraft) - პლანერის პილოტი
პარაშუტისტი ბუდი ბანზიმირი (Budi Bansimir)
პარაშუტისტი ლეოპოლდ გილგი (Leopold Gilg)
პარაშუტისტი ვერნერ გუტანი (Werner Gutahn)
პარაშუტისტი ჰუბერტ ჰანსინგი (Hubert Hansing)
პარაშუტისტი კურტ იურგენსენი (Kurt Jürgensen, დაიღუპა)
პარაშუტისტი პაულ კაუტცი (Paul Kautz)
11-ე ჯგუფი (რეზერვი, იძულებითი დაშვება):
ობერლეიტენანტი რუდოლფ ვიტციგი (Rudolf Witzig)
1-ლი კლასის პარაშუტისტი ფრიც შვარცი (Fritz Schwarz)
უნტეროფიცერი კარლ პილცი (Karl Pilz) - პლანერის პილოტი
პარაშუტისტი ოტო ბრაუნი (Otto Braun, დაიჭრა)
პარაშუტისტი უვე იონსენი (Uwe Johnsen)
პარაშუტისტი ჰანს-პეტერ კრენცი (Hans-Peter Krenz)
პარაშუტისტი ფრიც კრუკი (Fritz Kruck, დაიღუპა)
ფოტოზე - რუდოლფ ვიტციგი
ფოტოზე ეგონ დელიკა1940 წლის 9 მაისს, 19:00 საათზე ბერლინში ბელგიის სამხედრო ატაშემ საკუთარ მთავრობას შეატყობინა გერმანიასთან სამხედრო მოქმედების შესაძლო დაწყების შესახებ. ეს გაფრთხილება უკანასკნელი დღეების განმავლობაში პირველი არ ყოფილა: აქამდე გერმანელთა მხრიდან თავდასხმის შესახებ შეტყობინებები ბელგიის მთავრობას საფრანგეთის მთავრობამ და რომის პაპმა პიუს XII-მაც კი გაუგზავნა, თუმცა ბელგიის სარდლობამ ჯარებს შეტყობინებები მხოლოდ 22:30-დან დაუგზავნა. შესაძლოა, ამის მიზეზი ის იყო, რომ ამგვარი განგაში პირველი არ ყოფილა: აქამდე განგაში 1939 წლის ნოემბერში, ორჯერ 1940 წლის იანვარში და ერთხელ 1940 წლის აპრილშიც გამოცხადდა. ამგვარად ებან-ემაელის ფორტმა განგაშის შეტყობინება მხოლოდ 10 მაისის 0:30-ზე მიიღო. ფორტის კომენდანტი მაიორი ჟოტრანი ფორტის ტერიტორიაზე 1:00-სათვის გამოცხადდა. 2:00-ზე ჟოტრანდმა ფორტის მთავარი შესასვლელის წინ არსებული ორი ფიცრული ადმინისტრაციული შემობის დაშლა ბრძანა: ფორმალურად ისინი ერთ-ერთი კაზემატის სროლის სექტორს ფარავდნენ და ინსტრუქციის მიხედვით იქიდან მთელი ქონება უნდა გამოეტანათ, ნაგებობებეი კი მიწასთან გაესწორებინათ. ხალხის უკმარისობის გამო ამ საქმეში ფორტის საცეცხლე წერტების ის გათვლები ჩართეს, რომლებიც მთავარ გასასვლელთან ყველაზე ახლოს იმყოფებოდა. ამ განკარგულებას საბედისწერო შედეგები მოჰყვა: პირველ რიგში დასუსტდა ფორტის ტერიტორიის მაკონტროლებელი სატყვიამფრქვევო კაზემატისა და 75 მმ-იანი ქვემეხების კოშკის გარნიზონები. მეორე მხრივ მაიორი ჟოტრანი დასაბუთებულად თვლიდა, რომ მას დრო საკმარისად ჰქონდა, რადგან ებან-ემაელთან გამოსვლამდე გერმანელებს აახენიდან მაასტრიხტამდე არსებული ჰოლანდიისა და ბელგიის ტერიტორიების გადალახვა ესაჭიროებოდათ.
