ზუსტად 70 წლის წინ, 1943 წლის 18 აპრილს ინდონეზიაში, ბუნთან დაიღუპა სახელოვანი იაპონელი ადმირალი იამამოტო ისოროკუ (Yamamoto Isoroku, 山本 五十六).
1943 წლის 14 აპრილს ამერიკის სამხედრო-საზღვაო რადიოდაზვერვამ დაიჭირა დაშიფრული ტელეგრამა, რომელიც, მათ ხელთ არსებული კოდების საშუალებით, ამერიკელებმა სწრაფად გაშიფრეს: ეს იყო ჯარების დეტალური გაფრთხილება იაპონიის გაერთიანებული საიმპერატორო ფლოტის მთავარსარდლის, ადმირალ იამამოტოს საინსპექციო მგზავრობის შესახებ წყნარი ოკეანის თეატრებზე, თავისი პუნქტებში ჩასვლის, ადმირლისა თვითმფრინავის ნომერისა და ტიპის (2 საშუალო ბომბდამშენი Mitsubishi G4M1 Betty), თანმხლები გამანადგურებლების რაოდენობისა და ტიპის (ექვსი Mitsubishi A6M Zero) და სხვა სპეციფიური მონაცემებითურთ.
დაიგეგმა ოპერაცია "შურისძიება" (Operation Vengeance) - ადმირალ იამამოტოს ფრენის გარკვეულ მარშრუტზე ამერიკული შორმფრენი გამანადგურებლების დიდი ჯგუფის გაგზავნა, რომლებსაც იაპონელი ადმირალი უნდა გაენადგურებინათ. არჩევანი 13-ე საჰაერო არმიის 347-ე გამანადგურებელი ჯგუფის 339-ე გამანადგურებელ ესკადრილიაზე შეჩერდა, რომელიც P-38G Lightning-ებით იყო აღჭურვილი. ამერიკელმა პილოტებმა არ იცოდნენ, რომ ისინი კონკრეტულად ადმირალ იამამოტოს გასანადგურებლად მიფრინავდნენ - ისინი მხოლოდ გააფრთხილეს, რომ "მნიშვნელოვან უფროს ოფიცერს" უნდა შებმოდნენ.
გუადალკანალის აეროდრომ ჰენდერსონ-ფილდიდან 339-ე გამანადგურებელი ესკადრილიის 18 P-38G Lightning აფრინდა, რომლებსაც მოქმედების უკიდურეს რადიუსზე უნდა გადაეჭრათ გზა იაპონელებისათვის, რისთვისაც ისინი საწვავის დამატებითი ავზებით იყვნენ აღჭურვილი. ფრენის მარშრუტის ბოლოს მათ საწვავის უკვე დაცარიელებული დამატებითი ავზები ოკეანეში ჩაყარეს, რაც ორმა მათგანმა ვერ მოახერხა - მათი აეროდინამიკა გაუარესდა, რის გამოც მიზანს ვეღარ შეუტიეს და უკან დაბრუნება მოუხდათ: კიდევ ორი P-38 მათ იფარავდა, დანარჩენმა 14-მა გამანადგურებელმა კი მტერს შეუტია: 12-მა მათგანმა თანმხლებ იაპონურ გამანადგურებლებს გაუმართა ბრძოლა, ორმა კი ბომბდამშენებს შეუტია - ერთი მათგანის პილოტი იყო რექს ბარბერი (Rex T. Barber), მეორის - ტომას ლანფიე (Thomas George Lanphier, Jr.).
