
ფილიპინების ზღვასა და კუნძულ ლეიტესთან გამართულ არაერთ საზღვაო ბრძოლაში ამერიკულმა ფლოტმა და ავიაციამ დამარცხებების მთელი კასკადი მიაყენეს იაპონურ ფლოტს, რასაც ამერიკული ჯარების უშუალოდ ფილიპინების არქიპელაგზე გადასხდომა მოჰყვა.
1945 წლის დასაწყისისათვის ამერიკელთა სარდლობა ფილიპინების არქიპელაგის ყველაზე დიდ კუნძულზე - ლუსონზე გადასახმელი ოპერაციის მომზადებას ამთავრებდა. ლუსონის ფართობი დაახლოებით 106 ათასი კვადრატული კილომეტრია და მაშინ მისი მოსახლეობა დაახლოებით 7,5 მილიონ ადამიანს ითვლიდა. მასზევე მდებარეობს ფილიპინების დედაქალაქი მანილა.
1945 წლის იანვრისათვის ლუსონზე იმყოფებოდა 14-ე იაპონური ფრონტის მთელი რიგი შენაერთები (8-ე, 10-ე, 23-ე, 103-ე და 105-ე ქვეითი და 2-ე სატანკო დივიზიები და 58-ე ცალკეული შერეული ბრიგადა), რომლებიც, მომსახურე ნაწილებისა და დაცვის გარნიზონების ჩათვლით, 250 ათასზე მეტ კაცს ითვლიდა და რომელთა საერთო სარდლობას და ლუსონის უშუალო დაცვის ხელმძღვანელობას გენერალ-ლეიტენანტი იამასიტა ახორციელებდა.
უნდა აღინიშნოს, რომ ჩამოთვლილი იაპონური შენაერთები სრულად არ იყო დაკომპლექტებული და არც მთლიანად იყვნენ უზრუნველყოფილნი შეიარაღებითა და საბრძოლო მასალებით. მაგალითად 10-ე დივიზიამ, რომელიც ლუსონზე 1944 წლის დეკემბერში ჩამოვიდა, ზღვით გადაყვანისას პირადი შემადგენლობის მესამედი დაკარგა, 19-ე დივიზიის მესამედი კი ტაივანზე დარჩა.
ამერიკული სარდლობის ვარაუდით, რომელიც ფილიპინელი პარტიზანების აგენტურულ მონაცემებს და სხვადასხვა სახის დაზვერვის ცნობებს ეყრდნობოდა, ფილიპინების არქიპელაგზე, უპირატესად - ლუსონის ტერიტორიაზე, იაპონური 4-ე საჰაერო არმიის 400-500 თვითმფრინავი იყო დისლოცირებული. დაახლოებით ამდენივეს გადმოსროლის საშუალება იაპონელთა სარდლობას ოკინავადან, ტაივანიდან და სხვა რაიონებიდანაც ჰქონდა. ზღვაზე გამანადგურებელი დამარცხებების შემდეგ ფილიპინების წყლებში იაპონური ფლტი აღარ იმყოფებოდა და კუნძულის საზღვაო დაცვას მხოლოდ რამდენიმე სადარაჯო ხომალდი და კატარღა ახორციელებდა.
ამერიკულმა ფლოტმა და ავიაციამ ლუსონი პრაქტიკულად სრულ ბლოკადაში მოაქციეს, გადაჭრეს ყველა კომუნიკაცია, რომელიც კი კუნძულს ფილიპინების არქიპელაგის სხვა კუნძულებთან და მეტროპოლიასთან აკავშირებდა და იაპონური ჯარები მნიშვნელოვანი სიძნელეების წინაშე დააყენეს: განსაკუთრებით დიდი იყო საწვავ-საცხები მასალების დეფიციტი. ცალკეულმა იაპონურმა ნაწილებმა, რომლებიც მინდანაოს, პალავანს, პაპაის, ნეგროსსა და არქიპელაგის ზოგიერთ სხვა კუნძულს იკავებდნენ, თუმცა კი შეინარჩუნეს ბრძოლისუნარიანობა, მაგრამ ზღვიდან და ჰაერიდან მთლიანად იყვნენ ბლოკირებულნი და, ლუსონზე ამერიკული დესანტის გადასხმის შემთხვევაში, სრულად იყვნენ მოკლებულნი მოვლენების მიმდინარეობაზე რაიმე სახის გავლენის მოხდენის შანსს. იაპონური ნაწილების მდგომარეობას მნიშვნელოვნად ართულებდა ფილიპინელი პარტიზანების მოქმედების მზარდი ინტენსიურობაც.
