Wanguard
Crazy Member

    
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 3717
წევრი No.: 34060
რეგისტრ.: 30-April 07
|
#35687218 · 20 Mar 2013, 22:39 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ბრძოლა ხარკოვისათვის საბჭოთა შეტევა ხარკოვზე (1943 წლის 2 თებერვალი-3 მარტი). ოსტროგოჟსკ-როსოშისა და ვორონეჟ-კასტორნოეს წარმატებული ოპერაციების შედეგად გერმანელთა სტრატეგიული ფრონტი 300-400 კილომეტრის სიგანეზე, ნიკოლსკოედან კუპიანსკამდე სუსტად აღმოჩნდა დაცული. ასეთ პირობებში საბჭოთა სარდლობას აშკარად არ ესაჭიროებოდა ოპერატიული პაუზა და დაუყოვნებლივ შეეძლო კურსკისა და ხარკოვის მიმართულებით დიდი შეტევის დაწყება. ამის გაკეთება მანამდე იყო საჭირო, სანამ გერმანელთა სარდლობა სტრატეგიული ფრონტის ამ უბანზე თავდაცვის გასაძლიერებლად საკმარის ჯარებს მოუყრიდა თავს. ხარკოვის შეტევითი ოპერაციის გეგმა, რომელმაც პირობითი სახელწოდება „ზვეზდა“ მიიღო, საკმაოდ რთულ ვითარებაში მუშავდებოდა. ჯერ კიდევ 21 იანვარს, კასტორნოესა და ვორონეჟთან გააფტღებული ბრძოლებისას ვორონეჟის ფრონტის სარდალმა გენერალ-პოლკოვნიკმა ფ. გოლიკოვმა და მთავარბანაკის წარმომადგენელმა, არმიის გენერალმა ა. ვასილევსკიმ სტალინს შეტევის შემდგომი მსვლელობის საკმაოდ დეტალური გეგმა წარუდგინეს, რომლის მიხედვითაც გერმანულ არმიათა B ჯგუფის მთლიანი განადგურება და ხარკოვის სამრეწველო რაიონის განთავისუფლება იგეგმებოდა. აუცილებელი შესწორებებისა და დაზუსტების შეტანის შემდეგ მთავარბანაკმა გეგმა მოიწონა და შეტევის დაწყება 26 იანვარს ბრძანა. მთავარი დარტყმა ვორონეჟის ფრონტს ეკისრებოდა, რომელსაც ხარკოვის სამრეწველო რაიონში მოწინააღმდეგის განადგურება და ოპერაციის 15-20-ე დღეს მედვენსკოე, ბოგოდუხოვი, ვალკის რაიონში გასვლა ევალებოდა. ბრიანსკის ფრონტს (სარდალი - გენერალ-ლეიტენანტი მ. რეიტერი) საკუთარი მარცხენა ფრთით ლივნის რაიონიდან კურსკისაკენ შეტევა ევალებოდა, ხოლო სამხრეთ-დასავლეთის ფრონტის (სარდალი - გენერალ-პოლკოვნიკი (13.02.1943-დან - არმიის გენერალი) ნ. ვატუტინი) შენაერთებს - სამხრეთიდან კრასნოგრადზე, კურსკისა და ხარკოვის მიმართულებებზე შეტევების უზრუნველყოფის მიზნით. შეტევის გეგმის თანახმად ხარკოვისათვის რამდენიმე მიმართულებიდან უნდა შემოევლოთ. 18-ე ცალკეული მსროლელი კორპუსის ბაზაზე ფორმირებულ 69-ე არმიას (სარდალი - გენერალ-ლეიტენანტი მ. კაზაკოვი) ხარკოვზე ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ევალებოდა შეტევა, 40-ე არმიას - ჩრდილო-დასავლეთიდან და დასავლეთიდან, 3-ე სატანკო არმიას - აღმოსავლეთიდან. თანაც მათი შეტევის ფრონტი, რომელიც თავიდან მდინარეების კალაპოტებითა და მრავალრიცხოვანი ტყეებით, ხევებითა და ხრამებით დაქსელილ დიდ ტერიტორიაზე იყო გაშლილი, ქალაქთან მიახლოებასთან ერთად ნელ-ნელა უნდა შეკუმშულიყო. 3-ე სატანკო არმიაში 1943 წლის 29 იანვრისათვის 57 577 კაცი (მათ შორის - 42 280 აქტიური მებრძოლი), 1 811 ქვემეხი და ნაღმმტყორცნი და 165 ტანკი ითვლებოდა. დანარჩენი ტანკები 400-კილომეტრიანი შეტევის მთელს გზაზე იყვნენ გაფანტულნი: ზოგი - უსაწვავოდ, ზოგი - რემბაზებში, ზოგი - დაზიანებული და ზოგიც - განადგურებული. „ზვეზდას“ დაწყების მომენტისათვის 3-ე სატანკო არმიაში სტრუქტურულად 12-ე და 15-ე სატანკო კორპუსები, 179-ე სატანკო ბრიგადა, 48-ე და 62-ე გვარდიული მსროლელი და 111-ე, 160-ე და 184-ე მსროლელი დივიზიები შედიოდა. მრავალდღიანი უწყვეტი ბრძოლების შედეგად არმიის მთავარი დამრტყმელი ძალა - სატანკო ბრიგადები და კორპუსები მნიშვნელოვნად იყო შეთხელებული. კონკრეტულად