ჰო, ვიცით რაღაცეები...

მგონი საუბარია დუბნოს რაიონში ბრძოლებზე, რომლის განაპირა, ჩრდილოეთ ფლანგზეც სენნოს რაიონში მიმდინარეობდა ბრძოლები. ძირითადი აქ სხვა იყო...
მოკლედ, დავიწყოთ.
სატანკო ბრძოლა დუბნოსთან1941 წლის 22 ივნისისათვის წითელი არმიის ყველაზე მძლავრი სატანკო დაჯგუფება გენერალ-პოლკოვნიკ კირპონოსის სარდლობის ქვეშ მყოფ კიევის განსაკუთრებულ სამხედრო ოლქს (რომელიც ომის დაწყებისთანავე გარდაიქმნა სამხრეთ-დასავლეთის ფრონტად) ჰყავდა.
მიხაილ კირპონოსი 1940 წელს - ფოტოზე ის ჯერ კიდევ გენერალ-ლეიტენანტია, თუმცა უკვე ატარებს საბჭოთა კავშირის გმირის ოქროს ვარსკვლავს, რომელიც მან ფინეთის ომში, 70-ე მსროლელი დივიზიის სანიმუშო მეთაურობისთვის მიიღო.ამ ოლქის ტერიტორიაზე დისლოცირებული იყო წითელი არმიის 8 მექანიზებული კორპუსი (4-ე, 8-ე, 9-ე, 15-ე, 16-ე, 19-ე, 22-ე და 24-ე), რომელთაგან ხუთი უშუალოდ ექვემდებარებოდა ოლქის (ფრონტის) შემადგენლობაში შემავალ საერთო-საჯარისო არმიებს (4-ე (სარდალი - გენერალ-მაიორი ა. ვლასოვი) და 15-ე (სარდალი - გენერალ-მაიორი ი. კარპეზო) კორპუსები – 6-ე არმიას (სარდალი - გენერალ-ლეიტენანტი ნ. მუზიჩენკო), 8-ე კორპუსი (სარდალი - გენერალ-ლეიტენანტი დ. რიაბიშევი) – 26-ე არმიას (სარდალი - გენერალ-ლეიტენანტი ფ. კოსტენკო), 16-ე კორპუსი (სარდალი - კომდივი ა. სოკოლოვი) - 12-ე არმიას (სარდალი - გენერალ-მაიორი პ. პონედელინი), 22-ე კორპუსი (სარდალი - გენერალ-მაიორები ს. კონდრუსევი (26.06.1941-მდე) და ვ. ტამრუჩი) – 5-ე არმიას (სარდალი - გენერალ-მაიორი მ. პოტაპოვი)), ხოლო კიდევ სამი მექანიზებული კორპუსი (9-ე (სარდალი - გენერალ-მაიორი კ. როკოსოვსკი), 19-ე (სარდალი - გენერალ-მაიორი ნ. ფეკლენკო) და 24-ე (სარდალი - გენერალ-მაიორი ვ. ჩისტიაკოვი)) კირპონოსის პირდაპირ დაქვემდებარებაში იმყოფებოდა და სარდლის ოპერატიულ-სტრატეგიულ საფრონტო რეზერვს წარმოადგენდა.
6-ე არმიის სარდალი გენერალ-ლეიტენანტი ივან მუზიჩენკო.
4-ე მექანიზებული კორპუსის სარდალი გენერალ-მაიორი ანდრეი ვლასოვი.
15-ე მექანიზებული კორპუსის სარდალი გენერალ-მაიორი ივან კარპეზო.
26-ე არმიის სარდალი გენერალ-ლეიტენანტი ფიოდორ კოსტენკო.
8-ე მექანიზებული კორპუსის სარდალი გენერალ-ლეიტენანტი დმიტრი რიაბიშევი.
12-ე არმიის სარდალი გენერალ-მაიორი პაველ პონედელინი.
16-ე მექანიზებული კორპუსის სარდალი კომდივი ალექსანდრ სოკოლოვი.
5-ე არმიის სარდალი გენერალ-მაიორი მიხაილ პოტაპოვი.
22-ე მექანიზებული კორპუსის სარდალი გენერალ-მაიორი სემიონ კონდრუსევი.
22-ე მექანიზებული კორპუსის სარდალი გენერალ-მაიორი ვლადიმირ ტამრუჩი.
