
1941 წლის 21 ივნისის მთელი დღე საბჭოთა 14-ე მექანიზებული კორპუსის სარდალმა, არტილერიის გენერალ-მაიორმა ობორინმა ამავე კორპუსის შემადგენლობაში შემავალი 22-ე სატანკო დივიზიის (მეთაური - სატანკო ჯარების გენერალ-მაიორი პუგანოვი) განლაგებაში გაატარა. საღამოს თანმხლებ პირებთან ერთად ობორინი და პუგანოვი 22-ე დივიზიის დისლოცირების ადგილიდან სამხრეთით მდებარე საარტილერიო პოლიგონზე გავიდნენ, სადაც 22 ივნისის დილიდან მეზობელი 28-ე მსროლელი კორპუსის (სარდალი - გენერალ-მაიორი პოპოვი) მსროლელ და საარტილერიო ნაწილებთან ერთად 22-ე სატანკო დივიზიას ერთობლივი სწავლებები და მანევრები უნდა ჩაეტარებინა.
21-22 ივნისის ღამით 14-ე მექანიზებული კორპუსის კიდევ ერთი - 30-ე სატანკო დივიზიის (მეთაური - პოლკოვნიკი ბოგდანოვი) ერთი სატანკო პოლკი (61-ე, მეთაური - მაიორი ივანიუკი) პოდდუბნოს რაიონში არსებულ ტანკოდრომზე ღამის სროლებს ატარებდა.
14-ე მექანიზებული კორპუსის ნაწილებისა და შენაერთების საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანის ბრძანება კორპუსის შტაბიდან (უფროსი - პოლკოვნიკი ტუტარინოვი) ნაწილებში არ გადაცემულა.
14-ე კორპუსის 205-ე მექანიზებული დივიზია (მეთაური - პოლკოვნიკი კუდიუროვი) განგაშით მხოლოდ 22 ივნისის დილის ხუთის წუთებზე წამოაყენეს ფეხზე. დივიზიის გაშლა ლიუფტვაფეს ბომბდამშენების დარტყმების ქვეშ წარმოებდა. 247-ე საავტომობილო ბატალიონმა დივიზიის 127-ე სატანკო პოლკის (მეთაური - მაიორი ვერჟბიცკი) მანქანების საწვავით დაუყოვნებელი გამართვის ბრძანება მიიღო. რეისში ავტობატალიონის მთელი გამართული ტრანსპორტი - 1 ავტოცისტერნა და 7 სატვირთო ავტომანქანა გავიდა, რომელთაც დამატებითი ორივე მხრიდან 80-ლიტრიანი საწვავის ავზები ჰქონდათ. ეს კოლონა დაუყოვნებლივ მოხვდა გერმანული ავიაციის დარტყმის ქვეშ და 127-ე სატანკო პოლკის განლაგებას მხოლოდ ერთმა სატვირთო ავტომანქანამ მიაღწია - დანარჩენები დაიწვა. დაიბომბა დივიზიის 672-ე საარტილეირო პოლკიც, რომელმაც 22 ივნისს ბრძოლებში მონაწილეობა საერთოდ არ მიიღო, თუმცა 20 კაცი მოუკლეს.
საარტილერიო დაშენის დაწყებისთანავე 22-ე სატანკო დივიზიის მეთაურმა გენერალმა პუგანოვმა, დივიზიის განლაგებაში მყოფი 14-ე მექანიზებული კორპუსის შტაბის უფროსის პოლკოვნიკ ტუტარინოვის ნებართვით, საბრძოლო განგაში გამოაცხადა, დივიზია ფეხზე დააყენა და ნაწილებს დაცვის გეგმის თანახმად ჟაბინკა-ხმელიოვოს რაიონში გასვლა უბრძანა.
გერმანელთა საარტილერიო მომზადებისას 22-ე სატანკო დივიზიამ, რომელიც ბრესტის სამხრეთ სამხედრო ქალაქში იმყოფებოდა და საზღვრიდან მხოლოდ 2,5-3,5 კილომეტრით იყო დაშორებული, უმძიმესი დანაკარგები განიცადა. ეს სამხედრო ქალაქი ვაკე ადგილას მდებარეობდა, საზღვის გაღმიდან ხელისგულივით მოჩანდა და გერმანელმა არტილერისტებმა ეს უპირატესობები მშვენივრად გამოიყენეს. დივიზიის განლაგებაზე საარტილერიო და მისი მომდევნო საავიაციო დარტყმა საბჭოთა სარდლობისათვის სრული მოულოდნელობა აღმოჩნდა - დღემდე დაუდგენელია ამ დროს დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა და მათი ოჯახის წევრთა დაახლოებითი რაოდენობაც კი, თუმცა ცნობილია, რომ დივიზიის ნაწილების მჭიდროდ განლაგების გამო დანაკარგები ტანკებში, ქვემეხებში, საავტომობილო ტრანსპორტში, საველე სამზარეულოებსა და სახელოსნოებში სახეზე არსებულის 60%-ს აჭარბებდა. გერმანელთა საარტილერიო ცეცხლმა მთლიანად გაანადგურა დივიზიის საარტილერიო და საწვავ-საცხები მასალების საწყობებიც. დიდი მსხვერპლი გამოწვია მეთაურთა და პირადი შემადგენლობის მცდელობამ, მოწინააღმდეგის ცეცხლქვეშ დივიზიის მატერიალური ნაწილი დარტყმის ზონიდან გაეყვანათ.
