საკმაოდ გავრცელებული მოსაზრება, თითქოს გერმანია 1918-1933 წლების განმავლობაში ტანკებს არ აგებდა, საფუძველს მოკლებულია. მართალია ხსენებულ პერიოდში გერმანიაში ტანკების სერიული წარმოება არ არსებობდა, აქ მაინც იქმნებოდა ცალკეული პროექტები, რომელთაგან ორ მთავარს აქ წარმოვადგენ.
Großtraktor ("დიდი ტრაქტორი")რეალურად ეს მოდელი სამი სერიისაგან შედგებოდა, რომლებიც სამმა სხვადასხვა ფირმამ სხვადასხვა პერიოდში ააგო.
1925 წელს Rheinmetall-Borsig-მა, Krupp-მა და Daimler-Benz-მა იდენტური ტექნიკური დავალება მიიღეს, რომელიც ასე გამოიყურებოდა:
საბრძოლო მასა - 15 ტონა
სიგრძე/სიმაღლე მ. - 6/2,4
სისწრაფე - 40 კმ/სთ
გრუნტზე ფარდობითი დაწოლა - დაახლოებით 0,5 კგ/სმ²
შეიარაღება - ერთი 75 მმ ქვემეხი (KwK L/24) მთავარ კოშკში და 2-4 ტყვიამფრქვევი მცირე კოშკში, კორპუსში და მთავარ კოშკში (ქვემეხთან შეწყვილებით)
დაახლოებით 1 მ. სიმაღლის კედლის, 0,8 მ. სიღმის წყლის და 30°-მდე აღმართის გადალახვის უნარი.
ყოველ ფირმას რბილი, სტანდარტული 6-14 მმ-იანი ფოლადის ფილებისაგან (და არა ჯავშნის ფოლადის ფილებისაგან) ორ-ორი პროტოტიპი უნდა აეგო. "რაინმეტალმა" და "კრუპმა" თავისი მანქანები 1928 წელს ააგეს, "დაიმლერ-ბენცმა" - 1929 წელს. სამივე ვარიანტი "რაინმეტალ-ბორზიგის" ქარხანაში აიწყო, თანაც სარდლობამ ვარიანტების უნიფიკაცია გაითვალისწინა და, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ფირმის ვარიანტები ერთმანეთისაგან დეტალებში განსხვავდებოდნენ, ისინი პრაქტიკულად მთლიანად იყვნენ უნიფიცირებულნი (ორიგინალურობით მხოლოდ სავალი ნაწილი გამოირჩეოდა). ეგზემპლარების საბრძოლო მასა ერთმანეთისგან განსხვავდებოდა: ყველაზე მძიმე "დაიმლერ-ბენცი" იყო - 19 ტონა, "კრუპი" 16 ტონას იწონიდა, "რაინმეტალი" კი - 15 ტონას. "დაიმლერ-ბენცებმა" 41 და 42 ნომრები მიიღეს, "კრუპებმა" - 43 და 44, "რაინმეტალებმა" - 45 და 46. რეალობაში ყველა პროტოტიპს თავისი სახელწოდება ჰქონდა: "დაიმლერ-ბენცს" - Grosstraktor I, "რაინმეტალს" - Grosstraktor II, "კრუპს" - Grosstraktor III, თუმცა, დიდი მსგავსების გამო, სამივე ვარიანტი ერთ - Grosstraktor ტიპად განიხილება.