ფიცრულების დაშლის მიზნით გარნიზონების დასუსტებით გერმანელთათვის "მწვანე შუქის" ანთების პროცესი მხოლოდ დაიწყო და სულაც არ დასრულებულა. დადგენილი წესის მიხედვით 75 მმ-იანი ქვემეხების კოშკებს პირველი გასროლა ფუჭი მუხტებით უნდა მოეხდინათ. Cupola Nord-ის გათვლა ფიცრულებს შლიდა, ხოლო Cupola Sud-ის ქვემეხებს დამცემი მექანიზმები ჰქონდა მოხსნილი: ისინი წინა დღეებში, საწვრთნელი ვარჯიშებისას მოხსნეს. საჭირო გახდა დამცემი მექანიზმების მოსატანად წასვლა მიწისქვეშ შახტების გავლით რომელიღაც საწყობში, რამაც, რასაკვირველია, საკმაო დრო წაიღო - კოშკების პირველი ფუჭი გასროლები მხოლოდ 3:25-ზე მოხდა, რისგანაც თაღის სანიღბავ ბადეს ცეცხლი მოედო და მის გათვლას ხედვადობა შეუზღუდა. სროლა შეწყვიტეს და პერისკოპის ბუდის გასაწმენდად რამდენიმე მებრძოლი გაგზავნეს. ამასობაში, 3:35-ზე გერმანიის ტერიტორიაზე, 2 აეროდრომიდან, უკვე აფრინდა 11 Ju-52, რომლებზე ბუქსირით იყო პლანერები გამობმული. ამ დროისათვის Cupola Nord ჯერ კიდევ გათვლის გარეშე იყო, ხოლო Cupola Sud-ს თუმცა შეეძლო სროლა, მაგრამ ფინთიხის ("კარტეჩის") არცერთი ჭურვი არ ჰქონდა. ამავე დროისათვის Mi-Nord-ში 21-კაციანი პერსონალიდან ადგილზე მხოლოდ 1 უნტერ-ოფიცერი და 4 რიგითი იმყოფებოდა. საბრძოლო მასალა სპეციალურად დალუქულ ყუთებში ინახებოდა (ეს ყუთები საბრძოლო მასალებს კოროზიისაგან იცავდა), რომელთა სპეციალური ბრძანების გარეშე გახსნა სასტიკად იყო აკრძალული. მეტიც: წინა განგაშისას. როდესაც გარნიზონი ფეხზე დააყენეს და ერთ-ერთმა მეთაურმა საკუთარი ინიციატივით გახსნა საბრძოლო მასალების ყუთები, მას დისციპლინარული სასჯელი დააკისრეს. ამჯერად ვინღა გაბედავდა საბრძოლო მასალების ყუთების გახსნას სპეციალური ბრძანების გარეშე?
ერთი სიტყვით, როდესაც გერმანული საიერიშო პლანერები ფორტის მეთვალყურეებმა ცაში შეამჩნიეს, დრამისათვის ყველაფერი მზად იყო. უკანასკნელი შტრიხი დაწყებული კატასტროფის ბატალურ ტილოზე კაპიტანმა ვან დერ ოვერამ გაავლო, როდესაც 4:20-ზე ფორტის ყველა კაზემატს "საერთო შეტევის" სიგნალი გადასცა "მასირებული შეტევის" სიგნალის ნაცვლად: "საერთო შეტევა" ახლომდებარე ტერიტორიიდან შეტევას ნიშნავდა, "მასირებული შეტევა" კი - შეტევას ყველა მიმართულებიდან; უკანასკნელ შემთხვევაში ფორტის ტერიტორიის დამცველი კაზემატებიც მოდიოდნენ საბრძოლო მზადყოფნაში: მათი ტყვიამფრქვევები უნდა დაეტენათ, ქვემეხებთან კი ფინთიხის ჭურვები მიეზიდათ. "ივაჟკაცეს" საზენიტო ტყვიამფრქვევებმაც: თავიდან გერმანული პლანერები მათ გათვლებს მოკავშირეთა მზვერავი თვითმფრინავები ეგონათ, ხოლო მოგვიანებით, როდესაც ისინი ისე დაბლა დაეშვნენ, რომ მათზე აშკარად გამოჩნდა ჯვრები და სვასტიკები და ტყვიამფრქვევებმა ცეცხლი გახსნეს, ოთხი "მაქსიმიდან" ორი თითქმის დაუყოვნებლივ გაიჭედა. ამას ისიც დაემატა, რომ ერთ-ერთი გერმანული პლანერი ფრთით გამოედო ერთ-ერთ საზენიტო ტყვიამფრქვევს და წააქცია. გერმანული პლანერები ერთიმეორის მიყოლებით ეშვებოდნენ სწორედ იმ მიზნების სიახლოვეს, რომლებიც მათში მყოფი ჯგუფებისათვის იყო დაგეგმილი - პლანერების პილოტებმა მაღალი ოსტატობა გამოავლინეს.
