1941 წელი: ირანის ოკუპაცია - ოპერაცია Countenance/Согласие.
წინაპირობებისსრკ-ბრიტანეთის პირველი ერთობლივი სამხედრო ოპერაციის ძირითადი მიზნები შემდეგი იყო:
1. სსრკ-სა (ბაქო) და ბრიტანეთის (სამხრეთ ირანი და ერაყის სასაზღვრო რაიონები) ნავთობსაბადოების დაცვა.
2. მოკავშირეთა სამხრეთის სტრატეგიული სატრანსპორტო კორიდორის (თავრიზი-ასტარა-ბაქო) დაცვა.
3. "ირანული (სპარსული) ნაციონალ-სოციალიზმის" აღზევების ფონზე ირანში მესამე რაიხის პოზიციების უკიდურესი გამტკიცების თავიდან აცილება.
1935 წელს შაჰმა რეზა ფეჰლევიმ სპარსეთს ირანი (ფარსულად "არიელთა მიწას" ნიშნავს: ეს იდეა სპარსეთის ელჩს გერმანიაში მიაწოდეს, ხოლო ამ უკანასკნელმა შაჰი დააინტერესა) დაარქვა (თუმცა სახელწოდება "ირანი" გაცილებით ადრე იყო ცნობილი, ვიდრე - ნაციზმი, ან, თუნდაც, ფეჰლევიდთა დინასტია), ხოლო საკუთარ თავს - "შაჰინშაჰი" და "არიამეჰრი" ("არიელთა სინათლე") .
რეზა შაჰს ძალიან ესაჭიროებოდა საკუთარი ლეგიტიმაცია, რადგან სპარსელ ფეჰლევიდთა დინასტიას არამარტო მან დაუდო დასაბამი (1925 წლიდან), არამედ მანამდე არსებული დინასტიებიდან (სეფევიდები (1502-1722) და ყაჯარები (1795-1925)) პირველი აზერბაიჯანული იყო, ხოლო მეორე - თურქმანული. ეს ორი ეროვნება ირანის ისტორიაში საუკუნეების მანძილზე წარმოადგენდნენ ელიტას და მათი წარმოშობის ქალაქები - თავრიზი, არდებილი, ჰამადანი, ყაზვინი არაერთი მხედართმთავრის, პოლიტიკური, სამეცნიერო თუ რელიგიური მოღვაწის სამშობლო გამხდარა.
20-ე საუკუნის დასაწყისიდან სპარსეთის საზოგადოებრივ ცხოვრებაში თურქმანული ელემენტი, სხვა ასპექტებთან ერთად, მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაშიც - პრაქტიკულად ყველა პოლიტიკურ პარტიას ხელმძღვანელობდნენ სამხრეთ აზერბაიჯანის მიწაზე დაბადებული პიროვნებები ანდა, უკიდურეს შემთხვევაში, ეს პარტიები მათი დაარსებული იყო. აზერბაიჯანელთა პოლიტიკური მოღვაწეობა, აგრეთვე აზებაიჯანელთა, ქურთთა და სომეხთა ეკონომიკური მოღვაწეობა (აზერბაიჯანელები და სომხები დიდი ქალაქების მაცხოვრებელთა უმრავლესობას, ხშირად - ნახევარზე მეტს შეადგენდნენ) დიდწილად განსაზღვრავდა სპარსეთ-ირანის ცხოვრებას. ამგვარად, ე.წ. "სატიტულო ერი" საკუთარ უფლებებს ერთგვარად შელახულად თვლიდა.
1925 წელს, სასახლის კარის გადატრიალების შედეგად, ყაჯართა დინასტია დაემხო და ტახტზე "ადგილობრივი", ფეჰლევითა დინასტიის პირველი წარმომადგენელი - რეზა ფეჰლევი ავიდა. ამას ქვეყნის ე.წ. "გაპართიელების" (პართია სპარსულენოვანი ქვეყანა იყო შორეულ წარსულში) ვექტორის აღება მოჰყვა და ამ გეზს სწორედ რომ სულზე მოუსწრო გერმანიაში ნაციზმის გამარჯვებამ - "მსოფლიოს არიელთა" იდეა სწორედაც რომ ზედგამოჭრილი იყო იმდროინდელი სპარსელ-ირანელი ახალგაზრდობისა და ოფიცრობისათვის პირველ რიგში კი - ნაცინალური იდეის აღორძინებისათვის ენერგიულად მოქმედი რეზა შაჰისთვის..
აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად თანდათან გამეფებული საკმაოდ ღრმა და ყოვლისმომცველი არიული იდეოლოგიისა და ნაციონალისტური მენტალიტეტისა, ქვეყანაში არ მომხდარა ებრაელთა დევნა - პოლიტიკა საკმაოდ შემწყნარებლური იყო: იმდენად, რომ აქ ევროპიდანაც (გერმანიიდან, საფრანგეთიდან, პოლონეთიდან, ჰოლანდიიდან) კი ჩამოვიდნენ შევიწროებული ებრაელი ლტოლვილები.
ამგვარად, მიუხედავად ბრიტანული კაპიტალის მნიშვნელოვანი წილისა და, აქედან გამომდინარე, ქვეყნის ეკონომიკაზეც საგრძნობი გავლენისა, ირანის გერმანოფილური კურსი სულ უფრო ცხადი და აშკარა ხდებოდა, რაც არ მოსწონდათ ბრიტანელებს და, მოგვიანებით, სსრკ-საც.
ჰიტლერი შაჰს "შუა აზიაში ჩვენს მოკავშირეს" უწოდებდა, გერმანელები აქტიურად თანამშრომლბდნენ სპარსეთთან ჯერ კიდვ 20-30 იან წლებიდან (მაგალითად, გერმანული მასალებით და გერმანელი სპეციალისტების დახმარებით აიგო ირანში რკინიგზის რამდენიმე მნიშვნელოვანი მაგისტრალი), რაც ნაცისტების ხელისუფლებაში მოსვლასთან ერთად უფრო მეტად გაღრმავდა: გერმანია ეხმარებოდა ირანს სამხედრო რეფრომაში, ეკონომიკურ საკითხებში, გერმანიაში სასწავლებლად ჩადიოდნენ ირანელი ახალგაზრდები და სამხედროები, რომლებსაც გებელსის პროპაგანდა "ზარატუშტრას შვილებს" ეძახდა. ნაცისტმა იდეოლოგებმა სპარსელ-ირანელები "წმინდასისხლიან არიელებად" გამოაცხადეს და ისინი ფიურერის სპეციალური ბრძანებით განთავისუფლდნენ ნიურნბერგის რასობრივი კანონების მოქმედებისაგან. 1937 წლის დეკემბერში ირანში დიდი პომპეზურობით მიიღეს "ჰიტლერიუგენდის" ხელმძღვანელი ბალდურ ფონ შირახი - დემონსტრაციებით, მასობრივი მარშებით, ნაცისტური მისალმებებითა და შაჰინშაჰთან აუდიენციით.
ირანული ახალგაზრდული ორგანიზაციები გერმანული ნიმუშის მიხედვით იქმნებოდა. 1939 წლიდან ასეთი ორგანიზაციები აუცილებელი გახდა ირანულ სკოლებში, ხოლო მათ უმაღლეს ბელადად ტახტის მემკვიდრე მოჰამედ რეზა ფეჰლევი გამოცხადდა. მეორე მსოფლიო ომის დასაწყისისათვის ეს ორგანიზაციები უკვე გასამხედროებულ ხასიათს ატარებდნენ. ზოგადად გერმანელები აქტიურად ეხმარებოდნენ ირანულ საგანმანათლებლო სისტემას: შაჰის მთავრობის მოწვევით გერმანიიდან უამრავი მასწავლებელი და მეცნიერი ჩამოდიოდა - ისინი ირანის უმაღლესი სასწავლებლების კათედრათა უმეტესობას ხელმძღვანელობდნენ, მართავდნენ სასწავლო პროცესებს სასოფლო-სამეურნეო და ვეტერინარულ ინსტიტუტებში. სკოლებში პროგრამები გერმანულ ნიმუშებს ეყრდნობოდა. განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა გერმანული ენის შესწავლას - ამას კვირაში 5-6 საათი ეთმობოდა. ბავშვებს "არიული რასის უპირატესობის" გრძნობას და გერმანიასთან "სამარადისო მეგობრობის" იდეას უნერგავდნენ.
