პირველი სერია
ფილმი თავიდანვე ტყუილით იწყება: ვერმახტში (ისევე, როგორც, მაგალითად, წითელ არმიაში) ახლო ნათესავები ერთ ნაწილში არ მსახურობდნენ. მით უმეტეს - ერთმანეთის ხელქვეით.
გრძელდება ველოსიპედისტი ებრაელის გამოჩენით (მოგვიანებით ირკვევა, რომ ეს ვიქტორ გოლდშტაინია, კაიზერის არმიის უნტერ-ოფიცრის ვაჟი, რომელსაც მამის მსგავს სამხედრო კარიერაში წყეულმა ნაცისტებმა შეუშალეს ხელი: ამ ებრაულ ოჯახს „ბროლის ღამეს“ სამკერვალო დაუნგრიეს და დაუწვეს, თუმცა მომავალდაკარგული ვიქტორის უდარდელი გამომეტყველებითა და ქცევით მასზე თავდამტყდარი ამგვარი ტრაგედიის შესახებ ეჭვის აღებაც კი შეუძლებელია), რომელიც ვერმახტის ჯარისკაცებითა და ოფიცრებით ლამის სავსე ქუჩაში (ბარიდან სულ ახლახანს გამოისტუმრა ოფიციანტმა გოგონამ საკმაოდ შეზარხოშებული ერთი მათგანი და კოცნაზეც უარი უთხრა) მთელი ხმით გაჰყვირის „შალომ, შალომ“ და მეგობრულად მიეახლება ქუჩაში მდგარ გერმანელ ლეიტენანტსა და მის ახლადგაწვეულ ძმას (გერმანელ გოგონებთან ერთად, რომელთაგან ერთი გულითადად, პირდაპირ ტუჩებში კოცნის კიდეც მას - ამათ ერთმანეთი უყვართ): ისინიც სრულიად დაუფარავად და მეგობრულად გაეთამაშებიან მას. თანაც ქუჩაში უკვე 1941 წლის ივნისია (ფილმი ამ წარწერით დაიწყო): წესით, ამ დროს ყველა ნამდვილი და შეგნებული ებრაელი ან უკვე გეტოში უნდა იყოს, ან - საკონცენტრაციო ბანაკში, ანდა - მოკლული, ყველაზე იღბლიანები კი - გერმანიიდან გადახვეწილი (თუმცა, როგორც ფილმიდან ირკვევა, ვიქტორ გოლდშტაინი აბსოლუტურად განსაკუთრებული შემთხვევაა)... ყოველ შემთხვევაში, ასე „შალომ-შალომის“ ყვირილით ველოსიპედებზე ამხედრებული ებრაელები 1941 წლის ზაფხულის რაიხის დედაქალაქის ქუჩებში ნამდვილად არ დასეირნობდნენ და არც ვერმახტის ჯარისკაცებსა თუ გერმანელ ქალბატონებს ეხუტებოდნენ და ეღლიცინებოდნენ.
კიდევ ცოტა მოგვიანებით ებრაელი უფრო მეტად აქტიურობს: გართობის ეშხში შესულ მეგობრებს კარზე ვიღაც უკაკუნებს და ვიქტორს ეუბნებიან, რომ დაიმალოს, რაზეც გოლდშტაინი კატეგორიულ უარზეა - უფლებები ყველას ერთი უნდა ჰქონდესო. საქებარი, თუმცა აბსოლუტურად წინდაუხედავი და უგუნური საქციელია 1941 წლისათვის, როდესაც არათუ უარის, არამედ უბრალოდ გერმანელისთვის სახეში შეხედვის გამოც კი ებრაელს, შესაძლოა, სიცოცხლით ეზღო.
თუმცა ნაცისტური პარტიის წევრისა და პოლიციელის გამოჩენა დაუყოვნებლივ აფხიზლებს ებრალეთა და სხვათა თანასწორობის აპოლოგეტს და ის უფრო კეთილგონივრულადაც იქცევა: ჩუმად ზის და „ჰაილ ჰიტლერის“ შეძახილით დამშვიდობებაზე ასევე „ჰაილ ჰიტლერით“ პასუხობს. სახეზე აშკარად პიროვნების გაორებაა

.