მეორე მსოფლიო ომის პერიოდში გერმანულ პრესაში გამოქვეყნებული პანორამული ნახატი, რომელიც ებან-ემაელის ფორტზე გერმანულ დესანტის თავდასმის ილუსტრირებას ახდენდა.
1. ხის ნაგებობები
2. He-111, რომელმაც პარაშუტისტებისათვის საჭირო ამუნიციის (კუმულაციური მუხტები შეჯავშნული კოშკების ასაფეთქებლად) კონტეინერი ჩამოაგდო.
3. საიერიშო პლანერი DFS 230
4. საარტილერიო ობიექტი
5. შეჯავშნული საარტილერიო კოშკი
6. ხის ნაგებობა
7. საზენიტო ტყვიამფრქვევების ღია პოზიცია (MICA)
8. სატყვიამფრქვევო ობიექტი
9. ცრუ ობიექტი
10. ალბერტ-კანალი
11. კლდოვანი კედელი
12. კაპონირებიამგვარად, პლანერები დათქმულ ადგილებზე დაეშვნენ. გერმანელი პარაშუტისტები ელვისებურად მოქმედებდნენ: ისინი სწრაფად მიიჭრნენ კაზემატებთან და სპეციალური კუმულაციური მუხტები მიიტანეს, რომლებიც 1-დან 50 კილოგრამადე იწონიდნენ (უკანასკნელ შემთხვევაში მუხტი გადასატანი სახელურებით აღჭურვილი ორი ნახევრისაგან შედგებოდა, რომლებიც აფეთქების წინ ეწყობოდა ერთ მთლიან მუხტად): სულ მესანგრეთა ჯგუფის განკარგულებაში 2 ტონა კუმულაციური საბრძოლო მასალა იყო (28 ცალი 50 კგ-იანი, 28 ცალი 12,5 კგ-იანი, 83 ცალი 3 კგ-იანი და 98 1 კგ-იანი). მუხტებს გერმანელები სამეთვალყურეო ხუფებზე, 75- და 120 მმ-იანი არტილერიის კოშკებსა და 75 მმ-იანი ქვემეხების კაზემატებზე ამაგრებდნენ. ბელგიელებს კვლავ არ უღიმოდათ ბედი: არასრული გარნიზონით დაკომპლექტებულ Cupola Nord-ში ფინთიხის ჭურვების მიმწოდებელი ელევატორი გამოვიდა მწყობრიდან. კოშკის მეთაურმა მათი კიბეებით ამოტანა ბრძანა, თუმცა სწორედ ამ დროს აფეთქდა რამდენიმეკუმულაციუტი ნაღმი: მართალია კოშკის ჯავშანმა კუმულაციურ დარტყმას გაუძლო და ის ბოლომდე არ გახვრეტილა, მაგრამ კოშკი გაიჭედა და მისი ელექტროსისტემა მწყობრიდან გამოვიდა. ბელგიელები იძულებულნი გახდნენ, კოშკი დაეტოვებინათ და მის ქვედა დონეზე გამაგრებულიყვნენ - Cupola Nord ბრძოლად და ფორტის დაცვას პრაქტიკულად გამოეთიშა.
სატყვიამფრქვევო კაზემატი Mi-Sud, რომელსაც გერმანელმა პარაშუტისტებმა ცეცხლმტყორცნებითა და კუმულაციური მუხტებით შეუტიეს, ცარიელი აღმოჩნდა - მისი გარნიზონი ადმინისტრაციული ნაგებობების დასაშლელად იყო გაგზავნილი. პლანერი, როელში მყოფი პარაშუტისტებისათვისაც კაზემატი Mi-Nord იყო სამიზნე, ხსენებული კაზემატიდან 80 მეტრის მოშორებით დაეშვა. ჩვეულებრივ საბრძოლო ვითარებაში ეს, რასაკვირველია, სრული კატასტროფა იქნებოდა გერმანელთა ამ ჯგუფისათვის, თუმცა Mi-Nord-ის გარნიზონი შემტევი მოწინააღმდეგის წინაშე სრულიად უიარაღო აღმოჩნდა: ტყვიამფრქვევები დამცავი ჯავშანხუფების მიღმა იყო გაწეული, ხოლო საბრძოლო მასალების ყუთები - დალუქული. შეიარაღების საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანა ბელგიელებს არც კი აცალეს: რამდენიმე კუმულაციურმა მუხტმა მთელი შეიარაღება მწყობრიდან გამოიყვანა და კედელშიც უზარმაზარი ღიობი გაანგრია. მხუთავი გაზითა და კვამლით სავსე, ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი კაზემატის გარნიზონი იძულებული გახდა, გალერეებში დაეხია.

