ქართველები სტუმრად ქართველებთან


1943 წელი: საქართველოს დელეგაცია სტუმრად 18-ე არმიაში.
მარცხნიდან მარჯვნივ სხედან: პოეტი გიორგი ლეონიძე, 18-ე არმიის სამხედრო საბჭოს წევრი (კომისარი) სემიონ კოლონინი, საქართველოს სსრ კომპარტიის მეორე მდივანი მიხეილ ბარამია, 18-ე არმიის სარდალი კონსტანტინე ლესელიძე, ახალციხის რაიკომის პირველი მდივანი გიორგი კირვალიძე.
მარცხნიდან მარჯვნივ დგანან: არმიის სარდლის ადიუტანტი დმიტრი დუბროვინი, ჩრდილოკავკასიის ფრონტის პოლიტსამმართველოს წარმომადგენელი ალექსანდრე დოჭვირი, მხატვარი უჩა ჯაფარიძე, პოეტი სიმონ ჩიქოვანი, 18-ე არმიის განსაკუთრებული განყოფილების უფროსი ვლადიმერ ზარელუა, მსახიობი აკაკი ხორავა, 18-ე არმიის პოლიტსამმართველოს უფროსი ლეონიდ ბრეჟნევი.
* * *
ხარკოვის მესამე ბრძოლა
(ნაწყვეტი)
აღმოსავლეთის ფრონტზე გერმანელთა და მათ მოკავშირეთა საერთო დანაკარგების საბჭოთა მხარესთან თანაფარდობის გათვალისწინებით, რომელიც 1:7-თან იყო, ჯარების მხრივ ასეთივე თანაფარდობა სრულიადაც არ გამოიყურება დაუჯერებლად, თუმცა - მხოლოდ მებრძოლი ნაწილებისათვის და საბჭოთა მხრიდან მოქმედებაში შეყვანილი შევსების გათვალისწინებით, მათ შორის - უშუალოდ ნაწილებში გაწვეულთათვის. სწორედ ამ უკანასკნელთა შესახებ საუბრობდა ჰაუსერი თავის მოხსენებაში. ამ ხალხს ბრძოლაში მოუმზადებლად, უნიფორმის გარეშე და ხშირად სრულიად უაიარაღოდ (ერთი შაშხანა 10 კაცს) აგზავნიდნენ და ისინი პირველივე ბრძოლაში ან ბუზებივით იხოცებოდნენ, ანდა მასიურად ვარდებოდნენ/ბარდებოდნენ ტყვედ. ეს ხალხი წითელი არმიის აღურიცხავი დანაკარგების უმნიშვნელოვანესი ნაწილი იყო. სადღეისოდ გლობალურ ქსელში გამოქვეყნებულ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს უკანმოუბრუნებელი დანაკარგების მონაცემთა ბაზაში არ ირიცხება არცერთი ადამიანი, რომელიც უშუალოდ სამხედრო ნაწილში იყო გაწვეული. ასეთები კი დაღუპულთა შორის მილიონობითაც კი შეიძლება იყოს...