კადრი იცვლება: 1941 წლის 10 ივლისი, ბორისოვი (ეს ბელორუსიაა, მინსკის ოლქი. ცხადი ხდება, რომ საქმე არმიათა ჯგუფ „ცენტრის“ მოქმედებასთან გვაქვს). მათი მეთაური ლეიტენანტი გვიყვება, რომ მისი ჯარისკაცები ყოველთვის პირველები ივყნენ და შესანიშნავად იბრძოდნენ, ამ დროს თავად საიერიშო ასეულის ჯარისკაცები კი მის ზურგსუკან, ავტომობილის ძარაში მხიარულად აღნიშნავენ, წითელი არმია არ გვებრძვის, ისე გვნებდაბა - ჯერ ბრძოლებში არ ჩავრთულვართო. თუმცა უკვე აღებულია ბრესტი, მინსკი, მოგილიოვი, ჩავლილია სატანკო ბრძოლები გროდნოსთან, ბელოსტოკის და მინსკის „ქვაბებში“ უკვე 600 ათასზე მეტი საბჭოთა ჯარისკაცი და ოფიცერია მოქცეული, მთელი საბჭოთა დასავლეთის ფრონტი პარალიზებული და განადგურებულია, ეს საიერიშო ასეული კი (რომელიც, გერმანული ტაქტიკური და ოპერატიული მონახაზის მიხედვით, ყოველთვის, ყველანაირ ბრძოლაში წინამბრძოლი ქვეგანაყოფია) ტუჩის გარმონების წრიპინით უბრძოლველად მისულა ბორისოვამდე. საკვირველია პირდაპირ (აქ გამოვტოვოთ მომდევნო კადრში გარკვევით და საკმაო დროით გამოჩენილი განადგურებული T-34-85, რომელიც, როგორც ცნობილია, წითელი არმიის რიგებში 1944 წლის დასაწყისიდან გამოჩნდა და 1941 წლის 10 ივლისს ბორისოვთან ვერაფრით მოხვდებოდა. იქვე ჩანს წარმოებაში 1946 წლიდან გაშვებული ГАЗ-51-ც. ეს მით უფრო საკვირველია, რომ იმავე ეპიზოდში გაკვრით ჩანს წითელი არმიის შეიარაღებაში აღნიშნულ პერიოდში ნამდვილად არსებული 122 მმ-იანი ჰაუბიცა M-30, რომელსაც ასევე უჩანს ხარვეზი - „ყველგანმავალი“ საბურავები ასევე ომისშემდგომი ГАЗ-66-სგან).
ამას მოსდევს ფაბრიკაში ბრძოლის ძალიან კარგად დადგმული სცენა: დინამიკა, სიმართლესთან სიახლოვე, გერმანელთა მოქმედება - ყველაფერი ზომიერი და სანახაობრივია. დასაწყისიდან კარგი ეპიზოდია, თუმცა აქაც რომ არ ჩაეჯვათ, როგორ იქნებოდა: ფაბრიკის შენობაში შეჭრილი ორი გერმანელი ჯარისკაცი (ერთი - ოფიცერია, მთავარი პერსონაჟი) ფანჯრის მაღალ ღიობთან ჩაცუცქულ საბჭოთა მეტყვიამფრქვევეებს ზურგიდან უვლის და, იმის ნაცვლად, რომ ადგილზევე დახოცონ და თავიანთ ამხანაგებს გზა გაუხსნან (ოთახში ხელყუმბარის შეგდებაზე აღარაფერს ვამბობ - შენობაში ბრძოლის ტაქტიკის ელემენტარული ნორმები მოითხოვს ამას და გერმანელ ოფიცერს, რკინის ჯვრისა და ხელჩართული ბრძოლის ნიშნის კავალერს ეს კარგად უნდა სცოდნოდა!), სულელურად უყვირიან რუსულად „რუკი ვერხ!“ - ეს აბსოლუტური ტყუილია და ასე არ ხდებოდა. არც ახლა მოხდებოდა და არც მომავალში მოხდება: მოქმედი ტყვიამფრქვევი სასწრაფოდ უნდა ჩაჩუმდეს და მისი გათვლის დატყვევებაზე სულ ბოლოს თუ იფიქრებს ვინმე.