იაპონური სარდლობის მიერ შემუშავებულ ლუსონის დაცვის გეგმაში გათვალისწინებული იყო, რომ ამერიკელები ამ კუნძულს ვერ შემოუვლიდნენ ისევე, როგორც არქიპელაგის სხვა კუნძულებს რადგან მათ მთელი ფილიპინები სჭირდებოდათ ჯარების მსხვილი დაჯგუფებების კონცენტრაციისათვის უშუალოდ იაპონიისაკენ მიმართული შემდგომი სტრატეგიული შეტევითი ოპერაციებისათვის. აქედან გამომდინარე, იამასიტა ხანგრძლივი, მომქანცველი და შეუპოვარი თავდაცვითი ბრძოლებით ამერიკელთა არმიის, ავიაციისა და ფლოტის მნიშვნელოვანი ძალების შებოჭვას გეგმავდა, რათა ამერიკული სარდლობისათვის ამ ძალების მეტროპოლიის უშუალო სიახლოვეს სტრატეგიულ სამხედრო ოპერაციებში გამოყენების საშუალება წაერთმია. უნდა აღინიშნოს, რომ ლუსონზე გადმომსხდარი ამერიკული ძალების გასანადგურებლად 14-ე იაპონურ ფრონტს აუცილებლად დასჭირდებოდა დამატებითი ძალები და საშუალებები, რაც, შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, არც იამასიტას და არც უშუალოდ იაპონიის საიმპერატორო არმიის გენერალურ შტაბს არ გააჩნდა. რჩებოდ მხოლოდ შეუპოვარი და ამერიკელთათვის მეტად მომქანცველი თავდაცვის შანსი (თუკი მოვლენებს გავუსწრებთ, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ იამასიტამ შესანიშნავად შეასრულა შემუშავებული გეგმა და ამერიკელთ დიდი დაჯგუფება რამდენიმე თვით შებოჭა ლუსონისათვის ბრძოლაში).
ლუსონზე იაპონური ჯარების ძირითადი დაჯგუფება („ჯგუფი სობუ“ – დაახლოებით 130 ათასი კაცი) კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში იყო განლაგებული, მეორე დაჯგუფება („ჯგუფი კემბუ“ – დაახლოებით 30 ათასი კაცი) - მანილის ჩრდილო-დასავლეთით და მესამე („ჯგუფი სინბუ“ – დაახლოებით 50 ათასი კაცი) - მანილის აღმოსავლეთით. ამოცანა ყველა დაჯგუფებისათვის საერთო იყო: შეუპოვარი ბრძოლები და საკუთარი თავდაცვითი რაიონების ნებისმიერ ფასად და ნებისმიერი საშუალებით მაქსიმალურად დიდი ხნით შენარჩუნება.
მთავარ ძალებს იამასიტამ კუნძულის სიღრმეში მოუყარა თავი და ამ რეზერვით ის შექმნილი მდგომარეობის მიხედვით ფიქრობდა ძალებით მანევრირებას და ამა თუ იმ დაჯგუფების მხარდაჭერას. ამასთან ერთად ითვალისწინებდა, რომ საზღვაო დესანტის გადმოსხმის წინ ამერიკელები ყოველთვის აწარმოებდნენ მძლავრ საარტილერიო და საავიაციო მომზადებას გადმოსხმისათვის გათვალისწინებული სანაპიროს მთელ სიგრძეზე, რის შედეგადაც იქ თავმოყრილი თავდამცველი ჯარები მნიშვნელოვან დანაკარგებს განიცდიდნენ. ამიტომ ლუსონის სანაპიროს გასწვრივ, უპირატესად - დასახლებული პუნქტების ახლომახლო, მხოლოდ მცირე იაპონური გარნიზონები იყო განლაგებული, ხოლო დესანტსაწინააღმდეგო თავდაცვა, თვით დესანტირებისათვის ხელსაყრელ რაიონებშიც კი, ძალზე სუსტი იყო. ზოგადად, ჰაერიდან და ზღვიდან მხარდაჭერის არარსებობის პირობებში ლუსონზე იაპონელთა სანაპირო დაცვა მეტისმეტად უსუსური იყო.
ამერიკელთა გეგმა ლინგაენის ყურეში, მანილის ჩრდილოეთით 6-ე არმიის მთავარი ძალების გადასხმას ითვალისწინებდა, 15-20 დღე-ღამის შემდეგ კი - მანილის დასავლეთით, სუბიკის ყურეში 8-ე არმიის 11-ე კორპუსის გადასხმას. შემდგომში, ამ ძალების შემხვედრი დარტყმებით, ფილიპინების დედაქალაქის დამცველი იაპონური ჯარების განადგურება, მანილის დაკავება და კუნძულის ტერიტორიის მოწინააღმდეგის ძალებისაგან სრული გაწმენდა იგეგმებოდა.
1944 წლის 12 ოქტომბერს 6-ე ამერიკული არმიის სარდალმა გენერალ-ლეიტენანტმა უოლტერ კრიუგერმა ოპერაციის დაწყების დირექტივა მიიღო, რომლის დაწყებაც 20 დეკემბერისათვის იგეგმებოდა, მაგრამ რადგან კუნძულ ლეიტეზე ბრძოლები გაიწელა, ვადა 1945 წლის 9 იანვრისათვის გადაიტანეს. ამგვარად, ლუსონის სადესანტო ოპეარციის მომზადების დრო სამ თვეს გაგრძელდა: ამ ხნის განმავლობაში ამერიკულმა ჯარებმა კუნძულები ლეიტე და მინდორო დაიკავეს. ლუსონზე მოქმედების დაწყების საწყის რაიონ ლეიტეზე ამერიკული ჯარების ცალკეული შენაერთები და საბრძოლო და დამხმარე ტექნიკის დიდი რაოდენობა იყრიდა თავს, მინდოროზე კი აეროდრომები იგებოდა. შეტევის მთავარი მიმართულება ლინგაენის ყურე-მანილა იყო, რომელზეც 6-ე არმიის მთავარ ძალებს უნდა ემოქმედათ (203 ათასი კაცი, 1-ლი და 14-ე კორპუსები პირველ ეშელონში).
