გაგრძელება
ვორონეჟ-კასტორნოეს ოპერაცია (1943 წლის 24 იანვარი-16 თებერვალი)

1943 წლის 18 იანვარს, მოწინააღმდეგის ოსტროგოჟსკ-როსოშის დაჯგუფების გარემოცვის დღეს, მთავარბანაკის წარმომადგენელმა, არმიის გენერალმა ა. ვასილევსკიმ (რომელმაც ეს წოდება პრაქტიკულად იმავე დღეს მიიღო) სტალინს ახალი ოპერაციის შესახებ საკუთარი მოსაზრებები მოახსენა, რომელიც ამჯერად ვორონეჟისა და კასტორნოეს რაიონში უნდა გამართულიყო. ამ ოპერაციის მიზანი წარმოქმნილ ვორონეჟის შვერილში არსებული გერმანული დაჯგუფების გარემოცვა და განადგურება, ელეც-კასტორნოე-ვალუიკის სარკინიგზო მაგისტრალის დაუფლება და კურსკისა და ხარკოვის მიმართულებით დაუყოვნებელი შეტევის განვითარების წინაპირობის შექმნა იყო. ვორონეჟ-კასტორნოეს მიმართულებით შეტევისათვის ხელსაყრელი ოპერატიული მდგომარეობა იქმნებოდა. სემიდესიატსკოე, კაზაჩეკის ზღუდეზე 40-ე არმიის შეყვანით მოწინააღმდეგე სამხრეთიდან გარემოცული აღმოჩნდა, ხოლო ჩრდილოეთიდან მას ბრიანსკის ფრონტის ჯარები ემუქრებოდნენ.
ვორონეჟის შვერილში არმიათა ჯგუფ B-ს 12 დივიზია იდგა თავდაცვაში, მათ შორის - 2-ე გერმანული საველე არმიის 8 (26-ე, 75-ე, 88-ე, 323-ე, 340-ე და 377-ე) და ჯგუფ „ზიბერტის“ 4 (მათ შორის 6-ე და 9-ე უნგრული და 68-ე და 57-ე გერმანული. ჯგუფს სახელწოდება 57-ე დივიზიის მეთაურის, გენერალ-ლეიტენანტ ფრიდრიხ ზიბერტის გვარის მიხედვით ეწოდა, რომელიც, როგორც წოდებით უფროსი და ყველაზე გამოცდილი, ამ ჯგუფს მეთაურობდა) ქვეითი დივიზია. ყველა მათგანი პირველ ეშელონში იყო გაშლილი, თანაც შვერილის რაიონში გერმანელთა სარდლობას ოპერატიული რეზერვები არ გააჩნდა. მისი საერთო რაოდენობა ამ უბანზე 125 ათას ჯარისკაცსა და ოფიცერს, 2 100 ქვემეხსა და ნაღმმტყორცნს და 65 ტანკს შეადგენდა. ჰაერიდან ამ ძალებს დაახლოებით 300 თვითმფრინავი უჭერდა მხარს.
გერმანელთა სარდლობამ ყველა მიმართულებით ვერ მოახერხა ძლიერად გამაგრებული თავდაცვითი ზღუდეების მოწყობა. შვერილის ჩრდილოეთ მონაკვეთზე, რომელიც 6 თვის განმავლობაში მზადდებოდა, ერთმანეთთან ტრანშეებით დაკავშირებული დიდი რაოდენობით საყრდენი პუნქტები იყო განლაგებული, რომელთა წინა ხაზსაც დანაღმული ველები და მავთულხლართები იფარავდა. თავდაცვის მთავარი ხაზი 4-8-კილომეტრიანი სიღრმის იყო.
შვერილის სამხრეთ მონაკვეთი უფრო სუსტად იყო მომზადებული: თავდაცვისათვის აქ მხოლოდ დასახლებული პუნქტები, გზაჯვარედინები და ცალკეული სიმაღლეები იყო მომზადებული. სიღრმეში, მდინარე ოლიმის, კასტორნოე-სტარი ოსკოლის სარკინიგზო მაგისტრალისა და მდინარეების ტიმისა და ოსკოლის ნაპირების გასწვრივ შუალედური ზღუდეები მზადდებოდა.
საბჭოთა სარდლობა ამ ოპერაციისათვის ვორონეჟის ფრონტის (სარდალი - გენერალ-ლეიტენანტი ფ. გოლიკოვი) მარჯვენა და ბრიანსკის ფრონტის (სარდალი - გენერალ-ლეიტენანტი მ რეიტერი) მარცხენა ფრთების ჯარების გამოყენებას გეგმავდა. სულ - 2 სატანკო კორპუსი (4-ე (სარდალი - გენერალ-მაიორი ა. კრავჩენკო) და 19-ე (მეთაურის მოვალეობის შემსრულებელი - პოლკოვნიკი ს. ვერშკოვიჩი)), 27 მსროლელი დივიზია, , 7 მსროლელი და 8 სატანკო ბრიგადა, რომლებიც 4 საერთო-საჯარისო არმიაში (ბრიანსკის ფრონტის 13-ე (სარდალი - გენერალ-მაიორი ნ. პუხოვი) და ვორონეჟის ფრონტის 38-ე (სარდალი - გენერალ-ლეიტენანტი ნ. ჩიბისოვი), 60-ე (სარდალი - გენერალ-მაიორი ი. ჩერნიახოვსკი) და 40-ე (სარდალი - გენერალ-ლეიტენანტი კ. მოსკალენკო)) იყვნენ გაერთიანებული. მათ 2 საჰაერო არმია (2-ე (სარდალი - გენერალ-მაიორი კ. სმირნოვი) და 15-ე (სარდალი - გენერალ-მაიორი ი. პიატიხინი)) უჭერდა მხარს. ამ ჯარების შემადგენლობაში 250 ათასი ჯარისკაცი და ოფიცერი, დაახლოებით 2 ათასი ქვემეხი და 3,5 ათასი ნაღმმტყორცნი, დაახლოებით 700 ტანკი და დაახლოებით 600 თვითმფრინავი შედიოდა.