მეტისმეტად ჰუმანური და წინდაუხედავი გერმანელების ზურგსუკან პისტოლეტმომარჯვებული საბჭოთა ლეიტენანტი ჩნდება და გასროლაც ისმის, მაგრამ - ვერა! კაცთმოყვარე გერმანელებს უფალი იცავს: ისინი ოდნავ იხრებიან და გასროლა მიზანს ცდება - ორივე გერმანელი ცოცხალია. ოფიცერი საბჭოთა ლეიტენანტს ეჯეჯგურება ხელჩართულ ჩხუბში, მეორეს კი... კვლავ საბჭოთა მეტყვიამფრქვევეები ჰყავს სამიზნეზე! ჭეშმარიტად - ვერმახტის მებრძოლებს ჰუმანურობაში ბევრი ვერ შეედრებოდა! თანაც შაშხანამომარჯვებული მოჩხუბარს შეშინებული ეკითხება - რა ვქნაო! ესროლეო - ისიც უყვირის, მაგრამ კაცთმოყვარეობა სიცოცხლის წყურვილზე ძლიერია და საბჭოთა მეტყვიამფრქვევეები ცოცხლები რჩებიან. ამასობაში სწორუპოვარი ოფიცერი პატიოსან და ვაჟკაცურ ჩხუბში საბჭოთა ლეიტენანტს ზემოდან მოექცევა და ავტომატს (დიახ - არა დანას ან პისტოლეტს, არამედ MP-40-ს!) პირდაპირ სახეში უმიზნებს! გასროლა?! არაფერიც! რას ამბობთ!! როგორ შეიძლება!!! ვერმახტის ოფიცერი წაქცეულს არ ესვრის!!!!
საბჭოთა მებრძოლებს გმირულად ატყვევებენ.
ეს ეპიზოდი ჩემი გიჟური ხარხარის ფონზე მიმდინარეობდა.
ამას არანაკლებ მხიარული ეპიზოდი მოჰყვება: დატყვევებული საბჭოთა ლეიტენანტი კომისარი აღმოჩნდება (გიმნასტურის სახელოებზე ოქროს ნამგალ-უროიანი წითელი ვარსკვლავები უნდა ჰქონდეს, რაც ვერ დავინახე ან არც ჰქონია) და, „კომისრებზე ბრძანების“ შესაბამისად, ადგილზე დახვრეტას ექვემდებარება. თუმცა - ვერ მოგართვეს! ოფიცრის ბრძანებით, რომელიც სულ რამდენიმე წუთის წინ ამ კომისართან ხელჩართულ სამკვდრო-სასიცოცხლო ჩხუბში იყო ჩართული, მას ინდობენ და ზურგში აგზავნიან - „ის უნდა დაიკითხოს“! (თუმცა ლეიტენანტს მაინც უხდება ამ კომისრის მოგვიანებით დახვრეტა).
მომდევნო კადრი: „ბროლის ღამეს“ დამწვარ საოჯახო სამკერვალოში ვიქტორ გოლდშტაინი მოდის და თეთრად შეფეთქილ კედლებში, ნაჭრებით, ძაფებითა და ინვენტარით გატენილ სახელოსნოში ჯერ გამოსასვლელ კაბას ხატავს ფურცელზე, შემდეგ კი „საროჩკას“ კერავს. დამწვარი სახელოსნოს კვალობაზე ექსტერიერიც და ინტერიერიც შესანიშნავადაა შემონახული. ეპიზოდი თავიდან ბოლომდე ყალბია.
ახალი სცენა: სმოლენსკში ესესელთა მოყვანილი გავეშებული უკრაინელები ვერმახტის ჯარისკაცების თვალწინ ებრაელებს დაერივნენ. ისმის ჯარისკაცის კომენტარები: „მოხალისე პოლიციაა“. მერე კი შეშფოთებული - „მათ სამოქალაქოების ხოცვა არ შეუძლიათ!“. სრული სისულელე: ჯერ ერთი, გერმანელებს რამდენიმე ადგილობრივი ებრაელის საცემრად და დასაჭერად სმოლენსკში უკრაინიდან (400-700 კილომეტრის მანძილიდან) რომ არ ჩაეყვანათ პოლიციელები, ადგილზეც საკმარისი რაოდენობით შეეძლოთ შეეკრიბათ, იგივე რუსებისაგან. და მეორე: ასეთი გულჩვილები ვერმახტის ჯარისკაცები პოლონეთის კამპანიაშიც კი არ იყვნენ, არათუ - ორწლიანი საბრძოლო გამოცდილების შემდეგ.