ვიცე-ადმირალ კინკეიდის 7-ე ფლოტის შენაერთები, რომლებიც საერთო ჯამში 164 საბრძოლო ხომალდს ითვლიდა (მათ შორის: 12 საესკორტო ავიამზიდი, 6 სახაზო ხომალდი, 6 მძიმე კრეისერი, 49 საესკადრო ნაღმოსანი (10 მათგანი - ღობურების გამრღვევი რაზმებით), ტრალერები, კანონერული ნავები, მონიტორები, ჰიდროგრაფიული და სხვა სახის ხომალდები) სადესანტო ოპერაციის უზრუნველსაყოფად იყო გათვალისწინებული. ეს ძალები დესანტის გადასხდომის დაწყებამდე სამი დღე-ღამით ადრე უნდა შესულიყვნენ ლინგაენის ყურეში, გაეწმინდათ გადასხდომის პუნქტებისაკენ მიმავალი მიმართულებები ნაღმებისა და სხვა სახის დესანტსაწინააღმდეგო წყალქვეშა თუ წყალზედა ღობურებისაგან და მთელი ამ 3 დღე-ღამის განმავლობაში საავიაციო და საარტილერიო მომზადება ეწარმოებინათ, შემდგომ კი - დესანტის გადასხდომის დაწყებისთანავე - ხმელეთზე მოქმედი ამერიკული ძალების ზღვიდან და ჰაერიდან მუდმივი მხარდაჭერა ევალებოდათ.
ვიცე-ადმირალ ჰელსის 3-ე ფლოტის 38-ე ოპერატიულ შენაერთს (სარდალი - კონტრ-ადმირალი მიტჩერი: 7 მძიმე და 6 მსუბუქი ავიამზიდი, 8 სახაზო ხომალდი, 3 მძიმე და 10 მსუბუქი კრეისერი, 56 საესკადრო ნაღმოსანი) დაევალა, 9 იანვრამდე მოეხდინა ტაივანის, რიუკიუსა და ლუსონის კუნძულებზე არსებული იაპონური ავიაციის ნეიტრალიზება, სადესანტო ოპერაციის დაწყებისთანავე კი - სამხრეთ ჩინეთის ზღვაში შესვლა და იაპონიის საიმპერატორო ფლოტის ბაზირების პუნქტებზე დარტყმები მსხვილი საბრძოლო ხომალდების განადგურების მიზნით, რათა არ დაეშვა ამ უკანასკნელთა მხრიდან რაიმე სახით ზემოქმედება ამერიკულ დესანტზე.
საკუთარი ამოცანები მიიღეს ამერიკელთა საჰაერო არმიებმაც: 5-ემ, რომელიც ლეიტესა და მინდოროზე იყო ბაზირებული და 7-ემ, რომელიც პალაუს კუნძულებზე „იჯდა“ - ლუსონზე მოწინააღმდეგის ავიაციის ჩახშობა და მისი კომუნიკაციების დარღვევა. 14-ემ (ჩინეთში) და 20-ემ (ჩინეთსა და მარიანის კუნძულებზე) - საჰაერო დარტყმები სამხრეთ ჩინეთის, ტაივანის და იაპონიის პორტებსა და აეროდრომებზე; 13-ემ (კუნძულ მოროტაიზე) და ავსტრალიის სამხედრო-საჰაერო ძალებმა (ძირითადად - ახალ გვინეაში) - იაპონური ავიაციის ნეიტრალიზება სამხრეთ ფილიპინებზე.
მთლიანად ლუსონზე სადესანტო ოპერაციაში ამერიკელებს მომზადებული ჰყავდათ 275 ათასი კაცი, 2 200-მდე თვითმფრინავი, რომელთაგან 1 300-ზე მეტი ავიამზიდი ავიაციიდან იყო და დაახლოებით 1 000 საბრძოლო, სატრანსპორტო და სადესანტო ხომალდი. ჯარებს 5 საბრძოლო კომპლექტი და საწვავ-საპოხი მასალების 15 გამართვა ჰქონდათ. ძალთა თაფარდობა ამერიკელთა სასარგებლოდ იყო: ცოცხალ ძალაში - 1,1:1-თან, ავიაციაში - 5,5:1-თან, ხომალდებში - აბსოლუტური (1 000:1-თან): ამერიკულ ფლოტს ლუსონის ნაპირებთან მხოლოდ კუნძულზე ბაზირებული იაპონური ავიაცია თუ დაემუქრებოდა.