ოპერაციის ჩანაფიქრით, მხარეების ძალებისა და საშუალებების თანაფარდობიდან, მათი ოპერატიული განლაგებიდან და მოწინააღმდეგის თავდაცვის მდგომარეობიდან გამომდინარე გათვალისწინებული იყო კასტორნოეს საერთო მიმართულებით შემხვედრი დარტყმებით 2-ე გერმანული არმიის ძირითადი დაჯგუფების ალყაში მოქცევა და განადგურება და ოპერატიულად მნიშვნელოვანი ვორონეჟისა და კასტორნოეს რაიონების განთავისუფლბა. ამ ამოცანის შესასრულებლად 13-ე და 40-ე არმიები იყო გათვალისწინებული. მათვე ევალებოდათ თავიანთი მეორე ეშელონების მდინარე ტიმზე წამოწევით გარემოცვის გარე ფრონტის ორგანიზება. თავად გარემოცული დაჯგუფების დახლეჩის ამოცანა დამხმარე დარტყმებით ევალებოდათ 38-ე და 60-ე არმიებს.
შეტევის დაწყება ყოველი არმიისათვის სხვადასხვა დროს იგეგმებოდა: 40-ე არმიისათვის - 24 იანვარს, 60-ე არმიისათვის - 25 იანვარს, ხოლო 38-ე და 13-ე არმიებისათვის - 26 იანვარს. ეს იმის გამო ხდებოდა, რომ სამხრეთის დაჯგუფებას მოწინააღმდეგის მომზადებული თავდაცვის გარღვევა არ უხდებოდა, ხოლო 40-ე არმიას კასტორნოეზე შეტევისას ორჯერ უფრო მეტი მანძილი უნდა გაევლო, ვიდრე - ამავე მიმართულებით შემტევ 13-ე არმიას.
მოქმედების გასააქტიურებლად 60-ე არმიამ 40-ე არმიისაგან დონის მარჯვენა ნაპირზე, კოსტენკიდან სემიდესიატსკოემდე, ფრონტის 22-კილომეტრიანი უბანი და აქ მდგომი ნაწილები - 141-ე მსროლელი და 10-ე საარტილერიო დივიზიები, 253-ე მსროლელი, 86-ე (5 მძიმე КВ და 6 საშუალო Т-34 16.01.1943-სათვის) და 150-ე (7 საშუალო Т-34 24.01.1943-სათვის) სატანკო ბრიგადები, აგრეთვე ფრონტის რეზერვიდან გადმოცემული 322-ე მსროლელი დივიზია მიიღო. თავის მხრივ 40-ე არმიამ სანაცვლოდ 183-ე და 309-ე მსროლელი დივიზიები და 129-ე მსროლელი ბრიგადა მიიღო. გარდა ამისა მის შემადგენლობაში, როგორც იქნა, მოვიდა ჯერ კიდევ ოსტროგოჟსკ-როსოშის ოპერაციაში მონაწილეობისათვის გათვალისწინებული 4-ე სატანკო კორპუსი.
არმიათა დარტყმების მთავარ მიმართულებებზე მსროლელი ნაწილების 72%-მა, არტილერიის 90%-მა და სატანკო ნაწილების 100%-მა მოიყარა თავი. გარღვევის ჩრდილოეთ მონაკვეთზე, 18-კილომეტრიანი ფრონტის უბანზე 13-ე არმიის დამრტყმელი დაჯგუფება იყრიდა თავს. მის პირველ ეშელონში 4 მსროლელი დივიზია (307-ე, 148-ე, 8-ე და 132-ე), 1 სატანკო ბრიგადა (118-ე) და 4 სატანკო პოლკი (42-ე, 43-ე და 193-ე) შედიოდა, ხოლო მეორე ეშელონში - კიდევ 3 მსროლელი დივიზია და 1 სატანკო ბრიგადა (129-ე). 118-ე ბრიგადა (7 მძიმე КВ, 21 საშუალო Т-34, 18 მსუბუქი Т-70 24.01.1943-სათვის) 307-ე დივიზიას უჭერდა მხარს, 42-ე პოლკი (15 საშუალო Т-34, 10 მსუბუქი Т-70 26.01.1943-სათვის) – 148-ე დივიზიას, 43-ე პოლკი (15 საშუალო Т-34, 10 მსუბუქი Т-70 26.01.1943-სათვის) – 8-ე დივიზიას, 193-ე პოლკი (5 საშუალო Т-34) – 132-ე დივიზიას. აქვე იყო საკმაოდ ძლიერი ფრონტული რეზერვი - ორი მსროლელი დივიზია (6-ე გვარდიული მსროლელი და 137-ე მსროლელი, აგრეთვე გარღვევის 5-ე საარტილერიო დივიზია) და 19-ე სატანკო კორპუსი (81 ტანკი). ეს დაჯგუფება მის წინ მყოფ მოწინააღმდეგეს ცოცხალ ძალაში 4,7-ჯერ აღემატებოდა, ხოლო არტილერიაში - 9-ჯერ.