შემდეგ კი ფრონტელი ლეიტენანტი SS-ის ობერშტურმბანფიურერს (შეესაბამება ვერმახტის მაიორის წოდებას, თუმცა ფილმის გმირის საყელოზე დანაკერები ამის სრული იდენტიფიკაციის საშუალებას არ იძლევა) ვერმახტის უფლებამოსილებებს თავხედურად უხსნის, რითაც სრულიად არღვევს სუბორდინაციას, რომ აღარაფერი ვთქვათ წმინდა პოლიტიკურ გართულებებზე საკუთარი მისამართით. შტურმბანფიურერიც გულმოწყალედ უსმენს მეტისმეტად თამამ ლეიტენანტს. ასევე ნაკლებადრეალური სცენა.
მორიგი სცენა: ინსტრუქტაჟი შტაბში ვერმახტის წარმატებების ჩამოთვლით. ლენინგრადის ალყის შემორტყმა სრულდება, კიევს დღე-დღეზე აიღებენ, „ცენტრის“ ჯარები უნდა ემზადონ მოკოვზე შეტევისათვის. უცებ კი მთავარი გმირი-ოფიცერი ზემდგომ მეთაურთან საუბარში, მთელი ამ წარმატებების ჩამოთვლის შემდეგ, ფილოსოფიურად აღნიშნავს - თუ ამ ომს წავაგებთ, ფიურერი კი არა, ღმერთიც ვერ გვიშველისო: 1941 წლის სექტემბერში არნახული, ისტორიული წარმატებებით განებივრებულ ვერმახტს ასეთი გამოუსწორებელი პესიმისტები ნამდვილად არ ეყოლებოდა, გულახდილობაზე რომ აღარაფერი ვთქვათ.
ბოლოს კი სცენა საერთოდ ღიმილისმომგვრელი რეპლიკით მთავრდება: ზემდგომი მეთაური მთავარ გმირს ეუბნება, ჩემი საუკეთესო ოფიცერი ხართ და ყველა შესაძლებლობა გაქვთ, წინ წახვიდეთ და კარიერას ნუ გაიფუჭებთ - უნდა დაემშვიდობოთ იმ სამყაროს, რომელსაც ადრე იცნობდითო. საკვირველია ამის მოსმენა პოლონეთისა და საფრანგეთის კამპანიების ვეტერანის, საიერიშო ოცეულის მეთაურის, რკინის ჯვრისა და ხელჩართული ბრძოლის ნიშნის კავალერის (ყველა ეს ჯილდო ოფიცერს მკერდზე აქვს) მისამართით: ასეთ რა სამყაროში ცხოვრობდა ეს კაცი, საიდანაც ორწლიანი საბრძოლო მოქმედებებისა და მათში გამოჩენილი არაერთგზის მამაცობის მიუხედავად რომ ვერა და ვერ გამოსულა?
კიდევ ერთი ახალი სცენა: ოცეულის განლაგებაში მოსული სადისტი შტურმბანფიურერი მთავარ გმირთან ბოდიშს იხდის „გუშინდელის“ გამო. სასაცილო კი ისაა, რომ ებრაელი გოგონას მოკვლის მომენტში სახეზე მისხმული ამ უბედურის სისხლი შტურმბანფიურერს ჯერ კიდევ არ მოუწმენდია. საინტერესოა, ბევრი იცით უფროსი ოფიცერი, მინიმუმ 12 საათის განმავლობაში ასე მოსისხლე მტრის სისხლში მოსვრილი რომ დადიოდეს? ნუთუ ამ დროის განმავლობაში მისთვის ან ზემდგომ მეთაურს არ მიუცია შენიშვნა, ან მოსამსახურე ჯარისკაცს არ უცდია - შეეხსენებინა და მოწმენდაში დახმარებოდა?