ასეთმა კურსმა, რომელიც ირანმა 20-იანი წლების ბოლოდან აიღო და 1933 წლიდან სულ უფრო გააღრმავა, შედეგად ის გამოიღო, რომ, მაგალითად, პრაქტიკულად ყველა ირანელ ექიმს განათლება გერმანიაში ჰქონდა მიღებული. დაახლოებით მსგავსი სურათი იყო ტექნიკურ და სამხედრო ინტელიგენციაშიც და მეორე მსოფლიო ომის დასაწყისისათვის ირანი გერმანიისათვის პრაქტკულად ფორპოსტად იქცა ახლო ღმოსავლეთსა და ცენტრალურ აზიაში.
1941 წლისათვის ირანისა მისი "არიული გადახრის" სიტუაცია სსრკ-სა და ბრტიანეთისათვის შემდეგნაირი იყო: ბრიტანული კაპიტალით შექმნილი და ამოქმედებული ნავთბპროდუქტებისა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა შესაძლოა მესამე რაიხს სსრკ-სა და დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ გამოეყენებინა. მაგალითად, მხოლოდ აბადანის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა 1940 წლისათვის წელიწადში 8 მლნ ტონა ნავთობს გადაამუშავებდა, ხოლო საავიაციო ბენზინს მთელს რეგიონში მხოლოდ ბაქოსა და აბადანის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები ამზადებდნენ. ამგვარად, გერმანული ჯარები აფრიკაში წარმატების შემთხვევაში პალესტინაში და სირიაში, ანდა 1942 წელს ჩრდილო კავკასიისდან და სტალინგრადის რაიონიდან ბაქო-დებენტი-ასტრახანის ხაზზე რომ გასულიყვნენ, ანტიჰიტლერული კოალიციის წინააღმდეგ ომში თურქეთისა და ირანის ჩართვის საკითხი პრაქტიკულად გადაწყვეტილი იქნებოდა. გერმანელებს ირანის ნეიტრალიტეტის მტკიცე მომხრე რეზა ფეჰლევის ფაქტორიც კი ჰქონდათ გათვალისწინებული და, მისი გაჯიუტების შემთხვევაში, მზად იყვნენ "დიდი აზერბაიჯანის" იდეისათვის შეესხათ ხორცი საბჭოთა და ირანული აზერბაიჯანის გაერთიანებით.
ოპერაციის მომზადებაჯერ კიდევ 1921 წელს სსრკ-სპარსეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულების 5-ე და 6-ე პუნქტების თანახმად სსრკ-ს უფლება ჰქონდა სპარსეთის ტერიტორიაზე ჯარების შეყვანისა, თუკი სსრკ-ს სამხრეთის საზღვრებს საფრთხე დაემუქრებოდა.
1940 წლის მაისში საფრანგეთის მარცხისა და ვიშის მთავრობის მიერ გერმანიასთან სამარცხვინო ზავის გაფორმების შემდეგ სირიამ, რომელსაც ვიშის მთავრობა აკონტორლებდა, გულახდილად განაცხადა ხმელთაშუა ზღვისაკენ მიმავალი ნავთობის ხაზის გადაჭრის განზრახვის შესახებ: ეს ხაზი ბრიტანეთის ხმელთაშუა ზღვის ფლოტისა და ამ რეგიონში მოქმედი სახმელეთო ძალებისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობისა იყო. ამგვარად, ინგლისელებს აღარაფერი დარჩენოდათ, გარდა იმისა, რომ 1941 წლის ივნისში სირიაში საკუთარი ჯარები შეეყვანათ; ცოტა ადრე - მაისში - ბრიტანული ჯარები შევიდნენ ერაყშიც. სწორედ სირიის ოკუპაციის მომენტიდან დაიწყო ირანის ოკუპაციის გეგმის დამუშავებაც.
