იტალია-საბერძნეთის ომი (28.10.1940-23.04.1941)1939-1940 წლებში ევროპის ბრძოლის ველებზე ვერმახტის თავბრუდამხვევი წარმატებები მუსოლინის გულწრფელ შურს იწვევდა. ჰიტლერისაგან განსხვავებით, მას არაფერი ჰქონდა სატრაბახო და გრძნობდა, რომ მისი, როგორც ევროპის პირველი ფაშისტი დიქტატორის მდგომარეობა ჰიტლერის დიდების თუნდაც რაღაც ნაწილზე თანაავტორობის მოპოვებას მოითხოვდა. კერძო საუბრებში დუჩე გამუდმებით გამოთქვამდა უკმაყოფილებასა და საყვედურებს იმ იტალიელთა მიმართ, რომლებიც მის წამოწყებებს ნაკლები გულმოდგინებითა და ყურადღებით უჭერდნენ მხარს: მეფე ვიქტორ-ემანუილზე, რომელიც მას არ უყვარდა, ვატიკანზე, რომელსაც არ ენდობოდა და თვით იტალიელ კომერსანტებსა და ბურჟუებზეც, რომლებსაც, უბრალოდ, ვერ იტანდა. მუსოლინის აუცილებლად უნდა გაეკეთებინა ისეთი რამ, რაც იტალიის საზოგადოებრივ აზრს მის სასარგებლოდ შემოაბრუნებდა, ხოლო მისი მომხრეებსა და მიმდევრებს ახალ სულისკვეთებასა და გულმოდგინებას გაუღვიძებდა.
1940 წლის მაისში, როდესაც საფრანგეთი უკვე სრულად იყო დამორჩილებული, ხოლო დიდი ბრიტანეთი პრაქტიკულად მთლიანად განდევნეს ევროპის კონტინენტიდან, ომში გერმანიის საბოლოო გამარჯვება ეჭვს აღარ იწვევდა. ჰიტლერსა და მუსოლინის შორის ამ მომენტისათვის უკვე სრული შეთანხმება არსებობდა იტალიისათვის საფრანგეთის იმპერიის დაყოფის შედეგად "გამონთავისუფლებული" გარკვეული ნაწილის გადაცემის თაობაზე. ამ "წილის" მიღების უფლების დასდასტურებლად მუსოლინის იტალიამ 1940 წლის 10 ივნისს დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს ომი გამოუცხადა. თუმცა, ზუსტად ამ მომენტიდან მეორე მსოფლიო ომი იმ ფაზაში შევიდა, რომელსაც იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გრაფმა გიაჩინტო ჩიანომ ირონიულად უწოდა "მშვიდობის მოულოდნელი დადგომა". ამ დროს ჰიტლერი გულწრფელად იმედოვნებდა დიდ ბრიტანეთთან სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერას და ამ მიზნის მისაღწევად გერმანიას დამარცხებული საფრანგეთისათვის მისაღები ზავის პირობების შეთავაზებით საკუთარი თავი საუკეთესო კუთხით უნდა წარმოეჩინა: მეტისმეტად მკაცრ პირობებს შეიძლება ფრანგული ფლოტისა და მეტროპოლიის საზღვრებს მიღმა დისლოცირებული ფრანგული სახმელეთო და საჰაერო ძალების ვიშის მთავრობის კონტროლიდან გამოსვლა და ბრიტანელთა მხარეზე გადასვლა მოჰყოლიდა. ამ მოსაზრებებიდან გამომდინარე, ჰიტლერმა გადაწყვიტა, კოლონიალური სამფლობელოები საფრანგეთისათვის აღარ წაერთმია. 1940 წლის 19 ივნისს, მიუნხენში დუჩესთან შეხვედრისას, ფიურერმა ცხადად წარმოაჩინა ხსენებული პოზიცია, როგორც კი მუსოლინიმ ნიცის, კორსიკის, ტუნისისა და ფრანგული სომალის იტალიის განკარგულებაში გადასვლის პრეტენზია წამოაყენა. ჰიტლერმა დუჩე დაარწმუნა, რომ ყველა ჩამოთვლილ ტერიტორიას დაუყოვნებლივ მიიღებდა, როგორც კი ევროპაში საბოლოოდ დამყარდებოდა "ახალი წესრიგი" და ომი დამთავრდებოდა. თუმცა მუსოლინიმ საკუთარი უზომო სურვილების მცირეოდენი ნამცეცები მაინც მიიღო: 1940 წლის 24 ივნისს საფრანგეთთან დადებული ზავის პირობებით (გერმანია-საფრანგეთის ზავის ხელმოწერიდან 2 დღის შემდეგ) იტალიამ ნიცა და სავოიის ნაწილი მიიღო - ის სადავო ფრანგული ტერიტორიები, რომლებზეც იტალია ადრეც აცხადებდა პრეტენზიას.