სატანკო ბრიგადები პრაქტიკულად მოტოქვეითებად გადაიქცნენ, რომლებსაც ტანკების მხოლოდ გარკვეული რაოდენობა უჭერდა მხარს. მაგალითად, 12-ე სატანკო კორპუსის 30-ე სატანკო ბრიგადაში ოპერაციის დაწყებამდე 1 დღით ადრე 3 Т-34, 1 Т-70 და 4 Т-60 ითვლებოდა. იმავე კორპუსის 97-ე სატანკო ბრიგადაში - 4 КВ, 3 Т-70 და 41 ავტომანქანა, ხოლო 106-ე სატანკო ბრიგადაში - 38 ავტომანქანა, 4 Т-70 და 4 Т-34, რომელთაგან მოძრაობა მხოლოდ ერთ Т-34-ს შეეძლო. არტილერიიდან - 189 ტანკსაწინააღმდეგო ქვემეხი, 256 76 მმ-იანი და 17 152 მმ-იანი ქვემეხი, 116 122 მმ-იანი ჰაუბიცა. ამგვარად, მიუხედავად იმისა, რომ არმია სატანკო იყო, მოქმედება მას ძირითადად მსროლელი ნაწილებითა და გაძლიერების მიზნით გადაცემული 7-ე საკავალერიო (19.01.1943-დან - 6-ე გვარდიული საკავალერიო, სარდალი - გენერალ-ლეიტენანტი ს. სოკოლოვი) კორპუსის ძალებით უნდა ეწარმოებინა. ასე იყო თუ ისე, 3-ე სატანკო არმიას მთავარი დარტყმა 12-ე სატანკო და 5-ე გვარდიული საკავალერიო კორპუსების და 62-ე გვარდიული, 111-ე და 160-ე დივიზიების და 37-ე მსროლელი ბრიგადის ძალებით უნდა ეწარმოებინა, ხოლო დამხმარე - 15-ე სატანკო კორპუსისა და 48-ე გვარდიული დივიზიის ძალებით. აღსანიშნავია, რომ ვორონეჟის ფრონტის სარდლობისა და მის ხელქვეით მყოფ არმიათა სარდლების გადაწყვეტილებით ჯარების ოპერატიული განლაგება ერთ ეშელონად, ძლიერი რეზერვების გამოყოფის გარეშე იქმნებოდა. ერთი მხრივ, პირველი ეშელონის დიდი რაოდენობით ძალები და საშუალებები მტრისათვის მძლავრი პირველი დარტყმის შესაძლებლობას იძლეოდა, თუმცა მეორე მხრივ სარდლებს საშუალებას არ აძლევდა, ძალების თანდათანობითი ან ერთბაშად მასირება მოეხდინათ თავად ოპერაციის მსვლელობისას და ტაქტიკურ-ოპერატიული მდგომარეობის უარესობისკენ მკვეთრი ცვლილებისას რამენაირი კონტრზომები მიეღოთ. მაგრამ მთავარი ესეც კი არ იყო: შედარებით გამოუცდელმა გოლიკოვმა სწორად ვერ შეაფასა ვორონეჟ-კასტორნოეს ოპერაციის მსვლელობისას გორშეჩნოეს რაიონში გარეშემორტყმული გერმანული დაჯგუფების შესაძლებლობები და მის მიერ 38-ე და 40-ე არმიებისათვის დასახული ამოცანა - დაესრულებინათ ამ დაჯგუფების განადგურება 2-3 დღე-ღამის განმავლობაში და 1 თებერვლისათვის შეტევისათვის წინასწარდასახულ რაიონებში გასულიყვნენ - აბსოლუტურად არარეალური იყო. გოლიკოვის ეს გადაწყვეტილება ასევე არ ითვალისწინებდა გარემოცვიდან მოწინააღმდეგის გარღვევის შესაძლებლობას და, შესაბამისად, არც ამ გარღვევის თავიდან აცილების ზომები იყო მოფიქრებული და გათვალისწინებული. გოლიკოვი ძალიან ჩქარობდა. მისი ფრონტი უკუქცეული გერმანული დაჯგუფებების განადგურების ოპერაციების გაქანებითა და პოტენციური შესაძლებლობებით მეზობელს - სამხრეთ-დასავლეთის ფრონტს ეჯიბრებოდა. ამ უკანასკნელის სარდალმა, ნ. ვატუტინმა გარემოცული გერმანული ჯარების განადგურების ამბიციური და მასშტაბური პროგრამა დაამუშავა, რომელსაც კოდურ სახელად „სკაჩოკი“ უწოდა. „სკაჩოკის“ ძირითადი იდეა გერმანელთა დონბასის დაჯგუფების ღრმა გარშემოვლა და აზოვის ზღვასთან გასვლა იყო: „სამხრეთ-დასავლეთის ფრონტის არმიები, რომელბიც დარტყმას პოკროვსკოე, სტარობელსკიდან კრამატროსკი, არტიომოვსკისა და შემდგომ სტალინო (დონეცკი - ავტ.), ვოლნოვახა, მარიუპოლისაკენ განავითარებენ, აგრეთვე მძლავრ დარტყმას მიმართავენ კამენსკის სამხრეთ-დასავლეთიდან სტალინოსაკენ, დონბასსა და როსტოვის რაიონში მყოფი მოწინააღმდეგის დაჯგუფებას მოუჭრიან გზას, ალყას შემოარტყამენ და გაანადგურებენ და არ დაუშვებენ როგორც მისი დასავლეთისაკენ უკანდახევას, ასევე რაიმე სახის ქონების