საერთო სარდლობას ოთხვარსკვლავიანი გენერალი დუგლას მაკარტური ახორციელებდა, საზღვაო ნაწილში მისი მოადგილე 7-ე ფლოტის სარდალი ვიცე-ადმირალი კინკეიდი იყო, ოპერაციისათვის გამოყოფილ სამხედრო-საჰაერო ძალებს გენერალ-ლეიტენანტი კენი სარდლობდა, სადესანტო ჯარებს - კრიუგერი. ჰელსის 3-ე ფლოტი ოპერატიულად 7-ე ფლოტთან ურთიერთქმედებდა, თუმცა წყნარი ოკეანის ცენტრალური ნაწილის ძალების მთავარსარდალს, ოთხვარსკვლავიან ადმირალ ჩესტერ ნიმიცს ექვემდებარებოდა.
ოპერაციის მსვლელობისას ჯარების ყველა გვარეობის ურთიერთქმედება სპეციალური გეგმით განისაზღვრებოდა და სამეთაურო-საშტაბო სწავლებებზე მუშავდებოდა.
ლუსონზე შეჭრის წინ ამერიკელთა სარდლობამ ფილიპინელ პარტიზანებთან მჭიდრო ურთიერთქმედება დაამყარა და მათი იარაღით მომარაგება უზრუნველყო. პარტიზანებს კუნძულზე არსებულ მოწინააღმდეგის კომუნიკაციებზე დარტყმები, მათი ჯარების გადასროლის შეფერხება, ხიდებისა და გვირაბების აფეთქება და კავშირგაბმულობის მოშლა ევალებოდათ.
ამერიკული საარმიო ავიაცია ჯერ კიდევ 1944 წლის დეკემბრიდან შუდგა სისტემატიურ თავდასხმებს ლუსონზე არსებულ იაპონურ აეროდრომებზე და ოპერაციის რაიონის თავზე ჰაერში ბატონობისათვის გააჩაღა ბრძოლა. 14-16 დეკემბრის განმავლობაში ლუსონზე 3-ე ამერიკული ფლოტის ავიამზიდმა ავიაციამაც განახორციელა დარტყმები, რომლებმაც 270 იაპონური თვითმფრინავი გაანადგურეს. დეკემბრის უკანასკნელ დეკადაში ამერიკელთა საარმიო მძიმე ბომდამშენებმა ლუსონზე მდებარე მსხვილ სააეროდრომო კვანძ კლარკ-ფილდზე თავდასხმების მთელი სერია განახორციელეს. იაპონური 4-ე საჰაერო არმიის სარდლობას არ გააჩნდა საკმარისი რაოდენობისა და შესაძლებლობების ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის საშუალებები, რათა ამერიკელთა ყველა ჩამოთვლილი მასირებული თავდასხმისათვის რამენაირად ადექვატურად ეპასუხა და საკუთარი აეროდრომები მაინც დაეცვა, ამიტომ მის ხელთ არსებული თვითმფრინავები ლუსონზე არსებულ მრავალრიცხოვან მცირე აეროდრომებსა და ასაფრენ-დასაშვებ მოედნებზე გაფანტა, რათა შემდგომში ამერიკული ფლოტის წინააღმდეგ გამოეყენებინა.
იაპონელებისაგან გადასხმის კონკრეტული რაიონის დაფარვის მიზნით ამერიკელები საჰაერო დაზვერვასა და წინასწარ საავიაციო მომზადებას ფართო ფრონტზე - რიუკიუს არქიპელაგიდან ფილიპინების არქიპელაგის სამხრეთ ნაწილამდე აწარმოებდნენ. ტარდებოდა დემონსტრაციული ღონისძიებებიც: საავიაციო თავდასხმების გაძლიერება მანილაზე, ლუსონის სამხრეთ ნაწილში პარტიზანთა მოქმედებების აქტივაცია, ტაიაბასის ყურეში ნაღმების გამოტრალვა, ლუსონის სამხრეთ სანაპიროდან ხედვადობის არეში კონვოების მოძრაობა და სხვა.
ამერიკული სადესანტო ძალების თავმოყრა ძირითადად კუნძულ ლეიტეს რაიონში, 1944 წლის დეკემბრის მეორე ნახევრიდან 1945 წლის იანვრის დასაწყისამდე მიმდინარეობდა. 2-3 იანვარს ზღვაში გამოტრალვის ჯგუფის, ჰიდროგრაფიული უზრუნველყოფისა და დესანტის საცეცხლე მხარდაჭერის ხომალდები გავიდნენ. სადესანტო ჯარებით დატვირთულმა ხომალდებმა მოძრაობა 4 იანვარს დაიწყეს. ზღვით გადასვლა შემდეგი მარშრუტით წარმოებდა: ლეიტეს ყურე, სურიგაოს სრუტე, მინდანაოსა და სულუს ზღვები, მინდოროს სრუტე და, შემდეგ, კუნძულ ლუსონის დასავლეთ სანაპიროს გასწვრივ, ლინგაენის ყურისაკენ. ზღვაზე გადასვლის საერთო ხანგრძლივობა 4-5 დღე-ღამე იყო.
