"ფოლგორეს" მომზადება 1942 წლის გაზაფხულისათვის მთლიანად დამთავრდა და შენაერთი სრულიად ბრძოლისუნარიანად ჩაითვალა. თავიდან იტალიელთა სარდლობა ამ ელიტარული შენაერთის გამოყენებას მალტის სადესანტო ოპერაციაში ფიქრობდა (ოპერაცია Esigenza C.3), რომელიც გერმანულ-იტალიური გეგმა "ჰერკულესის" შემადგენელი ნაწილი იყო და რომლის განხორციელებასაც 1942 წლის გაზაფხულის ბოლოს-ზაფხულის დასაწყისისათვის გეგმავდნენ. ამ გეგმის მიხედვით "ფოლგორეს" მალტაზე გადასხმა იტალიის არმიის 30-ე საარმიო კორპუსის პირველ ეშელონში იგეგმებოდა. 1942 წლის მარტში დივიზიას 3-ე საპარაშუტო პოლკიც შეუერთდა, თუმცა, ზოგადად, "ფოლგორეს" მალტაზე გადასხმა, ისევე, როგორც მთლიანად ოპერაცია "ჰერკულესი", არ შედგა - აფრიკაში ერვინ რომელის გამარჯვებებმა "ღერძის" ქვეყნების არმიათა სარდლობა დილემის წინაშე დააყენა: ან მალტაზე უნდა განეხორციელებინათ სადესანტო ოპერაცია, ანდა რომელს დახმარებოდნენ და მისი წარმატებები კიდევ უფრო განევითარებინათ. ორივე ოპერაციისათვის ძალები, უბრალოდ, არ კმაროდა. საბოლოოდ გერმანელებმა რომელის დახმარება გადაწყვიტეს და იტალიელებიც იძულებულნი გახდნენ, ამ გადაწყვეტილებას დამორჩილებოდნენ. 1942 წლის ივლისში პარაშუტისტთა დივიზია "ფოლგორე" 185-ე ქვეით დივიზია "ფოლგორედ" (Divisione di Fanteria "Folgore" ( 185a)) გარდაიქმნა (საპარაშუტო და საარტილერიო პოლკებიც შესაბამისად 185-ე, 186-ე და 187-ე ქვეით (185/186/187 Reggimento Fanteria "Folgore") და 185-ე საარტილერიო (185 Reggimento Artiglieria "Folgore") პოლკებად გარდაიქმნა) და აგვისტოში აფრიკაში იქნა გადასროლილი, რითაც ამ თეატრზე მოქმედ იტალიურ ძალებს მნიშვნელოვანი და საკმაოდ ბრძოლისუნარიანი და მოტივირებული შენაერთი დაემატა. თუმცა მას შემდეგ, რაც საიდუმლოების დაცვის მიზნით დივიზიის მებრძოლებს პარაშუტისტთა დანაკერებისა და ემბლემების ტარება აეკრძალათ, ხოლო მთელი საპარაშუტო აღჭურვილობა ჩამოერთათ, დასაწყობდა და იტალიაში გაიგზავნა, "ფოლგორეს" პირადი შემადგენლობის განწყობა უკვე ვეღარ იყო ისეთი მაღალი - პარაშუტისტები მიხვდნენ, რომ ისინი ქვეითებად "ჩამოალაბორანტეს" და აღარავითარ განსაკუთრებულ და ელიტალულ შენაერთზე ლაპარაკი აღარ იყო.
აფრიკაში "ფოლგორე", რომელსაც გენერალი ენრიკო ფრატინი მეთაურობდა, ორგანიზაციულად 10-ე იტალიურ კორპუსში ჩართეს, თუმცა ფაქტიურად 20-ე კორპუსის ჯავშანსატანკო ქვეგანაყოფებს დაუნაწილეს თანმხლები ქვეითი ნაწილების სახით.