გატანასაც“. ეს ოპერაციის მხოლოდ პირველი ეშელონის ამოცანა იყო. „სკაჩოკის“ დამუავებაში ვატუტინი უფრო შორსაც მიდიოდა: „ამგვარად, ოპერაცია 1943 წლის 5 თებერვლისათვის უნდა დასრულდეს. ეს საშუალებას მოგვცემს, ზამთრის პერიოდის დასრულებამდე კიდევ ერთი ოპერაცია ჩავატაროთ და უფრო ხელსაყრელ ზღუდეზე გავიდეთ, კერძოდ: ახტირკა, პოლტავა, პერევოლოჩნა, დნეპროპეტროვსკი, ზაპოროჟიე, მელიტოპოლი, ხოლო ხელსაყრელი პირობებისას ხელთ ვიგდოთ ასევე კახოვკის, ხერსონის, პერეკოპისა და გენიჩესკის რაიონები და ყირიმი მოვკვეთოთ“. ასეთი შორსმიმავალი გეგმები სამხრეთ-დასავლეთის ფრონტის რეალურ შესაძლებლობებს სრულებით არ შეესაბამებოდა. ჯარებსა და მათი მომარაგების სადგურებს შორის მანძილი ზოგ შემთხვევაში 300 კილომეტრს აჭარბებდა და გადაზიდვის ძირითადი საშუალება ფრონტის საკმაოდ მცირერიცხოვანი ტრანსპორტი ხდებოდა. ფრონტს 1943 წლის იანვრის ბოლოსათვის სახეზე მხოლოდ 1 300 სატვირთო ავტომობილი და 380 ავტოცისტერნა ჰყავდა, რომლებსაც ერთბაშად მხოლოდ 900 ტონა საწვავის წაღება შეეძლოთ მაშინ, როდესაც ფრონტის ჯარებს 2 000 ტონა ესაჭიროებოდათ. ამგვარად, ფრონტის მთელი ავტოტრანსპორტის მხოლოდ საწვავის საზიდად გამოყენებაც კი ვერ უზრუნველყოფდა ჯარების მოთხოვნილებებს. არადა, გარდა საწვავისა, გადასაზიდი იყო საბრძოლო მასალა და სურსათიც. მსგავსი სურათი იყო სამხრეთ-დასავლეთ ფრონტის შემადგენლობაში შემავალ სატანკო ნაწილებშიც. წითელი არმიის სატანკო ჯარების სარდალი, გენერალ-პოლკოვნიკი ი. ფედორენკო და სამხრეთ-დასავლეთის ფრონტის სამხედრო საბჭო 1943 წლის 4 თებერვლისათვის მათ მდგომარეობას შემდეგნაირად აღწერდნენ: „ამ დროისათვის სამხრეთ-დასავლეთის ფრონტში სახეზეა 9 სატანკო კორპუსი, 2 მექანიზებული კორპუსი, 3 სატანკო ბრიგადა და 14 სატანკო პოლკი. ყველა სატანკო და მექანიზებულ ნაწილში, ფრონტისათვის გადაცემული და გაგზავნილი მატერიალური საბრძოლო ნაწილის გათვალისწინებით, სავალ მდგომარეობაშია: КВ - 14, Т-34 - 565, Т-60, Т-70 - 370, ინგლისურები - 37. სულ - 986 ტანკი. ამ საბრძოლო მატერიალური ნაწილით შეიძლება დაკომპლექტდეს (სატანკო რეზერვის გარეშე) 5 სატანკო კორპუსი, 2 სატანკო ბრიგადა და 2 სატანკო პოლკი. დანარჩენი 4 სატანკო და 2 მექანიზებული კორპუსი, 1 სატანკო ბრიგადა და 12 სატანკო პოლკი საბრძოლო მატერიალური ნაწილის გარეშე რჩება“. თუმცა მოწინააღმდეგის მსხვილი დაჯგუფების გარემოცვითა და განადგურებით ზამთრის კამპანიის დასრულების მიმზიდველი იდეა საბჭოთა ფრონტებისა და არმიების სარდლებს თავბრუს ახვევდა და ავიწყებდა იმ სირთულეებსა და პრობლემებს, რომლებსაც ორთვიან მძიმე და განუწყვეტელ ბრძოლებში მყოფი მათი ჯარები განიცდიდნენ. სამხრეთ-დასავლეთის ფრონტის ამ გრანდიოზული ჩანაფიქრის ხორცშეხმის მთავარი ინსტრუმენტი რამდენიმე სატანკო კორპუსისაგან შემდგარი მოძრავი ჯგუფი უნდა ყოფილიყო. ვატუტინის ზემოხსენებულ მოხსენებაში ამ მოძრავი ჯგუფის ამოცანები შემდეგი სახით ფორმულირდებოდა: „3-ე, 10-ე და 18-ე სატანკო კორპუსისაგან, 3 მსროლელი დივიზიისაგან, 3 ტანკსაწინააღმდეგო-გამანადგურებელი საარტილერიო პოლკისაგან, 3 გვარდიული ნაღმმტყორცნი პოლკისაგან და 3 ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის პოლკისაგან შემდგარი ძლიერი და მოძრავი ჯგუფით, რომელიც შემდგომში რკინიგზით მომავალი 3 სათხილამურო ბრიგადით გაძლიერდება, ტარასოვკა (სვატოვოს 30 კილომეტრით ჩრდილო-აღმოსავლეთით), სტარობელსკის ფრონტიდან კრამატორსკაია, არტიომოსკის ფრონტისაკენ და შემდეგ სტალიო, ვოლნოვახა, მარიუპოლისაკენ ვაწარმოებ დარტყმას დონბასის მთელი ტერიტორიის მოკვეთის და