როგორც კი გერმანული არტილერიის ცეცხლი მიწყნარდა, 22-ე სატანკო დივიზიის გადარჩენილმა მეთაურებმა ნაწილების და გადარჩენილი ტექნიკის შეკრება დაიწყეს, ხოლო ამ მოქმედების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სასაზღვრო მდინარე ბუგთან მორიგე მექანიზებული (22-ე მექანიზებული პოლკი, მეთაური - მაიორი ელისტრატოვი) და სატანკო ქვეგანაყოფები (44-ე სატანკო პოლკის (მეთაური - მაიორი კვასი) 22-ე სადაზვერვო და ერთი სატანკო ბატალიონი) წასწიეს.
ბუგზე გადმოსულ გერმანულ ნაწილებს პირველი 22-ე მოტომსროლელი პოლკი შეება, რომელიც ბრესტის ციხე-სიმაგრესა და სოფელ კოდენს შორის დადგა თავდაცვაში. ბრძოლის დასაწყისშივე მას წამოეშველნენ 44-ე სატანკო პოლკის ორივე ზემოთხსენებული ბატალიონი და საერთო ძალებით ამ ნაწილებმა მოწინააღმდეგე სწრაფად უკუაგდეს საზღვრის მიღმა, თუმცა მოტომსროლელი პოლკის 16 Т-26-საგან შემდგარი სატანკო ბატალიონი გერმანული არტილერიის ცეცხლქვეშ მოხვდა და სოფელ ვოლინკისაკენ დაიხია. მომდევნო იერიშით ამ ბატალიონმა სადესანტო-საიერიშო ნავებით ბუგზე კვლავ გადმოსული გერმანული ნაწილები, რომლებიც ბრესტის სამხრეთიდან გარშემოვლას აპირებდნენ, ისევ საზღვრის მიღმა უკუაგდო. 44-ე სატანკო პოლკის ბატალიონები მოტომსროლელებთან ურთიერთქმედებით 1 საათის განმავლობაში იგერიებდნენ გერმანელთა მიერ ბუგის გადალახვის მცდელობებს.
დილის 6 საათისათვის გერმანელებმა არტილერიისა და ავიაციის მხარდაჭერით ბუგის საბოლოო გადალახვა მოახერხეს და მის აღმოსავლეთ ნაპირზე პლაცდარმი იგდეს ხელთ რომლის გაფართოებასაც სწრაფად შეუდგნენ. 6 საათის შემდეგ 22-ე დივიზიის სარდლობამ ჟაბინკაში დაიხია და საკუთარი ნაწილების უკანდახევისათვის პოზიციებზე რამდენიმე უფროსი მეთაური დატოვა.
სანამ აღწერილი მოვლენები მიმდინარეობდა, დილის 5 საათისათვის 14-ე მექანიზებული კორპუსის შტაბი, რომელიც ქალაქ კობრინში იყო განლაგებული, გერმანული ავიაციის მძლავრი დარტყმის ქვეშ მოხვდა და განსაკუთრებით დიდი დანაკარგები განიცადა კავშირგაბმულობის საშუალებებში - უვნებელი გადარჩა მხოლოდ 1 რადიოსადგური 5-АК - სხვა არანაირი კავშირგაბმულობის საშუალება კორპუსის შტაბს აღარ დარჩა. ობორინმა შტაბი წინასწარმომზადებულ საველე სამეთაურო პუნქტზე, რკინიგზის სადგურ ტევლის რაიონში, ტყეში გადაიყვანა.
დილის 6-დან 8 საათამდე 22-ე სატანკო დივიზიის ნაწილები გერმანელთა ცეცხლქვეშ უწესრიგოდ გადადიოდნენ მდინარე მუხავეცზე გადებულ ხიდებზე ბრესტისა და პუგაჩოვოს სამხრეთ-აღმოსავლეთით, ხოლო ის ნაწილები, რომლებსაც არანაირი ტრანსპორტი აღარ გააჩნდათ, პუგაჩოვოს გავლით რადვანიჩისაკენ წავიდნენ, რათა შემდეგ ჟაბინკისაკენ შებრუნებულიყვნენ: პირველ პროცესს დივიზიის შტაბის უფროსი პოდპოლკოვნიკი კისლიცინი მეთაურობდა, რომლიც ავიაბომბის ნამსხვრევით მძიმედ დაიჭრა, ხოლო მეორე პროცესს - დივიზიის მეთაურის მოადგილე პოლკოვნიკი კონონოვი. პოლკოვნიკის კოლონა პრაქტიკულად მთლიანად უიარაღო ხალხისაგან შედგებოდა, რომელთა მნიშვნელოავნი ნაწილიც მხოლოდ საცვლების ამარა იყო, აგრეთვე - კორპუსის სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახების წევრებისაგან. გზაში ამ კოლონას 28-ე მსროლელი კორპუსის ის ჯარისკაცები შეუერთდნენ, რომლებიც ომის დაწყების მომენტისათვის საარტილერიო პოლიგონზე იმყოფებოდნენ და 22-ე სატანკო დივიზიასთან საერთო სწავლებებისათვის ემზადებოდნენ. დივიზიის არტილერიის მნიშვნელოვანი ნაწილი ან განადგურდა, ანდა საარტილერიო პარკებში დარჩა გასაწევი ტრანსპროტის არარსებობის გამო.