გენერალი ენრიკო ფრატინი30-დან 31 აგვისტოს ღამეს დაწყებული გერმანულ-იტალიური შეტევის მიზანი ფრონტის მარცხენა ფრთაზე ბრიტანელთა თავდაცვის გარღვევა და ალამ-ჰალფის ქედისკენ წინწაწევა იყო, რომელიც ბრიტანელთა 8-ე არმიის ზურგში ძირითადი პოზიცია იყო და რომლის დაკავებაც მთლიანად ბრძოლის ბედს წყვეტდა. ბრიტანელთა მტკიცე თავდაცვამ, მათი ავიაციის ჰაერში ბატონობამ და საწვავის უკმარისობამ მოკავშირეებს ამ განზრახვის განხორციელების საშუალება არ მისცა. უკვე 2 სექტემბრის დილას რომელი იძულებული გახდა, უკანდახევის ბრძანება გაეცა. მძიმე დანაკარგების ფასად იტალიურ-გერმანულმა ნაწილებმა შეძლეს ფრონტის სამხრეთ უბანზე ბრიტანული დანაღმული ველების დაკავება და შენარჩუნება. ამ ბრძოლაში ყოფილი პარაშუტისტები ბრძოლებს ცვალებადი წარმატებით აწარმოებდნენ და საკმაოდ ზომიერი დანაკარგებიც განიცადეს (დაახლოებით 100 კაცი).
ალამ-ჰალფთან დამარცხების შემდეგ ინიციატივა ბრიტანელთა ხელში აღმოჩნდა და "ღერძის" მოკავშირეები იძულებულნი გახდნენ, თავდაცვაზე გადასულიყვნენ. "ფოლგორემ" პოზიციები ფრონტის უკიდურეს სამხრეთ უბანზე დაიკავა - კატარის ღრმულიდან დეირ-ალინდამდე (დაახლოებით 15 კმ). ამ დროისათვის დივიზიის ორგანიზაციაში ცვლილებები მოხდა: 185-ე პოლკი იტალიაში გაეიგზავნა და მისი შემდგენლობიდან 2 ბატალიონი 187-ე პოლკს გადაეცა (მოგვიანებით 185-ე პოლკს სახელი გადაერქვა, "ნემბო" (Nembo-ღრუბელი) ეწოდა და მის ბაზაზე ამავე სახელწოდების პარაშუტისტთა დივიზია ჩამოყალიბდა).
1942 წლის სექტემბრის ბოლოს, ოპერაცია "ლაითფუტის" მომზადების პროცესში, ბრიტანელებმა დეირ-ელ-მუნასიბის რაიონში წამოიწყეს შეტევა. ამ ოპერაციის მიზანი არტილერიისათვის დამატებითი პოზიციების მოპოვება და ფრონტის სამხრეთ უბანზე გერმანულ-იტალიური სარდლობის ყურადღების გადმოტანა იყო. 30 სექტემბრის სისხამ დილით შეტევაზე ბრიტანელთა 44-ე ქვეითი დივიზიის 131-ე ქვეითი ბრიგადა გადავიდა. ამ ბრიგადის 1-ლი ბატალიონის 6-ე და 7-ე ასეულებს საგრძნობი წინააღმდეგობა არ შეხვედრიათ, თუმცა 5-ე ასეულის შეტევა სწორედ იმ უბანზე დაიწყო, რომელსაც "ფოლგორეს" 187-ე პოლკის 9-ე ბატალიონი და გერმანელ პარაშუტისტთა ბრიგადის ქვეგანაყოფები იცავდნენ. ინგლისელებმა მძიმე დანაკარგები განიცადეს და უკან დაიხიეს. განმეორებითი შეტევის მზადება, რომელიც იმავე საღამოს იგეგმებოდა, მეტისმეტად გაიწელა და 1 ოქტომბერს ბრიტანელთა 13-ე კორპუსის სარდალმა გენერალმა ბრაიან ჰოროკსმა ოპერაციის შეწყვეტის ბრძანება გასცა.
გენერალი ბრაიან ჰოროკსი1942 წლის 23 ოქტომბრის ბრიტანელთა დიდი შეტევის დაწყებამდე "ფოლგორეს" ქვეგანაყოფებმა მტრის ზურგში რამდენიმე რეიდი მოაწყვეს როგორც ტყვეების, ასევე სასმელი წყლის, სურსათისა და საწვავის მოსაპოვებლად. იტალიელბმა ბრიტანელთა რმდენიმე ტანკსაწინააღმდეგო ქვემეხიც კი იგდეს ხელთ.