მოწინააღმდეგის მთელი დაჯგუფების გარემოცვისა და განადგურების ამოცანით“. პრაქტიკულად ვატუტინა სწორედ იმგვარი შენაერთი შექმნა, როგორიც მის ჩრდილოეთ მეზობელს ჰყავდა რიბალკოს 3-ე სატანკო არმიის სახით: სწორედ ისეთივე 2-3 სატანკო კორპუსი, რამდენიმე მსროლელი დივიზია და გაძლიერების ნაწილები. არ კმაროდა მხოლოდ საარმიო მართვის რგოლი, თავისი ზურგითა და საარმიო რეზერვებით და კავშირგაბმულობის საარმიო საშუალებები - სწორედ ეს ფაქტორები გაურთულებდა მოძრავი ჯგუფის სარდლობას ამოცანის შესრულების პირობებს. სარდლობას, რომელსაც ვატუტინის მოადგილე - გენერალ-ლეიტენანტი მ. პოპოვი უნდა ჩადგომოდა. ამგვარად, მძრავმა ჯგუფმა პრაქტიკულად ოფიციალურად მიიღო არმიის სტატუსი. რელობაში ამ მოძრავი ჯგუფის 3 სატანკო კორპუსში მხოლოდ 137 ტანკი ითვლებოდა. ასევე საინტერესოა, აღინიშნოს, რომ ფედორენკოს მოხსენებაში წინადადება იყო წამოყენებული, სამხრეთ-დასავლეთ ფრონტის შემადგენლობში 2 სატანკო არმია ჩამოეყალიბებინათ, თუმცა ეს წინადადება არ იქნა განხორციელებული. რეალობაში პოპოვის მოძრავ ჯგუფში 4-ე გვარდიული სატანკო (მეთაური - გენერალ-მაიორი პ. პოლუბოიაროვი), 3-ე (მეთაური - გენერალ-მაიორი მ. სინენკო), 10-ე (მეთაური - გენერალ-მაიორი ვ. ბურკოვი) და 18-ე (მეთაური - გენერალ-მაიორი ბ. ბახაროვი) სატანკო კორპუსები, 57-ე გვარდიული მსროლელი და 52-ე მსროლელი დივიზიები და გაძლიერების ნაწილები შევიდა. სატანკო კორპუსების ყველა მეთაურს უკვე სოლიდური საბრძოლო გამოცდილება ჰქონდა, ხოლო პოლუბოიაროვს ფედორენკოცა და ვატუტინიც უკვე სატანკო არმიის მეთაურადაც კი მოიაზრებდნენ. საბჭოთა სამხედრო დოქტრინის თანახმად მოძრავი ჯგუფის ბრძოლაში შეყვანა საერთო-საჯარისო ნაწილების - 1-ლი გვარდიული (სარდალი - გენერალ-ლეიტენანტი ვ. კუზნეცოვი) და 6-ე (სარდალი - გენერალ-ლეიტენანტი ფ. ხარიტონოვი) არმიების - მიერ ფრონტის გარღვევის შემდეგ იგეგმებოდა. ჯგუფის ბრძოლაში შესვლის შემდეგ სამხრეთ-დასავლეთის ფრონტის მარჯვენა ფრთის ამ ორ არმიას დასავლეთისა და სამხრეთ-დასავლეთისაკენ შეტევით პოპოვის ჯგუფის მოქმედების უზრუნველყოფა ევალებოდა. ყველაზე რთული ამოცანა 6-ე არმიის წინაშე იდგა, რომელსაც სამხრეთ-დასავლეთისა და ვორონეჟის ფრონტების შეპირაპირების ადგილად ჰქონდა მოქმედების უბანი და ვორონეჟის ფრონტთან ფლანგის უზრუნველყოფა ევალებიოდა. შემდგომში სწორედ ეს არმია გახდა ხარკოვის დრამის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე. შეტევის დაწყების მომენტისათვის 6-ე არმიაში 4 მსროლელი დივიზია (350-ე, 172-ე, 267-ე და 6-ე), 1 მსროლელი (106-ე) და 1 სატანკო (115-ე) ბრიგადა, 1 სატანკო (212-ე) და 3 გამანადგურებელ-ტანკსაწინააღმდეგო საარტილერიო (462-ე, 870-ე და 150-ე) პოლკი შედიოდა. იანვრის ბრძოლებში 6-ე არმიამ საკმაოდ საგრძნობი დანაკარგი განიცადა და მისი ნაწილებისა და შენაერთების რაოდენობა საშტატოსაგან საკმაოდ შორს იყო. დანარჩენების ფონზე ყველაზე სისხლსავსედ გამოიყურებოდა 6-ე დივიზია (მეთაური - პოლკოვნიკი ი. შტეიმანი, 10.02.1943-დან - პოლკოვნიკი ლ. გორიაშინი), რომლის შემადგენლობაშიც 9 435 კაცი შედიოდა (27.01.1943-სათვის). 350-ე დივიზიას (მეთაური - გენერალ-მაიორი ა. გრიცენკო) 6 449 კაცი ჰყავდა, 267-ე დივიზიას (მეთაური - პოლკოვნიკი ვ. გერასიმოვი) – 4 100 კაცი, 172-ე დივიზიას (მეთაური - პოლკოვნიკი ნ. ტიმოფეევი) – 3 462 კაცი. 106-ე მსროლელი ბრიგადა რაოდენობრივად არმიის დივიზიებს უტოლდებოდა - მას 3 421 კაცი ჰყავდა. 