მორიგი სცენა: ღამეა. მთავარი გმირის ძმა, რომელიც მის ოცეულში მსახურობს, თანამებრძოლთან ერთად სატყვიამფრქვევო პოსტზეა მორიგე. ცაში თვითმფრინავის ზუზუნი ისმის და მეწყვილე ახალბედა ჯარისკაცს რამდენჯერმე ეუბნება, ეს რუსული ღამის ბომბდამშენია (მივხვდი, რომ У-2-ზეა საუბარი), სინათლეს ეძებს, სიგარეტი ჩააქრეო. ეს კრეტინი კი დემონსტრაციულად ქაჩავს და მაშინვე ბომბებიც ჩამოცვივდება. ასეთი რამ რეალობაში არაფრით მოხდებოდა: გამოცდილი ფრონტელი სიფათზევე მიაწვავდა სიგარეტს ასეთ თავხედ და შეუგნებელ ახალბედას, მეორედ კი არ გაუმეორებდა. ასეთი საქციელისათვის ახალბედა პირველივე სადილზე ისჯება - მას საკუთარი თანამებრძოლები უმოწყალოდ სცემენ. ჩემი აზრით - დაგვიანებულია: ის პოსტზევე უნდა ეცემათ.
კვლავ ბერლინი: თეატრში ვიქტორ გოლდშტაინი გერმანელ გოგონას წელზე ხელმოხვეული დაასეირნებს და ყურადღებას არავის აქცევს, სანამ პარტიულ ფუნქციონერს არ წააწყდებიან. აქამდე ებრაელს არაფრად ენაღვლებოდა, გულზე რომ დავითის ყვითელი ვარსკვლავი ჰქონდა მიკერებული - მთელი მისი გარეგნობა დარდიმანდობასა და უდარდელობაზე ლაპარაკობდა. სხვებიც ასე თვლიდნენ, როგორც ჩანს, რადგან ყვითელვარსკვლავიან გაამაყებულ ებრაელზე რეაქცია არ ჰქონდათ.
თუმცა არაფერი - ებრაელი თავის გოგონასთან ერთად მშვიდად ტოვებს თეატრს.
კიდევ ერთი მოკლე სცენა: ვიქტორი ამაყად მიაბიჯებს ქუჩაში, ყავისფერ პარტიულ ფორმაში გამოწყობილი ორი ნაცისტი კი მას რაღაც ბროშურას გაუწოდებს (სწორედ ისე, დღევანდელ დღეს რომ სარეკლამო აქციებში მონაწილე ახალგაზრდა გოგონები არიგებენ ბუკლეტებს ქუჩაში), თუმცა ვიქტორი ამაყად აუვლის გვერდს.... სცენა იმდენად გულისამრევად ყალბია, რომ ენით ვერ აღვწერ. ასეთი რამ - ებრაელს ამაყად აევლო გვერდი ნაცისტი ფუნქციონერებისათვის - არცერთ ნაცისტს ყველაზე კოშმარულ ძილშიც კი არ დაესიზმრებოდა. ეს არის რეალობისადმი სრული შეუსაბამობა.
სცენა მოჟაისკთან, ჭაობებში: საბჭოთა მოხუცი გერმანელებს ჭაობებზე გასავლელ გზას ასწავლის და ისინიც, მადლიერები, ცხვრებივით მიუყვებიან ნაჩვენებ გზას - ნებისმიერი მოაზროვნე მეთაური რეალურ ცხოვრებაში ამ მოხუცს კისერში დაავლებდა ხელს, წინ გაიგდებდა და ასე გაიყვანდა საკუთას ჯარისკაცებს სამშვიდობოს. ვეტერანმა და მეტად გამოცდილმა მთავარმა გმირმა ეს არ გააკეთა და ზღო კიდეც: ერთ-ერთმა ჯარისკაცმა ნაღმს დაადგა ფეხი და აქ უკვე მორიგი ფარსი დაიდგა - ამ ჯარისკაცმა დიდსულოვნად აცალა თავისიანებს უკანდახევა და მხოლოდ შემდეგ აიფეთქა თავი. რაღაც არ მაგონდება, „დოიჩე ვოხენშაუს“ რომელიმე გამოშვებაში მაინც რომ ყოფილიყო მსგავს გმირობაზე ლაპარაკი. გერმანელები მტრის ტანკებს ყუმბარებით ხელში ქვეშ არ უვარდებოდნენ, ამბრაზურებს მკერდით არ ეფარებოდნენ, დაზიანებულ თვითმფრინავებს მტრის მექანიზებული კოლონებისაკენ არ მიმართავდნენ... არადა რა მასალა იქნებოდა დოქტორ გებელსის უწყებისათვის!