ელ-ალამეინთან ბრძოლის დაწყებამდე "ფოლგორეს" ნაწილების განლაგება შემდეგნაირი იყო:
- საბრძოლო ჯგუფი "ბეჩი" (187-ე პოლკის 2-ე და 4-ე ბატალიონები): პოზიციები მარცხენა ფლანგზე დეირ-ელ-მუნასიბის რაიონში; მეზობელი ჩრდილოეთით - გერმანელ პარაშუტისტთა ბრიგადა "რამკეს" ბატალიონი "ჰუბნერი".
- საბრძოლო ჯგუფი "რუსპოლი" (მესანგრეთა 8-ე ბატალიონი და 186-ე პოლკის 7-ე ბატალიონი): თავდაცვის ცენტრალური უბანი.
- საბრძოლო ჯგუფი "ტანტილო" (186-ე პოლკის 5-ე და 6-ე ბატალიონები): მარჯვენა ფლანგით კატარის ღრმულს ებჯინებოდა.
- საბრძოლო ჯგუფი "კამოზო" (187-ე პოლკის 9-ე და 10-ე ბატალიონები. 10-ე ბატალიონი არასრულად იყო დაკომპლექტებული, ალამ-ჰალაფის ბრძოლებისას ის 9-ე ბატალიონს შეუერთეს).
- 185-ე საარტილერიო პოლკის ქვეგანაყოფები ჯგუფებს შორის იყო განაწილებული.
დივიზია დამატებით გააძლიერეს მესანგრეთა 31-ე ბატალიონით.
თავდამცველთა საერთო რაოდენობა დაახლოებით 4 500 კაცს შეადგენდა, რომელთაგან 3 500 პარაშუტისტი იყო, რომელთაც დაახლოებით 80 ქვემეხი და რამდენიმე ტანკი ჰყავდათ.
1942 წლის 23 ოქტომბრის საღამოს ელ-ალამეინთან ბრიტანელთა შეტევა - ოპერაცია "ლაითფუტი" დაიწყო. "ფოლგორეს" წინააღმდეგ მოქმედი 13-ე ბრიტანული კორპუსის ზოლში საარტილერიო მომზადება 21:25-ზე დაიწყო. მომდევნო 30 წუთის განმავლობაში ბრიტანელთა 136 ქვემეხი განუწყვეტელ ცეცხლს აწარმოებდა, ხოლო ზუსტად 22 საათზე შეტევაზე დაიძრნენ "უდაბნოს ვირთხები" - სახელგანთქმული ბრიტანული 7-ე ჯავშანსატანკო დივიზია. საწისი გეგმის თანახმად მათ "იანვრისა" და "თებერვლის" დანაღმული ველები უნდა გადაელახათ და 24 ოქტომბრის ბოლოსათვის იტალიელთა პოზიციები უნდა გაერღვიათ. ბრიტანელთა ძირითადი დარტყმა "რუსპოლის" უბანზე წარმოებდა.
ინგლისელებმა "იანვრის" დანაღმულ ველებზე გასასვლელების მოწყობა და "ფოლგორეს" მოწინავე ნაწილების უკუგდება შეძლეს, თუმცა "თებერვლის" ველების წინ შემტევი მხარე იტალიელთა გააფთრებულ წინააღმდეგობას წააწყდა. დილის 5 საათისათვის, დიდი დანაკარგების ფასად (დაახლოებით 200 კაცი 22-ე ჯავშანსატანკო ბრიგადაში) ბრიტანელებმა ოთხიდან მხოლოდ ორი გასასვლელის მოწყობა და მცირე პლაცდარმის ხელში ჩაგდება მოახერხეს - წინსვლის ყოველი მომდევნო მცდელობა წარუმატებლად მთავრდებოდა. 9-ე და 4-ე იტალიური ბატალიონების შეპირაპირების ადგილას წამოწყებული ბრიტანული შეტევაც ინგლისელთა დიდი დანაკარგებით (დაახლოებით 180 კაცი 7-ე ჯავშანსატანკო დივიზიის 1-ლი ბატალიონიდან) და უშედეგოდ დასრულდა.