უზრუნველყოფის ჯგუფები დესანტირების რაიონში 6 იანვრის დილის 7 საათისათვის მივიდნენ. დაზვერვითა და გამოტრალვით დადგინდა, რომ აქ არ იყო არც სანაღმო და რაიმე სახის სხვა წყალქვეშა დაბრკოლება და - არც თავდაცვითი ნაგებობები ნაპირზე. საცეცხლე მხარდაჭერის ხომალდები სანაპიროს ბომბავდნენ - ეს ცეცხლდაშენა დესანტირების ჭეშმარიტი რაიონის დასაფარად მიმდინარეობდა. ასე, მაგალითად, 6 იანვარს ქალაქ სან-ფერნანდოს (ლა-უნიონი) რაიონი და კუნძული სანტიაგო დაიბომბა, 7 იანვარს - ლინგაენის ყურის სანაპირო, 8-ში კი - განმეორებით ისევ სან-ფერნანდო. ამავე დროს ავიამზიდების თვითმფრინავები დესანტირებისათვის განკუთვნილი პლაცდარმის სიღრმეში არსებულ ობიექტებს ბომბავდნენ და ცეცხლს უშენდნენ: 6-8 იანვრის განმავლობაში მათ საერთო ჯამში 788 საბრძოლო გაფრენა შეასრულეს. ამას გარდა 3-ე ფლოტის ავიაციამ 3 და 4 იანვარს ტაივანზე, რიუკიუს არქიპელაგსა და ოკინავაზე მდებარე იაპონურ აეროდრომებზე განახორციელა რამდენიმე თავდასხმა და დაახლოებით 100 თვითმფრინავი გაანადგურა. ამის შედეგად იაპონელთა სარდლობამ ლუსონზე საკუთარი ავიაციის გაძლიერების შესაძლებლობა დაკარგა.
ლუსონის რაიონში ჰაერში ამერიკული ავიაციის ბატონობის მიუხედავად იაპონურმა თვითმფრინავებმა სადესანტო ძალებს მთელი რიგი დარტყმები მიაყენეს. მაგალითად, 3-8 იანვრის განმავლობაში 7-ე ფლოტმა 3 ტრალერი და საესკორტო ავიამზიდი „ომანი ბეი“ დაკარგა: 5 იანვარს კუნძულ მინდოროს სამხრეთით მას „კამკაძემ“ შეუტია, მძიმე დაზიანება მიაყენა, ეკიპაჟმა ხომალდი დატოვა და თანმხლებმა ესკორტის ხომალდებმა ის ტორპედებით ჩაძირეს. გარდა ამისა, კიდევ 10-მა ხომალდმა მძიმე, ხოლო 22-მა - მსუბუქი დაზიანებები მიიღო: თითქმის ყველა მათგანი „კამიკაძეების“ ანგარიშზეა.
6 და 7 იანვარს 3-ე ფლოტის 38-ე ოპერატიული შენაერთის ავიაცია, 7-ე ფლოტის საესკორტო ავიამზიდებისა და სახმელეთო ავიაციასთან ურთიერთქმედებით, კვლავ ლუსონის წინააღმდეგ მოქმდებდა: კიდევ 111 იაპონური თვითმფრინავი განადგურდა და მათ ხელში არსებული აეროდრომებისა და ასაფრენ-დასაშვები მოედნების უმეტესობა მწყობრიდან გამოვიდა.
იაპონელთა ზემოთჩამოთვლილ დანაკარგებს დაემატა კიდევ 130 თვითმფრინავი, რომლებიც მათ ამერიკული 7-ე ფლოტის ხომალდებზე თავდასხმებისას დაკარგეს. ყველაფერმა ამან იაპონელთა საჰაერო აქტივობის მკვეთრი კლება გამოიწვია.
9 იანვრის გამთენიისათვის ამერიკული სადენტო ძალები ლინგაენის ყურეში მივიდნენ. 7:30-დან 9:30-მე უშუალო საავიაციო და საარტილერიო მომზადება მიმდინარეობდა. ტრანსპორტებიდან სადესანტო-გადასასხმელ საშუალებებზე ჯარების გადასვლა საბრძოლო ხომალდებისა და ავიაციის ცეცხლის საფარქვეშ მიმდინარეობდა ნაპირიდან 8-15 კილომეტრის დაშორებით. ნაპირიდან 2,5-3,5 კილომეტრში საწყისი ზღუდე იყო, სადაც სადესანტო-გადასასხმელი საშუალებები თავს იყრიდნენ, რიგებად იშლებოდნენ და ტალღებად მიემართებოდნენ ნაპირისაკენ ყოველ ტალღას შორის ხუთწუთიანი ინტერვალით. დესანტის ნაპირთან მიახლოებისთანავე გადასხმის უბნები ქვეითთა სადესანტო ხომალდებიდან რეაქტიული არტილერიითა და ნაღმმტყორცნებით დაიბომბა.
გადასხდომა 9:30-ზე დაიწყო ლინგაენის ყურის სანაპიროს ოთხ პუნქტში, რომელთა საერთო ფრონტი დაახლოებით 26 კილომეტრი იყო. მასში ერთდროულად მონაწილეობდა ოთხი დივიზა - ორ-ორი 6-ე არმიის პირველი ეშელონის ორივე კორპუსიდან.