მხოლოდ მას შემდეგ, რაც საკუთარი ჯარისკაცი დაკარგეს, გერმანელები მიხვდნენ, რომ გზის მაჩვენებელი მოხუცი რუსისადმი მეტისმეტი მადლიერება მავნებელია და რუსები გზის საჩვენებლად გაიგდეს წინ.
მეორე სერია.
1943 წლის მაისი (იწერება ეკრანზე). მთხრობელი ყვება, რომ გერმანელი ჯარისკაცები ორიოლთან დგანან და დიდი ბრძოლისთვის ემზადებიან. შემდეგ კადრში კი მთავარი გმირი თავის ჯარისკაცებს წინ მიუძღვის... თითქმის 2 მეტრი სიმაღლის სიმინდის ყანაში. ყოველ შემთხვევაში, კარგა მადიანი ტაროებით დახუნძლული სიმინდები მთლიანად ფარავენ გერმანელებს.
ადამიანის სიმაღლის სიმინდები მაისში?! ორიოლთან?!! ეს 1943 წელია თუ - ხრუშჩოვის პერიოდი, როდესაც სიმინდის ბუმი დაიწყო სსრკ-ში?!!! იქნებ - სადმე ამერიკაა? ვთქვათ - კენტუკი?

სიმინდებში უმნიშვნელო საბრძოლო შეტაკების შემდეგ გერმანელი ჯარისკაცები სირბილით იხევენ უკან და... სიმინდის ყანიდან დათავთავებულ, მუხლებამდე აზიდულ პურის ყანაში გამოვარდებიან.
შეგახსენებთ, ეს ყველაფერი 1943 წლის მაისში ხდება.
იქნებ მე ვცდები, აქ ვინმე სპეციალისტია და ამიხსნას:
1. მაისში სიმინდის ან პურის ყანა რამხელაზეა ამოზრდილი?
2. ორიოლთან სიმინდი საერთოდ როდისმე თუ დათესილა?
სრული ბოდვაა, მეტი არაფერი.
შემდეგი სცენა: გერმანული სამხედრო ჰოსპიტალი. მიწაზე საკაცეებზე წვანან დაჭრილები - ერთი საბჭოთა ოფიცერია, რომელიც გერმანელ მედდას დახმარებას სთხოვს. მედდაც ხელქვეითს აძლევს მითითებას, რუსს ჭრილობები შეუხვიეთო. პასუხად ესმის „... მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია....“, რაზეც მკვეთრი პასუხი აქვს მზად: „ გააკეთეთ, რაც გითხარით!“.
სრული სიყალბე და ნონსენსი - ასეთ რამ გერმანულ (და საბჭოთა) სამხედრო ჰოსპიტლებში არ ხდებოდა: იქ არ მიჰყავდათ საბჭოთა (არც გერმანელი) დაჭრილები (მძიმედ დაჭრილებს ორივე მხარე ადგილზევე ხოცავდა, მსუბუქები ქვეითი მარშით მიჰყავდათ ტყვეთა ბანაკებამდე), გერმანელი (და საბჭოთა) მედდები საკუთარ დაჭრილებს დეფიციტურ მედიკამენტებსა და სახვევებს არ აკლებდნენ და მათით მტერს ჭრილობებს არ უხვევდნენ და, სხვათა შორის, არც საკაცეებზე აწვენდნენ ტყვე დაჭრილებს. არც სსრკ-ში და არც გერმანიაში. ასე არ ხდებოდა.