ფრონტის სამხრეთ უბანზე "მებრძოლი საფრანგეთის" 1-ლმა ბრიგადამ, კვამლის ფარდის დაყენების შემდეგ, ღამის სამის ნახევარზე "ფოლგორეს" 5-ე ბატალიონს შეუტია. ფრანგების წინაშე იტალიელთა წინააღმდეგობის გატეხვისა და მათ ზურგში გასვლის ამოცანა იდგა, თუმცა შემტევმა მხარემ მხოლოდ 5-ე ბატალიონის განლაგებაში ჩაკვეხება შეძლო. პარაშუტისტებმა გაბედული კონტრშეტევა წამოიწყეს და ფრანგები საწყის პოზიციებზე უკუაგდეს.
24 ოქტომბრის დღის ბოლოსათვის ცხადი გახდა, რომ ბრიტანელთა 13-ე კორპუსის ჯარებმა "ფოლგორეს" წინააღმდეგობა ვერ გატეხეს. იტალიური დივიზიის პირადი შემადგენლობა მედგრად იცავდა პოზიციებს და შესანიშნავი სიმტკიცე და საბრძოლო გაწვრთნილობა გამოავლინა. პარაშუტისტები აქტიურად იყენებდნენ ე.წ. "ჩიხის ტაქტიკას", როდესაც მოწინააღმდეგეს ცეცხლოვან ტომარაში იტყუებდნენ და შემდეგ ყველა მიმართულებიდან უტევდნენ, ტანკებს კი ტანკსაწინააღმდეგო ქვემეხებით, ხელყუბარებითა და ცეცხლგამჩენი ბოთლებით ანადგურებდნენ.
24-25 ოქტომბრის ღამეს ბრიტანელებმა კიდევ ერთხელ სცადეს გარღვევა, ამჯერად - 7-ე ბატალიონის უბანზე. 44-ე დივიზიის 131-ე ბრიგადის ორმა ბატალიონმა დანაღმული ველი გადალახა, თუმცა ისინი მაშინვე მიაკრა მიწას იტალიელთა ცეცხლმა. მომზადდა ორი გასასვლელი დანაღმულ ველზე, თუმცა, როგორც კი 22-ე ჯავშანსატანკო ბრიგადამ მათზე დაიწყო მოძრაობა, მისი ტანკები ასევე დამღუპველი ცეცხლის ქვეშ აღმოჩნდნენ. ბრიგადამ 31 ტანკი დაკარგა და იძულებული გახდა, საწყის პოზიციებს დაბრუნებოდა.
25 ოქტომბრის დილით დეირ-ელ-მუნასიბის რაიონში ბრიტანელთა 4-ე მსუბუქმა ჯავშანსატანკო ბრიგადამ "ფოლგორეს" 187-ე პოლკის 4-ე ბატალიონის პოზიციებს შეუტია, თუმცა - ისევ უშედეგოდ (4-ე ბრიგადამ დაახლოებით 22 ტანკი დაკარგა). 25 ოქტომბრის საღამოსათვის 13-ე ბრიტანული კორპუსის დანაკარგებმა 1 000 კაცსა და 120 ტანკს გადააჭარბა.უმძიმესი დანაკარგები განიცადეს იტალიელებმაც, თუმცა ისინი ვერც ბრიტანული ავიაციის ჰაერში ბატონობამ და ვერც 13-ე კორპუსის შენაერთთა (44-ე და 50-ე ქვეითი და 7-ე ჯავშანსატანკო დივიზიები, ბერძნული ბრიგადა და ბრიგადა "თავისუფალი საფრანგეთი") რიცხობრივმა უპირატესობამ ვერ გატეხა.