40-ე არმიას შეტევა ფართო ფრონტზე უნდა ეწარმოებინა, ძირითადი ძალისხმევა კი ამ ფრონტის 30-კილომეტრიან უბანზე უნდა მიემართა. პირველ ეშელონში 5 მსროლელი დივიზიის (309-ე, 107-ე, 183-ე, 340-ე და 25-ე გვარდიული), 1 მსროლელი (129-ე) და 2 სატანკო (89-ე და 192-ე) ბრიგადის, აგრეთვე 4-ე სატანკო კორპუსის გამოყენება იგეგმებოდა. პირველი ეშელონის შენაერთებს შეტევის 6-12-კილომეტრიანი ზოლები ერგოთ. ყველაზე ვიწრო, 6- და 8-კილომეტრიანი ზოლები შესაბამისად 309-ე და 107-ე დივიზიებს ჰქონდათ, რომლებიც არმიის ოპერატიული განლაგების ცენტრში მოქმედებდნენ. სწორედ ეს იყო მთავარი დარტყმის მიმართულება.
აღსანიშნავია, რომ 309-ე და 107-ე დივიზიებს, განსხვავებით არმიის დამრტყმელი დაჯგუფების სხვა მსროლელი დივიზიებისაგან, რომელთაგან ყოველ მათგანს სატანკო ბრიგადა ან პოლკი უჭერდა მხარს, უშუალო სატანკო მხარდაჭერა არ ჰქონდათ, თუმცა სწორედ მათ უბანზე უტევდა 4-ე სატანკო კორპუსი თავისი 219 ტანკით. კორპუსი არმიის მსროლელ შენაერთებთან ურთიერთქმედებდა, რადგან ამ უბანზე მოწინააღმდეგის თავდაცვა სუსტად იყო განვითარებული. ასეა თუ ისე, 40-ე არმიას ფრონტის 1 კილომეტრზე ყველაზე ცოტა - 8,2 ტანკი ჰყავდა. საწყის ეტაპზე არ კმაროდა საარტილერიო მხარდაჭერაც - მხოლოდ 40 ქვემეხი 1 კილომეტრზე, თუმცა ოპერაციის მსვლელობისას საარტილერიო მხარდაჭერამ მკვეთრად იმატა, რადგან არმიის შემადგენლობაში 60-ე არმიიდან 10-ე საარტილერიო დივიზია დაბრუნდა.
მეორე ეშელონში 305-ე მსროლელი დივიზია შედიოდა, რომელმაც სულ ახლახანს დაასრულა ოსტროგოჟსკ-როსოშის ოპერაციისას ალექსეევკის რაიონში გარემოცული მოწინააღმდეგის ლიკვიდაცია და ამის შემდეგ არმიის რეზერვში იქნა გაყვანილი და 4-ე, 6-ე და 8-ე სათხილამურო-მსროლელი ბრიგადები. ამ ორ უკანასკნელს შეტევის მეორე დღეს, 340-ე მსროლელ დივიზიასთან ურთიერთქმედებით სტარი ოსკოლისათვის უნდა შეეტია.
კასტორნოეს რაიონში გარემოცვის შიდა ფრონტის შესაქმნელად 183-ე მსროლელ დივიზიას და 129-ე მსროლელ ბრიგადას უნდა მიეღოთ მონაწილეობა, რომლებთან ურთიერთქმედებაც შესაბამისად ევალებოდათ 16-ე ტანკსაწინააღმდეგო-გამანადგურებელ და 192-ე სატანკო ბრიგადებს. ამ უკანასკნელის შემადგენლობაში 21.01.1943-სათვის 25 საშუალო М3 „ლი“ (15 ბრძოლისუნარიანი, დანარჩენებიდან 4-ს კაპიტალური რემონტი ესაჭიროებოდა, 6-ს - საშუალო რემონტი) და 14 მსუბუქი М3 „სტიუარტი“(10 ბრძოლისუნარიანი, დანარჩენებიდან 2-ს კაპიტალური რემონტი ესაჭიროებოდა, 2-ს - საშუალო რემონტი) შედიოდა. გარემოცვის გარე ფრონტის შექმნა კი 25-ე გვარდიულს, 309-ე, 107-ე და 340-ე დივიზიებს ევალებოდათ. შეტევის პირველი დღის ბოლოსათვის 4-ე სატანკო კორპუსს გორშეჩნოე უნდა გაენთავისუფლებინა, ხოლო ძლიერი მეწინავე რაზმით კასტორნოე უნდა დაეკავებინა. მომდევნო დღეს კორპუსს სადგური ნიჟნედევიცკი უნდა აეღო და დარტყმა ნიჟნაია ვედუგასკენ განევითარებინა, რათა 60-ე არმიისათვის ვორონეჟ-კასტორნოეს ოპერაციაში დაკისრებული დავალების შესრულება გაეადვილებინა.
24 იანვრისათვის საბჭოთა ჯარების გადაჯგუფება მთლიანად დამთავრდა. 40-ე არმიის ნაწილებმა გოროდიშჩე-სემიდესიატსკოეს 50-კილომეტრიან ფრონტზე შეტევისათვის საწყისი მდგომარეობა დაიკავეს. გადაჯგუფების მსვლელობისას, რომელიც ალექსეევკის რაიონში გარშემორტყმული გერმანული დაჯგუფების ლიკვიდაციის პერიოდში მიმდინარეობდა, დივიზიები 90 და მეტი გრადუსით, ანუ - დასავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ მიმართულებიდან ჩრდილო და ჩრდილო-დასავლეთით უნდა შემობრუნებულიყვნენ. საკორპუსო ჯგუფ „ზიბერტის“ განუწყვეტელი იერიშების მიუხედავად, რომელიც განუწყვეტლივ იღებდა რეზერვებს ვორონეჟის რაიონიდან, ეს მანევრი წარმატებით განხორციელდა.
