რუსეთის ისტებლიშმენტი „ბარგის ჩასალაგებლად“ ემზადება და ქვეყნიდან გააქვს სახელმწიფო რეზერვები – ექსპერტების ვარაუდით ან ქვეყნის ხელისუფლება შეიცვლება, ან სერიოზული ეკონომიკური კრიზისი იფეთქებს
გამოქვეყნებულია: ხუთშაბათი, 20 აგვისტო 2015 01:39
რუსეთმა 1.4 მილიარდი დოლარის ღირებულების ა.შ.შ.-ის სახელმწიფო ობლიგაციები შეისყიდა. როგორც სააგენტო „ინტერფაქსი" იტყობინება, ა.შ.შ.-სთან მზარდი დაძაბულობის ფონზე რუსეთის ხელისუფლებამ ერთი შეხედვით უცნაური ნაბიჯი გადადგა: ამერიკის ეკონომიკაში 1.4 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ჩადო. სწორედ ამ ფასად შეისყიდა ამერიკული სახელმწიფო ობლიგაციები რუსეთის „ცენტრობანკმა". საინფორმაციო პორტალის ინფორმაციით, რუსული მხარე ცდილობს, რომ აღნიშნული არ გახმაურდეს, თუმცა ჟურნალისტებმა ამის შესახებ, ა.შ.შ.-ის ფინანსთა სამინისტროს ოფიციალური ანგარიშიდან შეიტყვეს. არსებული დოკუმენტის თანახმად, ივნისის ბოლოსთვის რუსეთის ფედერაცია 72 მილიარდი დოლარის ღირებულების ამერიკულ ობლიგაციებს უკვე ფლობდა. ეს ციფრი ამ დღეებში 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა. რუსეთი ა.შ.შ.-ის კრედიტორთა ოცეულში ირიცხება. რუსეთის სახელმწიფო კაპიტალის გადინება რუსეთდან განსაკუთრებით ივლის-აგვისტოში გაიზარდა.
ანალიტიკოსები იმ დასკვნამდე მიდიან, რომ რუსეთის ისტებლიშმენტი „ბარგის ჩასალაგებლად" ემზადება და ქვეყნიდან გააქვს სახელმწიფო რეზერვები, რათა ქვეყნიდან გაქცევის შემდეგ პირადი მიზნებისთვის გამოიყენოს ეს რესურსები. ამ მოსაზრებას ამყარებს მრავალი ნიშანი იმისა, რომ რუსეთში სერიოზული პოლიტიკური კრიზისი მწიფდება.
„არასოდეს გამცუდებია ინტუიცია – აცხადებს გამოცემა „კომერსანტის" მფლობელი ვლადიმერ იაკოვლევი- პრაქტიკულად დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს თვეებში, და შესაძლოა, რამდენიმე კვირაშიც, რუსეთში ორიდან ერთ-ერთი სცენარი განვითარდეს: ან შეიცვლება ხელისუფლება ყველაზე მძიმე და წარმოუდგენელი შედეგებით, ან სერიოზული ეკონომიკური კრიზისი იფეთქებს ქუჩის კრიმინალის არნახულ მომძლავრებასთან ერთად, პირველადი საჭიროების საგნების მკვეთრი დეფიციტის და მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის რეალური საფრთხეების თანხლებით".
როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ რუსული რუბლი მკვეთრად დაეცა და ერთმა დოლარმა 65 რუბლი, ევრომ კი 72 რუბლი შეადგინა. ანალიტიკოსების აზრით, რუბლის დაცემა უახლოეს პერიოდში კიდევ გაგრძელდება.
http://interfactnews.ge/index.php/msoflio2...usebi/13247-251