115-ე სატანკო ბრიგადას მხოლოდ 16 ტანკი ჰყავდა, 212-ე სატანკო პოლკს - 12. სამი გამანადგურებელ-ტანკსაწინააღმდეგო პოლკიდან ერთს 20 ქვემეხი ჰქონდა, დანარჩენ ორს - 19. არმიის ფრონტის სიგრძე 60 კილომეტრს შეადგენდა, მის მარჯვენა ფლანგზე მდებარე გარღვევის ფრონტის სიგრძე კი 20 კილომეტრს. 6-ე არმია გარღვევაში 3-ე სატანკო კორპუსის შეყვანას უზრუნველყოფდა, რის შემდეგაც დასავლეთისაკენ უნდა დაწეყო წინსვლა და შეტევის მეშვიდე დღეს 110 კილომეტრით უნდა წაწეულიყო წინ. ვერაფერს იტყვი - გეგმები ჭეშმარიტად ნაპოლეონისაა, თუმცა ისინი აბსოლუტუარ არ იყო უზრუნველყოფილი საკმარისი რაოდენობის ძალებითა და საშუალებებით. 1-ლი გვარდიული არმიის მარცხენა მეზობელმა, 3-ე გვარდიულმა არმიამ (სარდალი - გენერალ-ლეიტენანტი დ. ლელიუშენკო) ასევე მიიღო შეტევის ამოცანა. ჯერ ერთი მას, 1-ლ გვარდიულ არმიასთან ურთიერთქმედებით ვოროშილოვგრადთან ევალებოდა მოწინააღმდეგის გარშემორტყმა, რის შემდეგაც 3-ე გვარდიულში სტალინოს რაიონში გასასვლელად მოძრავი ჯგუფი იქმნებოდა, რომლის საფუძველიც 8-ე საკავალერიო კორპუსი (სარდალი - გენერალ-მაიორი მ. ბორისოვი) უნდა გამხდარიყო. დებალცევოს გავლით მაკეევკისა და სტალინოსაკენ შეტევაზე წასული 3-ე გვარდიული არმიის მოძრავი ჯგუფი პოპოვის მოძრავ ჯგუფს უნდა შეერთებოდა. სამხრეთ-დასავლეთის ფრონტის მარცხენა ფრთა - 5-ე სატანკო არმია (სარდალი - გენერალ-მაიორი (1943 წლის მარტიდან - გენერალ-ლეიტენანტი) ი. შლიომინი) შეტევაზე დასალეთისაკენ უნდა გადასულიყო და, 3-ე გვარდიულ არმიასთან ურთიერთქმედებით, მოწინააღმდეგე კრასნი სულინის რაიონში უნდა გარემოეცვა და გაენადგურებინა. მთლიანობაში ეს გეგმა საკმაოდ დამახასიათებელია იმდროინდელი საბჭოთა ხელმძრვანელობისათვის, რომელიც ცდილობდა, რამდენიმე მიმართულებიდან ორგანიზებული შემხვედრი დარტყმით მოწინააღმდეგის დაჯგუფებები დაეხლიჩა და გაენადგურებინა. სამხრეთ-დასავლეთის ფრონტის სარდლობის რეზერვში 1-ლი გვარდიული სატანკო და 25-ე სატანკო კორპუსები ითვლებოდა. ოპერაციის დაწყების მომენტისათვის არცერთ მათგანს არ გააჩნდა არანაირი სახის მატერიალური ნაწილი, თუმცა ნავარაუდევი იყო, რომ ისინი თანდათანობით უნდა დაკომპლექტებულიყვნენ ქარხნებიდან და სარემონტო ბაზებიდან მოწოდებული ტექნიკით. ოპერაციას ჰაერიდან 17-ე საჰაერო არმია (სარდალი - გენერალ-ლეიტენანტი ს. კრასოვსკი, 27.03.1943-დან - გენერალ-ლეიტენანტი ვ. სუდეცი) უჭერდა მხარს, რომელშიც 274 გამართული თვითმფრინავი ითვლებოდა. თებერვლის შუა რიცხვებში არმიაში ამერიკული А-20 „ბოსტონებით“ დაკომპლექტებული ბომბდამშენი ავიადივიზია და ერთი ცალკეული საფრონტო ბომბდამშენი პოლკით შეივსო, რომელსაც შეიარაღებაში იმ დროისათვის უახლესი და საუკეთესო საბჭოთა წარმოების თვითმფრინავები - 7 Ту-2 ჰქონდა. გერმანელთა სარდლობისათვის მდგომარეობა ორი განსხვავებული მიმართულების ტენდენციით ხასიათდებოდა. ერთი მხრივ მათი აღმოსავლეთის სტრატეგიული ფრონტის სამხრეთი ფრთა სასტიკად იყო დაგლეჯილ-დაბზარული, ზოგიერთ უბანზე კი საერთოდ არავითარი ფრონტი აღარ არსებობდა. მეორე მხრივ კი დონბასში ვერმახტისა და SS-ის სულ ახალი და ახალი დივიზიები და კორპუსები ჩამოდიოდნენ: ზოგი მათგანი სტრატეგიული ფრონტის სხვა, შედარებით მშვიდი უბნებიდან გადმოსროლილი ნაწილები იყო, ზოგი კი - 1942 წელს ხელახლა ფორმირებულ-გარდაქმნილი ქვეითი, სატანკო და მოტორიზებული (გერმანული ტერმინოლოგიით - პანცერ-გრენადრეული) დივიზიები. ხსენებულთაგან პირველ ჯგუფს, უპირველეს ყოვლისა, 1-ლი (სარდალი - კავალერიის გენერალი ე. ფონ მაკენზენი) და 4-ე (სარდალი - გენერალ-ობერსტი ჰ. გოტი (უფრო სწორი გამოთქმაა ჰოტი - Hoth)) სატანკო არმიები განეკუთვნებოდნენ. ჰიტლერმა ჯერ კიდევ 22 იანვარს