დასახული ამოცანის შესრულებას არმიის ნაწილების განლაგებაც უწყობდა ხელს - ისინი ვორონეჟის ახლადწარმოქმნილი შვერილის სამხრეთის ფრთაზე იყვნენ. გერმანელთა სარდლობას აქ არ გააჩნდა არც საკმარისი რაოდენობის ჯარები და არც - წინასწარმომზადებული თავდაცვა. თუმცამას სასწრაფო წესით გადმოჰყავდა ჯარები ამ რაიონში და საბჭოთა შეტევის დაწყების მომენტისათვის ამ ძალებმა თითქმის 3 დივიზია შეადგინა, რომელმაც შექმნეს კიდეც ზემოთხსენებული ჯგუფი „ზიბერტი“. ამას გარდა ადგილმდებარეობა, სადაც 40-ე არმიას უნდა ეწარმოებინა შეტევა, საკმაოდ დახრამული იყო და საბჭოთა მხარის მიმართულებით დაბლდებოდა, რაც თავდამცველებს ასევე აძლევდა გარკვეულ უპირატესობას.
თუმცა საბჭოთა მხარეს უფრო ხელსაყრელი ფაქტორები იყო: მოწინააღმდეგის უკიდურესად არახელსაყრელი ოპერატიული მდგომარეობა, 1942-1943 წლების ზამთარში განცდილი რამდენიმე ძლიერი მარცხი სტალინგრადთან, ლენინგრადთან, ჩრდილო კავკასიაში, ზემო დონზე და ოსტროგოჟსკსა და როსოშთან. არანაკლები მნიშვნელობა ჰქონდა იმასაც, რომ წითელი არმიის ნაწილები კარგად იყვნენ აღჭურვილი საკმაოდ თანამედროვე საბრძოლო ტექნიკით და, მიუხედავად ძლიერი ქარბუქებისა და დიდი ყინვებისა (ტემპერატურა ზოგჯერ მინუს 38 გრადუსამდეც ეცემოდა), თბილი სამოსიც საკმარისად ჰქონდათ; გერმანელები, ტრადიციულად, ზამთარს არცთუ მთლად კარგად მომზადებულები ხვდებოდნენ.
ვორონეჟ-კასტორნოეს ოპერაცია ისევე, როგორც წინამორბედი - ოსტროგოჟსკ-როსოშის ოპერაცია, 40-ე არმიამ დაიწყო.
1943 წლის 24 იანვრის დილიდან ქარბუქი ამოვარდა. გზები დაინამქრა. ყინვა მინუს 20 გრადუსს აღწევდა. ხედვადობა უკიდურესად იყო შეზღუდული. შეტევის დაწყების გადადება საბჭოთა სარდლობას 12 საათისათვის მოუხდა, თუმცა არც შუადღისათვის დაცხრა ქარბუქი, მაგრამ იერიშის კიდევ გადადება უკვე იმას ნიშნავდა, რომ ზამთრის ამ მოკლე დღეს შეტევას საერთოდ ვეღარ დაიწყებდნენ და 12:30-ზე, ცუდი ხედვადობის მიუხედავად, საარტილერიო მომზადება დაიწყო. გეგმის მიხედვით ის 30 წუთს გაგრძელდა, თუმცა მისი შედეგები აბსოლუტურად უმნიშვნელო იყო: არტილერისტები მიზნებს ვერ ხედავდნენ და მათი ჩახშობა არ შეეძლოთ. ძლიერი ქარბუქის გამო საავიაციო მომზადებაზეც უარი თქვეს.
ყოველივე ამან შემტევი ქვეითებისა და ტანკების მოქმედება უკიდურესად გაართულა. საარტილერიო მომზადების მსვლელობისას მოწინააღმდეგის წინა ხაზთან 300-350 მეტრამდე დაახლოებულმა საბჭოთა ქვეითებმა 13 საათზე, საარტილერიო მომზადების დასრულებისთანავე, ტანკებთან ურთიერთქმედებით შეუტია მოწინააღმდეგის პოზიციებს. გერმანელები მათ არტილერიის, შაშხანებისა და ტყვიამფრქვევების ცეცხლით შეეგებნენ. ფრონტის მთელს სიგრძეზე გააფთრებული საცეცხლე ბრძოლა გაჩაღდა, რომლის მსვლელობისასაც საბჭოთა შემტევმა ნაწილებმა ცალკეულ უბნებზე გერმანელთა განლაგებაში შეღწევა უკვე 1 საათის შემდეგ შეძლეს. დაიწყო მათი წინსვლა: საბჭოთა დივიზიებმა მოწინააღმდეგის კონტრშეტევები მოიგერიეს და დღის ბოლოსათვის ბოჩაროვოსა და სტარო-ნიკოლაევსკის რაიონებში მოწინააღმდეგის თავდაცვაში შეიჭრნენ.