საფრანგეთის კატასტროფამ დიდი გავლენა იქონია ბალკანეთზე, რადგან მუსოლინიმ სწორედ ამ რეგიონში გადაწყვიტა ტერიტორიული დაპყრობების წარმოება. 1939 წელს იტალიის მიერ ალბანეთის ანექსია დახმარების იმ გარანტიების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო, რომლებიც დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა საბრძნეთსა და რუმინეთს მისცეს მათი სუვერენიტეტის დარღვევის შემთხვევაში. ეს გარანტიები კიდევ უფრო განმტკიცდა 1939 წლის ოქტომბერში, როდესაც დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და თურქეთმა სამმხრივ სამოკავშირეო შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომლის ძალითაც თურქეთი ვალდებულებას იღებდა, ინგლისისა და საფრანგეთისათვის დახმარება გაეწია იმ შემთხვევაში, თუკი სიტუაცია რუმინეთსა და საბერძნეთში ფრანგებისა ბრიტანელების ჩარევას მოთხოვდა.
მეორე მსოფლიო ომის საწყის ეტპაზე გერმანული ტრიუმფისა და საფრანგეთ-დიდი ბრიტანეთის ალიანსის სტრატეგიული მარცხის შემდეგ, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისა და ბალკანეთის რეგიონის ქვეყნებში ადრეც არსებული ეჭვები ინგლის-საფრანგეთის მხრიდან აღებული ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობის თაობაზე, უკიდურესად გაღრმავდა და საფრანგეთის განადგურებისთანავე რუმინეთმა განაცხადა, რომ ის აღარ ცნობდა ფრანგულ-ინგლისურ გარანტიებს. თურქეთმა, რომელიც აქამდე თავს იკავებდა ნეიტრალიტეტის დეკლარირებისაგან, ამჯერად სრული ჩაურევლობა გამოაცხადა.
თურქეთის განცხადებამ, რომლის შემდეგაც, დუჩეს აზრით, საბრძნეთს მოკავშირეთა იმედი აღარ უნდა ჰქონოდა, მუსოლინის საბოლოოდ განუმტკიცა ამ ქვეყანაში შეჭრის განზრახვა.
1940 წლის აგვისტო-სექტემბერში ალბანეთში დისლოცირებული 70-ათასიანი იტალიური არმიის რაოდენობა თანდათან გაიზარდა 125 ათას კაცამდე. ეს გერმანელებს არ გამოჰპარვიათ და, რაკი ნაცისტები გაცილებით უფრო მეტად იყვნენ დაინტერესებულნი ლიბიაში ბრიტანელთა წინააღმდეგ იტალიელთა მოქმედებების გააქტიურებით, ბერლინმა განაცხადა, რომ ბალკანეთში იტალიელთა რაიმე სახის სამხედრო აქტიურობა არასასურველი იყო. 1940 წლის 17 აგვისტოს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა რიბენტროპმა ჰიტლერს ოფიციალური წერილი გაუგზავნა, რომელშიც ჩიოდა, რომ დუჩე ანტიიუგოსლავიური ოპერაციების გეგმებს "გერმანიის ნებართვის გარეშე" ამუშავებდა. ჩიანომ გერმანულ განცხადებას "მთელი ხაზის გასწვრივ სრული გაჩერების ბრძანება" უწოდა. ამის შემდეგ მუსოლინიმ ჰიტლერს წერილი გაუგზავნა, რომელიც სავსე იყო დარწმუნებებით, რომ "საბრძნეთისა და იუგოსლავიის საზღვარზე მიღებული სამხედრო ხასიათის ზომები მხოლოდდამხოლოდ უბრალო სიფრთხილის ზომებია" და დაუმატა, რომ ისინი ბრიტანეთის მოქმედებათა წინააღმდეგ იყო მიმართული იმ შემთხვევისათვის, თუკი ის ბალკანეთის ქვეყნების ნეიტრალიტეტს დაარღვევდა. თანაც დუჩე ამტკიცებდა, რომ იმ დროისათვის ბალკანურ ქვეყნებს მთლიანად ჰქონდათ დასრულებული მობილიზაცია - ეს იყო აბსოლუტური ტყუილი.
ამ დროისათვის სრული სვლით მიმდინარეობდა "ნერვების ომი", რომელიც მუსოლინიმ საბრძნეთის წინააღმდეგ წამოიწყო. იტალიურმა პროპაგანდამ ძირითადი ძალისხმევა ალბანეთ-საბრძნეთის საზღვრისპირა ბერძნულ რეგიონ ეპირუსის ერთ-ერთ რაიონში (ცამურია) მცხოვრებ ეთნიკურ ალბანელთა შორის ანტიბერძნული განწყობების გაღვივებისაკენ მიმართა, ხოლო იტალიელთა მხრიდან წაქეზებული ალბანური პრესა და რადიო ერთხმად აცხადებდნენ ალბანური მიწების გაერთიანებაში იტალიის წამყვან როლზე. ერთ-ერთი მათგანი, რომელიც საკუთარ თავს "ალბანელ პატრიოტს" უწოდებდა, საბერძნეთის საზღვართან ახლოს, ალბანეთის ტერიტორიაზე იპოვეს მკვდარი და მკვლელობა მაშინვე "საბრძნეთის აგენტებს" მიაწერეს. დადასტურებით ცხადდებოდა, რომ საბრძნეთში მუსულმანები სასტიკ დევნას განიცდიდნენ. ასევე ამუშავდა საბრძნეთის ტერიტორიაზე იატაკქვეშა რადიოსადგური, რომელიც იტალიელთა სასარგებლოდ ეწეოდა აგიტაციას, თავად საბრძნეთი კი ნეიტრალიტეტის დარღვევაში დაადანაშაულეს, რადგან ის ბრიტანული ფლოტის ხომალდებს (მ.შ. ავიამზიდებსაც) საბრძნეთის წყლებში ღუზის ჩაშვების უფლებას აძლევდა.