ბარბერმა ორიდან წინ მიმავალ ბომბდამშენს შეუტია, რომელშიც, როგორც შემდეგ აღმოჩნდა, კიდეც იმყოფებოდა ადმირალი იამამოტო. ბარბერი მანამდე ისროდა განუწყვეტლივ, ვიდრე ბომბდამშენის მარცხენა ძრავს ცეცხლი არ მოედო, რის შემდეგაც ბარბერი მეორე ბომბდამშენს შემოუტირალდა - სწორედ ამ დროს ჩავარდა იამამოტოს ალმოდებული თვითმფრინავი ჯუნგლებში. ბარბერმა კი მეორე ბომბდამშენიც ჩამოაგდო. ამ გამარჯვებისათვის ბარბერმა და ლანფიემ საზღვაო ჯვარი (Navy Cross) მიიღეს, რადგან იმ მომენტისათვის გამარჯვება ჯგუფურად ჩაუთვალეს ორივეს. 2003 წელს, მოხვედრების ტრასების გამოკვლევის შედეგად, დადგინდა, რომ იამამოტოს თვითმფრინავი მხოლოდ ბარბერმა ჩამოაგდო. ამიტომ ჯგუფური გამარჯვება გააუქმეს და გამარჯვეება ბარბერს ჩაეთვალა - ამ უკანასკნელმა ეს ვეღარ შეიტყო, რადგან 2001 წესლ გარდაიცვალა.
იამამოტოს თვითმფრინავის თანმხლებ იაპონურ გამანადგურებლებთან ბრძოლაში ერთი ამერიკული გამანადგურებელი დაზიანდა, რომელსაც ლეიტენანტი რაიმონდ ჰაინი (Raymond K. Hine) მართავდა: მოქმედების უკიდურესი რადიუსის გამო მას დაბრუნების არავითარი შანსი არ ჰქონდა. ბრძოლის მონაწილე დანარჩენი 11 P-38 გუადალკანალზე დაბრუნდა.
19 აპრილს იაპონელთა მაშველმა რაზმმა ჯუნგლებში ადმირლის დამსხვრეული და დამწვარი თვითმფრინავი იპოვა. ჯერ კიდევ თვითმფრინავის სავარძელზე მიბმული ადმირალი იამამოტო იქვე, ხის ძირში იპოვეს - ის გამართული იჯდა, თეთრხელთათმანიანი ხელით კატანა ეჭირა, თავი ჩაფიქრებულივით ჰქონდა ჩაკიდული. მოხვედრილი ჰქონდა 2 ტყვია: ერთი მათგანი - მარცხენა მხარის უკანა ნაწილში, მეორე - სასიკვდილო - ქვედა ყბის ქვედა ნაწილში და მარჯვენა თვალსზემოთ გამოსული.
ადმირალ იამამოტოს კრემაცია ბუნაში მოახდინეს, რის შემდეგაც ფერფლი ადმირლის საფლაგმანო სახაზო ხომალდ "მუსასით" ჩაიტანეს ტოკიოში და საზეიმოდ დაკრძალეს: მას სიკვდილის შემდეგ მიენიჭა უმაღლესი იაპორი წოდება - ფლოტის ადმირლობა და უმაღლესი იაპონური ჯილდო - 1-ლი კლასის ქრიზანთემის ორდენი. ადმირალი ნაცისტურმა გერმანიამაც დააჯილდოვა - რკინის ჯვრის რაინდის ჯვრის მუხის ფოთლებით და ხმლებით.

ადმირალი იამამოტო ისოროკუ სააღლუმო ფორმაში, ყველა ჯილდოთი.

ოპერაცია "შურისძიების" მონაწილეები. ბარბერი ზის ცენტრში.

რექს ბარბერი საზღვაო ჯვრით დაჯილდოებისას.

P-38G Lightning

Mitsubishi G4M1 Betty

Mitsubishi A6M Zero

ადმირალ იამამოტოს ოფიციალური დაკრძალვა ტოკიოში. 03.06.1943.
...........................................................................................................................................
P.S. იამამოტოს დაღუპვა ტოკიოზე "დულიტლის რეიდის" პირველ წლისთავს დაემთხვა - ამ რეიდზე ადრე დაწვრილებით ვისაუბრე.
This post has been edited by Wanguard on 18 Apr 2013, 20:33