ასეთი მოუმზადებელი ახალწვეულები მოწინააღმდეგეს ვერავითარ ზარალს რომ ვერ აყენებდნენ, საბჭოთა მხარეც ადასტურებს. ასე, მაგალითად, ვორონეჟის ფრონტმა 1943 წლის თებერვალში უშუალოდ ნაწილებში 20 902 კაცი გაიწვია, ხოლო მარტში - 8 984, თანაც ამავე პერიოდში ცენტრალიზებული სამარშო შევსების სახით კიდევ 20 838 კაცი მიიღო. და ეს ყოველივე - ასევე უშუალოდ ნაწილებში გაწვეული „ოკრუჟენცების“ (ტერმინი, რომელიც წითელი არმიის იმ სამხედრო მოსამსახურეების მიმართ გამოიყენებოდა, რომლებიც მტრის ზურგში სხვადასხვა მიზეზების გამო დარჩნენ 1941-1942 წლებში, წითელი არმიის მასობრივი უკანდახევის დროს) გარეშე. თანაც გასაწვევი ასაკის ადგილობრივი მოსახლეობის უმეტესობა, იმის შიშით, რომ უკიდურესად ეჭვიან და ფხიზელ საბჭოთა დამსჯელ ორგანოებს, ან უშუალოდ სამხედრო ნაწილების კომისრებს და „ასობისტებს“ შეკითხვა არ გასჩენოდათ, რატომ არ გაიწვიეს ისინი წითელ არმიაში 1941-1942 წლებში, საკუთარ თავს ასევე „ოკრუჟენცებს“ ათვლიდა. აღსანიშნავია აგრეთვე, რომ უშუალოდ სამხედრო ნაწილებში გაწვეულთა საერთო რაოდენობა არმიებისა და ფრონტების მოხსენებებში, შესაძლოა, შემცირებულიც კი იყოს იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ გაწვეულთა ნაწილის მობილიზაციას უშუალოდ ქვეგანაყოფები - ასეულები და ბატალიონები ახდენდნენ და მათი რაოდენობის შესახებ აღმასვლითი მოხსენებები, როგორც წესი, არ მიდიოდა. ასეთ ახალწვეულებს წითელ არმიაში „შავ ქვეითებს“ ეძახდნენ: ისინი, როგორც წესი, არასამხედრო, უმეტესწილად მუქი ფერის სამოქალაქო პალტოებსა და დაბამბულ ქურთუკებში იყვნენ გამოწყობილნი. გერმანელებმა მათ კიდევ უფრო ზუსტი და დამახასიათებელი სახელი - „ყვავები“ შეარქვეს.
„ყვავებისაგან“ პრაქტიკულად არავითარი ხეირი არ იყო. მოგვიანებით, 1943 წლის მარტში, როდესაც საბჭოთა ჯარებმა ხარკოვი უკვე დატოვეს, საბჭოთა 3-ე სატანკო არმიის სარდლობამ შემდეგი დასკვნა გააკეთა: „წინასწარი დამუშავების გარეშე დროებით ოკუპირებული და ხელახლა განთავისუფლებული ტერიტორიების ადგილობრივი მოსახლეობის ხარჯზე ნაწილებისა და ქვეგანაყოფების დაკომპლექტების პრაქტიკამ არ გაამართლა. ეს მოუმზადებელი და უფორმო შევსება, რომელიც ქვეგანაყოფებს უერთდებოდა, ამ უკანასკნელებს კი არ აძლიერებდა, პირიქით - უფრო ასუსტებდა, რადგან ზედმეტი ბარგი ხდებოდა და მათი არათუ ფორმაში გამოწყობა და კვება, არამედ შეიარაღებაც კი შეუძლებელი იყო“. სატანკო ან საარტილერიო ნაწილების შესავსებად ასეთი ახალწვეულები აბსოლუტურად არ გამოდგებოდნენ სრული მოუმზადებლობის გამო, ხოლო 3-ე სატანკო არმიის მსროლელ ნაწილებში უკანდახევისას მათგან ასევე არავითარი ხეირი არ იყო.