მიიღო გადაწყვეტილება, კავკასიიდან სასწრაფო წესით უკანდახეული 1-ლი სატანკო არმია არა ყუბანის პლაცდარმზე, არამედ როსტოვის გავლით, „დონის“ არმიათა ჯგუფის (სარდალი - გენერალ-ფელდმარშალი ე. ფონ მანშტაინი) განკარგულებაში გადაეყვანა. შესაბამისად, 4-ე სატანკო არმიას 1-ლის როსტოვის გავლით დონბასში უკანდახევა უნდა დაეფარა და უზრუნველეყო. ამ ამოცანის შესრულების შემდეგ როსტოვის გავლით დონბასში 4-ე სატანკო არმიამაც დაიხია და, ამგვარად, მისი გამოყენება საბჭოთა შეტევის მოსაგერიებლად იყო შესაძლებელი. ამგვარად, გერმანელთა სარდლობამ თავის განკარგულებაში ორი მსხვილი მოძრავი შენაერთი მიიღო, რომლებიც, მართალია, საბრძოლო მოქმედებებში 1942 წლის ზაფხულიდან განუწყვეტლივ იმყოფებოდნენ, მაგრამ ჯერჯერობით კიდევ გააჩნდათ საკმაო ბრძოლისუნარიანობა. სტალინგრადსა და კავკასიის შეტევების ვეტერანებმა - 3-ე (მეთაური - გენერალ-ლეიტენანტი ფ. ვესტჰოფენი) და 23-ე (მეთაური - ნ. ფონ ფორმანი) სატანკო დივიზიებმა და SS-ის 5-ე მოტორიზებულმა დივიზია „ვიკინგმა“ (მეთაური - ობერგრუპენფიურირერი ფ. შტაინერი) ხარკოვისა და დონბასის ბრძოლებში აქტიური მონაწილეობა მიიღეს. თუმცა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ხელახლა ფორმირებული დივიზიების ჩამოსვლა - ეს ის შენაერთები იყო, რომლებმაც ბრძოლისუნარიანობა 1941-1942 წლების ზამთრის განმავლობაში დაკარგეს. პირველი მათგანი იყო ვერმახტის 6-ე სატანკო დივიზია (მეთაური - გენერალ-ლეიტენანტი ე. რაუსი, 07.02.1943-დან - გენერალ-ლეიტენანტი ვ. ფონ ჰიუნერსდორფი), რომელიც ჯერ კიდევ პაულიუსის დაჯგუფების დებლოკირების უნაყოფო ცდაში მონაწილეობდა. 1942 წლის 7 დეკემბერს დივიზიის შემადგენლობაში 143 ტანკი ითვლებოდა, თუმცა ზამთრის ბრძოლებში დიდი დანაკარგები განიცადა და, მიუხედავად იმისა, რომ შევსება სამჯერ მიიღო, 1943 წლის 30 იანვრისათვის მის შემადგენლობაში მხოლოდ 64 ტანკი ითვლებოდა. უფრო ნაკლები ძალა ჰქონდა პაულიუსის დაჯგუფების დებლოკირებისათვის მანშტაინის განკარგულებაში გადმოსროლილ 17-ე სატანკო დივიზიას (მეთაური - გენერალ-მაიორი (1943 წლის მაისიდან - გენერალ-ლეიტენანტი) ფ. ფონ ზენგერი). კიდევ ერთი, 1941-1942 წლების ზამთრის კამპანიის შემდეგ ხელახლა ფორმირებული დივიზია იყო 7-ე სატანკო (მეთაური - გენერალ-ლეიტენანტი ჰ. ფონ ფუნკი). ეს დივიზია „დონის“ შემადგენლობაში 1943 წლის იანვარში მოვიდა. თუკი 1941-1942 წლებში ეს სამბატალიონიანი დივიზია ჩეხური მსუბუქი ტანკებით იყო შეიარაღებული, ამჯერდ ის ორბატალიონიანი (თითოში ოთხი ასეული) დივიზია გახდა, რომლის შემადგენლობაშიც 21 მსუბუქი Pz.Kpfw.II, გრძელლულიანი 50 მმ-იანი (KwK 39 L/60) ქვემეხებით შეიარაღებული 91 საშუალო Pz.Kpfw.III, მოკლელულიანი 75 მმ-იანი (KwK 37 L/24) ქვემეხებით შეიარაღებული 14 საშუალო Pz.Kpfw.III, ასეთივე მოკლელულიანი 75 მმ-იანი (KwK 37 L/24) ქვემეხებით შეიარაღებული 2 საშუალო Pz.Kpfw.IV, გრძელლულიანი 75 მმ-იანი (KwK 40 L/42-48) ქვემეხებით შეიარაღებული 18 საშუალო Pz.Kpfw.IV და 9 სამეთაურო ტანკი შედიოდა. 7-ე სატანკო დივიზია მანშტაინმა როსტოვისათვის ბრძოლებში გამოიყენა, თუმცა დივიზიას ბრძოლისუნარიანობა არ დაუკარგავს. ვერმახტის კიდევ ერთი სატანკო დივიზია, რომელმაც აღმოსავლეთის ფრონტის სამხრეთის ფრთაზე გადმოინაცვლა, 11-ე სატანკო (მეთაური - გენერალ-მაიორი (1943 წლის იანვრიდან - გენერალ-ლეიტენანტი) ჰ. ბალკი) იყო - ის 1942 წლის ბოლოს გადმოისროლეს „ცენტრის“ არმიათა ჯგუფიდან და 1943 წლის 29 იანვრისათვის 61 ბრძოლისუნარიანი ტანკი ჰყავდა. იანვრის 20-იან რიცხვებში 7-ე და 11-ე სატანკო