9-ე მექანიზებული კორპუსის სარდალი გენერალ-მაიორი კონსტანტინ როკოსოვსკი.
19-ე მექანიზებული კორპუსის სარდალი გენერალ-მაიორი ნიკოლაი ფეკლენკო.
24-ე მექანიზებული კორპუსის სარდალი გენერალ-მაიორი ვლადიმირ ჩისტიაკოვი.სულ ჩამოთვლილი რვა კორპუსის შემადგენლობაში ირიცხებოდა:
მძიმე: Т-35 – 51 ცალი; КВ – 278 ცალი (189 – „მცირე კოშკით“ (76 მმ-იანი ქვემეხებით შეიარაღებული КВ-1), 89 – „დიდი კოშკით“ (152 მმ-იანი ჰაუბიცებით შეიარაღებული КВ-2)).
საშუალო: Т-28 – 215 ცალი; Т-34 – 514 ცალი (აქედან 374 ცალი - რადიოსადგურების გარეშე).
მსუბუქი: БТ-2 – 121 ცალი; БТ-5/7 – 1 692 ცალი (აქედან 891 ცალი - რადიოსადგურების გარეშე), Т-26 – 2 023 ცალი (აქედან - 230 ცალი ორკოშკიანი და ორტყვიამფრქვევიანი (ქვემეხების გარეშე) და 1 301 ცალი - რადიოსადგურების გარეშე).
მსუბუქი ამფიბია: Т-40 – 84 ცალი; Т-37/38 – 567 ცალი.
საერთო ჯამში სამხედრო ოლქს 5 545 ტანკი ჰყავდა (სხვა მონაცემებით - 5 465 ტანკი), რომელთაგან დაახლოებით 700-ს (საერთო რაოდენობის დაახლოებით 12,5%), დოკუმენტების მიხედვით, საშუალო ან კაპიტალური რემონტი ესაჭიროებოდა. ანუ მწყობრში იყო დაახლოებით 4 840 ტანკი.
კიევის განსაკუთრებულ სამხედრო ოლქში ასეთი მძლავრი სატანკო დაჯგუფების თავმოყრას თავისი მიზეზები ჰქონდა: როგორც სსრკ-ს დაშლის შემდეგ გასაჯაროებული დოკუმენტებით გახდა ცნობილი, 1941 წელს წითელი არმიის გენერალურ შტაბში გამუდმებით მუსირებდა მოსაზრებები გერმანიის მიერ ოკუპირებული პოლონეთის ტერიტორიაზე სწორედ სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებიდან შეჭრაზე - პოლესიესა და პრიპიატის ჭაობების გვერდის ავლით, საერთო მიმართულებით კრაკოვისკენ და, მართალია, ამ გეგმამ საბოლოოდ მხოლოდ საერთო მოსაზრებების სახით იხილა დღის სინათლე, მაგრამ მძლავრი სატანკო შენაერთების ამ ოლქში თავმოყრა გვაფიქრებინებს, რომ ჩანაფიქრი დეტალური გეგმის შესაქმნელად და შემდგომში სამოქმედოდ იყო მოწონებული.
მიუხედავად ზემოთქმულისა, კიევის ოლქის მექანიზებული კორპუსების თავმოყრის და განლაგების ის მდგომარეობა, როგორითაც მათ ომმა მოუსწრო, არანაირად არ შეიძლება დამრტყმელ დაჯგუფების მდგომარეობად ჩაითვალოს, თუნცად იმიტომ, რომ არცერთი კორპუსი არ იყო სსრკ სახელმწიფო საზღვართან სათანადო მანძილზე წაწეული. თავად განსაჯეთ: უშუალოდ ლვოვის შვერილში (რომელიც 6-ე არმიის უბანი იყო) 4-ე და 8-ე კორპუსები იყვნენ განლაგებულნი (პირველი - უშუალოდ ქალაქის მიდამოებში, მეორე - უფრო სამხრეთ-დასავლეთით), 26-ე არმიის (რომელსაც ულქის სამხრეთ-დასავლეთის ფრთა ეკავა) 16-ე კორპუსი კი მთელი 300 კილომეტრის მანძილზე იყო გაფანტული - დასავლეთით კალუშის რაიონიდან აღმოსავლეთით კამენეც-პოდოლსკის რაიონამდე, თანაც მისი 240-ე მსროლელი დივიზია საერთოდ სსრკ-ს ძველი საზღვრის მიღმა იდგა.