წარმატებით მოქმედებდა 4-ე სატანკო კორპუსი. მან გერმანელთა 68-ე დივიზიის წინააღმდეგობა გატეხა, ბრძოლის 2 საათის განმავლობაში 6-8 კილომეტრით წაიწია წინ და ლებიაჟიე დაიკავა. შემდეგი მიზანი არხანგელსკოე იყო. ნამქერების გამო კრავჩენკო იძულებული გახდა, უმოკლესი გზა აერჩია, რომელიც სტარომელოვოესა და ნოვომელოვოეზე გადიოდა. შეტევის პირობები აქაც უკიდურესად მძიმე იყო: წრიული თავდაცვისათვის კარგად მომზადებული დასახლებული პუნქტებისათვის გვერდის ავლა და გზებს მიღმა მოძრაობა არ მოხერხდა - ტანკები ღრმა თოვლში ეფლობოდნენ, ბუქსაობდნენ და დიდი რაოდენობით საწვავს ხარჯავდნენ. დანამქრული იყო თავად გზებიც.
მიუხედავად ამგვარი სიძნელეებისა, ტანკები ჯავშანზე მსხდომი მოტომსროლელების თანხლებით სტარომელოვოესა და ნოვომელოვოესთან გავიდნენ და, ამგვარად, დღის განმავლობაში 16 კილომეტრით წაიწიეს წინ. ღამის დადგომისთანავე 4-ე კორპუსმა ეს პუნქტები დიდი დანაკარგების ფასად დაიკავა: ნამქერების გამო ბრიგადები ბრძოლაში რიგრიგობით შედიოდნენ და იძულებულნი იყვნენ, გზის გასწვრივ ემოქმედათ.
შეტევის განვითარება და გორშეჩნოესაკენ უმოკლესი გზით მოძრაობა შეუძლებელი აღმოჩნდა: ნიჟნე-გნილოესაკენ საღამოსვე გაგზავნილმა დაზვერვამ იქ ძლიერი ტანკსაწინააღმდეგო საყრდენი პუნქტი გამოავლინა - გერმანელები სატანკო იერიშის მოსაგერიებლად ემზადებოდნენ. საჭირო გახდა შემოვლითი გზის ძებნა და აქ ისევ დაზვერვამ გამოიჩინა თავი: დასახლებულ პუნქტ ბოლოტოში გერმანელთა თავდაცვა გაცილებით სუსტი აღმოჩნდა. 25 იანვრის დილიდან კორპუსმა ბოლოტოს შეუტია, აიღო და გორშეჩნოეს იმ მხრიდან მიუახლოვდა, საიდანაც საბჭოთა ტანკების გამოჩენას გერმანელები სრულიად არ ელოდნენ. მათი თავდაცვა 4-ე სატანკო კორპუსმა წალეკა და შეუჩერებლად აიღო გორშეჩნოე. გეგმის თანახმად კრავჩენკოს წარმატება კასტორნოესაკენ უნდა განევითარებინა, თუმცა ტანკებმა საწვავის მარაგი მთლიანად ამოწურეს, ზურგი კი უიმედოდ ჩამორჩა: საწვავით დატვირთული ავტოცისტერნები ნამქერებს ვერ ძლევდნენ.
ამასობაში მსროლელმა დივიზიებმა 4-ე სატანკო კორპუსის წარმატება გამოიყენეს, მოწინააღმდეგის თავდაცვა ფართო ფრონტზე გაარღვიეს და ჩრდილოეთითა და ჩრდილო-დასავლეთით, 2-ე გერმანული არმიის ზურგისაკენ გაიჭრნენ, რათა მისთვის უკანდასახევი გზები მოეჭრათ.
გერმანელთა სარდლობა მიხვდა, რომ 2-ე არმიას კვლავ გარემოცვა ელოდა და ეს ერთი-ორი დღის საქმე იყო, ამიტომ სასწრაფოდ შეუდგა მთავარი ძალების ვორონეჟიდან დონის გაღმა გაყვანას. ამით ისარგებლა 60-ე არმიის სარდალმა ჩერნიახოვსკიმ და საკუთარ ჯარებს წინსვლის დაწყება უბრძანა. უკანდახევისას გერმანელებმა ვორონეჟი გადაწვეს და თითქმის ყველა შენობა ააფეთქეს. 25 იანვრის დილას 60-ე არმიამ ვორონეჟი გაანთავისუფლა, შეუჩერებლად განაგრძო წინსვლა და დონის დასავლეთ ნაპირზე პლაცდარმები იგდო ხელთ.
26 იანვრის დილიდან შეტევა ოთხივე საბჭოთა დამრტყმელი დაჯგუფების შეტევა დაიწყო. ამინდი გაუმჯობესდა და საბჭოთა ავიაციამაც შეძლო მოქმედების დაწყება. დღის ბოლოსათვის 13-ე არმიის პირველმა ეშელონმა გერმანელთა წინა ხაზი გაარღვია და მათი თავდაცვის სიღრმეში მდებარე ძლიერ გამაგრებულ პუნქტს - ვოლოვოს მიადგა.
40-ე არმიის 25-ე გვარდიული დივიზია 96-ე სატანკო ბრიგადის (8 საშუალო Т-34 და 8 მსუბუქი Т-60 01.02.1943-სათვის) მხარდაჭერით 4-ე სატანკო კორპუსის კვალდაკვალ მიიწევდა წინ და შუადღისათვის სტარომელოვოესა და ნოვომელოვოესთან გავიდა. საღამოსათვის მისმა ნაწილებმა 18 კილომეტრით წაიწიეს წინ, ნიჟნე-გნილოეში 68-ე ქვეითი დივიზიის ორი ბატალიონი გაანადგურეს და ეს სოფელი, რომელიც გამაგრებულ საყრდენ პუნქტად იყო ქცეული, დაიკავეს.