დივიზიები ნიჟნი მანიჩზე შემტევ საბჭოთა ჯარებს მიაყენეს კონტრდარტყმა, რის შემდეგაც ისინი „დონის“ დასავეთ ფლანგზე გადასასროლად მოამზადეს. ახალი ძალები და რეზერვები არა მხოლოდ „დონის“, არამედ ბელგოროდისა და ხარკოვის რაიონებში, არმიათა ჯგუფ B-ს შემადგენლობაშიც მოდიოდნენ. ასეთი იყო, მაგალითად, ვერმახტის პრაქტიკულად ყველაზე ელიტარული მოტორიზებული (პანცერ-გრენადრეული) დივიზია „გროსდოიჩლანდი“ (მეთაური - გენერალ-მაიორი ვ. ჰიორნლაინი, 04.03.1943-დან - გენერალ-ლეიტენანტი ჰ. ბალკი). დივიზია ფრონტზე 1943 წლის თებერველში ჩამოვიდა და მანამდე, ორიოდე თვით ადრე - 1942 წლის ნოემბერ-დეკემბერში - რჟევთან დაძაბულ ბრძოლებში იგერიებდა დიდ საბჭოთა შეტევას, რომელსაც „მარსი“ ეწოდებოდა. იმ ბრძოლებიდან გასული პერიოდის განმავლობაში დივიზიამ შევსების მიღება მოასწრო, რომლის შემადგენლობაშიც უახლესი მძიმე ტანკები - Pz.Kpfw.VI Н „ტიგრები“ შედიოდა: 9 ასეთმა მანქანამ დივიზიის სატანკო პოლკის 13-ე ასეული შეადგინა. იმ მომენტისათვის სატანკო პოლკში მხოლოდ ერთი სატანკო ბატალიონი შედიოდა, რომელშიც, გარდა უახლესი მძიმე ტანკებისა, გრძელლულიანი 50 მმ-იანი ქვემეხებით შეიარაღებული 10 საშუალო Pz.Kpfw.III, გრძელლულიანი 75 მმ-იანი ქვემეხებით შეიარაღებული 42 საშუალო Pz.Kpfw.IV, 6 სამეთაურო და 28 ცეცხლმტყორცნი ტანკი ითლებოდა. ამავე პოლკის მეორე სატანკო ბატალიონი ფრონტზე მხოლოდ 1943 წლის 1 მარტს, ხარკოვისათვის გახურებული ბრძოლისას ჩამოვიდა. აღსანიშნავია, რომ ხარკოვისათვის ბრძოლა გერმანული მძიმე „ტიგრებისათვის“ პრაქტიკულად სრულფასოვანი სადებიუტო შერკინება გახდა: ისინი შესაფერის ადგილმდებარეობაზე, სატანკო შენაერთების ხარისხობრივად გაძლიერებისათვის გამოიყენებოდნენ და არა - იზოლირებულად, ცალკეულ მანქანებად და მათი მოქმედებისათის შეუფერებელ ადგილას, როგორც ამას 1942 წლის აგვისტო-სექტემბერში, ვოლხოვისა და ლენინგრადის ჭაობებში ჰქონდა ადგილი. „გროსდოიჩლანდთან“ ერთად მოქმედებდა, აგრეთვე, კიდევ ერთი ცალკეული ნაწილი - ფიურერის დაცვის (თანხლების) ბატალიონის 5-ე ასეული, რომელიც 4 საშუალო Pz.Kpfw.III და 7 საშუალო Pz.Kpfw.IV-თი იყო შეიარაღებული. გარდა სატანკო დივიზიებისა, „დონისა“ და B ჯგუფის შემადგენლობაში ქვეითი დივიზიებიც იგზავნებოდა. ასე, მაგალითად, ხარკოვის ჩრდილოეთით ნარღვევის დასაფარად 168-ე ქვეითი დივიზია (მეთაური - გენერალ-ლეიტენანტი დ. კრაისი, 03.03.1943-დან - გენერალ-ლეიტენანტი შ. დე ბიულიო) ჩამოვიდა, სამხრეთ-აღმოსავლეთით კი პოზიცია 298-ე ქვეითმა დივიზიამ დაიკავა. აქვე ჩამოვიდა 1940 წლის დეკემბრიდან ფორმირებული და 1941 წლის მარტიდან დასავლეთ ევროპაში მყოფი 320-ე ქვეითი დივიზიაც (მეთაური - გენერალ-მაიორი გ. პოსტელი): ხარკოვთან ბრძოლები ამ დივიზიის საბრძოლო დებიუტი იყო და ეს დებიუტი მისთვის საკმაოდ დრამატული აღმოჩნდა. საარმიო ჯგუფმა „ფრატერ-პიკომ“, რომელიც „დონის“ ჩრდილოეთის ფლანგს იცავდა, 1942 წლის ნოემბრის ბოლოს 335-ე ქვეითი დივიზია მიიღო. ამის ერთდროულად ამ ჯგუფს 30-ე საარმიო კორპუსის სახელწოდებაც დაუბრუნდა, მას სათავეში არტილერიის გენერალი მ. ფრატერ-პიკო ჩაუდგა და კორპუსი 1-ლ სატანკო არმიას დაექვემდებარა. „დონის“ ცენტრში თავდაცვაში მდგომ ჰოლიდტის საარმიო ჯგუფი (სარდალი - ქვეითი ჯარების გენერალი კ.