ლვოვის შვერილის მიღმა, სოკალიდან ვლოდავამდე, 5-ე არმიის უბანი იყო, თუმცა მას დაქვემდებარებული 22-ე მექანიზებული კორპუსის ნაწილებიდან საზღვართან მხოლოდ 41-ე სატანკო დივიზია იმყოფებოდა, დანარჩენი ორი დივიზია კი საზღვრიდან 200 კილომეტრით უკან - როვნოს აღმოსავლეთით იყო განლაგებული.
15-ე კორპუსი ბროდის რაიონში, საზღვრიდან 100 კილომეტრის დაშორებით იდგა, დანარჩენი კორპუსები კი საერთოდ ძველი საზღვრის მიღმა იყვნენ: 9-ე კორპუსი - ნოვოგრად-ვოლინსკთან, 24-ე კორპუსი - პროსკუროვის რაიონში, 19-ე კორპუსი კი საერთოდ ბერდიჩევსა და ჟიტომირს შორის, უზარმაზარ ტერიტორიაზე იყო მიმოფანტული.
ამგვარად, კიევის ოლქის სატანკო დაჯგუფებისათვის დამრტყმელის ან შემტევის სახელის დარქმევა თვით ყველაზე უშრეტი და მდიდარი ფანტაზიის მქონე ადამიანსაც კი გაუჭირდება. თუმცა პარადოქსი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ დაჯგუფების ეს განლაგება არც თავდაცვისთვის ვარგოდა.
ამგვარად, თუნდაც ამ კონკრეტული მაგალითიდანაც კი ჩანს, თუ როგორი განსხვავებული წარმოდგენები ჰქონდა სსრკ-ს სამხედრო და პოლიტიკურ ხელმძღვანელობას თანამედროვე ომის წარმოების მეთოდებსა და ხასიათზე. ერთადერთი, რაც ჯარების ამგვარი განლაგებიდან შეიძლება დაასკვნას კაცმა, არის განზრახვა, რომ კიევის ოლქს, პირველ რიგში კიევისა და მთელი უკრაინის - იმდროინდელი სსრკ-ს ხორბლის ბეღელისა და ქვანახშირის მთავარი წყაროს დაცვა ევალებოდა. როგორც ჩანს, სტალინი თვლიდა, რომ გერმანია, პირველი მსოფლიო ომის მსგავსად, მხოლოდ უკრაინის წართმევას შეეცდებოდა, რათა ქვანახშირისა და სურსათის რესურსებით გამდიდრებულიყო (ბელორუსია და ბალტიისპირეთი ამავე მოსაზრებებით სტრატეგიულად მეორეხარისხოვან უბნებად მოიაზრებოდა) და არც კი იფიქრებდა სსრკ-ს საერთოდ განადგურებაზე: შემდგომმა მოვლენებმა აჩვენა, რომ ბოლშევიკი ბელადი სასტიკად ცდებოდა.
რასაკვირველია, სსრკ-ში ომს ელოდნენ, მაგრამ სანამ სიტუაცია გაურკვეველი იყო, გაცილებით უკეთესად ჩაითვალა ძირითადი სატანკო ძალების ძველი საზღვრის რაიონში განლაგება, რადგან აქ მათი მომარაგება-გაძლიერება და ნებისმიერ საჭირო უბანზე გადასროლა უფრო მოსახერხებლად ჩაითვალა. ანუ, სატანკო ბრძოლას ელოდნენ... თუმცა საბოლოოდ ის სულაც არ წასულა იმ მიმართულებით, რომლისაც ასე სჯეროდათ წითელ მეთაურებს. რაც შეეხება მასშტაბებსა და გაქანებას, ეს ბრძოლა მართლაც იქცა ომების მსოფლიო ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ და სისხლისმღვრელ სატანკო ბრძოლად.
გერმანელები ასევე ემზადებოდნენ მასშტაბური საზღვრისპირა ბრძოლებისათვის, თუმცა, სსრკ-სგან განსხვავებით, ტანკებს აქ სულაც არ ერგოთ წამყვანი და პირველხარისხოვანი როლი. კაცმა რომ თქვას, ვერმახტის „სამხრეთის“ არმიათა ჯგუფს, რომელსაც ფელდმარშალი ფონ რუნდშტედტი სარდლობდა, არც ჰყავდა იმდენი ტანკი, ამაზე რომ პრეტენზია ჰქონოდა.