1941 წლის 22 ივნისიდან, როდესაც გერმანია სსრკ-ს დაესხა თავს, დიდი ბრიტანეთი და სსრკ მოკავშირეები გახდნენ. პრაქტიკულად დაუყოვნებლივ დაიწყო მოლაპარაკებები ირანში ერთობლივი მოქმედებების შესახებ.
08.07.1941-ში სსრკ-ს შინსახკომისა და უშიშროების სახკომის № 250/14190 დირექტივა გამოიცა "ირანიდან გერმანული დაზვერვის აგენტურის გადმოსროლის თავიდან ასაცილებელი ზომების შესახებ", რაც, პრაქტიკულად, ირანის ოკუპაციისათვის მზადების დაწყებას ნიშნავდა. ოპერაციის დაგეგმვა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის (23.08.1941-დან - ამიერკავკასიის ფრონტი) შტაბის უფროსს გენერალ-მაიორ ტოლბუხინს დაევალა.
ოპერაციისათვის ოლქის შემადგენლობაში 4 არმია ჩამოყალიბდა:
44-ე არმია (20-ე და 77-ე სამთო-მსროლელი დივიზიები, 1-ლი და 17-ე სამთო-საკავალერიო დივიზიები, 24-ე სატანკო პოლკი), სარდალი - გენერალ-მაიორი ა. ხადეევი. ევალებოდა თურქეთის საზღვრის დაცვა.
45-ე არმია (31-ე და 136-ე მსროლელი დივიზიები, 138-ე სამთო-მსროლელი დივიზია, 72-ე შერეული ავიადივიზია, 3 საარტილერიო პოლკი), სარდალი - გენერალ-მაიორი კ. ბარონოვი. ევალებოდა თურქეთის საზღვრის დაცვა.
46-ე არმია (4-ე და 388-ე (1941 წლის სექტემბერი-დეკემბერი) მსროლელი დივიზიები, 9-ე და 47-ე სამთო-მსროლელი დივიზიები, ჯავშანმატარებლების 7-ე დივიზიონი, 3 საარტილერიო პოლკი), სარდალი - გენერალ-ლეიტენანტი ს. ჩერნიაკი. ევალებოდა თურქეთის საზღვრისა და შავი ზღვის სანაპიროს დაცვა სოხუმის ჩათვლით.
47-ე არმია (63-ე და 76-ე სამთო-მსროლელი დივიზიები, 1-ლი (1941 წლის სექტემბერში სსრკ-ში დააბრუნეს) და 54-ე სატანკო დივიზიები, 23-ე და 24-ე საკავალერიო დივიზიები, 2 საარტილერიო, 2 ავიაგამანდგურებელი და 1 ბომბდამშენი პოლკები), სარდალი - გენერალ-მაიორი ვ. ნოვიკოვი. ევალებოდა მოქმედება უშუალოდ ირანის ტერიტორიაზე.
გარდა ამიერკავკასიის ფრონტის/სამხედრო ოლქის ამ 4 არმიისა, ირანის ოპერაციაში მონაწილეობდა საბჭოთა შუააზიის სამხედრო ოლქის ძალებით ჩამოყალიბებული 51-ე არმიაც (58-ე მსროლელი კორპუსი (68-ე სამთო-მსროლელი და 39-ე საკავალერიო დივიზიები), 4-ე საკავალერიო კორპუსი (18-ე და 44-ე სამთო-საკავალერიო და 238-ე მსროლელი დივიზიები, 1 ნაღმმტყორცნი პოლკი), 83-ე და 20-ე სამთო-მსროლელი დივიზიები), რომელსაც გენერალ-მაიორი ს. ტროფიმენკო სარდლობდა. მას ირანში შეჭრა აშხაბადის რაიონიდან ევალებოდა მეშჰედისა გორგანის გავლით.
ოპერაციაში მონაწილეობდა საბჭოთა კასპიის ზღვის ფლოტილიაც (სარდალი - კონტრ-ადმირალი ფ. სედელნიკოვი).