Cupola Sud-ის გარნიზონი უმწეოდ შესცქეროდა ამ სცენას: მას საბრძოლო მასალები არ ჰქონდა. მისმა კოშკმა 50-კილოგრამიანი კუმულაციური მუხტის აფეთქებას გაუძლო, ჯავშანი არ გახვრეტილა და კოშკმა ბრძოლისუნარიანობა შეინარჩუნა, ხოლო როდესაც მასში, ბოლოსდაბოლოს, მოიტანეს ფინთიხის ჭურვები (დაზიანებული Cupola Nord-იდან), კოშკი აიწია და ცეცხლი გახსნა, მაგრამ ეს მხოლოდ 7:45-ზე მოხდა - ამ დროისათვის გერმანელმა პარაშუტისტებმა უკვე შეაფარეს თავი ხელში ჩაგდებულ კაზემატებს. Cupola Sud ებან-ემაელის ფორტის სრულ კაპიტულაციამდე ისროდა - მის ანგარიშზეა, მაგალითად, მაასზე გადებული გერმანული საპონტონო ხიდიც.
მოკლედ რომ ითქვას, 10 მაისის დღისათვის ჯერ კიდევ არ იყო ცხადი, ვინ ვის აკონტროლებდა: გერმანელი მედესანტეები იძულებულნი იყვნენ, Cupola Sud-ის მბრუნავი კოშკის ფინთიხის ზალპებს დამალვოდნენ, ხოლო ფორტის ტერიტორიაზე გადასაადგილებლად ისინი ტყვედ აყვანილ ბელგიელებს იყენებდნენ საფარად. Cupola Sud მხოლოდ ფორტის კაპიტულაციის წინ გამოიყვანა მწყობრიდან მისივე გარნიზონმა.
საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფა გერმანული დესანტის მეორეხარისხოვანი ამოცანა იყო. გერმანელ პარაშუტისტთა მთავარ სამიზნეს ფორტის საარტილერიო პოზიციები წარმოადგენდა. 75 მმ-იანი ქვემეხების კაზემატები გერმანელებმა კუმულაციური მუხტებით შეანგრიეს. კაზემატ "მაასტრიხტის" ერთ-ერთი 75 მმ-იანი ქვემეხი ამ აფეთქებით კაზემატის შიგნით შევარდა და ბელგიელი ტელეფონისტი ერთი დღე-ღამით გამოამწყვდია მისთვის განკუთვნილ ღიობში. აღსანიშნავია, რომ გერმანელებმა 120 მმ-იანი არტილერიის ცრუ კოშკებსაც შეუტიეს, რაც მოწმობს, რომ გერმანელებს ფორტის ზუსტი გეგმა არ ჰქონდათ - კაზემატების განლაგების შესახებ ძირითადი ცნობები მათ მხოლოდ ფორტის თავზე გადაფრენისას "ლიუფტჰანზას" სამგზავრო ლაინერებიდან გადაღებული ფოტოსურათებიდან მოიპოვეს.
75 მმ-იანი ქვემეხების მბრუნავი, ამოსაწევი კოშკი. არასაბრძოლო მდგომარეობაში კოშკი მიწაში ეშვებოდა და ზედაპირზე მხოლოდ მომრგვალებული შეჯავშნული სახურავიღა რჩებოდა. თანამედროვე ფოტო.ასეა თუ ისე, გადასხმიდან პირველი 15 წუთის განმავლობაში შვიდიდან ექვსი სამიზნე "გრანიტის" საიერიშო ჯგუფმა პრაქტიკულად სრულად გაანადგურა. ფორტზე შეტევის დაწყებიდან 25 წუთში მოფრენილმა გერმანულმა მოპიკირე ბომბდამშენებმა სამიზნეთა უმეტესობის თავზე აღმართული გერმანული დროშები შეამჩნიეს და მხოლოდ იმ კაზემატს შეუტიეს, რომელიც ტანკსაწინააღმდეგო თხრილს იცავდა.
გაგრძელება იქნება This post has been edited by Wanguard on 8 Sep 2013, 19:16