ვერმახტის „სამხრეთის“ არმიათა ჯგუფის სარდალი ფელდმარშალი გერდ ფონ რუნდშტედტი (Gerd von Rundstedt).არმიათა ჯგუფის პირველ ეშელონში გენერალ-ობერსტ ფონ კლაისტის 1-ლი სატანკო ჯგუფი მოქმედებდა, რომელიც 3-ე (სარდალი - კავალერიის გენერალი ფონ მაკენზენი), 14-ე (სარდალი - გენერალ-ლეიტენანტი ფონ ვიტერსჰაიმი) და 48-ე (სარდალი - გენერალ-ლეიტენანტი კემპფი) მოტორიზებული კორპუსებისაგან შედგებოდა.
1-ლი სატანკო ჯგუფის სარდალი გენერალ-ობერსტი ევალდ ფონ კლაისტი (Ewald von Kleist).
3-ე მოტორიზებული კორპუსის სარდალი კავალერიის გენერალი ებერჰარდ ფონ მაკენზენი (Eberhard von Mackensen).
14-ე მოტორიზებული კორპუსის სარდალი გენერალ-ლეიტენანტი გუსტავ ფონ ვიტერსჰაიმი (Gustav von Wietersheim).
48-ე მოტორიზებული კორპუსის სარდალი გენერალ-ლეიტენანტი ვერნერ კემპფი (Werner Kempf).სატანკო ჯგუფის პირველ ეშელონში 3-ე მოტოკორპუსი მოქმედებდა, რომელიც 13-ე და 14-ე სატანკო და 25-ე მოტორიზებული დივიზიებისგან შედგებოდა, გაძლიერების ნაწილებს კი 44-ე და 298-ე ქვეითი დივიზიები წარმოადგენდნენ. 48-ე მოტოკორპუსის შემადგენლობიდან სოკალის შვერილში მხოლოდ 11-ე სატანკო დივიზია იმყოფებოდა, ხოლო 16-ე სატანკო და 16-ე მოტორიზებული დივიზიები ნისკოსა და სანდომირის რაიონებში, საზღვრიდან 80-120 კილომეტრის დაშორებით იდგნენ. 14-ე მოტოკორპუსი 1-ლი სატანკო ჯგუფის საერთოდ მეორე ეშელონს წარმოადგენდა და მისი ნაწილები - 9-ე სატანკო დივიზია, SS-ს მოტორიზებული დივიზია „ვიკინგი“ და LSSAH (ამ დროს ეს ნაწილი ჯერ კიდევ არ წარმოადგენდა დივიზიას - მოტორიზებული ბრიგადა იყო) - ლიუბლინისა და რადომის რაიონებში, საზღვრიდან 100-200 კილომეტრის დაშორებით იმყოფებოდნენ.
„სამხრეთის“ ჯგუფის მოძრავი შენაერთების ამგვარ განლაგებას თავისი ახსნა ჰქონდა: სოკალის შვერილში, 30X30კილომეტრ ფართობზე, გერმანული მხრიდან ისედაც იყო უკვე თავმოყრილი 29-ე საარმიო კორპუსის 6 ქვეითი და 48-ე მოტოკორპუსის 11-ე სატანკო დივიზიები და ამ უბანზე მეტი ოდენობის ჯარების განლაგება უბრალოდ შეუძლებელი იყო - მათი მოძრაობისათვის უბრალოდ გზებიც კი აღარ იქნებოდა საკმარისი. რუნდშტედტის ჩანაფიქრით შეტევაზე პირველები ქვეითი დივიზიები უნდა გადასულიყვნენ, უნდა გაერღვიათ საბჭოთა თავდაცვა და წარმოქმნილ ნარღვევში მოძრავი შენაერთები დაიძრებოდნენ - ისინი საბრძოლო წყობით უკვე საბჭოთა ტერიტორიაზე, წითელი არმიის თავდამცველი ნაწილების ოპერატიულ ზურგში უნდა გაშლილიყვნენ.