დილის 9 საათისათვის 22-ე სატანკო დივიზიის მოწინავე სატანკო შენაერთები ჟაბინკას უახლოვდებოდნენ. 1 საათში იქ დაახლოებით 60-მა ტანკმა მოიყარა თავი, რომელიც 4-ე არმიის სარდალმა გენერალ-მაიორმა კორობკოვმა 28-ე მსროლელ კორპუსს დაუქვემდებარა (14-ე მექანიზებული კორპუსიცა და 28-ე მსროლელი კორპუსიც ამ არმიის სემადგენლობაში შედიოდნენ). გენერალმა პოპოვმა ტანკისტებს კორპუსის იერიშის მხარდაჭერა უბრძანა, რომელიც ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ბრესტისაკენ იყო მიმართული, რათა გერმანელთათვის ბუგს გაღმა უკანდასახევი გზები მოეჭრა.
რაც შეეხება 30-ე სატანკო დივიზიას, 22 ივნისის დილის 6 საათზე, განგაშის გამოცხადების შემდეგ, შეკრებიდან დაბრუნებული და ღამისთევის რაიონებიდან წამოსული თავისი სატანკო პოლკებით პრუჟანის რაიონში დაბრუნდა და პრუჟანის რაიონიდან ჟაბინკის მიმართულებით შეტევისათვის მზადება დაიწყო, რომელიც დილის 7 საათზე იგეგმებოდა. თავმოყრის რაიონში ავტოტრანსპორტით იგზავნებოდა დივიზიის მთელი პირადი შემადგენლობა როგორც მუდმივი განლაგების ადგილიდან, ასევე - საველე ბანაკებიდანაც. ამ მომენტისათვის კორპუსის სარდლობამ გადაწყვიტა, კორპუსის მესამე შემადგენელი ნაწილი - 205-ე მოტომსროლელი დივიზია ადგილიდან არ დაეძრა, რადგან ამ დივიზიის ავტოტრანსპორტს ერთდროულად მებრძოლთა მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილის გადაყვანა შეეძლო.
ობორინის მოხსენების თანახმად 30-ე სატანკო დივიზია 22 ივნისის დილის 11 საათისათვის თავმოყრის ადგილას იმყოფებოდა, ხოლო მთავარი ძალების კოლონის თავით პოდდუბნოს რაიონში გავიდა, თუმცა მას საწვავის მხოლოდ 1 გამართვა და 1 საბრძოლო კომპლექტი გააჩნდა. მარშზე ამ კოლონას გერმანული ავიაცია გამუდმებით უტევდა. დილის 12 საათისათვის 22-ე სატანკო დივიზიამ დიდი დანაკარგებით იწყო შეკრება თავმოყრის რაიონში: 43-ე და 44-ე სატანკო პოლკებმა (დაახლოებით 100 ტანკი) - ხმელიოვო, სელიშჩე, პოდრეჩიესთან, ხოლო 22-ე მოტომსროლელმა პოლკმა - რადვანიჩის აღმოსავლეთით, ტყეში, სადაც სულ ახლახანს გადატანილი ბრძოლის შემდეგ თავს იწესრიგებდა. ზოგადად 22-ე დივიზიის ნაწილებში საწვავი პრაქტიკულად აღარ იყო (მხოლოდ მანქანების ავზებში), საბრძოლო მასალების რაოდენობა უკიდურესად იყო შეზღუდული, სურსათი, საველე სამზარეულოები და კავშირგაბმულობის საშუალებები საერთოდ არ არსებობდა.
205-ე მოტომსროლელი დივიზია, მოტოციკლისტთა 20-ე პოლკი და 67-ე საინჟინრო ბატალიონი ბრძოლისათვის დისლოკაციის ადგილებზევე ემზადებოდნენ. დივიზიის ერთი მოტომსროლელი პოლკი ტევლიას 4 კილომეტრით ჩრდილოეთით, ტყეში, ღამის მარშისათვის ემზადებოდა, ხოლო დანარჩენმა ნაწილებმა ქვეითთა სანგრები და არტილერიის პოზიციები უშუალოდ დისლოკაციის ადგილებზე მოაწყვეს. ომის პირველი საათების მეტისმეტმა ნერვიულობამ მრავალი ტრაგიკული შემთხვევა გამოიწვია: 205-ე დივიზიის არტილეირსტებმა გაანადგურეს Т-26, რომლითაც 22-ე სატანკო დივიზიის ერთ-ერთი პოლკის მეთაურის ოჯახი გადაადგილდებოდა, რადგან ის გერმანული ტანკი ეგონათ.
გერმანულ ნაწილებთან ბრძოლაში 30-ე სატანკო დივიზიის მოწინავე ნაწილები სადღაც 11 საათისათვის ჩაებნენ, ხოლო მთავარი ძალები 12-დან 13 საათამდე. 60-ე სატანკო პოლკის მოწინავე რაზმი შჩებროვო-პილიშჩის რაიონში 47-ე მოტორიზებული კორპუსის 18-ე სატანკო დივიზიის ტანკებს შეება და დროებით სეაჩერა მათი წინსვლა: გერმანულმა ტანკებმა ვიდომლიასკენ დაიხიეს, ხოლო 14 საათიდან დივიზია გერმანული ავიაციის მასირებული დარტყმების ქვეშ მოხვდა და დიდ დანაკარგებს განიცდიდა.