ბრიტანელებმა ბასრას რაიონში საარმიო ჯგუფი ჩამოაყალიბეს, რომელსაც გენერალ-ლეიტენანტი სერ ედუარდ კიუიენი სარდლობდა. ეს ჯგუფი 5-ე, 6-ე, 8-ე და 10-ე ქვეითი დივიზიების, ულანთა 13-ე პოლკის და 9-ე სატანკო და 21-ე ქვეითი ბრიგადებისაგან შედგებოდა.
ამ ძალების წინააღმდეგ ირანს მხოლოდ 9 ქვეითი დივიზიის და 5 ცალკეული ბრიგადის გამოყვანა შეეძლო, რომლებიც ყველა კუთხით საგრძნობლად ჩამორჩებოდნენ მოკავშირეებს. ირანს საერთოდ არ ჰყავდა მექანიზებული ნაწილები, სახეზე იყო მხოლოდ 1 საარტილერიო და 4 საავიაციო პოლკი - 24 ქვემეხი და 80-მდე ბიპლანი, რომელთაგან ნახევარს მაინც ფრენა არ შეეძლო. პრაქტიკულად, ირანი ოკუპაციის წინაშე სრულიად დაუცველი აღმოჩნდა.
1941 წლის 16 აგვისტოს მოსკოვში ირანის ელჩს ნოტა გადაეცა, სადაც სსრკ ირანიდან მესამე რაიხის ყველა წარმომადგენლის გაძევებას მოითხოვდა. ასევე იქნა მოთხოვნილი ირანის ტერიტორიაზე ბრიტანულ-საბჭოთა ძალების განლაგება. ირანმა უარი განაცხადა.
19 აგვისტოს ირანში მობილიზაცია გამოცხადდა (გაიწვიეს 32 ათასი რეზერვისტი), და გაუქმდა სამხედრო მოსამსახურეთა შვებულებები. არმიის რაოდენობა 200 ათას მებრძოლამდე გაიზარდა.
21 აგვისტოს სსრკ-მ ბრიტანეთს შეატყობინა, რომ 25 აგვისტოს ოპერაციის დასაწყებად იქნებოდა მზად. 23 აგვისტოს ირანმა გამოაცხადა, რომ მესამე რაიხის ქვეშევრდომები სრული შემადგენლობით იწყებდნენ ირანის ტერიტორიის დატოვებას. 25 აგვისტოს სსრკ-მ გამოაცხადა, რო 1921 წლის ხელშეკრულების 5-ე და 6-ე პუნქტების თანახმად წითელი არმია ირანის ტერიტორიაზე შედიოდა.
და მაშინვე დაიწყო კიდეც შესვლა. რეზა შაჰმა აშშ-ს მიმართა დასახმარებლად, თუმცა რუზველტმა უარი განუცხადა და თანაც დაარწმუნა, რომ სსრკ-სა და დიდ ბრიტანეთს ირანთან ტერიტორიული პრეტენზიები არ ჰქონდათ.
ოპერაცია25 აგვისტოს ბრიტანეთის ფლოტის კანონერულმა ნავმა "შორჰემმა" აბადანის პორტს შეუტია. მან საარტილერიო ცეცხლით ჩაძირა ირანული სანაპირო დაცვის ხომალდი "პელენგი", დანარჩენი ირანული ხომალდები კი (1 კანონერული ნავი და 4 სანაპირო დაცვის კატარღა) მძიმე დაზიანებებით ან დანებდნენ, ანდა პორტის სიღრმეში დაიხიეს უკან.
ამის ერთდროულად ბრიტანელთა 8-ე ინდური ქვეითი დივიზიის ორმა ბატალიონმა ავიაციის მხარდაჭერით ირან-ერაყის სასაზღვრო მდინარე შატ-ელ-არაბი გადალახა. ბატალიონებმა წინააღმდეგობის გარეშე დაიკავეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და მნიშვნელოვანი საკომუნიკაციო კვანძები. ბენდერ-შაფურის პორტში ბრიტანულმა ტრანსპორტმა ქალაქის ნავთობტერმინალისა და ინფრასტრუქტურის კონტროლისათვის დესანტი გადასხა. ამავე დროს დაიწყო ბრიტანული ნაწილების მოძრაობა ბელუჯისტანში.