ერთადერთი სარგებელი ამ „შავ ქვეითებს“ მხოლოდ მოწინააღმდეგის ცოტად თუ ბევრად მომზადებულ თავდაცვაზე შეტევისას მოჰქონდათ: „ყვავები“ საკუთარი სხეულებით აფეთქებდნენ დანაღმულ ველებს, აიძულებდნენ გერმანელებს, მათ განკარგულებაში არსებული არცთუ მთლად დიდი რაოდენობის ვაზნები, ჭურვები და ავიაბომბები მათზე გაეხარჯათ. ბოლოსდაბოლოს, განუწყვეტლივ შემტევი „ყვავები“ მოწინააღმდეგეს უკიდურესად ქანცავდნენ, მოქმედებდნენ მათ განწყობაზე, ფსიქიკაზე და ზოგჯერ - მორალურ მდგომარეობაზეც კი. თავდაცვაში კი უიარაღო და მოუმზადებელი „ყვავებისაგან“ არავითარი სარგებელი არ იყო. ალყიდან გარღვევისასაც ეს ხალხი ზედმეტი ბარგი ხდებოდა. ალყაში მოხვედრისთანავე მრავალი მათგანი სახლებში წასვლას ამჯობინებდა, რათა შემდეგ, წითელი არმიის მიერ ამ ტერიტორიის ხელახლა დაკავებისას, ისევ ნაწილებში გაწვეულიყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ მთელ რიგ მოხსენებებში „შავი ქვეითების“ საბრძოლო ეფექტი ძალზე დაბალ დონეზე განიხილებოდა, უშულოდ ნაწილებში გაწვევის პრაქტიკა ახალი და ახალი ტერიტორიების განთავისუფლებასთან ერთად სულ უფრო ფართო მასშტაბებს ღებულობდა. ომის უკანასკნელ თვეებში, როდესაც წითელი არმიის საბრძოლო მოქმედებები უკვე უშუალოდ გერმანიისა და მისი მოკავშირეების, ან მათ მიერ ოკუპირებული ევროპული ქვეყნების ტერიტორიებზე გადავიდა, უშუალოდ ნაწილებში უკვე გასაწვევი ასაკის „ოსტარბაიტერებს“ - „აღმოსავლელ მუშებს“ იწვევდნენ, რომლებიც გერმანიაში იძულებით ან ნებაყოფლობით მოხვდნენ გერმანელთა მიერ საბჭოთა კავშირის სხვადასხვა დროს ოკუპირებული ნაწილიდან. უშუალოდ ნაწილებში გაწვეულთა შორის უზარმაზარი და სრულიად გაუმართლებელი დანაკარგები არცერთი დონის საბჭოთა სარდლობას არ ანაღვლებდა: საბჭოთა გენერლები მხოლოდ იმას დარდობდნენ, რომ თავდაცვასა და ალყაში, სადაც „ყვავების“ საბრძოლო ღირებულება ნულის ტოლფასი იყო, მათი კვება ხდებოდა საჭირო. როგორც ჩანს, საბჭოთა სისტემისათვის ოკუპირებული ტერიტორიების მაცხოვრებლები შინსახკომის საუწყებო ბანაკების ერთ-ერთი უპირველესი კანდიდატები იყვნენ და, ამ თვალსაზრისით, მათი ფრონტზე დაღუპვა მხოლოდ მისასალმებელი შეიძლებოდა ყოფილიყო: ომის შემდეგ შინსახკომს ნაკლები სამუშაო ექნებოდა.
1943-1945 წლების მანძილზე უშუალოდ ნაწილებში გაწვეული, ანუ ცუდად მომზადებული და ხშირად შეუიარაღებელი ახალწვეულების წილი საბჭოთა შენაერთებსა და ქვეგანაყოფებში სულ უფრო იზრდებოდა. სწორედ ეს ამცირებდა საბჭოთა ქვეითი ჯარის ხარისხს და მკვეთრად ზრდიდა მის დანაკარგებს. რაც შეეხება SS-ის ელიტარულ სატანკო ნაწილებს, ისინი მაღალ ბრძოლისუნარიანობას პრაქტიკულად ომის ბოლომდე ინარჩუნებდნენ. ხშირად ხდებოდა, რომ SS-ის რჩეული ნაწილები ცუდად მომზადებულ და შეუიარაღებელ საბჭოთა ახალწვეულებს ეომებოდნენ. მიუხედავად ყოველივე ამისა, წითელმა არმიამ მაინც მოახერხა SS-ის ელიტის დამარცხება. უპირველეს ყოვლისა - შეიარაღებასა და ცოცხალ ძალაში რიცხობრივი და, ზოგჯერ, ხარისხობრივი უპირატესობის ხარჯზე.