183-ე მსროლელმა დივიზიამ (მეთაური - გენერალ-მაიორი ა. კოსტიცინი) და 129-ე მსროლელმა ბრიგადამ (მეთაური - პოლკოვნიკი ი. ლადიგინი) 26 იანვარს 12 კილომეტრით წიწიეს წინ. გამონაკლისი მხოლოდ მათი ის ნაწილები იყო, რომლებიც 60-ე არმიის შეპირაპირების ადგილას, გამყოფ ხაზებთან მოქმედებდნენ, რადგან ამ დროისათვის 60-ე არმიამ მხოლოდ 2-3 კილომეტრით წაიწია წინ. ამის მიზეზი იყო ორი არმიის შეპირაპირების ადგილას მდებარე სოფელი სინიე ლიპიაგი, რომელიც 57-ე ქვეით დივიზიას მძლავრ საყრდენ პუნქტად ჰქონდა ქცეული: 183-ე დივიზიის შეტევას გერმანელებმა ორი ბატალიონის კონტრშეტევით უპასუხეს, ხოლო 129-ე ბრიგადის შეტევას ქვემეხების, ნაღმმტყორცნებისა და ტყვიამფრქვევების მძლავრი ფლანგური ცეცხლით შეეგებნენ.
მაშინაც კი, როდესაც სინიე ლიპიაგის 40-ე არმიის ნაწილებმა გარსშემოუარეს და წინსვლა განაგრძეს, გერმანელთა საყრდენი პუნქტი წინააღმდეგობას არ წყვეტდა. და მხოლოდ მას შემდეგ, რაც შემტევმა ნაწილებმა ნიჟნედევიცკისაკენ დაიწყეს წინსვლა, სინიე ლიპიაგიში გამაგრებული 57-ე ქვეითი დივიზიის ნაწილები რამდენჯერმე შეეცადნენ ჩრდილოეთისაკენ გარღვევას, თუმცა - უშედეგოდ: მალე გარნიზონი დანებდა.
25 იანვარს ტყვედ აყვანილმა გერმანელმა ოფიცერმა აჩვენა, რომ 26 იანვრის დილიდან 2-ე არმიის ნაწილებს უკანდახევის დაწყება ევალებოდათ. ასევე გამოირკვა, რომ ვორონეჟის რაიონში გერმანელები უკვე გადავიდნენ დონის დასავლეთ ნაპირზე და აღმოსავლეთ ნაპირზე მხოლოდ ძლიერი საფარი დატოვეს. ამ გზით გამონთავისუფლებულ ძალებს კი ფონ ვაიხსი ნიჟნედევიცკთან აგზავნიდა, რათა 40-ე არმიის შემტევი ნაწილები ბრძოლებით შეებოჭა, ამით დრო მოეგო, 2-ე არმიის ორგანიზებული უკანდახევა უზრუნველეყო და მისი გარემოცვა თავიდან აეცილებინა. ფონ ვაიხსის და 2-ე არმიის სარდლის, ჰანს ფონ ზალმუტის ტაქიტკა გასაგები იყო: დასახლებულ პუნქტებში, გზაჯვარედინებზე და გაბატონებულ სიმაღლეებზე ძლიერი გარნიზონების დატოვებით ისინი ცდილობდნენ, საბჭოთა ჯარების წინსვლა შეენელებინათ, რათა ორგანიზებული უკანდახევისათვის მეტი დრო მოეგოთ - შექმნილ სიტუაციაში გერმანელთა სარდლობას სხვა აღარაფრისათვის ყოფნიდა ძალები.
დარტყმის ძალის გაზრდის მიზნით 13-ე არმიის სარდლობამ ბრძოლაში დამატებით ჩართო 129-ე სატანკო ბრიგადა (7 მძიმე КВ, 21 საშუალო Т-34, 20 მსუბუქი Т-60). ტანკისტებმა ვოლოვოს გარსშემოუარეს და აქვე მოსულ 307-ე დივიზიასთან ურთიერთქმედებით ეს პუნქტი დაიკავეს: კასტორნოესაკენ გზა ჩრდილოეთიდან ხსნილი იყო. გერმანელთა 82-ე ქვეითი დივიზიის დაზვერვის უფროსი ობერლეიტენანტი მიულერი იძულებული გახდა, ეღიარებინა: „რუსებმა ისეთი სისწრაფით გაარღვიეს ჩენი თავდაცვა და ისე სწრაფად წავიდნენ წინ, რომ გონს მოსვლაც ვერ მოვასწარით. დივიზიის მეთაური მანქანით გაიქცა და ის აღარც მინახავს... ბრძოლების მესამე დღეს დივიზიაში ათასზე მეტი ჯარისკაცი აღარ დარჩა“.