რამდენიმე კადრის შემდეგ: დედა გაჭირვეულებულ შვილს უყვირის - გაჩუმდი, თორემ რუსები მოვლენო! ესეც 1943 წლის ზაფხულში ხდება. სხვათა შორის, ვერმახტი ამ დროს კურსკის ბრძოლისათვის ემზადება და „დოიჩე ვოხენშაუ“ ახალი გერმანული ტექნიკის ზღაპრული შესაძლებლობების აღწერით სულს ვერ ითქვამდა... ცოტა ადრე ხომ არაა ბავშვების რუსებით შეშინება?
მორიგი სცენა: ებრაელებით დატვირთული ეშელონი აუშვიცისაკენ მიემართება და მასში ებრაელი გოგონა ვიქტორ გოლდშტაინს ეკითხება - არ გიკვირს, რომ იქით მატარებლები სავსეები მიდის, უკან კი ცარიელები ბრუნდებაო? საინტერესოა, საიდან იცის ებრაელმა გოგონამ, საით მიდიან მატარებლები სავსე და საიდან ბრუნდებიან ცარიელი? მეტისმეტად დიდად ხომ არაა ინფორიმირებული საკონცენტრაციო ბანაკის ტუსაღის კვალობაზე? ანდა საიდან ამ ტუსაღებს ამდენი მჭრელი და ბასრი საგანი, რომლებითაც ვაგონის იატაკის ამოთხრას ცდილობენ?
სრული ზღაპარი.
შემდეგ: ბრძოლა რომელიღაც რუსული ქალაქის ქუჩებში. წინადღეს მთავარი გმირის ქვეგანაყოფში მეკავშირემ ზემდგომი მეთაურის ბრძანება მოიტანა, რომელიც კონკრეტული ტაქტიკური დავალების გარდა (ელექტროსადგური თუ რაღაც მსგავსი უნდა დაიკავონ) მნიშვნელოვან სტრატეგიულ ინფორმაციასაც შეიცავს - აფრიკული კორპუსი დანებდა, ინგლის-ამერიკელები სიცილიაში გადასხდნენ და მთლიანად დაიკავეს (საერთოდ, აფრიკული კორპუსის დანებებას, მოკავშირეთა სიცილიაში გადასხმასა და კუნძულის მთლიანად დაკავებას ერთობლიობაში რამდენიმე თვე დასჭირდა, თუმცა ფილმში მთელი ეს გრანდიოზული მოვლენები 1943 წლის ივლისის ერთი საღამოს 2 წუთში ჩაეტია), ფიურერმა SS-ის სატანკო კორპუსი დასავლეთში გადაიყვანა... ეტყობა მთავარი გმირი რაღაც განსაკუთრებული მნიშვნელობის პიროვნებაა (ოდნავ უფრო მეტი მნიშვნელობის, ვიდრე მისი ზემდგომი მეთაური, რომლისგანაც ეს ინფორმაცია მოდის), რაკი ასეთ უკიდურესად საიდუმლო ინფორმაციას (SS-ის სატანკო კორპუსის დასავლეთში გადაყვანა) აწვდიან.
სინამდვილეში კი მართლაც სასაცილოა...
ამგვარად, ბრძოლა ქალაქის ქუჩებში. გააფთრებული, სისხლისმღვრელი. კარგად დადგმული და გადაღებული. და უცებ - ხარხარი: ზედა სართულიდან რუსი ჯარისკაცი გამოტყვრა და გერმანელ გრენადერებს... ფაუსტპატრონს ესვრის! ცოტა ხანში მეორედაც ისევ ფაუსტპატრონით გამოხტება... და ეს ყოველივე - 1943 წლის ზაფხულში, კურსკის ბრძოლისას!! რასაკვირველია, არაფერია მნიშვნელოვანი, თუ არ ჩავთვლით, რომ ფაუსტპატრონი გერმანიის არმიისა და ფოლკსშტურმის შეიარაღებაში 1944 წლის ბოლოსათვის გამოჩნდა - კურსკის ბრძოლიდან თითქმის წლინახევრის შემდეგ.
მესამე სერია.