მარჯვენა ფლანგზე 14-ე საარმიო კორპუსის 40-ე და 37-ე ქვეითი დივიზიები უტევდნენ, რომლებსაც გადასხმისას მოწინააღმდეგის არანაირი წინააღმდეგობა არ შეხვედრიათ. მარცხენა ფლანგზე, სადაც 1-ლი საარმიო კორპუსის 6-ე და 43-ე ქვეითი დივიზიები მოქმედებდნენ, მცირეოდენი საცეცხლე წინააღმდეგობა სცადეს გადასხმის რაიონის ჩრდილოეთით მდებარე სიმაღლეებზე განლაგებულმა იაპონურმა ბატარეებმა, თუმცა ისინი უსწრაფესად ჩაახშეს ამერიკულმა ხომალდებმა და ავიაციამ.
იამასიტა მტკიცედ იყო დარწმუნებული, რომ ამერიკელები სან-ფერნანდოს რაიონში გადმოსხდებოდნენ - იქ, სადაც თავად იაპონელებიც გადასხდნენ 1941 წლის დეკემბერში. ამიტომ „ჯგუფ სობუს“ ძირითადი ძალები სწორედ სან-ფერნანდოს დასავლეთით იყო თავმოყრილი მაშინ, როდესაც ლინგაენ-დაგუპანის უბანს მხოლოდ მცირერიცხოვანი ქვეგანაყოფები იფარავდნენ.
გზებზე, ხიდებსა და გვირაბებზე ამერიკელთა მასირებულმა საჰაერო თავდასხმებმა იამასიტას ხელი შეუშალა, ამერიკული დესანტის მოსაგერიებლად ძალები დროულად წამოეწია. ამის შედეგად იაპონური ჯარები, რომლებსაც ამერიკული ავიაცია და პარტიზანები მოსვენებას არ აძლევდნენ, უწესრიგოდ დაიძრნენ ჩრდილოეთისაკენ, სამხრეთ-აღმოსავლეთისა და დასავლეთისაკენ, გზებზე შეჯგუფდნენ და საბოლოოდ გაუშვეს ხელიდან ახლადგადმოსხმული და ჯერ კიდევ მცირერიცხოვანი და სუსტი ამერიკული დესანტის უკან, ზღვაში გადაგდების თუნდაც მცირე, მაგრამ სავსებით რეალური შანსი. ამერიკელებმა იამასიტას მოუმზადებელს მოუსწრეს და „მალაის ვეფხვი“ იძულებული გახდა, საკუთარი ჯარები ბრძოლაში ნაწილ-ნაწილ შეეყვანა.
9 იანვრის დღის ბოლოსათვის ლინგაენის ყურის სანაპიროზე უკვე 68 ათასი ამერიკელი იმყოფებოდა, რომლებმაც, მიუხედავად „კამიკაძეების“ თვითმფრინავებისა და თვითმკვლელი ეკიპაჟებით დაკომპლექტებული ფეთქებადი კატარღების აქტიური წინააღმდეგობისა, ხელთ იგდეს 32-კილომეტრიანი ფრონტისა და 7,5-კილომეტრიანი სიღრმის პლაცდარმი. 1-ლი და 14-ე კორპუსები, გაძლიერების ნაწილებითურთ, 12 იანვრისათვის უკვე მთლიანად გადასხდნენ ნაპირზე და ბრძოლები პლაცდარმის გასაფართოებლად გააჩაღეს. ეს ბრძოლები მარჯვენა ფლანგსა და ცენტრში მოწინააღმდეგის სუსტი, ხოლო მარცხენა ფლანგზე - ძლიერი წინააღმდეგობის პირობებში მიმდინარეობდა.
იაპონელთა მიერ გულდასმით მომზადებული საარტილერიო და ქვეითთა შეიარაღების საცეცხლე სექტორები და თავდამცველი მხარის შეუპოვრობა მარცხენა ფლანგზე ამერიკული დესანტის წინსვლის მნიშვნელოვანი შეფერხების მთავარი პირობა გახდა, თუმცა მედგარმა იაპონელმა ქვეითებმა ჰაერში ამერიკელთა აბსოლუტურ უპირატესობას უკვე ვეღარაფერი დაუპირისპირეს. 16 იანვრისათვის 6-ე ამერიკულმა არმიამ პლაცდარმი გააფართოვა და ლინგაენის ყურის სანაპიროზე აეროდრომი მოაწყო.
1-ლი და 14-ე ამერიკული კორპუსები ნელა, მაგრამ მეთოდურად მიარღვევდნენ კუნძულის სიღრმეში წინასწარ მომზადებულ პოზიციებზე გამაგრებული იაპონური ნაწილების სულ უფრო მზარდ წინააღმდეგობას და ჯიუტად მიიწევდნენ მანილისაკენ: 9-დან 21 იანვრამდე კორპუსებმა 75 კილომეტრი გაიარეს. 1-ლი კორპუსის ნაწილი ჩრდილოეთისა და აღმოსავლეთისაკენ გაიჭრა მთავარ მიმართულებაზე მოქმედებების უზრუნველყოფის მიზნით.