დაახლოებით 15 საათისათვის 4-ე არმიის სარდლობამ ზურგის თავდაცვითი ზღუდის მომზადება ბრძანა, რომელიც მდინარე მუხავეცის აღმოსავლეთ ნაპირზე, პრუჟანიდან ბუიხოვიჩიმდე 205- დივიზიის მოტომსროლელი პოლკებისა და 30-ე სატანკო დივიზიის ქვეითი ნაწილების ძალებით უნდა შექმნილიყო. თავად მოტომსროლელი დივიზიის მთავარი ძალები თავდაცვას ბერიოზის რაიონში ამზადებდნენ, თუმცა საღამოს 18 საათზე უშუალოდ მოსკოვიდან მოსული დირექტივის თანახმად, რომელიც მოწინააღმდეგისათვის სახეზე არსებული მთელი ძალებით დარტყმას ითვალისწინებდა, კორობკოვმა ახალი ბრძანება გასცა: 23 ივნისის დილიდან ყველა შენაერთი შეტევაზე დაძრულიყო.
რასაკვირველია, როგორც მთავარსარდლობის, ასევე დასავლეთის ფრონტის სარდლობის ბრძანებები უკვე აღარ შეესაბამებოდა შექმნილ მდგომარეობას. მიუხედავად იმისა, რომ 205- დივიზიაში არსებული ტრანსპორტით შენაერთის მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილის გადასროლა იყო შესაძლებელი, კორობკოვმა ის დამრტყმელი დაჯგუფების შემადგენლობაში ჩართო.
22 ივნისის 18:30-ზე გაცემულ საბრძოლო ბრძანებაში 14-ე მექანიზებულ კორპუსს ევალებოდა, კრივლიანი, პილიშჩი, ხმელიოვოს საწყისი რაიონიდან ვისოცკოეს საერთო მიმართულებით განეხორციელებინა დარტყმა და დღის ბოლოსათვის მოწინააღმდეგე მდინარე დასავლეთ ბუგის აღმოსავლეთით მთლიანად განადგურებინა. ამისათვის მარჯვენა, შემოვლით ფლანგზე 30-ე სატანკო დივიზიას უნდა ემოქმედა, ხოლო წარმატების განვითარებისა და მარჯვენა ფლანგის დასაფარად - 205-ე მოტომსროლელ დივიზიას. კორპუსის მოქმედებისათვის მხარი ბომბდამშენ ავიაპოლკს უნდა დაეჭირა. ამავე ბრძანების თანახმად 205-ე მოტომსროლელ დივიზიას თავისი ისედაც სუსტი შემადგენლობიდან ერთი სატანკო ბატალიონი 28-ე მსროლელი კორპუსის ქვეითთა მხარდასაჭერად უნდა გამოეყო. შეტევა 23 ივნისის დილის 5 საათზე, 15-წუთიანი საარტილერიო თავდასხმის შემდეგ უნდა დაწყებულიყო.
ბრძანებაში არაფერი იყო ნათქვამი მოწინააღმდეგის შესახებ, რადგან სარდლობას ამის თაობაზე არანაირი ცნობა არ გააჩნდა. ასევე ერთი სიტყვაც კი არ იყო ნახსენები ზურგის საკითხებზე.
არმიის სარდლობის ბრძანების მუხედავად 14-ე მექანიზებული კორპუსის სარდლობამ სხვანაირად გაანაწილა ძალები: შეტევისათვის მხოლოდ სატანკო ნაწილები და შენაერთები გამოიყო, ხოლო 205-ე მოტომსროლელი დივიზია მეორე ეშელონში რჩებოდა და მდინარე მუხავეცზე თავდაცვით ზღუდეს ამზადებდა.
22 ივნისის დღის ბოლოსათვის 14-ე მექანიზებული კორპუსის ნაწილებს შემდეგი განლაგება ჰქონდათ: 30-ე სატანკო დივიზია (დაახლოებით 130 Т-26) გერმანელთა 17-ე და 18-ე სატანკო დივიზიებს ებრძოდა პილიშჩი, პოდლესიეს რაიონში, ძალების ნაწილით კი - რატაიჩიცის ჩრდილოეთით. დღის ბრძოლების განმავლობაში დივიზიამ პირადი შემადგენლობის 25% და ტანკების 30% დაკარგა. დაიღუპა ბატალიონების სამი და ასეულების ხუთი მეთაური.
22-ე სატანკო დივიზია (დაახლოებით 100 Т-26) დილის ჯოჯოხეთის შემდეგ ჟაბინკის რაიონში შეიკრიბა და საკუთარი ნაწილების მოწესრიგებას შეუდგა. თავისი გადარჩენილი მოტომსროლელი და საარტილეირო ნაწილებით კი რაკიტნიცა, რადვანიჩის რაიონში გერმანულ 3-ე სატანკო დივიზიასთან აწარმოებდა ბრძოლებს და თავისი ქვეითი ნაწილების შეკრებას ამ ზღუდის აღმოსავლეთით უზრუნველყოფდა.