გერმანელთა სარდლობას ესმოდა, რომ კასტორნოეს დაკარგვით 2-ე არმიის გარემოცვის რეალური საშიშროება იქმნებოდა, ეს კი, თავის მხრივ, კურსკისა და ბელგოროდის მიმართულებით უზარმაზარი, 300-კილომეტრიანი ნარღვევის წარმოქმნას მოასწავებდა. ამიტომ ის ყოველ ღონეს ხმარობდა, რათა საბჭოთა წინსვლა შეენელებინა და 2-ე არმიის დასავლეთისაკენ უკანდახევა მოესწრო. კასტორნოესათვის ბრძოლები სულ უფრო გააფთრებული ხდებოდა. ქალაქის ჩრდილო-დასავლეთ გარეუბანში პირველი პოდპოლკოვნიკ ლ. ბრეგვაძის 118-ე სატანკო ბრიგადა შეიჭრა: რკინიგზის სადგურზე ტანკისტებმა გერმანული ჯარითა და ტექნიკით დატვირთული რამდენიმე ეშელონი დაინახეს, რომელთაგან ერთმა უკვე მოძრაობა დაიწყო, თუმცა ბრიგადის 1-ლი ბატალიონის მეთაურის, კაპიტან ი. ვოლკოვის ტანკმა რამდენიმე გასროლით გაანადგურა მისი ორთქლმავალი, შემდეგ კი ცეცხლი ვაგონებზე გადაიტანა. ბრეგვაძის ტანკისტებმა ეშელონები დათვლილ წუთებში გაანადგურეს.
28 იანვრის დილას სამხრეთიდან კასტორნოეში 40-ე არმიის ნაკრები რაზმი შეიჭრა, რომელსაც 4-ე სატანკო კორპუსის 45-ე სატანკო ბრიგადის მეთაური პოდპოლკოვნიკი პ. ჟიდკოვი მეთაურობდა: 2-ე გერმანული არმიის მდგომარეობა კრიტიკული გახდა. „კასტორნოესთან გასვლის მომანტისათვის ოპერატიული მდგომარეობა ჩვენთვის საკმაოდ ხელსაყრელი იყო, რადგან კასტორნოე-კურსკის სარკინიგზო მონაკვეთიდან კუპიანსკამდე მტრის თავდაცვაში ჯარებით სუსტად დაცული დაახლოებით 300-კილომეტრიანი ნარღვევი წარმოიქმნა“ - წერდა ვასილევსკი.
ტიტანური ძალისხმევის მიუხედავად გერმანულმა ჯარებმა კასტორნოე ვერ შეინარჩუნეს. ბრიანსკისა და ვორონეჟის ფრონტების ჯარების ერთობლივი ძალებით ეს მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძი 29 იანვარს მთლიანად განთავისუფლდა. ამის ერთდროულად კასტორნოეს სამხრეთ-აღმოსავლეთით ალყაში აღმოჩნდა 7 გერმანული (57-ე, 68-ე, 75-ე, 88-ე, 323-ე, 340-ე და 377-ე) და 2 უნგრული (6-ე და 9-ე) დივიზია, თანაც ეს სწორედ იმ დღეებში მოხდა, როდესაც საბჭოთა ჯარები სტალინგრადის გერმანული დაჯგუფების განადგურებას ამთავრებდნენ. ისევე, როგორც პაულიუსის 6-ე არმია, ფონ ზალმუტის 2-ე არმიაც ვერმახტის ერთ-ერთ საუკეთესო და ძლერ შენაერთად ითვლებოდა და მისი გარემოცვა არანაკლები ტრაგედია იყო გერმანიისათვის, ვიდრე - 6-ე არმიის ალყაში მოხვედრა. პრაქტიკულად მთლიანად განადგურდა აღმოსავლეთის ფრონტზე გამოგზავნილი ყველა უნგრული ნაწილიც.
საბჭოთა ჯარების ამ წარმატების ფონზე კვლავ განმეორდა ოსტროგოჟსკ-როსოშიის ოპერაციისას დაშვებული შეცდომა - საბჭოთა ჯარებმა ვერ უზრუნველყვეს გარემოცვის მტკიცე შიდა ფრონტის შექმნა, რის გამოც მეტისმეტად გართულდა ალყაში მყოფ გერმანელთა ჯარებთან ბრძოლა. ეს კი იმის გამო მოხდა, რომ, შემდგომი შეტევითი ოპერაციების ინტერესებიდან გამომდინარე და მთავარბანაკის დირექტივის თანახმად, ვორონეჟის ფრონტის სარდალმა გოლიკოვმა ჯარებს ახალი ამოცანები დაუსახა: 38-ე არმიას მდინარე ოსკოლის ზღუდიდან ობოიანის მიმართულებით უნდა განეხორციელებინა დარტყმა, 40-ე არმიას - ბელგოროდისაკენ, 60-ეს კი - კურსკისაკენ. ამგვარად, გარემოცული მტრის დაჯგუფებასთან ბრძოლა უკანა პლანზე იწევდა. ჩაითვალა, რომ მისი განადგურება 38-ე არმიის რამდენიმე შენაერთს დამატებითი ძალების მოზიდვისა და საერთო შეტევის ტემპის დაგდების გარეშე შეეძლო. თანაც სრულიად იგნორირებული იყო ის ფაქტი, რომ გარემოცული დაჯგუფების რაოდენობა 40 ათას მებრძოლს აღწევდა და მათ პრაქტიკულად მთლიანად შეინარჩუნეს ბრძოლისუნარიანობა.