ყველაზე შეუპოვარ წინააღმდეგობას 14-ე კორპუსის ნაწილები კლარკ-ფილდის რაიონში წააწყდნენ, სადაც ძირითადი იაპონური აეროდრომები იყო: ისინი ამერიკელებმა მხოლოდ იანვრის ბოლოსათვის დაიკავეს. „ჯგუფმა კემბუმ“, რომელმაც მხოლოდ მოკლულთა სახით 2 500-ზე მეტი კაცი დაკარგა, 31 იანვრისათვის მთებში დაიხია და 14-ე კორპუსმა მანილის მიმართულებით შეტევის გაგრძელების შესაძლებლობა მიიღო.
29 იანვარს სუბიკის ყურის ჩრდილო-დასავლეთით 7-ე ამერიკული ფლოტის ხომალდებმა 8-ე ამერიკული არმიის 11-ე კორპუსის 38-ე დივიზია და 24-ე დივიზიის ერთი პოლკი გადმოსხეს: მეორე დღეს ამ 30 000-კაციანმა დესანტმა სამხედრო-საზღვაო ბაზა ოლონგაპო დაიკავა. 31 იანვარს მანილის ყურეში შესასვლელიდან 37 კილომეტრით სამხრეთით ამერიკელთა 11-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიის ძირითადი ძალები გადასხდნენ: ყველა ამ დესანტის საერთო ამოცანა 14-ე კორპუსისათვის მანილის დაკავებაში დახმარება იყო. შემხვედრი მიმართულებებით წარმოებული შეტევებით (სამხრეთიდან, ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან) აღნიშნულმა შენაერთებმა 5 თებერვალს მანილას მიაღწიეს, ხოლო 11-ში ლუსონის აღმოსავლეთ სანაპიროზე გავიდნენ.
15 თებერვალს, მძლავრი საავიაციო და საარტილერიო მომზადების შემდეგ, 11-ე კორპუსის ნაწილები ბატაანის ნახევარკუნძულზე გადასხდნენ, ორი დღის შემდეგ მთლიანად დაიკავეს ის და მანილის ყურის დასავლეთ სანაპიროზე სრული კონტროლი დაამყარეს. 16 თებერვალს 7-ე ფლოტის ხომალდებმა და ავიაციამ მანილის ყურის შესასვლელში მდებარე კუნძულ-ციხე-სიმაგრე კორეხიდორზე არსებულ იაპონურ სიმაგრეებს მძლავრი დარტყმა მიაყენეს, შემდეგ კი კუნძულზე საჰაერო (503-ე საპარაშუტო პოლკის გაძლიერებული ბატალიონი) და საზღვაო (34-ე ქვეითი პოლკი) დესანტები გადასხეს. კორეხიდორის 5 000-კაციანმა იაპონურმა გარნიზონმა (შეგახსენებთ, რომ 1942 წლის თებევალში, როდესაც კორეხიდორის ამერიკული გარნიზონი იაპონელებს დანებდა, ტყვედ დაახლოებით 75 ათასი ამერიკელი ჩაბარდა) ამერიკელებს შეუპოვარი წინააღმდეგობა გაუწია და კუნძულისათვის ბრძოლა, ზღვიდან და ჰაერიდან მძლავრი მხარდაჭერის მიუხედავად, ამერიკელებს მარტის დასაწყისამდე გაეწელათ.
თებერვლის განმავლობაში ამერიკული ჯარები მანილაში გააფთრებულ ქუჩის ბრძოლებს აწარმოებდნენ. ქალაქი მთლიანად დაინგრა, დაიღუპა 100 000-მდე მშვიდობიანი მოსახლე. ქალაქის 17 000-იანი იაპონური გარნიზონიდან წინააღმდეგობა 300-მდე გადარჩენილმა მხოლოდ 3 მარტს შეწყვიტა. ამერიკელებმა, რომლებიც ფართოდ იყენებდნენ არტილერიას, ტანკებსა და ცეცხლმტყორცნებს (კუნძულზე გადასხდომის შემდეგ მანილის წინააღმდეგ ავიაციის გამოყენება და ჰაერიდან ქალაქის დაბომბვა მაკარტურმა აკრძალა), მანილისათვის ბრძოლაში 1 000-ზე მეტი მოკლული და 5 500-მდე დაჭრილი დაკარგეს. მანილის გარნიზონის განადგურებისა და „ჯგუფ სინბუს“ წინააღმდეგ წარმატებული მოქმედებების მეოხებით ამერიკელთა სარდლობამ ლუსონის სამხრეთ რაიონებისაკენ შეტევის შესაძლებლობა მიიღო. 1 აპრილს საზღვაო დესანტმა ბიკოლის ნახევარკუნძულზე პორტი ლოგასპი დაიკავა და ჩრდილო-დასავლეთისაკენ იწყო წინსვლა, 2 მაისს კი ის ქალაქ ნაგას რაიონში მანილიდან მისკენ შემხვედრ შეტევაზე გადმოსულ ნაწილებს შეუერთდა.