205-ე მოტომსროლელი დივიზია პრუჟანიდან ზაპრუდიმდა, მდინარე მუხავეცის აღმოსავლეთ ნაპირზე ამზადებდა თავდაცვით ზღუდეს, მისი ქვეითი ნაწილები და კორპუსის მესანგრეთა ბატალიონი ბერიოზის რაიონს ამზადებდნენ თავდაცვისათვის. კორპუსის შტაბი წინანდებურად სადგურ ტევლიასთან, ტყეში იყო განლაგებული, ხოლო მოტოციკლისტთა პოლკი - დროგიჩინში.
ღამით კორპუსის შენაერთებიდან მხოლოდ 30-ე დივიზია იბრძოდა: სანათი რაკეთების სინათლის ფონზე გერმანელები შეტევებს განაგრძობდნენ და პოდდუბნო-ლიბიას ზღუდეზე დივიზიის ნაწილები შეავიწროვეს.
23 ივნისის გამთენიისათვის 14-ე მექანიზებულმა კორპუსმა კონტრშეტევისათვის იწყო მზადება. საწვავითა და სურსათით 22-ე დივიზიის უზრუნველყოფა კობრინში არსებული საწყობებიდან იგეგმებოდა, ხოლო საბრძოლო მასალებით - 205-ე დივიზიის საწყობებიდან. ამასთან ერთად 22-ე დივიზიას 205-ე დივიზიის ავტოტრანსპორტი და საველე სამზარეულოები გადაეცა.
ღამით კორობკოვმა მაინც მოითხოვა 205-ე დივიზიის კონტრშეტევაში მონაწილეობდა და ობორინის ახალი ბრძანების თანახმად დივიზიიდან დიდი რაოდენობით ავტოტრანსპორტი გამოიყო, შეიქმნა ორი იმპროვიზიებული მოტომსროლელი ბატალიონი და ერთი 30-ე დივიზიაში გაიგზავნა კონტრდარტყმაში მონაწილეობის მისაღებად, ხოლო მეორე (დივიზიის სატანკო პოლკის 40 ტანკთან ერთად) - ხვედკოვიჩის რაიონში მყოფ 28-ე მსროლელ კორპუსში.
აღსანიშნავია, რომ 28-ე მსროლელ და 14-ე მექანიზებულ კორპუსებს შორის ურთიერთქმედება არ იქნა ორგანიზებული: 4-ე არმიის სარდალი კორპუსების მეთაურებისადმი მხოლოდ საბრძოლო ბრძანების გაცემით შემოიფარგლა. იგივე გააკეთეს ობორინმა და პოპოვმაც თავიანთ კორპუსებში შემავალი დივიზიების მეთაურების მისამართით.
23 ივნისის დილის 5 საათზე მთელი 4-ე არმია გადავიდა შეტევაზე. მცირეოდენი წარმატება 22-ე სატანკო დივიზიის უბანზე გამოისახა: ტანკისტებმა გერმანული ქვეითი ბატალიონის უკუგდება შეძლეს, რომელიც ჟაბინკის მიმართულებით იყო სხვებზე მეტად წინწაწეული, თუმცა გერმანელები ოპერატიულად მოქმედებდნენ და სატანკო შეტევას ბომბდამშენთა იმდენად მასირებული და სწრაფი დარტყმები დაუპირისპირეს, რომ საკუთარი ბომბების ქვეშ უკანდახეული გერმანული ქვეითი ბატალიონიც აღმოჩნდა. ავიადარტყმებს გერმანელთა 3-ე სატანკო და 31-ე ქვეითი დივიზიების ფლანგური დარტყმებიც მოჰყვა და 22-ე სატანკო დივიზიამ, გარემოცვის თავიდან არიდების მიზნით, ნელ-ნელა იწყო უკანდახევა კობრინისაკენ.
წარუმატებელი აღმოჩნდა 30-ე სატანკო დივიზიის შეტევა პოდდუბნოსთანაც: დივიზიის ტანკები გერმანული ტანკსაწინააღმდეგო არტილერიისა და მოპიკირე ბომბდამშენების ერთობლივი დარტყმების ქვეშ მოხვდნენ, ხოლო ჩრდილოეთიდან, კამენეცის რაიონიდან 17-ე გერმანული სატანკო დივიზიის ფლანგური მანევრის შემდეგ, 30-ე სატანკო დივიზიამ დიდი დანაკარგებით იწყო პრუჟანისაკენ უკანდახევა. ამ დასახლებული პუნქტისათვის ბრძოლა უკვე დილის 7:30-ზე დაიწყო. ბრძოლის ორგანიზაციაში 30-ე დივიზიის მეთაურს, პოლკოვნიკ ბოგდანოვს ერთდროულად ეხმარებოდნენ (ან ხელს უშლიდნენ) 14-ე მექანიზებული კორპუსის შტაბის უფროსი პოლკოვნიკი ტუტარინოვი და 4-ე არმიის შტაბის უფროსი პოლკოვნიკი სანდალოვი.