* * *
ხარკოვის მესამე ბრძოლისას საბჭოთა შევსებების შესახებ ოფიციალური მონაცემები რომ მნიშვნელოვნადაა „კორექტირებული“, ამას შემდეგი მაგალითიც მოწმობს. ვორონეჟ-ხარკოვის შეტევითი ოპერაციებისას, რომელიც 1943 წლის 13 იანვრიდან 3 მარტამდე გრძელდებოდა, ვორონეჟის ფრონტმა, რომელიც ოპერაციების დაწყებისას 347 200 კაცს ითვლიდა, ოფიციალური მონაცემებით უკანმოუბრუნებლად დაკარგა 33 331 კაცი. სანიტარული დანაკარგები 62 384 კაცს შეადგენდა. ხარკოვის დაცვის ოპერაციის დაწყების მომენტისათვის, რომელიც 1943 წლის 4 მარტიდან მიმდინარეობდა, ამ ფრონტის ხარკოვის მიმართულებით მოქმედი დაჯგუფება 281 800 კაცს ითვლიდა, ხოლო ამავე ფრონტის მეორე დაჯგუფება, რომელიც რილსკისა და სუმის მიმართულებით მოქმედებდა - 93 770 კაცს. საერთო ჯამში ეს ორი ციფრი 375 570 კაცს გვაძლევს. ამგვარად, საბჭოთა ისტორიკოსთა მტკიცებები, თითქოდა ხარკოვთან გერმანელთა კონტრშეტევის დაწყების მომენტისათვის საბჭოთა ჯარები პირადი შემადგენლობის მკვეთრ უკმარისობას განიცდიდნენ, რბილად რომ ვთქვათ, გადაჭარბებულია. 4 მარტს ხომ ვორონეჟის ფრონტს თავის რიგებში 28 370 კაცით მეტი ჰყავდა, ვიდრე - 13 იანვარს. თანაც მხოლოდ თებერვალში ფრონტმა არანაკლებ ოცდაათათასკაციანი შევსება მიიღო. ჯერჯერობით უცნობია, ღებულობდა თუ არა ვორონეჟის ფრონტი შევსებას 13 იანვრის შემდეგ. სავარაუდოდ, ნაწილები და შენაერთები ოპერაციის დაწყებამდე შეივსნენ, ხოლო მარტის შევსება ნაწილებში, ალბათ, მხოლოდ 4 რიცხვის შემდეგ მოვიდა. თუკი ყველა ეს ვარაუდი სწორია, თებერვლის შევსება მხოლოდ ოფიციალურ, აშკარად შემცირებულ უკანმოუბრუნებელ დანაკარგებს ავსებს. თუნდაც ვივარაუდოთ, რომ 13 იანვრიდან 3 მარტის ჩათვლით რაღაც მანქანებით ფრონტის ყველა დაჭრილმა მებრძოლმა მოასწრო მწყობრში დაბრუნება (რაც, რასაკვირველია, აბსოლუტურად შეუძლებელია), ამ შემთხვევაშიც კი ვორონეჟის ფრონტის რიცხოვნება მხოლოდ 278 500 კაცს აღწევს. უფრო რეალურად გამოიყურება ვარაუდი, რომ 4 მარტისათვის დაჭრილთა საერთო რაოდენობის დაახლოებით და არაუმეტეს ნახევარმა მოასწრო მწყობრში დაბრუნება. ამ შემთხვევაში ფრონტის საერთო რიცხოვნება დაახლოებით 247 300 კაცი უნდა იყოს, ანუ - რეალურად არსებულ რაოდენობაზე დაახლოებით 97 ათასი კაცით ნაკლები. ამგვარად, მხოლოდ ვორონეჟის ფრონტის ჯარებმა 1943 წლის იანვრის შუახანებიდან მარტის პირველ რიცხვებამდე აღურიცხავი შევსების სახით დაახლოებით 100 ათასი კაცი მიიღეს (როგორც ჩანს, ამ რაოდენობის ნაწილი ფრონტის შემადგენლობაში ახლადმოსული ნაწილების წილად მოდიოდა). თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ასე ნაჩქარევად შეკრებილ ადამიანთა მასის საბრძოლო უნარი და ღირებულება მოსალოდნელზე მკვეთრად ნაკლები აღმოჩნდა.
უეჭველია, რომ 1943 წლის იანვარ-მარტში ვორონეჟისა და სამხრეთ-დასავლეთის ფრონტების ჯარები ღებულობდნენ გარკვეული სახის შევსებას შეიარაღებისა და საბრძოლო ტექნიკის სახით, რომელიც მხოლოდ ბრძოლებში განცდილ დანაკარგებს ავსებდა. ტანკების მხრივ პრობლემა უფრო იმაში მდგომარეობდა, რომ სარემონტო ბაზები ყინვებისა და უგზოობის მონაცვლეობისაგან დანგრეულ-გაუბედურებული გზებისა და მოწინააღმდეგის საბრძოლო ზემოქმედებისაგან მწყობრიდან გამოსული დიდი რაოდენობით ტანკებისა და თვითმავალი საარტილერიო დანადგარების რემონტსა და მწყობრში დაბრუნებას ვერ აუდიოდნენ.
სიკვდილს ყველა ვიმსახურებთ. საქმე ისაა, როდის და როგორ.
Now I want you to remember that no bastard ever won a war by dying for his country. He won it by making the other poor dumb bastard die for his country. - George Smith Patton Jr.