უსტილუგიდან რადიმნომდე საზღვრის 250-კილომეტრიან უბანს საბჭოთა მხრიდან 5 მსროლელი (6-ე არმიის 6-ე მსროლელი კორპუსის 97-ე, 59-ე და 41-ე მსროლელი დივიზიები და 5-ე არმიის 124-ე და 87-ე მსროლელი დივიზიები)და ერთი (3-ე) საკავალერიო დივიზია იცავდა, სულ - დაახლოებით 60 ათასი კაცი მესაზღვრეებისა და სტრუმილოვისა და ვლადიმირ-ვოლინსკის გამაგრებული რაიონების გარნიზონების ჩათვლით. უშუალოდ ამ ძალების წინ გერმანელთა მხრიდან 15 ქვეითი (298-ე, 44-ე, 168-ე, 299-ე, 111-ე, 75-ე, 57-ე, 297-ე, 9-ე, 262-ე, 24-ე, 96-ე, 295-ე, 71-ე და 68-ე), 1 მსუბუქი ქვეითი (97-ე) და 1 სამთო-მსროლელი (1-ლი) დივიზია იყო თავმოყრილი. მთლიანად ამ ძალების რაოდენობა 260 ათასს აჭარბებდა: თუკი გავითვალისწინებთ საბჭოთა (11-12,5 ათასი) და გერმანული (15-16,5 ათასი) დივიზიების საშტატო რაოდენობას, ადვილად დავასკვნით, რომ გერმანელებმა მთავარი დარტყმის უბანზე ოთხმაგზე მეტ უპირატესობას მიაღწიეს - მხოლოდ 124-ე მსროლელი დივიზიის წინააღმდეგ, რომელიც სოკალის შვერილის სულ „კენწეროში“ იმყოფებოდა, გერმანელთა 4 დივიზია იყო დამიზნებული. კონკრეტულად ამ უბანზე გერმანელებს ექვსმაგი უპირატესობა ჰქონდათ.
1941 წლის 22 ივნისისათვის ფონ კლაისტის 5 სატანკო დივიზიაში სულ 728 ტანკი ითვლებოდა. მათ გარდა „სამხრეთის“ ჯგუფის შემადგენლობაში საიერიშო ქვემეხების 5 დივიზიონიც შედიოდა - კიდევ 110 თვითმავალი „შტუგი“. ამას მივათვალოთ „ვიკინგისა“ და „ლაიბშტანდარტის“ შემადგენლობაში მოქმედი „შტუგების“ კიდევ თითო ბატალიონი და „შტუგების“ საერთო რაოდენობა უკვე 124-ს აღწევს. „ლაიბშტანდარტში“ ასევე შედიოდა თვითმავალი ტანკსაწინააღმდეგო ქვემეხების ერთი ასეული (10 „პანცერიაგერ-1“), ხოლო 9-ე სატანკო დივიზიას Pz.1 ტანკების ბაზაზე შექმნილი 150 მმ-იანი თვითმავალი ჰაუბიცების ერთი ექვსქვემეხიანი ბატარეაც ჰყავდა.
ყოველივე ზემოთჩამოთვლილს თუ უნგრელთა და სლოვაკთა ნაწილებსაც დავუმატებთ, რუნდშტედტის განკარგულებაში პრაქტიკულად უკვე ვღებულობთ 1 000-მდე ტანკს. ეს რაოდენობა საკმაოდ ჩამორჩება „ცენტრის“ არმიათა ჯგუფში მოქმედი ორი სატანკო ჯგუფის მანქანების რაოდენობას - საბჭოთა მხარე აშკარად შეცდა, როდესაც უკრაინა გერმანელთა ყველაზე სასურველ ტერიტორიად ჩათვალა: „ვერმახტის“ მთავარი დარტყმების მიმართულება სტრატეგიული ფრონტის ცენტრი აღმოჩნდა.
ომის დაწყებისთანავე ცხადი გახდა გერმანელთა კოლოსალური რიცხობრივი უპირატესობა ცოცხალ ძალაში გარღვევის მთავარ უბნებზე და ამგვარ პირობებში საბჭოთა სარდლობას ერთადერთი იმედი და ერთადერთი კოზირიღა რჩებოდა - ასეთივე კოლოსალური რიცხობრივი უპირატესობა ტანკებში. თუმცა ერთია ბევრი ტანკი და მეორეა მათი გამოყენების ცოდნა...
22-25 ივნისი: ბრძოლის დასაწყისივერმახტის არმიათა ჯგუფ „სამხრეთის“ სარდლის, ფელდმარშალ ფონ რუნდშტედტის ჩანაფიქრით საბჭოთა ძალებზე მთავარი დარტყმა მისი ჯგუფის ჩრდილოეთის ფრთას - კლაისტის სატანკო ჯგუფსა და გენერალ-ობერსტ ფონ რაიხენაუს 6-ე საველე არმიას უნდა განეხორციელებინა, რომლებიც სოკალის შვერილში იყვნენ თავმოყრილნი.