47-ე მოტორიზებულმა კორპუსმა პრუჟანის რამდენიმე მიმართულებიდან შეუტია ავიაციისა და არტილერიის მხარდაჭერით: გერმანული ტანკები, თავისი შესანიშნავი ოპტიკისა და კავშირგაბმულობის წყალობით, დიდი დისტანიციიდან, ზუსტად ისროდნენ და 30-ე სატანკო დივიზიას დიდი დანაკარგებს აყენებდნენ. კარგად მოქმედებდნენ მოპიკირე ბომბდამშენებიც. ბრძოლის მსვლელობისას 17-ე სატანკო დივიზიამ პრუჟანის ჩრდილოეთიდან შემოუარა, 18-ე სატანკო დივიზიასთან ფრონტალურ ბრძოლაში გართულ საბჭოთა ტანკისტებს ზურგიდან დაარტყა და პრუჟანი დაიკავა, ხოლო 30-ე სატანკო დივიზიის ნარჩენებმა (დაახლოებით 80 ტანკი) და 205-ე მოტომსროლელი დივიზიის ქვეგანაყოფებმა დილის 9:30-სათვის კუკლინი, ლინევოს ზღუდეზე დაიხიეს. აქედან, სანდალოვის მოთხოვნით, კვლავ განახლდა კონტრდარტყმები პრუჟანის დასაბრუნებლად, რომლის შედეგადაც საბჭოთა მხარემ დაახლოებით 35 ტანკი დაჰკარგა, გერმანულმა მხარემ - 20, თუმცა 30-ე სატანკო დივიზიამ პრუჟანის სრულად დაბრუნება ვერ შეძლო: გერმანელები დასახლებული პუნქტის დასავლეთ ნაწილში გამაგრდნენ. ბრძოლები აქ საღამოს 20 საათამდე გაგრძელდა, როდესაც 30-ე დივიზია ზაპრუდის რაიონიდან 18-ე სატანკო დივიზიის ფლანგური დარტყმის ქვეშ მოხვდა და სელეცისაკენ დაიხია უკან.
22-ე სატანკო დივიზიამ დილის წარუმატებელი იერიშის შემდეგ გუცკი, პოლიატიჩი, ანდრონოვოს (კობრინის ჩრდილო-დასავლეთ რაიონი) რაიონში მოიყარა თავი. დილის 10 საათისათვის, როდესაც საბჭოთა 4-ე არმიის სარდლობისათვის ცხადი გახდა, რომ ინიციატივის ხელში ჩაგდების მცდელობა მარცხით დასრულდა, მიღებული იქნა თავდაცვაზე გადასვლის გადაწყვეტილება და გაიცა ბრძანება, 14-ე მექანიზებულ კორპუსს პრუჟანის მიმართულება უზრუნველეყო და მოწინააღმდეგე მდინარე მუხავეცის აღმოსავლეთით არ დაეშვა.
ახალი ბრძანების მიღებისთანავე ობორინი თავისი დაფანტული ნაწილების პრუჟანის რაიონში შეკრებას შეუდგა. 205-ე დივიზიის მოტომსროლელი და სატანკო პოლკები, რომელიბიც 28-ემსროლელი კორპუსის ზოლში, შიპოვიჩი, მაზიჩი, კობრინის რაიონში მოქმედებდნენ, ბრძოლიდან გამოვიდნენ და 30-ე სატანკო დივიზიის მხარდასაჭერად გაემართნენ, თუმცა 22-ე სატანკო დივიზიის კობრინის რაიონიდან გამოყვანა შეუძლებელი აღმოჩნდა: ის 28-ე კორპუსის ნაწილებისა და შენაერთების თავდაცვას აცემენტებდა და ბრძოლიდან მისი გამოყვანა საბჭოთა ჯარების მდგომარეობას ვარშავის გზატკეცილის რაიონში უკიდურესად ართულებდა. 22-ე დივიზიის ტანკისტები 28-ე კორპუსის 6-ე მსროლელ დივიზიასთან ერთად მძიმე ბრძოლებში იყვნენ ჩაბმულნი გერმანელთა 3-ე სატანკო დივიზიასთან ანდრონოვო, პოლიატიჩის (ანდრონოვოდან 5 კმ დასავლეთით) ზღუდეზე და დიდ დანაკარგებს განიცდიდნენ, განსაკუთრებით - ავიაციისაგან. ჟაბინკიდან უკანდახევის წინ 22-ე სატანკო დივიზიას მხოლოდ 67 ტანკიღა დარჩა, რომელთაც არასრული ეკიპაჟები ჰყავდათ და საბრძოლო მასალები ელეოდათ, თუმცა მათ მოასწრეს კობრინის საწყობებში საწვავით გამართვა.
16 საათზე, მძლავრი საარტილერიო და საავიაციო მომზადების შემდეგ გერმანელთა 24-ე მოტორიზებული და 12-ე საარმიო კორპუსები კობრინის რაიონში შეტევაზე გადავიდნენ და 4-ე საბჭოთა არმიას უკანდახევა აიძულეს. მისი 22-ე სატანკო და 6-ე მსროლელი დივიზიების ნარჩენები კობრინის ჩრდილოეთით, იმენინის გავლით იხევდნენ უკან. იმენინის აეროდრომის რაიონში ტანკები კონტრშეტევაზე გადავიდნენ, რათა ქვეითებისათვის მუხავეცის აღმოსავლეთ ნაპირზე დაუბრკოლებლად გადასვლის საშუალება მიეცათ. ამ ბრძოლაში დაიღუპა 22-ე სატანკო დივიზიის მეთაური გენერალი პუგანოვი. დივიზიაში 40 ტანკიღა დარჩა და მისი მეთაურობა პუგანოვის მოადგილემ, პოლკოვნიკმა კონონოვმა მიიღო.