რადგან ვერსალის ხელშეკრულებით გერმანიაში ტანკების აგება და გამოცდა აკრძალული იყო, პროტოტიპები საიდუმლოდ ჩაიტანეს სსრკ-ში, ყაზანის სატანკო სკოლაში, სადაც მათი გამოცდები შედგა, თუმცა სრულფასოვან გამოცდებზე საუბარი საკმაოდ არაკორექტული იქნება: ექვსივე ჩვეულებრივი ფოლადისგან იყო დამზადებული, ორ მანქანაზე კი შეიარაღება არ იდგა. აღსანიშნავია, რომ თვით ასეთი პირობითი გამოცდების შედეგებიც კი საკმაოდ არადამაკმაყოფილებელი გამოდგა: "კრუპისა" და "დაიმლერ-ბენცის" მანქანები გამოცდებიდან ნაადრევად მოიხსნა ძრავასა და სავალ ნაწილში გამუდმებული დაზიანებების გამო, თანაც "დაიმლერ-ბენცებმა" საერთო ჯამში 2 მანქანისათვის მხოლოდ 66 კმ გაიარეს. მათ ფონზე ლეგენდარული საიმედოობით გამოირჩეოდნენ "რაინმეტალის" პროტოტიპები - 1200 კმ-ზე მეტი ორივე ეგზემპლარისთვის. გამოცდებისას ყველა მანქანას რეგულარულას სძვრებოდა მუხლუხები (ამძრავი ბორბალი ყველას უკან ჰქონდა) და გამოცდების მსვლელობისას ახალი კონსტრქუციის მუხლუხების გადაცმა გახდა საჭირო. გერმანული კომისიის დასკვნებიდან ერთ-ერთი საკმაოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა - ამძრავი ბორბლის უკანა განლაგება უკიდურესად ცუდ გადაწყვეტილებად მიიჩნიეს და ამიერიდან მეორე მსოფლიო ომის ბოლომდე აბსოლუტურად ყველა გერმანული ტანკისათვის ამძრავად წინა ბორბალი იქცა. გამოცდების დადებითი მომენტებიდან აღსანიშნავია საკმაოდ მაღალი სისწრაფე (44 კმ/სთ სწორ გზაზე) და შეიარაღების სრული შესაბამისობა იმ პერიოდისათვის.
გერმანიის სათავეში ნაცისტების მოსვლისა და სსრკ-სთან სამხედრო სფეროში მჭიდრო თანამშრომლობის შეწყვეტის შემდეგ ექვსივე პროტოტიპი გერმანიაში დააბრუნეს. 1934 წელს ერთი Grosstraktor I ერფურტში, 1-ლი სატანკო პოლკის შტაბის წინ დააყენეს კვარცხლბეკზე, მეორე მანქანა კი იმავე მიზნით გაგზავნეს ვიუნსდორფში, 5-ე სატანკო პოლკის შტაბში. "კრუპისა" და "რაინმეტალის" პროტოტიპებს კიდევ 1 წლის განმავლობაში იყენებდნენ სასწავლო მიზნით, სანამ 1935 წელს ისინი ვერმახტის დიდ მანევრებში, 1-ლი სატანკო დივიზიის შემადგენობაში არ აამოქმედეს Pz.1-ებთან ერთად. რამდენიმე თვის შემდეგ ყველა მათგანი პუტლოსის სატანკო სკოლას გადასცეს, 1937 წელს კი ორივე ფირმის თითო მანქანა 5-ე სატანკო პოლკის ყაზარმების წინ, კვარცხლბეკებზე დააყენეს. დარჩენილი ორი მანქანა თვალსაჩინო საშუალებებად იქცა სატანკო სკოლაში და ომის პერიოდში ჯართად დაშალეს.
Daimler-Benz-Großtraktor
Krupp-Großtraktor
Rheinmetall-Borsig-GroßtraktorPz.Nb.Fz. (Panzerkampfwagen Neubaufahrzeug - "ახლადაგებული ჯავშნიანი საბრძოლო მანქანა")1933 წლის გაზაფხულზე რაიხსვერმა (ვერმახტი ჯერ კიდევ არ არსებობდა) ფირმა "რაინმეტალს", როგორც "გროსტრაქტორების" პროტოტიპთაგან ყველაზე ხარისხიანების ავტორს, ახალი მრავაკოშკიანი ტანკის პროექტი დაუკვეთა, რომლის წონაც 20 ტ. უნდა ყოფილიყო, შეიარაღება კი 75- და 37 მმ-იანი ქვემეხებისა და რამდენიმე ტყვიამფრქვევისაგან უნდა შემდგარიყო. ტექნიკური დავალების მიხედვით ორივე ქვემეხი მბრუნავ კოშკში უნდა მდგარიყო. ამას გარდა გათვალისწინებული იყო კიდევ ორი მბრინავი კოშკი თითო ტყვიამფრქვევისათვის: ზოგადად, ახალი პროექტი 1918 წლის გერმანული პროექტის - Oberschlesien-ის ხელახალი გადამუშავება და თანამედროვე მოთხოვნებთან მორგება უნდა ყოფილიყო. "რაინმეტალის" პარალელურად, რომელიც მთლიანად აპროექტებდა ტანკს კოშკების ჩათვლით, ფირმა "კრუპმაც" მიიღო ახალი ტანკის მთავარი კოშკის დაპროექტების დავალება.