ინგლისელები ბასრას ჩრდილო-დასავლეთიდან, სანაპიროდან აწარმოებდნენ შეტევას. 25 აგვისტოს დღის ბოლოსათვის მათ გასრა-შეიხი და ჰურამშეჰრი დაიკავეს: ირანული ჯარები წინააღმდეგობის გარეშე, ჩრდილოეთისაკენ იხევდნენ. ოპერაციის პირველსავე დღეს ირანის ავიაცია მიწაზევე გაანადგურეს ინგლისურმა თვითმფრინავებმა და ჰაერში სრული ბატონობა მოიპოვეს. საბჭოთა ავიაცია ძირითადად პროკლამაციების ჩამოყრითა და დაზვერვით იყო დაკავებული.
ჩრდილოეთით, კირკუკის რაიონიდან 8 ბრიტანული ბატალიონი უტევდა ჰანაგინ-ქერმანშაჰის გზის გასწვრივ. 27 აგვისტოსათვის მათ პაიტაკის უღელტეხილთან ირანელთა წინააღმდეგობა გატეხეს და ნაფტი-შაჰის ნავთობსაბადოები დაიკავეს. დემორალიზებული ირანელები ქერმანშაჰისკენ გაიქცნენ.
ამიერკავკასიიდან შეტევაზე გადავიდა 47-ე საბჭოთა არმია. მისი შეტევა ჯულფა-ჰოის, ჯულფა-თავრიზის მიმართულებით მიდიოდა და გვერდს უვლიდა დარდიზის ხეობას. მეორე მიმართულება იყო ასტარა-არდებილი, რის შედეგადაც თავრიზის რკინიგზის ხაზი ხვდებოდა საბჭოთა კონტროლქვეშ და - მთელი ოლქი ნახიჭევანსა და ჰოის შორის.
შეტევის დაწყებიდან 5 საათის შემდეგ 76-ე სამთო-მსროლელი დივიზია თავრიზში შევიდა. მას 1-ლი სატანკო დივიზიის ნაწილები მიჰყვნენ, რომლებიც მდინარე არაქსის ზღუდიდან ყარაჩუღ-ყიზილ-ვანკის ზღუდეზე, 10-კილომეტრიანი ფრონტით უტევდნენ. დივიზიას მდინარის გადალახვაში 6-ე საპონტონო ბატალიონი ეხმარებოდა. საკავალერიო ნაწილებმა მდინარე წინაწარდაზვერილი ფონებით გადალახეს. ამას გარდა ირანელთა ზურგში რამდენიმე მცირე დესანტი გადაისხა მნიშვნელოვანი გზაჯვარდეინების, ხიდებისა და სხვა ობიექტების დასაკავებლად.
ამავე დროს 44-ე არმია ხეროვ-ყაბახ-აჰმედაბად-დორთევლიარ-ტარჰ-მინაეს მიმართულებით მიიწევდა წინ. მთავარი დაბრკოლება მის გზაზე ტალიშის ქედზე მდებარე აჯამირის უღელტეხილი იყო.
27 აგვისტოს ბოლოსათვის 44-ე და 47-ე არმიებმა მთლიანად შეასრულეს მათზე დაკისრებული ამოცანა - ისინი ჰოი-თავრიზ-არდებილის ხაზზე გავიდნენ. ირანელები ყველგან ტყვედ ნებდებოდნენ.
27 აგვისტოს ოპერაციაში ჩაება შუააზიის სამხედრო ოლქის 53-ე არმია. დასავლეთით, კასპიის ზღვის სანაპიროს გასწვრივ 58-ე მსროლელი კორპუსი მოძრაობდა, ცენტრში - 83-ე დივიზია, აღმოსავლეთით - 4-ე საკავალერიო კორპუსი. ამ ძალების წინააღმდეგ მხოლოდ 2 ირანული დივიზია მოქმედებდა, რომლებმაც ხელსაყრელი პოზიციები მთებში უბრძოლველად დატოვეს და სწრაფად იხევდნენ უკან.