გერმანელთა 3-ე სატანკო დივიზიამ კობრინში მუხავეცზე გადებული ხიდი იგდო ხელთ. მისი ტანკების ნაწილი ვარშავის გზატკეცილზე გაიჭრა და ისინი მხოლოდ საღამოს 17 საათისათვის შეაჩერეს 4-ე არმიის იმპროვიზირებულმა ნაკრებმა ნაწილებმა მუხავეცის არხთან.
პინსკის მიმართულებით ჯარების უწესრიგო უკანდახევის შესაჩერებლად, რომელიც უკვე პანიკურ გაქცევაში გადაიზარდა, ამ რაიონში 4-ე არმიის მთელი სამხედრო საბჭო გავიდა არმიის სარდლიანად. აქ წესრიგის დამყარება 14-ე მექანიზებული კორპუსის მოტოციკლისტთა პოლკმაც კი ვერ შეძლო, რომელიც დროგოჩინის რაიონში იდგა. აქვე კორობკოვმა სპეციალური ბრძანება გამოსცა, რომლის ძალითაც პინსკის მიმართულების დაცვა მალორიტის რაიონიდან 75-ე მსროლელი დივიზიის მოსვლამდე სწორედ მოტოციკლისტთა 20-ე პოლკს ევალებოდა: მას უნდა დაეკავებინა და საინჟინრო კუთხით მოემზადებინა ჟაბერი, სიმონოვიჩი, სადგური დროგოჩინი, სულიჩევოს ზღუდე.
ამასობაში 18 საათისათვის გერმანელებმა პრუჟანის რაიონში და ვარშავის გზატკეცილის გასწვრივ შეტევები განაახლეს. 4-ე არმიის დასუსტებული ნაწილები სწრაფად იქნენ უკუგდებული პოზიციებიდან და გერმანელთა 3-ე და 4-ე სატანკო დივიზიები ძალების ნაწილით პრუჟანისაკენ დაიძრნენ და, ამგვარად, 30-ე სატანკო დივიზიის ფლანგს დაემუქრნენ, ხოლო მთავარი ძალებით ბერიოზასკენ განაგრძეს წინსვლა. 19:30-სათვის მათ მდინარე იასელდას მიაღწიეს, სადაც ისინი 205-ე მოტომსროლელი დივიზიისა და 67-ე საინჟინრო ბატალიონის ნაწილებმა შეაჩერეს. ამასობაში 22-ე სატანკო და 6-ე მსროლელი დივიზიის ნარჩენები, რომლებსაც არანაირი კავშირი აღარ გააჩნდათ, კვლავინდებურად ასრულებდნენ კორობკოვის ბრძანებას პრუჟანისთან თავმოყრის შესახებ და სწორედ აქეთ იხევდნენ უკან. მალე ცხადი გახდა, რომ საბჭოთა ჯარებმა პრუჟანი უკვე დატოვეს: 30-ე საბჭოთა სატანკო დივიზია გერმანულმა 47-ე მოტორიზებულმა კორპუსმა საერთოდ მოაშორა პრუჟანი-სლონიმის გზატკეცილს და თავად იწყო წინსვლა უკვე რუჟანის მიმართულებით. უკანდახევამდე 30-ე დივიზიის ტანკებმა და ავტომანქანებმა ორანჩიციში მდებარე საოლქო საწყობში საწვავით გამართვა მოასწრეს, რის შემდეგაც საწყობი 30-ე დივიზიის მეთაურის, პოლკოვნიკ ბოგდანოვის ბრძანებით ააფეთქეს, ხოლო დივიზიის ნარჩენების შესაკრებ ადგილად სელეცის რაიონი დაითქვა.
23 ივნისი ბოლოსათვის 14-ე მექანიზებული კორპუსის მდგომარეობა შემდეგნაირი იყო: 22-ე სატანკო დივიზია მალეჩის გავლით ბერიოზისკენ იხევდა. 24 ივნისის განთიადისას სადგურ მალეჩის რაიონში იგი 205-ე მოტომსროლელი დივიზიის ჰაუბიცების პოლკს შეუერთდა და სელეცისაკენ უკანდახევა განაგრძო. 30-ე სატანკო დივიზია სელეცის ჩრდილო-დასავლეთით აწარმოებდა ბრძოლებს, ხოლო კორპუსის შტაბი კიდევ უფრო ჩრდილოეთით, ტყეში იმყოფებოდა. 205-ე დივიზია რამდენიმე იზოლირებულ ნაწილად აღმოჩნდა დაშლილი, რომელთაგან ყველაზე მსხვილი (დაახლოებით 4 ათასი კაცი), თავად დივიზიის მეთაურ პოლკოვნიკ კუდიუროვის მეთაურობით, 24 ივნისის გამთენიისათვის მუხავეცის არხიდან მდინარე იასელდასკენ იხევდა.