6-ე საველე არმიის სარდალი გენერალ-ობერსტი ვალტერ ფონ რაიხენაუ (Walter von Reichenau).ეს შვერილი ლვოვის ჩრდილოეთიდან იყო შეჭრილი საბჭოთა ტერიტორიაზე და, წარმატების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უზრუნველყოფდა საბჭოთა ჯარების მთელი გალიციის დაჯგუფების ზურგში გასვლას. შემდგომში წინსვლა ორი მიმართულებით იგეგმებოდა: აღმოსავლეთით - კიევისაკენ და სამხრეთ-აღმოსავლეთით - ვერმახტის 11-ე და რუმინელთა 3-ე არმიების შესახვედრად.
საბჭოთა კიევის სამხედრო ოლქის დაზვერვამ სოკალის შვერილს არასათანადო ყურადღება დაუთმო, რადგან ჩათვალა, რომ ამ უბანზე არსებული გზების რაოდენობა და მათი მდგომარეობა მნიშვნელოვანი რაოდენობის ტექნიკისა და ჯარების თავმოყრისა და მათი მოძრაობა-მოქმედებისათვის არანაირ საშუალებას არ იძლეოდა და გერმანელთა მიერ სწორედ ამ უბანზე განხორციელებული დარტყმა, რომელიც 5-ე და 6-ე საბჭოთა არმიების შეპირაპირების ადგილზე მოვიდა, საბჭოთა მხარისათვის სრული მოულოდნელობა აღმოჩნდა.
სოკალის შვერილზე არსებული საბჭოთა 2-ე და 4-ე (სტრუმილოვის) გამაგრებული რაიონების გარნიზონები თავგანწირვით იბრძოდნენ, თუმცა მათ მოწინააღმდეგის შეჩერების არანაირი შანსი არ ჰქონდათ: ახალ საზღვარზე ხანგრძლივი საცეცხლე წერტების მშენებლობა ამ მომანტიდან მხოლოდ 1,5 წლით ადრე იყო დაწყებული და ის საინჟინრო ნაგებობები, რომლებიც ომის დაწყების მომენტისათვის უკვე დამთავრებული იყო და გარნიზონებმა დაიკავეს, არ ქმნიდნენ ერთიან უწყვეტ საცეცხლე-საინჟინრო სისტემას და გერმანული საიერიშო ჯგუფები იოლად აღწევდნენ მათ შორის, ბლოკავდნენ და წინსვლას განაგრძობდნენ. ფონ კლაისტმა 22 ივნისის დილის 10 საათზე (საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან სულ რაღაც 6 საათის შემდეგ) უკვე გასცა 48-ე მოტოკორპუსის ბრძოლაში შეყვანის ბრძანება. ამ კორპუსის 11-ე სატანკო დივიზიამ დაუბრკოლებლად გაიარა გერმანელთა მოწინავე საიერიშო ჯგუფების მიერ საბჭოთა გამაგრებული რაიონების თავდაცვის ხაზში გაკეთებულ გასასვლელებში და ფაქტიურად ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე დაიძრა რადზეხოვისა და ბერესტეჩკოსკენ.
11-ე სატანკო დივიზიის მეთაური გენერალ-მაიორი ლუდვიგ კრიუველი (Ludwig Crüwell).დანარჩენ მიმართულებებზე ამ დროისათვის საბჭოთა ნაწილების თავდაცვა ჯერ კიდევ უძლებდა გერმანელთა შეტევას, ხოლო 12-ე არმიის ზოლში, რუმინეთისა და უნგრეთის საზღვრების გასწვრივ, საბრძოლო მოქმედებები ჯერ არც იყო დაწყებული. 26-ე არმიიდან ოლქის შტაბში, რომელიც ომის დაწყებისთანავე გარდაიქმნა სამხრეთ-დასავლეთის ფრონტის შტაბად, ატყობინებდნენ, რომ არმიის თავდაცვის მთელს ზოლში მოწინააღმდეგე შეტევაზე გადმოვიდა, თუმცა მას ჯერჯერობით აკავებდნენ მესაზღვრეეები და გამაგრებული რაიონები. მეტიც: 99-ე მსროლელი დივიზიის მეთაურმა პოლკოვნიკმა დემენტიევმა პირობაც კი დადო, რომ კონტრშეტევაზე გადავიდოდა და გერმანელებს პერემიშლს წაართმევდა (სასაზღვრო ქალაქი 1939 წლის სადემარკაციო ხაზით ორად იყო გაყოფილი მასზე გამავალი მდინარე სანის გაყოლებით: დასავლეთი ნაწილი პოლონეთის ტერიტორიაზე მოხვდა და გერმანელთა მიერ იყო ოკუპირებული, აღმოსავლეთი ნაწილი კი წითელი არმიის ხელში იმყოფებოდა), რომელიც ვერმახტის ნაწილებმა ომის დაწყებიდან რამდენიმე საათის განმავლობაში პრაქტიკულად მთლიანად დაიკავეს და საბჭოთა მესაზღვრეები და 99-ე დივიზიის მოწინავე ნაწილები ქალაქის აღმოსავლეთ გარეუბნებისკენ უკუაგდეს.