28 აგვისტოს ბრიტანელთა 10-ე ინდურმა დივიზიამ აჰვაზი დაიკავა და ამით ბრიტანელთა ამოცანები, პრაქტიკულად, ამოიწურა. ჩრდილოეთით გენერალი სლიმი ქერმანშაჰის შტურმით აღებას 29 აგვისტოს აპირებდა, თუმცა ირანელებმა ქალაქი უბრძოლველად ჩააბარეს.
ირანელთა ყველა ბრძოლისუნარიანი ნაწილი თეირანითან იყრიდა თავს, რათა ქალაქი სისხლის უკანასკნელ წვეთამდე დაეცვათ. ამ დროს ბრიტანელები აჰვაზიდან და ქერმანშაჰიდან ორი კოლონით მიემართებოდნენ თეირანისაკენ, წითელი არმიის მოწინავე ნაწილები კი მეჰაბად-ყაზვინისა და სარი-დამღან-საბზევარის ზღუდეებზე გავიდნენ და მეშჰედი აიღეს. ამის შემდეგ ირანელთა წინააღმდეგობამ ყოველგვარი აზრი დაკარგა.
უკვე 29 აგვისტოს ირანის მინისტრთა კაბინეტი შეიცვალა. ახალმა პრემიერ-მინისტრმა ალი-ფურუქიმ 29 აგვისტოს საღამოს არმიას წინააღმდეგობის შეწყვეტა უბრძანა. 29 აგვისტოს ირანის არმიამ ინგლისელთა წინაშე კაპიტულაცია გამოაცხადა, 30 აგვისტოს კი - წითელი არმიის წინაშეც. 8 სექტემბერს ხელი მოეწერა შეთანხმებას საოკუპაციო ზონების შესახებ. ირანის ხელისუფლება ვალდებულებას იღებდა, მესამე რაიხისა და მისი მოკავშირე ყველა ქვეყნის ქვეშევრდომებისათვის ირანის ტერიტორიის დატოვება მოეთხოვა, შეენარჩუნებინა მკაცრი ნეიტრალიტეტი და ხელი არ შეეშალა ანტიჰიტლერული კოალიციის სამხედრო ტრანზიტისათვის.
12 სექტემბერს მოსკოვში ბრიტანეთის ელჩსა და საბჭოთა მთავრობას შორის ირანის ახალი მეთაურის შესახებ კონსულტაციები გაიმართა. არჩევანი ტახტის მემკვიდრეზე - მოჰამედ რეზა ფეჰლევიზე შეჩერდა. 15 სექტემბერს ბრიტანული და საბჭოთა ჯაები თეირანში შევიდნენ, 16 სექტემბერს კი რეზა შაჰი ტახტიდან გადადგა და ტახტზე მოჰამედ რეზა ავიდა.
შედეგებიირანის ოპერაცია მცირე მსხვერპლით დასრულდა: ბრიტანელთა მხრიდან - 64 მოკლული და დაჭრილი, საბჭოთა მხრიდან - 50 მოკლული და 1 000-მდე დაჭრილი და ავადმყოფი, ირანელთა მხრიდან - დაახლოებით 1 000 მოკლული და 2 400-მდე დაჭრილი.
სსრკ-მ ჩვეული წესით, თავის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ორი სახელწიფოებრივი წარმონაქმნი შექმნა - მეჰაბადის რესპუბლიკა (ქურთული) და სამხრეთ აზერბაიჯანი. ამის მიზანი ჩრდილოეთ ირანში არსებულ ნავთობსაბადოებზე კონტროლის შენარჩუნება იყო. საბჭოთა ჯარები ოკუპირებულ ზონას 1946 წლამდე იკავებდნენ და ისინი იქიდან მხილიდ ინგლის-ამერიკის დაჟინებული მოთხოვნით გავიდნენ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ტრუმენი ატომური დაბომბვით იმუქრებოდა.
საბჭოთა ჯარები თავრიზში.

საბჭოთა და ბრიტანული ჯარები თეირანში.


This post has been edited by Wanguard on 1 Aug 2013, 06:29