"რაინმეტალის" კოშკით1934 წელს Pz.Nb.Fz.-ს "რაინმეტალმა" პირველი ორი პროტოტიპი ააგო, რომლებიც, წინამორბედ "გროსტრაქტორთა" მსგავსად, ჩვეულებრივი (და არა ჯავშნის) ფოლადისაგან იყო დამზადებული. საერთო ჯამში ახალმა ტანკმა თავი დადებითად წარმოაჩინა და პრაქტიკულად სრულად მოერგო ტექნიკურ დავალებას, თუმცა სამხედროებს "რაინმტალის" პროექტის მთავარ კოშკში ერთმანეთის ზემოდან შეწყვილებული 75- და 37 მმ-იანი ქვემეხების განლაგება არ მოეწონათ - მათი გატენვა და მომსახურე პერსონალის საერთო მოქმედება პრაქტიკულად ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა (განსაკუთრებით - ქვემოთ განლაგებული 37 მმ-იანი ქვემეხისათვის). ამასობაში "კრუპს" უკვე მზად ჰქონდა თავისი კონსტრუქციის მთავარი კოშკი, რომელშიც ქვემეხები ერთმანეთის გვერდით იყო განლაგებული და მათი მომსახურება გაცილებით ადვილი იყო.

"კრუპის" კოშკითსაბოლოოდ დადგინდა, რომ "რაინმეტალისთვის" სამი სრულფასოვანი, ჯავშნის ფოლადისაგან დამზადებული Pz.Nb.Fz. შეეკვეთათ, რომლებზეც ასევე ჯავშნის ფოლადისაგან დამზადებული "კრუპის" კოშკები იქნებოდა დამონტაჟებული. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ Pz.Nb.Fz. იყო პირველი გერმანული ტანკი, რომელზეც შემდგომში სტანდარტად ქცეული სამეთაურო კოშკურა გამოიყენეს.
საბოლოოდ Pz.Nb.Fz.-ს მონაცემები ასე გამოიყურებოდა:
საბრძოლო მასა - 23,41 ტ.
სიგრძე/სიგანე/სიმაღლე მ. - 6,65/2,9/2,65
ჯავშნის სისქე - 13-20 მმ
ძრავის სიმძლავრე - 290 ცხ.ძ.
სისწრაფე - 30 კმ/სთ
შეიარაღება - ერთი 75 მმ (KwK L/24) ქვემეხი, ერთი 37 მმ (KwK L/45) ქვემეხი და ერთი 7,92 მმ ტყვიამფრქვევი (MG-13) მთავარ მბრუნავ კოშკში, თითო ასეთივე ტყვიამფრქვევი მთავარი კოშკის წინ და უკან, ერთი დონით დაბლა მდგარ მბრუნავ კოშკურაში, რომლებიც Pz. I-ზე მდგარების ანალოგიურები იყო (ერთი ტყვიამფრქვევით ორის ნაცვლად).
ეკიპაჟი - 7 კაცი.
ჩვეულებრივი ფოლადისაგან დამზადებული ორი Pz.Nb.Fz. მხოლოდ სასწავლო მიზნით გამოიყენებოდა პუტლოსის სატანკო სკოლაში. გარდა ამისა, მათ მნიშვნელოვანი პროპაგანდისტული ფუნქციაც ეკისრებოდათ - მიუხედავად იმისა, რომ გერმანიაში ამ სუსტად დაცული და საკმაოდ დიდი ზომის ნელმავალი ტანკების სერიულ გამოშვებაზე აბსოლუტურად სწორად თქვეს უარი, გებელსის პროპაგანდა მათ ფართოდ უწევდა რეკლამას, კინო- და ფოტოქრონიკის საშუალებით ქმნიდა მათი ფართო სერიული წარმოების ილუზიას და რამდენადმე ზრდიდა კიდეც ამ ტანკების საბრძოლო მონაცემებს.

ამ სატყუარაზე წამოეგნენ როგორც ინგლისი და საფრანგეთი, ასევე სსრკ, სადაც Pz.Nb.Fz.-ს ფანტასტიურ საბრძოლო მახასიათებლებს მიაწერდნენ. მაგალითად, სსრკ-ში Pz.Nb.Fz. "პანცერვაფეს ძირითად მძიმე ტანკად" იქცა და ითვლებოდა, რომ ამ ტანკის ჯავშნის სისქე 50-75 მმ იყო. ომის საწყისი პერიოდის პროპაგანდისტულ პლაკატებზე გამოსახული გერმანული ტანკები Pz.Nb.Fz.-ს მეტისმეტად წააგავდნენ, მოგვიანებით კი სხვადასხვა საბჭოთა სამხედრო ცნობარებსა და საინფორმაციო ბროშურებშიც მოხვდნენ.