24 ივნისისათვის 14-ე მექანიზებულ კორპუსს რუჟანიზე შეტევა ჰქონდა ამოცანად, რომლის მსვლელობაშიც მას დასავლეთის ფრონტის 10-ე არმიის 121-ე მსროლელ და 6-ე საკავალერიო დივიზიებთან უნდა ეურთიერთქმედა. ობორინის გადაწყვეტილებით ამისათვის 30-ე დივიზიის, როგორც კორპუსის ყველაზე ბრძოლისუნარიანი შენაერთის, სატანკო ნაწილები გამოიყო.
23 ივნისი გვიან ღამით, რუჟანის დაკავების შემდეგ, 47-ე მოტორიზებული კორპუსის ზოგიერთმა ნაწილმა მოძრაობა სლონიმისკენ განაგრძო, ნაწილმა კი, ვარშავის გზატკეცილზე გასვლის მიზნით, სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ გაუხვია. მდინარე იასლდაზე თავდაცვაში მდგარი 28-ე მსროლელი კორპუსის ზურგში გერმანული ტანკების გამოჩენისთანავე საბჭოთა ნაწილებში აუწერელი პანიკა დაიწყო. გერმანელებმა ამით ისარგებლეს და 24-ე სატანკო კორპუსის ტანკებმა 4-ე საბჭოთა არმიის თავდაცვა იასელდას ზღუდეზე 24 ივნისის გამთენიისას იოლად გაარღვიეს.
გერმანელთა წინსვლის შეკავების ძირითადი სიმძიმე 14-ე მექანიზებული და 28-ე მსროლელი კორპუსების იმპროვიზირებულ მოტომსროლელ რაზმებს დააწვათ. ამასთან დაკავშირებით ობორინმა რუჟანიზე 30-ე სატანკო დივიზიის შეტევა გააუქმა და მის ნაცვლად ამ ამოცანის შესასრულებლად 22-ე სატანკო დივიზია დანიშნა, რომელიც შეტევის ზღუდიდან 20 კილომეტრის მოშორებით იმყოფებოდა.
24 ივნისის გათენებისთანავე 22-ე სატანკო და 6-ე მსროლელი დივიზიების ნარჩენები მანეჩის ჩრდილო-დასავლეთით, რკინიგზასთან გავიდნენ, სადაც 205-ე მოტომსროლელი დივიზიის ჰაუბიცების პოლკის პოზიციები იყო. აქ კონონოვმა და 6-ე დივიზიის მეთაურმა პოლკოვნიკმა ოსტაშენკომ უკანდახევის გაგრძელება არტილერისტებთან ერთად სელეცის ჩრდილოეთით იასელდაზე გადებული ხიდის გავლით გადაწყვიტეს. შუადღისათვის, როდესაც ხიდზე უკანასკნელი საბჭოთა მებრძოლიც გადავიდა, ხიდი დაწვეს.
24 ივნისის დილის 8 საათზე ობორინი 4-ე არმიის შტაბს მოახსენებდა, რომ 205-ე დივიზიის მცირე მოტომსროლელი ქვეგანაყოფები ივანცევიჩის რაიონში გერმანელებთან ბრძოლაში ჩაებნენ. მათთან კოსოვოდან მთავარსარდლობის რეზევის 120-ე საარტილერიო პოლკი მივიდა, რომელსაც 24 ქვემეხი ჰქონდა. ეს ნაწილები ძლივძლივობით აკავებდნენ გერმანელებს და დომანოვოსკენ იხევდნენ უკან. ამავე დროს კი 30-ე სატანკო დივიზიის ნაწილები ბიტენისაკენ იხევდნენ.
24 ივნისის დილის 9 საათზე კორობკოვმა ახალი ბრძანება გასცა, რომლის ძალითაც 14-ე მექანიზებული კორპუსის სარდლობას ევალებოდა, თავისი შენაერთების ნარჩენები სინიავკის რაიონში გაეყვანა, იქ მოეწესრიგებინა, დარჩენილი ტანკებისაგან ორი რაზმი ჩამოეყალიბებინა, რომლებიც სლონიმისა და ბარანოვიჩის მიმართულებებზე კონტრშეტევებისათვის უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული. საბრძოლო მასალები სლუცკში უნდა მიეღო, ხოლო საწვავი - ბარანოვიჩში. მდინარე შჩარაზე 205-ე დივიზიის ნარჩენებს ახალი 55-ე მსროლელი დივიზიის ნაწილები ცვლიდნენ.
24 ივნისის 14 საათზე გერმანელთა 3-ე სატანკო დივიზიის მოტოქვეითი და საარტილერიო ნაწილების დარტყმით 55-ე დივიზიის სახელდახელო თავდაცვა გაირღვა და მხოლოდ გოროდიშჩეს რაიონში ახლადმოსული 55-ე დივიზიის არტილერიისა და ზურგის ნაწილების, აგრეთვე 30-ე სატანკო დივიზიის გადარჩენილი 25 ტანკის კონტრდარტყმებით გერმანელთა წინსვლა მდინარე შჩარარზე, ვონკი-მაზურკის ხაზზე იქნა შეჩერებული.
.................................................................................................
დაპოსტეთ, რომ გავაგრძელო
This post has been edited by Wanguard on 2 Jun 2013, 03:00