მთავარ გმირს დეზერტირობაში ადანაშაულებენ, ჩამოართმევენ ჯილდოებსა და წოდებას და დახვრეტას მიუსჯიან.... მისი უშუალო მეთაური ეუბნება მას ამის შესახებ, ხსნის ოფიცრის სამხრეებს და... უტოვებს ჯილდოებს. რკინის ჯვარს, ხელჩართული და სატანკო ბრძოლის ნიშნებს, 1941-1942 წლების ზამთრის კამპანიის დანაკერს... როგორც ჩანს, ფილმის ავტორები ყოველივე ამას ჯილდოებად არ თვლიან.
სწორედ ამ ჩამოურთმეველი ჯილდოებით მიჰყავთ მთავარი გმირი ვერმახტის 500-ე საჯარიმო ბატალიონში (ეს ბატალიონი მართლაც არსებობდა ვერმახტში და, წითელი არმიისაგან განსხვავებით, მთელს გერმანულ არმიაში ერთადერთი ოფიცერთა საჯარიმო ბატალიონი იყო).
ევრიკა! როგორც იქნა, მესამე სერიისათვის მივხვდი, რომ ფილმის ავტორები თვლიან, თითქოს პოლონელებს ებრაელები არ ყვარებიათ! ებრაელებს სუნით ვგრძნობო - ამბობს პოლონელი პარტიზანების მეთაური. კატის კნუტებივით ვახრჩობთო - კვერს უკრავს მეორე პარტიზანი. მოკლედ, პოლონელებს, თურმე, ებრაელები ორგანულად ეზიზღებოდათ. საკვირველია... პოლონელები და ებრაელები ნაცისტებმა ერთ დღეში ჩააგდეს და მათი ხვედრი დიდად არ განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან. თუმცა ეს ფილმის ავტორებმა, ეტყობა, არ იციან...
ცალკე აღწერის ღირსია ჰოსპიტალში წითელი არმიის მოწინავე ნაწილების მისვლა. აღარ შევჩერდები იმაზე, თუ როგორ ხოცავენ დაჭრილებს - ასეთი რამ ორივე მხარეს ხდებოდა. საქმე სხვა რამეშია: ცოტათი უკან თუ გადავიწევთ, ვგებულობთ, რომ წითელ არმიას ფრონტი გაურღვევია და ჰოსპიტალს 500 მეტრი აშორებთ. მიმდინარეობს გამალებული ევაკუაცია, ისმის სროლის ხმა, თუმცა არსად ჩანან საბჭოთა ტანკები (საკვირველია: 1944 წელს ყველა საბჭოთა შეტევის წვერზე სწორედ ტანკები იყვნენ) და არც სადმე სკდება ჭურვები და ნაღმები (ყველა სახის შეტევის თანმხლები აუცილებელი კომპონენტი)... კარგი. გავაგრძელოთ.
ჰოსპიტლის შენობაში წითელი არმიის ნაწილები შემოდიან (რატომ შემოდიან და რატომ არ აგრძელებენ შეტევას? ჰოსპიტალი იყო მათი საბოლოო სამიზნე?). არ ვიცი, ვინაა ნაყოფი ომში ან, სულაც, ჯარში, მაგრამ ფიცხელი ბრძოლის დასრულებისთანავე რას უნდა ეძებდეს ჯარისკაცი, არავის აინტერესებს? ფილმის შემქმნელები ფიქრობენ, რომ ბინძური და ძალადობრივი სექსია სწორედ ის, რაც შეტევითი ბრძოლით დაღლილ ჯარისკაცს ესაჭიროება. მე კი, რატომღაც, მგონია, რომ ბრძოლაგამოვლილ ჯარისკაცს სექსზე მეტად ცხელი საკვები და ცოტაოდენი წამოწოლა-დასვენება-დაძინება ესაჭიროება. აქ ვინმე სხვაგვარად ფიქრობს?

მოკლედ, რაც შეეხება ტექნიკურ მხარეს და სპეცეფექტებს, ყველაფერი უმაღლეს დონეზეა. ცოტათი თუ გავიჭინთებით და ბევრ ლაფსუსზე თვალს დავხუჭავთ, იქნებ ფილმის იდეაც დავინახოთ. რაც შეეხება რეალობასა და აუთენტურობას - ნურას უკაცრავად: არაფერი მსგავსის სუნიც კი არ ტრიალებს. მხოლოდ სიყალბეა.