1943 წლიდან ეს ყურადღება "ტიგრებზე" გადავიდა.
სამი სრულფასოვანი Pz.Nb.Fz. განსაკუთრებული დანიშნულების სატანკო ბატალიონის (Pz.Abt1. Zb.V 40) ერთ-ერთ ოცეულში (Panzerzug Horstmann/Zug Putloss: ამ ოცეულის მეთაურ ლეიტენანტ ჰანს ჰორსტმანისა და ფორმირების ადგილის - პუტლოსის მიხედვით) ჩართეს და 1940 წლის 9 აპრილს ნორვეგიაში გაგზავნეს.



19 აპრილს Pz.Nb.Fz.-ები ოსლოში ჩაიყვანეს, საზეიმო მარშით გაატარეს ქალაქის ქუჩებში და სათანადო ეფექტსაც მიაღწიეს - მსოფლიომ გაიგო, რომ გერმანიას ნორვეგიაში მძიმე ტანკები ჰყავდათ. ოდნავ მოგვიანებით Pz.Abt1. Zb.V 40-მ, ვერმახტის 196-ე ქვეით დივიზიასთან ერთად, საერთო საბრძოლო ჯგუფი (Gruppe Pellangahr - სახელწოდება ბაზირების ადგილის მიხედვით) შექმნა, ხოლო 25 აპრილს ამ ჯგუფმა სოფელ კვარმს შეუტია, რომელსაც ბრიტანეთის იორკშირის 1-ლი სამეფო ქვეითი ბატალიონი იცავდა. ბრიტანელებს არტილერია თითქმის არ გააჩნდათ (3 სამდუიმიანი მორტირა და 5 ფრაინგული 25 მმ-იანი ტანკსაწინააღმდეგო ქვემეხი Hotchkiss). შემტევი გერმანული ნაწილების ავანგარდში სამი ტანკი მოძრაობდა, რომელთაგან მინიმუმ ერთი Pz.Nb.Fz. იყო. ინგლისელებმა ტანკები ახლოს მოუშვეს და ცეცხლი მხოლოდ 150 მ მანძილიდან გახსნეს - ასეთ დისტანციაზე გერმანელებს მანევრის შესაძლებლობა აღარ ჰქონდათ. ერთ-ერთმა ტანკსაწინააღმდეგო ჭურვმა Pz.Nb.Fz.-ს მოძრაობის უნარი დააკარგვინა (როგორც ჩანს დიფერენციალი დააზიანა), თუმცა ტანკი ცეცხლის წარმოებას ბრძოლის ბოლომდე განაგრძობდა. დანარჩენი ორი გერმანული ტანკიც დაზიანდა და გერმანელებმა შეტევა შეაჩერეს და ავიაცია გამოიძახეს. დაზიანებული Pz.Nb.Fz. 26 აპრილის საღამომდე "საარვისო მიწაზე" რჩებოდა, სანამ ღამით ინგლისელებმა უკან არ დაიხიეს. გერმანელებმა დაზიანებული Pz.Nb.Fz. გაარემონტეს და მწყობრში დააბრუნეს. ამ ეპიზოდიდან მოგვიანებით ერთი Pz.Nb.Fz. ლილეჰამერთან ახლოს ჭაობში ჩაეფლო და ის საკუთარმა ეკიპაჟმა ააფეთქა.

ნორვეგიის საბოლოო ოკუპაციის შემდეგ დარჩენილი ორი Pz.Nb.Fz. გერმანელებმა ოსლოში ჩაიყვანეს, 1940 წლის ბოლოს კი გერმანიაში დააბრუნეს, სადაც 1941-1942 წლებში ჯართად დაშალეს: ეს პროცესი დოკუმენტალურადაა დადასტურებული საბუთებით, რომელიც ინგლისელებმა 1945 წელს იგდეს ხელთ. ზოგიერთი ცნობით Pz.Nb.Fz.-ები 1940-1942 წლებში დანიაში გამოიყენებოდა პოლიციური ფუნქციებით.
ზოგიერთ საბჭოთა მოგონებაში Pz.Nb.Fz.-ებთან ბრძოლის ველზე შეხვედრებია აღწერილი, რაც აბსოლუტურად მოკლებულია საფუძველს - ეს ტანკები აღმოსავლეთის ფრონტზე არასდროს ყოფილა, ხოლო მათ საბჭოთა თვითმხილველებს ისინი, როგორც ჩანს, ნაალაფარ ფრანგულ ტანკებში აერიათ, რომელთა გარკვეულ რაოდენობასაც ვერმახტი აღმოსავლეთის ფრონტზე ნამდვილად იყენებდა.
This post has been edited by Wanguard on 24 Jan 2014, 14:08