რათა საბრძნეთის ოფიციალური რეაქცია მოესინჯათ, ბერძნების დასაშინებლად ინცინდენტები იქნა ორგანიზებული. სამმა იტალიურმა ბომბდამშენმა ბერძენთა იმ გემს შეუტია, რომელიც შუქურას ემსახურებოდა. ამავე თვითმფრინავებმა შეუტიეს ბერძნულ ნაღმოსანს, რომელიც ამ გემის დასახმარებლად მივიდა. ორმა იტალიურმა თვითმფრინავმა ბერძნულ ნავპაქტოსის ყურეში ბაზირებული ორი ნაღმოსანი და ორი წყალქვეშა ნავი დაბომბა. სტამბულიდან პორტ-საიდისკენ მიმავალ ბერძნულ გემს იტალიურმა წყალქვეშა ნავმა შეუტია. 1940 წლის 15 აგვისტოს ტინოსის ყურეში მდგომ ბერძნულ კრეისერ "ელეს" "დაუდგენელი საკუთრების" წყალქვეშა ნავმა ტორპედო ესროლა და ჩაძირა: ამ ტორპედოს ნამსხვერევების შესწავლს შედეგად დადგინდა, რომ ის იტალიაში იყო წარმოებული.
დაშინების პირობებში საბრძნეთის პოლიტიკა ორსახოვანი იყო. ერთი მხრივ ბერძნები გულმოდგინედ (და დიდი წარმატებით) ცდილობდნენ, პროვოკაციას არ წამოგებოდნენ და ამ გზით ომის თავიდან აცილებას იმედოვნებდნენ, თუმცა უახლოესი წარსულის პრაქტიკა თვალნათლივ აჩვენებდა, რომ ამგვარი პოლიტიკა "ღერძის ქვეყნებზე" არანაირ გავლენას არ ახდენდა. საბრძნეთის მთავრობა იტალიის მხრიდან ზიზღის პოლიტიკის გაღვივების კრიტიკის უფლებას პრესას არ აძლევდა და მის მერეც კი, როდესაც დადგინდა, რომ კრეისერი "ელე" იტალიურმა ტორპედომ ჩაძირა, ბერძნულ გაზეთებს ამ ინფორმაციის გამოქვეყნების უფლება არ მისცეს. ცენზურის აკრძალვების მიუხედავად ბერძნებს ესმოდათ, რომ იტალია აგრესორი იყო და ამან ერვნული ერთიანობა არნახულად განამტკიცა.
მეორე მხრივ საბრძნეთის მთავრობამ იტალიელები მიახვედრა, რომ შემოჭრის შემთხვევაში ქვეყანა წინააღმდეგობას გასწევდა და იბრძოლებდა.
მუსოლინი ასე არ ფიქრობდა - ის ამჯობინებდა, ჩიანოს, ფრანჩესკო ჯაკომონისა (ოკუპირებული ალბანეთის გუბერნატორი) და სებასტიანო ვისკონტი პრასკას (ალბანეთში იტალიური ჯარების მთავარსარდალი) მოხსენებებისთვის დაეჯერებინა, რომლებიც ერთხმად უჭერდნენ მხარს საბრძნეთში შეჭრის იდეას. დუჩეს არწმუნებდნენ, რომ ბერძნული ჯარები მხილიდ სიმბოლურ წინააღმდეგობას გასწევდნენ, ხოლო ათენში მყოფი ზოგიერთი ბერძენი ხელმძღვანელი პირი მზად იყო, იტალიელებს, როგორც განმანთავისუფლებლებს, ისე შეხვედროდა. რაც შეეხება იტალიის გენერალური შტაბის არგუმენტებს, რომლებიც შეჭრისათვსი ძალიან ცუდ მზადყოფნას აცხადებდნენ, უბრალოდ უგულებელყვეს. ფაქტიურად მუსოლინი საკუთარი პროპაგანდისტული მანქანის მსხვერპლად იქცა. იტალიური ფული ბერძენთა ლოიალურობის საყიდლად გამოიყენებოდა და ამ ფულის მიმღებებიც სწრაფი და უსისხლო გამარჯვების გარანტიის მოხსენებებს აგზავნიდნენ იტალიაში.
ფრანჩესკო ჯაკომონი
სებასტიანო ვისკონტი პრასკამუსოლინიმ საბრძნეთში შეჭრაზე გერმანელთა თანხმობის მიღება კიდევ ერთხელ სცადა რიბენტროპის რომში ვიზიტისას 1940 წლის 19 სექტემბერს. "ბერძნები იტალიელებისთვის იგივენი არიან, რაც ნორვეგიელები გერმანელებისთვის აპრილის ოპერაციებამდე (გერმანიის შეჭრა ნორვეგიაში - Wanguard) - უთხრა დუჩემ რიბენტროპს. - ჩვენთვის საბერძნეთის ლიკვიდაცია აუცილებელია, მით უმეტეს, რომ როდესაც ჩვენი სახმელეთო ძალები ეგვიპტეში შევლენ, ინგლისის ფლოტი ალექსანდრიაში დარჩენას ვეღარ შეძლებს და მას თავშესაფრის ძიება ბერძნულ პორტებში მოუწევს". თუმცა, ამ საკითხის განხილვის შემდეგ, დუჩე კიდევ ერთხელ მიახვედრეს, რომ დიდი ბრიტანეთის განადგურება "ღერძის" ქვეყნების მთავარ მიზნად რჩებოდა.
