პოლიტიკის განყოფილებაში დაიდო.
ზუგდიდი-გალის ადმინისტრაციულ საზღვარს რუსული მოიერიშეები ზვერავენ
16:43 2013-10-01
ადგილობრივი მოსახლეობის ვარაუდით, მანევრები „გამარჯვების დღის“ აღნიშვნას და უსაფრთხოების დამატებით ზომებს უკავშირდება.
დილიდან რუსული სამხედრო თვითმფრინავები ზვერავენ ენგურის ზოლის მიმდებარე ტერიტორიას, ზუგდიდი-გალის ადმინისტრაციულ საზღვართან.
ამის შესახებ ადგილიდან „ნიუპოსტის“ კორესპონდენტი იტყობინება. მისივე ცნობით, ორმა სამხედრო თვითმფრინავმა, სავარაუდოდ, „CУ-25“-ებმა, დაბალ სიმაღლეზე რამდენჯერმე გადაუფრინა ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარე ზუგდიდის რაიონის სოფლებსაც. მანევრის შემდეგ თვითმფრინავები ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით გაფრინდნენ.
ადგილობრივი მოსახლეობის ვარაუდით, მანევრები „გამარჯვების დღის“ აღნიშვნას და უსაფრთხოების დამატებით ზომებს უკავშირდება. გამორიცხული არ არის, ეს იყოს რუსეთის მხრიდან ძალის დემონსტრირება ვილნიუსის სამიტის წინ, რომელსაც რუსული მხარე, სავარაუდოდ, სოჭის ოლიმპიადას დაუკავშირებს.
შეგახსენებთ, რომ რუსმა ოკუპანტებმა ადმინისტრაციულ საზღვართან პატრულირება ამ დღეებში გააძლიერეს და ადგილობრივ ქართულ მოსახლეობას პირად საუბარში აფრთხილებენ, რომ უახლოეს მომავალში მავთულხლართების გავლებას მათ მიერ წინასწარ მონიშნულ ადგილებში დაიწყებენ, რომელიც მომავალში კვალიფიცირდება, როგორც „საქართველო-აფხაზეთის სახელმწიფო საზღვარი“, ხოლო დამატებით ოკუპირებულ ტერიტორიებში, შესაძლოა, განმუხური და ხურჩაც მოექცნენ.
http://newposts.ge/?l=G&id=20503ზუგდიდი-გალის ადმინისტრაციულ საზღვართან რუსული სამხედრო ვერტმფრენებიც გამოჩნდნენ
17:09 2013-10-01
რუსეთის საჰაერო ძალების საფრენი აპარატების ამგვარი აქტივობის მიზეზი, ჯერჯერობით, რუსული მხარის მიერ ოფიციალურად განმარტებული არ არის.
მდინარე ენგურის ზოლზე, ზუგდიდი-გალის ადმინისტრაციული საზღვრის თავზე, რუსული მოიერიშე თვითმფრინავების კვალდაკვალ, რუსული სამხედრო ვერტმფრენები გამოჩნდნენ.
როგორც „ნიუპოსტის“ კორესპონდენტი ზუგდიდიდან იტყობინება, ადმინისტრაციულ საზღვართან წრე დაარტყა და სოხუმის მიმართულებით გაფრინდა ორი „МИ-8“. მათ ორი „МИ-24“ აცილებდა.
რუსეთის საჰაერო ძალების საფრენი აპარატების ამგვარი აქტივობის მიზეზი, ჯერჯერობით, რუსული მხარის მიერ ოფიციალურად განმარტებული არ არის.
ოთო ალანია, „ნიუპოსტი“, ზუგდიდი.
http://newposts.ge/?l=G&id=20504