ამასობაში ლუსონის ჩრდილოეთ ნაწილში, სადაც „ჯგუფ სობუს“ წინააღმდეგ 6-ე არმიის ძირითადი შენაერთები მოქმედებდნენ, ქალაქ ბაგიოსა და ბალეტეს უღელტეხილის მიმართულებით შეტევა მეტისმეტად ნელა ვითარდებოდა. ბაგიოსთან გააფთრებული ბრძოლები გაჩაღდა და ამერიკელებმა ქალაქის აღება მხოლოდ 26 აპრილს მოახერხეს, ბალეტეს უღელტეხილისათვის ბრძოლები კი 13 მაისამდე გაგრძელდა, როდესაც მდინარე კაგაიანის ველზე გამავალი ეს ჭიშკარი ამერიკელებმა ხელთ იგდეს. ამის შემდეგ ბრძოლებმა ქალაქ ბამბაპაგასა და ბესანგის უღელტეხილის მიდამოებში გადაინაცვლა.
ლუსონისათვის ბრძოლებში მნიშვნელოვანი როლი შაესრულეს ფილიპინელმა პარტიზანებმა, რომლებიც მჭიდროდ ურთიერთქმედებდნენ ამერიკულ ჯარებთან: მათ ლუსონის მრავალი რაიონის განთავისუფლებაში მიიღეს აქტიური მონაწილეობა: სანამ ამერიკული შენაერთები ბესანგის უღელტეხილის მისადგომებთან აწარმოებდნენ ბრძოლებს, პარტიზანებმა მდინარე კაგაიანის ველზე არსებული იაპონური კომუნიკაციები გადაჭრეს და მათ ზურგში რამდენიმე რეიდი მოაწყეს. 13 ივნისს პარტიზანულმა რაზმებმა ბესანგის უღელტეხილი იგდეს ხელთ, შემდეგ კი შეტევა განაგრძეს და ქალაქი სერვანტსი და მისგან სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე რამდენიმე დასახლებული პუნქტი დაიკავეს, ხოლო 20 ივნისს, ამერიკულ ჯარებთან ურთიერთქმედებით - პორტი აპარი.
30 ივნისისათვის 6-ე ამერიკული არმია პრაქტიკულად მთელ ლუსონს აკონტროლებდა, თუმცა დაახლოებით 25 000 იაპონელი ჯარისკაცი და ოფიცერი კვლავ განაგრძობდა ბრძოლას.
ბრძოლები ყოველთვის მეტისმეტად შეუპოვარი იყო. იაპონელები მედგრად იცავდნენ ყოველ ზღუდეს, ტყვედ თითქმის არ ნებდნებოდნენ, თუმცა ამერიკელებმა, ზღვასა და ჰაერში აბსოლუტური უპირატესობის, მეთოდურობისა და სიჯიუტის მეოხებით მაინც გაიმარჯვეს.
ლუსონზე საბრძოლო მოქმედებები თითქმის 6 თვეს გაგრძელდა. ამერიკელებმა აქ დაახლოებით 11 000 მოკლული და 28 000 დაჭრილი დაკარგეს, ხოლო იაპონელებმა (ამერიკელთა შეფასებით) – 205 500 კაცი მხოლოდ დაღუპულთა სახით.
იამასიტა 14-ე ფრონტის ნარჩენებთან ერთად მთებში გაიხიზნა და იქიდან ცდილობდა, წინააღმდეგობა გაეგრძელებინა, თუმცა, რაკი იაპონელები ლუსონზე ამერიკელთა ყოფნას და მშვიდობაინ მოსახლეობას მხოლოდ მინიმალურად უშლიდნენ ხელს, ამერიკელებმა იაპონური ჯარების ნარჩენების განადგურების ოპერაციის ჩატარება ძალების ტყუილ ხარჯვად ჩათვალეს და მთებში გახიზნულ იამასიტას და მის მშიერ-მწყურვალ, თითქმის უიარაღო ჯარისკაცებს თავი დაანებეს: მხოლოდ მათი დაბლოკვით შემოიფარგლნენ.
იამასიტა ბოლომდე იბრძოდა და ტყვედ მხოლოდ 1945 წლის 2 სექტემბერს, მეორე მსოლფიო ომის ოფიციალურად დამთავრების დღეს დანებდა.
მართალია ვაი-ექსპერტი ვარ, მაგრამ სულაც არ ვამბობ, რომ რაკი ფოტო დადგმულია, ცუდია-მეთქი. პირიქით - დადგმული ფოტოები უფრო ეფექტური და ხარისხიანი გამოდის, რადგან ფოტოგრაფს ბევრად მეტი დრო და შესაძლებლობები აქვს ეფექტური კადრის მისაღებად, ვიდრე - უშუალოდ ბრძოლებისას, როდესაც გარშემო სულაც არაა სიმშვიდე და იდილია.
ზოგიერთი დადგმული ფოტოს გადაღებისათვის კი სიცოცხლე აბსოლუტურად არავის გაუწირავს (მაგალითად, შენს ამ ბოლო პოსტში წარმოდგენილ ფოტოზე: გაპრიალებული ჩაფხუტებისა და ჩექმა-კრაგების და აბსოლუტურად სუფთა მუნდირების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ), მიუხედავად იმისა, რომ მათ რიცხვშიცაა შესანიშნავი ნიმუშები.
This post has been edited by Wanguard on 30 Sep 2013, 02:30