მუსოლინი მზად იყო ამ მოსაზრების მისაღებად, რადგან ამ მომენტისათვის ეგვიპტეში შემტევმა იტალიურმა ძალებმა სიდი ბარანის მიაღწიეს და ამით დაამტკიცეს, რომ მათ მოკავშირეთა მოახლოებულ გამარჯვებაში საკუთარი წვლილის შეტანა შეეძლოთ. თუმცა დუჩემ გრაციანისაგან (აფრიკაში იტალიური ძალების მთავარსარდალი) თითქმის მაშინვე შეიტყო, რომ შემდგომი წინსვლა შესაძლებელი იყო კიდევ მხოლოდ 80 კილომეტრით - ეს იყო ყველაფერი, რაც გრაციანის ხელთ არსებულ ძალებს იტალიიდან დამხმარე ძალებისა და ტრანსპორტების მოსვლამდე შეეძლოთ. ამგვარად, მუსოლინი კვლავ იტალიური იარაღის მქუხარე გამარჯვების მოლოდინში რჩებოდა. აქედან გამომდინრე, უკვე აღარაა გასაკვირი, რომ საკუთარი მზერა დუჩემ ისევ ბალკანეთს მიაპყრო, სადაც "ახალი რომის იმპერიის" სამფლობელოების გაფართოების პერსპექტივა ყველაზე მიმზიდველად და იმედისმომცემად გამოიყურებოდა.
ფიურერისადმი 19 ოქტომბერს მიწერილ თავის წერილში მუსოლინიმ ბერძენთა მხრიდან ნეიტრალიტეტის დარღვევის ყველა შემთხვევა ჩამოთვალა და დაამატა, რომ მტკიცედ ჰქონდა განზრახული, ეს უკანასკნელნი მკაცრად დაესაჯა. დუჩემ იცოდა, რომ ამ დროს ჰიტლერი საფრანგეთსა და ესპანეთში იმყოფებოდა ვიზიტით და წერილი ბერლინში მხოლოდ 23 ოქტომბერს გაგზავნა. მისი შინაარსი ფიურერს ტელეგრაფით გაუგზავნეს ენდაიში, სადაც ის ფრანკოს ხვდებოდა და ამაოდ სცადა ესპანეთის ჩართვა "ღერძის" ქვეყანათა სიაში. მეორე დღეს ჰიტლერს მონტუარში ჰქონდა ვიზიტი პეტენთან, საიდანაც ფიურერმა დუჩეს ტელეგრამა გაუგზავნა ფლორენციაში 28 ოქტომბერ შეხვედრის წინადადებით. საბრძნეთში იტალიური ჯარები სწორედ 28 ოქტომბრის დილიდან შეიჭრნენ და ფლორენციაში ვაგონის კიბეებზე ჩამოსულ ჰიტლერს მუსოლინი შემდეგ სიტყვებით შეეგება:" ფიურერო, ჩვენ მარშზე ვართ!".
იტალია საბერძნეთისაგან ტერიტორიულ დათმობებს ადრეც მოითხოვდა. 20-ე საუკუნეში ამ ქვეყნებს შორის არაერთი კონფლიქტი მოხდა, რომელთა მიზეზიც იტალიელთა მხრიდან დოდეკანეზის კუნძულების, ეპირუსის რაიონისა და კუნძულ კორფუს მოთხოვნა იყო. 1928 წელს ხელმოწერილი სამშვიდობო ხელშეკრულების თანახმად (სხვათა შორის, იტალიის მხრიდან ამ ხელშეკრულებას ხელი სწორედ მუსოლინიმ მოაწერა) და იმ დეკლარაციის ძალით, რომლითაც დუჩე იტალიის მსოფლიო ომში ჩაბმის დღეს (10.06.1940) გამოვიდა, საზეიმოდ ცხადდებოდა, რომ მას არანაირი განზრახვა არ ჰქონდა, იტალიის მეზობლები კონფლიქტში ჩაეთრია.
აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ აღწერილ პერიოდში ერთი მხრივ საბერძნეთსა და მეორე მხრივ იტალიასა და გერმანიას დიდი იდეოლოგიური სხვაობა დიდი არ იყო. დუჩეს არანაირი საფუძველი არ ჰქონდა, საბერძნეთი თავისთვის აუტანელ დემოკრატიულობაში დაედანაშაულებინა, რადგან საბერძნეთის პოლიტიკური სისტემა სავსებით შესაძლებელს ხდიდა ამ ქვეყნის "ღერძისადმი" მიერთების შესაძლებლობას; 1936 წლიდან საბერძნეთს დიქტატორი - გენერალი იოანის მეტაქსასი მართავდა, რომელიც არც მონარქისტებს უყვარდათ და არც პრობრიტანულ ლიბერალებს. მეტაქსასი სიმპათიით იყო განწყობილი გერმანიის მიმართ და იქაური მეთოდებიც ბლომად გადმოიღო: პოლიტიკური პარტიები აკრძალა, განსხვავებულად მოაზროვნეები ან ციხეებში ჩასვა, ან განდევნა, ანდა ფიზიკურად გაანადგურა, თავისუფალი არჩევნები არ ტარდებოდა, პრესა მეტად მკაცრი სახელმწიფო ცენზურის ქვეშ იყო. შეიქმნა სპეციალური ორგანიზაცია "ასფალია", რომლის სტრუქტურაც და მუშაობის მეთოდებიც პრაქტიკულად გესტაპოს იდენტური იყო. ჩამოყალიბდა "ბერძნული ჰიტლერიუგენდიც" - ახალგაზრდული კავშირი Ethniki Neolea.
იოანის მეტაქსასი1940 წლის 28 ოქტომბრის ღამის 3 საათზე მეტაქსასი საბერძნეთში იტალიის ელჩმა ემანუელე გრაციმ გააღვიძა და იტალიის ულტიმატუმი წაუყენა, რომლის ვადაც 3 საათში - იმავე დილის 6 საათზე იწურებოდა და რომლის ძალითაც იტალურ ჯარებს საბერძნეთის ტერიტორიის გავლით გარკვეულ სტრატეგიულ პუნქტებამდე უნდა მიეღწიათ. საბერძნეთის ჯარებს მათთვის არავითარი წინააღმდეგობა არ უნდა გაეწიათ. ეს დოკუმენტი ბერძნებს აღარავითარ არჩევანს აღარ უტოვებდა: ან მისი პირობები უნდა მიეღოთ, ანდა იტალიური ინტერვენცია დაიწყებოდა.
ბერძენთა ეროვნული სიამაყე იდეოლოგიურ ნათესაობაზე გაცილებით მაღალი აღმოჩნდა - მეტაქსასმა ულტიმატუმი უარყო, ხოლო იმავე 28 ოქტომბრის დილიდან მთელი საბერძნეთი ქუჩაში გამოვიდა "ოხი"-ს (Οχι - არა) შეძახილებით (მოგვიანებით მთელი მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ბერძნული თემები და დიასპორები 28 ოქტომბერს საგანგებოდ აღნიოშნავდნენ, 1942 წლიდან ეს დღე "ოხის დღე" გახდა, ომის შემდეგ კი 28 ოქტომბერი საბერძნეთის ოფიციალურ დღესასწაულად იქცა. "ოხის წლისთავი" (Επέτειος του «'Οχι») დღემდე აღინიშნება): დილის 6 საათიდან საბერძნეთი და იტალია საომარ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, თუმცა ზოგიერთმა იტალიურმა ნაწილმა მოქმედება ნახევარი საათით ადრეც კი დაიწყო.
ომის დასაწყისისათვის ალბანეთში იტალიის დაჯგუფება 9-ე არმიად გარდაიქმნა, რომელიც 7 ქვეით და 1 სატანკო დივიზიას ითვლიდა. სულ დაახლოებით 200 ათასი მებრძოლი, 250 ტანკი, 700 ქვემეხი, 400 თვითმფრინავი. ალბანეთის საზღვარზე საბერძნეთს, გარდა სასაზღვრო ნაწილებისა, გენერალ ალექსანდროს პაპაგოსის ეპირის არმიის 2 ქვეითი დივიზია და 2 ბრიგადა ჰყავდა: 27 ათასი მებრძოლი, 20 ტანკი, 70 ქვემეხი, 36 თვითმფრინავი.
ალექსანდროს პაპაგოსიიტალიელთა მთავარსარდალი გენერალი ვისკონტი პრასკა იმდენად იყო დარწმუნებული, რომ ინიციატივა მტკიცედ იყო მის ხელში, რომ მოწინააღმდეგის ანგარიშში ჩაგდებას საერთოდ არ თვლიდა საჭიროდ. მან იცოდა, რომ ომამდელი ბერძნული პოლიტიკა მთლიანად იყო მომართული პროვოკაციების თავიდან არიდებისკენ, რაშიც მას ასე მქუხარედ ადანაშაულებდა დუჩე და რის გამოც ბერძნებმა მობილიზაციაც კი არ ჩაატარეს. რაკი საბერძნეთის ზოგადი ეკონომიკურ-გეოგრაფიული პირობები - სუსტად განვითარებული საგზაო ქსელი, დიდ ტერიტორიაზე გაფანტული მოსახლეობა, მთაგორიანი ადგილმდებარეობა - მკვეთრად აუარესებდა ქვეყნის სამობილიზაციო შესაძლებლობებს, ვისკონტი პრასკა დარწმუნებული იყო, რომ კამპანიას მანამ მოიგებდა, სანამ მოწინააღმდეგე ძალებს მოიკრებდა. მართლაც: სულ 16 დივიზიისაგან შემდგარი საბერძნეთის არმიის 12-მა დივიზიამ მობილიზაციის ბრძანება მხოლოდ იტალიური ინტერვენციის დაწყების შემდეგ მიიღო.