23 ოქტომბერი
24 ოქტომბერი
25 ოქტომბერი
26 ოქტომბერიბრიტანელთა ახალი შეტევა - ოპერაცია "სუპერჩარჯი" - 1942 წლის 2 ნოემბერს დაიწყო. მისი ძირითადი მოვლენები ფრონტის ჩრდილოეთ უბანზე განვითარდა, სადაც ბრიტანელებმა გერმანელ-იტალიელთა თავდაცვითი ფრონტი გაარღვიეს და, თავდაცვის საერთო ნგრევის საფრთხის გამო, რომელმა ყველა გერმანულ მობილურ ნაწილს დასავლეთისაკენ სწრაფი უკანდახევა უბრძანა. ამგვარად, მთავარსარდალმა ბედის ანაბარად მიატოვა სამხრეთის ფრთაზე გმირულად მებრძოლი მედგარი იტალიური ნაწილები.
6 ნოემბერს "ფოლგორეს" უკანასკნელმა ორგანიზებულმა ჯგუფმა, რომელსაც პოლკოვნიკი კამოზო და მაიორი ზანინოვიჩი მეთაურობდნენ, წინააღმდეგობა შეწყვიტა. ტყვეობაში აღმოჩნდა დივიზიის მეთაური გენერალი ფრატინიც. მთელი დივიზიიდან ცოცხალი 32 ოფიცერი და 272 ჯარისკაცი გადარჩა. "ფოლგორეს" ცალკეული ჯგუფები 11 ნოემბრამდე განაგრძობდნენ ბრძოლას.
იმ პარაშუტისტებს, რომლებმაც გარემოცვიდან გამოაღწიეს, ცალკეულ 285-ე საპარაშუტო-საიერიშო ბატალიონ "ფოლგორეში" მოუყარეს თავი, რომლის ოთხი ასეულიც დივიზია "ტრიესტეს" 66-ე ქვეით პოლკს გადასცეს, ერთი ასეული კი - 4-ე გრენადერულ ბატალიონს. ბატალიონი "ფოლგორე" აფრიკაში "მარეტის ხაზზე", ვადი-აკარიტთან, ენფიდავილსა და ტაკრუნასთან იბრძოდა.
დივიზია "ფოლგორეს" დაღუპვიდან მცირე ხანში იტალიელები მის აღდგენას შეეცადნენ, თუმცა 1943 წლის სექტემბრამდე შენაერთის სათანადო დონეზე დაკომპლექტება ვერაფრით მოხერხდა. იტალიის ორ მოქიშპე ბანაკად გაყოფის შემდეგ მეფის ერთგულად დარჩენილი პარაშუტისტებისაგან 1944 წელს საბრძოლო ჯგუფი "ფოლგორე" (Gruppo di Combattimento "Folgore") ჩამოყალიბდა. ჯგუფი ორი საპარაშუტო და ერთი საარტილერიო პოლკისაგან, საინჟინრო ბატალიონისა და კარაბინერთა ორი სექციისაგან შედგებოდა. საერთო რაოდენობა - 400 ოფიცერი და 9 000 დაბალი ჩინი. პირდაპირი დანიშნულებით ეს ჯგუფი არასდროს გამოუყენებიათ - ისინი ან ქვეითი ნაწილების სახით იბრძოდნენ, ანდა მოკავშირეთა საპარაშუტო-სადესანტო მობილური რეზერვის შემადგენლობაში ირიცხებოდნენ.
იმ პარაშუტისტებისაგან, რომლებმაც მუსოლინისა და იტალიის სოციალურ რესპუბლიკას შეჰფიცეს, 1943 წლის ბოლოს ელიტარული საპარაშუტო პოლკი "ფოლგორე" ჩამოყალიბდა. ეს პოლკი, ასევე ძველი "ფოლგორესა" და პარაშუტისტთა დივიზია "ნემბოს" ცალკეული ნაწილები გერმანელ პარაშუტისტთა 4-ე დივიზიის შემადგენლობაში ჩართეს და ყველანი იტალიის ჩრდილოეთში იბრძოდნენ.
სიკვდილს ყველა ვიმსახურებთ. საქმე ისაა, როდის და როგორ.
Now I want you to remember that no bastard ever won a war by dying for his country. He won it by making the other poor dumb bastard die for his country. - George Smith Patton Jr.