-ა. ჰოლიდტი, 48-ე სატანკო (სარდალი - სატანკო ჯარების გენერალი ო. ფონ კნობელსდორფი), 17-ე (სარდალი - გენერალ-ლეიტენანტი დ. ფონ ჰოლტიცი, 05.03.1943-დან - ქვეითი ჯარების გენერალი ვ. შნეკენბურგერი) და 29-ე (სარდალი - ქვეითი ჯარების გენერალი ჰ. ფონ ობსტფელდერი) საარმიო კორპუსები და კორპუსი „მიტი“ (შექმნილი სტალინგრადში დაღუპული 4-ე საარმიო კორპუსის ადგილას და მისი ნარჩენებით, სარდალი - ქვეითი ჯარების გენერალი ფ. მიტი)) 304-ე ქვეითი დივიზიით გაძლიერდა: ამ დივიზიას საბრძოლო გამოცდილება არ ჰქონდა, თუმცა, განსხვავებით ამავე ჯგუფში შემავალი გამოცდილი 206-ე და 294-ე ქვეითი დივიზიებისაგან, კარგად იყო დაკომპლექტებული და აღჭურვილი. ყველაზე ძლიერი და მნიშვნელოვანი რეზერვი, რომელიც ხარკოვის მიმართულებაზე ჩამოვიდა, SS-ის 2-ე სატანკო კორპუსი (სარდალი - ობერგრუპენფიურერი პ. ჰაუსერი) იყო. მისი შემადგენელი სამი დივიზია - SS-ის 1-ლი „ლაიბშტანდარტ ადოლფ ჰიტლერი“ (მეთაური - ობერგრუპენფიურერი ი. დიტრიხი), SS-ის 2-ე „დას რაიხი“ (მეთაური - ობერგრუპენფიურერი გ. კეპლერი, 10.02.1943-დან - ბრიგადეფიურერი ჰ.-ე. ვალი) და SS-ის 3-ე „ტოტენკოპფი“ (მეთაური - ობერგრუპენფიურერი თ. ეიკე, 26.04.1943-დან - ობერგრუპენფიურერი ჰ. პრისი) 1942 წელს ფრონტიდან ზურგში, ხელახალი ფორმირებისათვის გაიყვანეს. 1941 წელს და 1942 წლის ზამთარში სამივე ეს მოტორიზებული დივიზია (უფრო ზუსტად, იმ დროისათვის „ლაიბშტანდარტი“ ჯერ მოტოქვეითი ბრიგადა იყო) არმიათა სხვადასხვა ჯგუფში იბრძოდა: „ლაიბშტანდარტი“ „სამხრეთის“ არმიათა ჯგუფში მოქმედებდა, „დას რაიხი“ – „ცენტრში“, ხოლო „ტოტენკოპფი“ – „ჩრდილოეთში“. მიუხედავად SS-ის მნიშვნელოვანი იდეოლოგიური კომპონენტისა, მათი მეთაურები საკმაოდ გამოცდილი და მაღალპროფესიონალურ დონეზე მომზადებული ჯარისკაცები იყვნენ. სანამ SS-ის მაღალჩინოსანი გახდებოდა, პაულ ჰაუსერი კაიზერის არმიის ოფიცერი იყო პირველ მსოფლიო ომში და 1932 წელს თადარიგში გენერალ-ლეიტენანტის ჩინით გავიდა: მას გენერალური შტაბის ძალიან ღრმა და პროფესიული მომზადება ჰქონდა გავლილი. ძველი ჯარისკაცი იყო იოზეფ „ზეპ“ დიტრიხიც - პირველ მსოფლიო ომში 4-ე ბავარიული საარტილერიო პოლკის მებრძოლი, მოგივანებით საიერიშო ჯგუფებში იბრძოდა და დიდი გამოცდილებაც დააგროვა, შემდეგ კი ერთ-ერთი პირველი გერმანელი ტანკისტი გახდა - 1918 წელს ის პირველი გერმანული ტანკებით (A7V) შეიარაღებულ ქვეგანაყოფში მსახურობდა. „დას რაიხი“ თავად ჰაუსერმა ჩამოაყალიბა, ხოლო SS-ის 2-ე სატანკო კორპუსის სარდლად მისი დაწინაურების შემდეგ დივიზიის მეთაურად დანიშნული ერიხ კეპლერი ასევე პირველი მსოფლიო ომის ვეტერანი და კაიზერის არმიის ოფიცერი (ობერლეიტენანტი) იყო. 1941 წელს ეს დივიზია მოსკოვთან, ბოროდინოს ველზე იბრძოდა, სადაც მისი მაშინდელი მეთაური ჰაუსერი მძიმედ დაიჭრა (თვალი დაკარგა) და რამდენიმე თვით გამოვიდა მწყობრიდან, თავად დივიზიამ კი საბჭოთა კავშირში შეჭრის მომენტიდან 1942 წლის მარტამდე (ხელახალი ფორმირებისათვის გაყვანამდე) 11 ათას კაცზე მეტი დაკარგა. ასევე მედგარი და დამსახურებული დივიზია იყო „ტოტენკოპფიც“, რომელიც 1942 წლის „დემიანსკის ქვაბის“ ერთ-ერთი მთავარი მოქმედი შენაერთი იყო და სწორედ მისი წყალობით დამთავრდა დემიანსკის ეპოპეა საბჭოთა ჯარებისათვის უშედეგოდ. ამ ბრძოლებში „ტოტენკოპფის“ 20-ათასკაციანი პირადი შემადგენლობიდან ცოცხალი მხოლოდ 6 500 კაცი გადარჩა: საბჭოთა კავშირში შეჭრის პირველივე დღიდან 1942 წლის ოქტომბრამდე დივიზია განუწყვეტლივ მონაწილეობდა სისხლისმღვრელ ბრძოლებში.
This post has been edited by Wanguard on 20 Mar 2013, 22:41
--------------------
სიკვდილს ყველა ვიმსახურებთ. საქმე ისაა, როდის და როგორ. Now I want you to remember that no bastard ever won a war by dying for his country. He won it by making the other poor dumb bastard die for his country. - George Smith Patton Jr.
|