ვისკონტი პრასკამ საბერძნეთში შეჭრის სამი მიმართულება დაგეგმა. საბერძნეთის, ალბანეთისა და იუგოსლავიის საზღვრების შეერთების ადგილიდან უშუალოდ სამხრეთით დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ ორიენტირებული კორიცა-ფლორინა-სალონიკის გზა გადიოდა. სამხრეთით ალბანეთისა და საბერძნეთის გავლით გადიოდა ლონე-ფრაშეი-ვიიოსეს ველი-მეტსოვონის გზა, რომელიც ნაკლები მნიშვნელობისა იყო და რთულად სავალ, მთაგორიან ადგილმდებარეობაზე გადიოდა. მესამე მიმართულება - კიდევ სამხრეთით - ადრიატიკის ზღვის სანაპირო იყო, რომელიც შედრებით სწორი რელიეფით გამოირჩეოდა.

ვისკონტი პრასკამ ჩათვალა, რომ ბერძნები მხოლოდ თავდაცვით ტაქტიკას მიმართავდნენ და ფლორინის მიმართულებაზე უმნიშვნელო ძალები დატოვა, ძირითადი დარტყმა კი მთაგორიან ცენტრალურ მიმართულებაზე დაგეგმა. მიუხედავად ამისა სამხრეთის, ზღვისპირა მიმართულებაზე იტალიელთა ყველაზე მრავალრიცხოვანი დაჯგუფება ამოქმედდა, თუმცა ეს მიმართულება ცენტრალურთან შედარებით წინანდებურად მეორეხარისხოვნად ითვლებოდა.
იტალიელთა შეტევამ თავიდანვე ვერ აკრიფა რამდენადმე მაინც მნიშვნელოვანი ტემპი, თუმცა კი საბრძოლო მოქმედებების პირველი 2 დღის განმავლობაში ზღვისპირა დაჯგუფებამ სანაპირო გზისა და იოანინასაკენ მიმავალი პარალელური გზის გაყოლებით დაახლოებით 10 კილომეტრით წაიწია წინ. 2 ნოემბერს ცენტრალურ მიმართულებაზე მოქმედი 3-ე იტალიური დამრტყმელი დივიზია "ჯულიას" შეტევა ბერძნებმა შეაჩერეს, მუხედავად იტალიელთა დაჟინებული მცდელობისა, ამ უბანზე წარმატებისთვის მიეღწიათ. ამ დროისათვის ზღვისპირა მიმართულებაზე ნელი წინსვლა კიდევ აღინიშნებოდა, თუმცა უფრო ჩრდილოეთით იტალიელები უკვე თვალნათლივ რწმუნდებოდნენ, რაოდენ სერიოზულად ვერ შეაფასეს მოწინააღმდეგე.
გენერალ პაპაგოსს მშვენივრად ესმოდა ჩრდილოეთ სექტორის დაცვის მთელი მნიშვნელობა. ფლორინასთან გაჭრით იტალიელებს სწრაფად შეეძლოთ სალონიკისკენ წაწევა, რითაც დანარჩენ საბერძნეთს მოწყვეტდნენ დასავლეთ თრაკიის პროვინციებს და იმ 5 დივიზიას, რომელთა მობილიზაციაც სალონიკის რაიონში მიმდინარეობდა. როდესაც ცხადი გახდა, რომ ჩრდილოეთის მიმართულება იტალიელთათვის მთავარ მიმართულებას არ წარმოადგენდა, პაპაგოსი დაელოდა, სანამ სალონიკის დივიზიებმა მობილიზაცია არ დაასრულეს და ისინი ალბანეთის საზღვრის მიმართულებით დაძრა, რითაც საბერძნეთის მთელი აღმოსავლეთი ნაწილი გააშიშვლა. თუნდაც იმ მომენტის უგულებელყოფით, რომ გერმანული ჯარები ჯერ კიდევ არ იმყოფებოდნენ იუგოსლავიისა და ბულგარეთის ტერიტორიებზე და ჯერ არ იყო საუბარი ვერმახტის საბერძნეთში შეჭრაზე, პაპაგოსის ეს ნაბიჯი მაინც დიდად სარისკო ჩანს, რადგან ბულგარეთს საბერძნეთის ტერიტორიის სწორედ ამ ნაწილზე ჰქონდა პრეტენზია და დასავლეთ თრაკიის უჯაროდ დატოვება საკმაოდ დიდ გაბედულებას მოითხოვდა.
1940 წლის 2 ნოემბერს ბერძნულმა ჯარებმა მოწინააღმდეგეს შეუტიეს და ხელთ იგდეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტი - პისოდერის მთა, რომელიც ალბანეთის ტერიტორიაზე, საზღვრიდან დაახლოებით 5,5 კმ-ში მდებარეობს და ერთ-ერთია იმ მაღლობებს შორის, რომელიც ქალაქ კორიცას არტყია გარს. ამ უბანზე პაპაგოსმა სალონიკის დივიზიების გადმოსროლით რიცხობრივ უპირატესობას მიაღწია და იტალიელები გამალებით შეუდგნენ ჩრდილოეთ სექტორში ჯარების გადმოსროლას ძალთა ბალანსის აღსადგენად. 5 ნოემბერს პაპაგოსის ტაქტიკური გეგმა აშკარა გახდა - მისმა ჯარებმა კორიცადან ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით მიმავალი მთავარი გზა გადაჭრეს. იმავე დღეს ბერძნულმა არტილერიამ ქალაქის დაბომბვა დაიწყო.