ომისშემდგომ ფოტოზე 1941 წლის ნიმუშის 99-ე მსროლელი დივიზიის მეთაური პოლკოვნიკი ნიკოლაი დემენტიევი უკვე გენერალ-მაიორია.სიტუაცია ჩრდილოეთ ფლანგზე სამხრეთ-დასავლეთის ფრონტის სარდლობისათვის ჯერ კიდევ ბუნდოვანი რჩებოდა: 5-ე და 6-ე არმიების შტაბებთან კავშირი ფრონტის შტაბმა მხოლოდ დილის 10 საათზე - საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან მთელი 6,5 საათის შემდეგ დაამყარა. ამ დროისათვის 5-ე არმიის 87-ე და 124-ე მსროლელმა დივიზიებმა ნაწილობრივ დაასრულეს საბრძოლო მოქმედებების რაიონებში გასვლა - დილის 7 საათზე ისინი ჯერ კიდევ დისლოკაციის ადგილებში, საზღვრიდან 30-40 კილომეტრის დაშორებით იმყოფებოდნენ და ახლა პოზიციებს ან გამაგრებულ რაიონებში იკავებდნენ, ან წინგაჭრილი გერმანული ნაწილების წინააღმდეგ კონტრშეტევებზე გადადიოდნენ.
22 ივნისის დღის მეორე ნახევარში 87-ე მსროლელი დივიზიის 16-ე მსროლელი პოლკი 5-ე არმიის სარდალ გენერალ პოტაპოვის ბრძანებით გამოყოფილი 178-ე მსროლელი პოლკის, 285-ე და 292-ე ცალკეული საარტილერიო დივიზიონების 152 მმ-იანი ჰაუბიცების და 22-ე მექკორპუსის 41-ე სატანკო დივიზიის Т-26 ტანკების 2 ბატალიონის (დაახლოებით 80 ტანკი) მხარდაჭერით გერმანელთა 298-ე დივიზიის წინააღმდეგ კონტრშეტევაზე გადავიდა, უკუაგდო იგი 6 კილომეტრით, შეაღწია ვლადიმირ-ვოლინსკის გამაგრებულ რაიონში, ამ უბნის დამცველი 19-ე სატყვიამფრქვევო ბატალიონის დებლოკირება მოახდინა და ნაწილობრივ აღადგინა გამაგრებული რაიონის თავდაცვა. თუმცა საბჭოთა ნაწილებმა 298-ე ქვეითი დივიზიის მდინარე ბუგსმიღმა სრული უკუგდება ვერ მოახერხეს - სწორედ ამ დროს უსტილუგთან დაკავებული ორი ხიდით საბჭოთა ნაპირზე გადმოსვლა დაიწყო ფონ მაკენზენის 3-ე მოტოკორპუსის 14-ე სატანკო დივიზიამ.
1940 წლის ფოტოზე 87-ე მსროლელი დივიზიის მეთაური გენერალ-მაიორი ფილიპ ალიაბუშევი ჯერ კიდევ კომბრიგის წოდებას ატარებს.
ვერმახტის 14-ე სატანკო დივიზიის მეთაური გენერალ-მაიორი ფრიდრიხ კიუნი (Friedrich „Fritz“ Kühn)......................................................................................................................
დაპოსტეთ, რომ გავაგრძელო This post has been edited by Wanguard on 4 Mar 2015, 22:20