29 იანვრიდან 1 თებერვლის ჩათვლით კასტორნოეს სამხრეთ-აღმოსავლეთით გარემოცული გერმანული დაჯგუფების ლიკვიდაციის ბრძოლები მიმდინარეობდა. 31 იანვრისათვის საბჭოთა ჯარები სტარი ოსკოლს მიუახლოვდნენ. ცალკეული უნგრული და გერმანული ნაწილებისაგან შეკრებილი ამ ქალაქის გარნიზონი მთელი ძალით ცდილობდა მის შენარჩუნებას, რათა გარემოცული დაჯგუფებისათვის დასავლეთისაკენ უკანდახევის გზა არ დაკეტილიყო. თავად გარემოცული დაჯგუფებიდან სტარი ოსკოლის გარნიზონის დასახმარებლად 500-ზე მეტი მებრძოლისაგან შედგენილი ნაკრები რაზმი დაიძრა, თუმცა ამ რაზმს 409-ე ცალკეული ტანკსაწინააღმდეგო-გამანადგურებელი დივიზიონის 17-კაციანმა რაზმმა გადაუღობა გზა. ამ ჯგუფის თავგანწიული და მტკიცე წინააღმდეგობის გამო ნაკრებმა რაზმმა სტარი ოსკოლისაკენ ვერ გააღწია.
ამასობაში, იმის მიუხედავად, რომ გარემოცულ გერმანელთა და უნგრელთა დანაკარგები იზრდებოდა (მხოლოდ 25-29 იანვრის განმავლობაში ვორონეჟის ფრონტის ჯარებმა 22 ათასი კაცი აიყვანეს ტყვედ), ბრძოლა მაინც ჭიანურდებოდა. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ გარშომრტყმული დაჯგუფების გასანადგურებლად მხოლოდ 38-ე არმიის ნაწილები იყო მიმართული, რომელთა საერთო რაოდენობა დაახლოებით 27,5 ათასი კაცი იყო მაშინ, როდესაც გერმანულ-უნგრული დაჯგუფების საერთო რაოდენობა 35 ათასს აჭარბებდა.
გერმანელთა სარდლობა ცდილობდა, თავისი გარემოცული დაჯგუფება დასავლეთისაკენ გაეყვანა. მდინარე ტიმზე გარღვევის რამდენიმე წარუმატებელი ცდის შემდეგ მან თავისი დარტყმები მანტუროვოსაკენ მიმართა. ცდა წარმატებული აღმოჩნდა: სამ ჯგუფად დაყოფილი მოკავშირეები (ბეკემანის ჯგუფი - 75-ე, 340-ე და 377-ე გერმანული და 6-ე და 9-ე უნგრული დივიზიების ნარჩენები, სულ - დაახლოებით 10 ათასი კაცი; ზიბერტის ჯგუფი - 57-ე, 68-ე და 323-ე გერმანული დვიზიების ნარჩენები, სულ - დაახლოებით 8 ათასი კაცი; გოლვიტცერის ჯგუფი - 26-ე და 88-ე გერმანული დივიზიების ნარჩენები, სულ - დაახლოებით 4 ათასი კაცი) და მათი მდევარი საბჭოთა ჯარები ნელ-ნელა ინაცვლებდნენ დასაცლეთისაკენ, რის შედეგადაც ბეკემანის ჯგუფი მთავარ ძალებს მოკვეთეს, ალყა შემოარტყეს და გაანადგურეს, ხოლო ძალზე შეთხელებულმა ზიბერტისა და გოლვიტცერის ჯგუფებმა 12-15 თებერვალს ობოიანის რაიონში, საკუთარ განლაგებაში გააღწიეს. ეს ყოველივე იმის გამო მოხდა, რომ, გარდა საბჭოთა ჯარების არასაკმარისი რაოდენობისა, თავად 38-ე არმიის შტაბიც თავისი მოწინავე ნაწილებისაგან დიდი მანძილით იყო დაშორებული, სატელეფონო კავშირი არ ჰქონდა, ხოლო რადიოკავშირი დიდი ხარვეზებით მუშაობდა. ამის გამო არმიის ნაწილები იძულებულნი იყვნენ, დამოუკიდებლად, ურთიერთქმედების გარეშე ემოქმედათ. ქვეითები ხშირად რჩებოდნენ ტანკებისა და არტილერიის მხარდაჭერის გარეშე. ამას ემატებოდა უკანდახეული მოწინააღმდეგის მიერ საბჭოთა კომუნიკაციების ხშირი გადაჭრა, რასაც მომარაგების შეწყვეტა მოსდევდა. ყოველივე ამის გათვალისწინებით კასტორნოეს სამხრეთ-აღმოსავლეთით წარმოქმნილი „ქვაბი“ ჯიკავ-ჯიკავით იქნა ლიკვიდირებული თებერვლის დასაწყისისათვის.
ოპერაციის მსვლელობისას საბჭოთა ჯარებმა 240 კილომეტრით წაიწიეს წინ და ვორონეჟისა და კურსკის ოლქების დიდი ნაწილი და უამრავი დასახლებული პუნქტი გაანთავისუფლეს, მათ შორის ქალაქები ვორონეჟი, კასტორნოე, სტარი ოსკოლი და ტიმი.
სანამ გარემოცულ დაჯგუფებას 38-ე არმია ეჯაჯგურებოდა, 40-ე არმიამ ბელგოროდი გაანთავისუფლა, 60-ე არმიამ კი - კურსკი: ამ ქალაქების განთავისუფლება საკმაოდ სწრაფად და იოლად მოხდა. 16 თებერვალს ზიბერტისა და გოლვიტცერის ჯგუფების კვალში ჩამდგარი 38-ე არმია ობოიანს მიუახლოვდა და საღამოს 18 საათისათვის მოქანცული გერმანული ნაწილები იქიდანაც უკუაგდო. ვორონეჟ-კასტორნოეს ოპერაცია დამთავრდა.
This post has been edited by Wanguard on 11 Mar 2013, 22:55