ამის ერთდროულად ფრონტის ცენტრალურ უბანზე ბერძნებმა, რომლებსაც აქ საწყის ეტაპზე მხოლოდ 1 დივიზია ჰყავდათ, იტალიელთა შეტევა საბოლოოდ შეაჩერეს. 4 ნოემბრისათვის ბერძნებმა შევსება მიიღეს, ხოლო 5 ნოემბერს დატოვეს პოზიციები ველზე, სადაც იტალიელთა ტექნიკური და საცეცხლე უპირატესობა მეტისმეტად მკვეთრი იყო, ფარულად, მცირე, თუმცა მრავალრიცხოვან ჯგუფებად გააღწიეს მოწინააღმდეგის განლაგების მიღმა და პრაქტიკულად მთლიანად მოაქციეს ალყაში იტალიელთა 3-ე დივიზია "ჯულია". საბრძოლო მოქმედებები 1 500 მეტრამდე სიმაღლეზე მიმდინარეობდა და ამ პირობებში, ზამთრის პირზე, მკაცრ კლიმატურ პირობებში ბერძენ ჯარისკაცთა და ოფიცერთა ფიზიკური და საბრძოლო მომზადება, ადგილმდებარეობის ცოდნა, პატრიოტიზმი და თავგანწირვა გაცილებით უფრო ეფექტური და შედეგიანი აღმოჩნდა, ვიდრე - იტალიელთა ტექნიკური და საცეცხლე უპირატესობა. მომდევნო 4 დღის განმავლობაში იტალიელები უშედეგოდ ცდილობდნენ გარემოცვის გარღვევას. მხოლოდ ამ ბრძოლების შედეგად ბერძნებმა მოწინააღმდეგის 5 000-მდე მებრძოლის დაატყვევეს, იტალიელთა საერთო დანაკარგებმა კი 20 ათას კაცს მიაღწია. ამ კატასტროფის გამო ვისკონტი პრასკა თანამდებობიდან მოხსნეს და მისი ადგილი გენერალმა უბალდო სოდუმ დაიკავა.
უბალდო სოდუამასობაში ზღვისპირა უბანზე იტალიელები ნელ წინსვლას განაგრძობდნენ. 8 ნეომბერს ისინი მდინარე აქერონის ველთან გავიდნენ, თუმცა ბერძენთა წარმატებები ფრონტის ცენტრალურ უანზე იტალიელთა ასეთ დისპოზიციას საკმაოდ სახიფათოდ აქცევდა. ამიტომ 13 ნოემბრიდან სოდუმ ამ უაბნზე უკანდახევა დაიწყო. ამავე 13 ნოემბერს ბერძნებს პირველი ალბანელი ჯარისკაცები დანებდნენ, რომლებიც მზად იყვნენ, თავიანთი იტალიელი "მეგობრების" წინააღმდეგ იარაღით ხელში ებრძოლათ - ესენი პირველები იყვნენ იმ ალბანური ლეგიონიდან, რომელიც მოგვიანებით ბერძენთა მხარეს იბრძოდა.
14 ნოემბერს ფრონტის ცენტრალურ უბანზე დაწოლის შესუსტების გარეშე ბერძნებმა კორიცის ჩრდილო-დასავლეთით ახალი პოზიციები იგდეს ხელთ. ზოგიერთმა ქვეგანაყოფმა ალბანეთის საზღვარი გადალახა. ბერძენთა ეს წინსვლა არა მხოლოდ ზღვისპირა უბანზე შემტევ იტალიელთათვის იყო სახიფათო, არამედ კორიციდან დასავლეთის მიმართულებით მიმავალ კიდევ ერთ გზას უქმნიდა საფრთხეს. 16 ნოემბერს იტალიელებმა კორიცის სამხრეთ-დასავლეთით არსებული პოზიციები დატოვეს, თუმცა თავად ქალაქში მთების გავლით გადაისროლეს შევსება, მაგრამ მეორე დღეს ბერძნებმა კორიცასა და იტალიური ზურგის დამაკავშირებელი უკანასკნელი გზაც გადაჭრეს.
კორიცაში გარემოცული იტალიური ნაწილები საკუთარ ზურგთან კავშირს მხოლოდ მთის ბილიკებით ახერხებდნენ, რომლებზეც მხოლოდ ცხენებს, ვირებს, ჯორებს და ქვეითად მოსიარულე ადამიანებს შეეძლოთ მოძრაობა, იტალიელთა მსხვილი ზღვისპირა დაჯგუფება კი გარემოცვისა და ზღვასთან მიმწყვდევის აშკარა საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა და იძულებული გახდა, უკან დაეხია. სწორედ ამ უკანდახევისას მიაყენეს ბერძნებმა მას ამ ომის განმავლობაში ყველაზე ძლიერი და გამანადგურებელი დარტყმა. იტალიელთა თავდაცვითი პოზიციები პრაქტიკულად დაუყოვნებლივ გაირღვა და მთელი დაჯგუფება, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, გაიქცა. ბერძნები მათ კარგა ხანს მისდევდნენ მთელი დასავლეთ სანაპიროს გასწვრივ, თითქმის ალბანურ ვლონემდე.
ამის პარალელურად დაიწყო ბერძენთა შეტევა უშუალოდ კორიცაზე და, მიუხედავად იტალიური 9-ე არმიის ნაწილების შეუპოვარი წინააღმდეგობისა, ქალაქი 22 ნოემბერს დაეცა. რაკი კორიცადან გამავალი ყველა გზა გადაჭრილი იყო და იტალიელებს უკანდასახევად არცერთი მიმართულება აღარ ჰქონდათ, ბერძენთა ხელში დიდი ოდენობის ტყვეები და სამხედრო ალაფი აღმოჩნდა.
ბერძნებს თანამედროვე იარაღი კატასტროფულად არ ყოფნიდათ. მათი არტილერიის უდიდესი ნაწილი ფრანგული და გერმანული წარმოებისა იყო და ისინი გამუდმებით განიცდიდნენ საბრძოლო მასალებისა და სათადარიგო ნაწილების უკმარისობას. კონფლიქტის შედარებით გვიანდელ სტადიებზე, როდესაც ბერძნებს უკვე ინგლისელები ეხმარებოდნენ შესაძლებლობების ფარგლებში, მათი შეიარაღების ფრანგული ნაწილისათვის საჭირო საბრძოლო და სათადარიგო მასალები ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩამოვიდა.
ბერძნებს საერთოდ არ ჰქონდათ ჰაერსაწინააღმდეგო და ტანკსაწინააღმდეგო იარაღი და აბსოლუტურად არანაირი სახით არ გააჩნდათ თანამედროვე ტრანსპორტი, ხოლო ბერძნული ავიაცია საერთო ჯამში დაახლოებით 160, ძირითადად მოძველებული კონსტრუქციის ფრანგულ და პოლონურ თვითმფრინავს ითვლიდა. მის წინააღმდეგ იტალიელებს 160-200 მხოლოდ გამანადგურებლის გამოყვანა შეეძლოთ, რომლებიც თავისი მონაცემებით მკვეთრად აღემატებოდნენ ყველაფერს, რაც კი ბერძნების განკარგულებაში იყო. გარდა ამისა, იტალიელებს ბერძნების წინააღმდეგ არანაკლებ 200 ბომბდამშენი ჰყავდათ.
მალე ბერძენთა შეტევა ჩაშლის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა სწორედ საბრძოლო მასალებისა და სათადარიგო ნაწილების უკმარისობის გამო. ამერიკიდან მოწოდებული ყველაფერი გაიხარჯა, ახლის გამოგზავნას კი 1941 წლის ბოლომდე სჭირდებოდა ლოდინი. ბრიტანული წარმოებისა ბერძენთა განკარულებაში არსებული იარაღისათვის არაფერი გამოდგებოდა და საბოლოოდ ბრიტანელებმა გადაწყვიტეს, ცუდად შეიარაღებული, თუმცა კარგად მეომარი მოკავშირისათვის ლიბიაში ნაალაფარი იტალიური იარაღი და ამუნიცია მიეწოდებინათ.
ბერძენთა წარმატებებში ყველაზე დიდი წვლილი ბრიტანულმა ავიაციამ შეიტანა. ნოემბრის დასაწყისში საბერძნეთში "ბლენჰეიმ-1"-ით შეიარაღებული 30-ე ესკადრილია ჩავიდა, რომლის ნახევარი თვითმფრინავები გამანადგურებლის სპეციფიკაციით იყო მომზადებული, ნახევარი კი - ბომბდამშენის სპეციფიკაციით. თვის ბოლოს საბერძნეთში "ბლენჰეიმების" კიდევ ორი და "გლადიატორების" ერთი ესკადრილია ჩავიდა.
ბერძნები შეტევას განაგრძობდნენ და მათ მერ ქალაქ პოგრადეცის დაკავებამ რომში პანიკა გამოიწვია. მუსოლინის ჩიანოს განუცხადა, რომ, როგორც ჩანს, გერმანიისათვის საბერძნეთთან ზავის გაფორმებაში დახმარების თხოვნის გარდა, სხვა გამოსავალი არ ჩანდა: ამ პერიოდისათვის გერმანიას ჯერ კიდევ ჰქონდა დიპლომატიური ურთიერთობები საბერძნეთთან. თუმცა რეალობაში თხოვნას ადგილი არ ჰქონია: ჰიტლერმა იტალიელებს თავის გეგმები გააცნო, რომელთა მიხედვითაც საბერძნეთში ბულგარეთიდან იგეგმებოდა შეჭრა და ურჩია, ყურადღების კონცენტრაცია ჩრდილო აფრიკასა და ბრიტანულ ხმელთაშუა ზღვის ფლოტზე მოეხდინა. დუჩესაც სხვა რა გამოსავალი ჰქონდა - დათანხმდა.
დაპოსტეთ, რომ გავაგრძელო
This post has been edited by Wanguard on 31 Jan 2014, 21:19