ჯორჯ მარშალი1880 წლის 31 დეკემბერს ჯორჯ-კეტლეტ მარშალისა და ლაურა-ემილიას (ქალიშვილობაში - ბედფორდი) ოჯახში მეორე ვაჟიშვილი დაიბადა. ბიჭს ზუსტად ისეთივე სახელი დაარქვეს, როგორიც - მამას და მთელი ცხოვრების განმავლობაში მას ჯორჯ-კეტლეტ მარშალ-უმცროსს ეძახდნენ. ბიჭი პენსილვანიის შტატის მეშახტეთა ქალაქ იუნიონთაუნში დაიბადა, თუმცა მამაც და დედაც წარმოშობით ვირჯინიიდან იყვნენ, ორივეს გვარი ამ შტატის ერთ-ერთ ყველაზე ადრინდელ ახალმოსახლეთა შტოს ეკუთვნოდა და, შესაბამისად, "პატივცემულ სამხრეთელ ჯენტლმენებად" ითვლებოდნენ, მით უმეტეს, რომ მათი შორეული ნათესავი - ჯონ მარშალი ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარე იყო (რიგით მესამე). თუმცა ჯონ მარშალი თავისი სახელოვანი შვილიშვილის დაბადებამდე გარდაიცვალა.
კომპანია, რომელსაც უფროსი ჯორჯ მარშალი ფლობდა, ქვანახშირით საშუამავლო ვაჭრობას ეწეოდა - ყიდულობდა იუნიუონთაუნსა და მის მიდამოებში არსებული შახტებიდან და აწვდიდა საბოლოო მომხმარებელს. რასაკვირველია, მარშალის ოჯახის იმდროინდელ ფინანსურ მაგნატებთან მიკუთვნება არაკორექტული იქნება, რადგან იგი არცერთ საწარმოს არ ფლობდა, თუმცა ბიზნესი საკმაოდ წარმატებულად და სტაბილურად ვითარდებოდა: ოჯახი იმდროინდელი ამერიკის საშუალო კლასის უმაღლეს ფენას განეკუთვნებოდა.
ჯორჯ მარშალ-უმცროსი მშობლიური ქალაქის დაწყებით და საშუალო სკოლებში სწავლობდა. იყო თავშეკავებული, სერიოზული ყმაწვილი, გამოირჩეოდა ლიდერის თვისებებით, ყველა საგანს კარგდ სწავლობდა. 1897 წელს მან საშუალო განათლების ატესტატი მიიღო და უკვე პროფესიის, უფრო ფართო გაგებით კი - ცხოვრების გზის არჩევის საკითხი დადგა. მამა დაჟინებით მოითხოვდა, რომ უმცროსი ჯორჯი ჰარვარდში ან რომელიმე სხვა წამყვან ამერიკულ უნივერსიტეტში წასულიყო სასწავლებლად იურიდიულ ან ეკონომიკურ ფაკულტეტებზე, რათა დროთა განმავლობაში ოჯახურ ბიზნესს ჩადგომოდა სათავეში: უფროსი ჯორჯ მარშალი სწორედ უმცროსს ხედავდა ამ საქმისათვის ზედგამოჭრილად და არა - უფროს ვაჟიშვილს, რომელსაც, ლოგიკის მიხედვით, ოჯახური ბიზნესი მემკვიდრეობით უნდა მიეღო. სწორედ ამ დროს გამოირკვა უეცრად, რომ უმცროს ჯორჯს სრულიად სხვა გეგმები ჰქონდა - მან სამხედრო პირად გახდომა გადაწყვიტა, თუმცა 19-ე საუკუნის ამერიკაში, ევროპის უმეტესი ქვეყნებისაგან განსხვავებით, სამხედრო სამსახური სულაც არ ითვლებოდა პრესტიჟულად.
ოჯახში კონფლიქტი წარმოიშვა. მამა ჯორჯს არწმუნებდა, რომ "მხოლოდ მეტი არაფრისათვის ვარგის იდიოტს შეუძლია აირჩიოს კარიერა, როდესაც მას ზღვის გაღმა, ჯუნგლებში გაგზავნიან, სადაც ნახევრადშიშველი ველური მას შუბით ან ისრით მოუღებს ბოლოს". თუ მოვლენებს წინ გავუსწრებთ, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ სამხედრო სასწავლებლის დამთავრებისა და პირველი წოდების მიღების შემდეგ ჯორჯ მარშალ-უმცროსი მართლაც ფილიპინებზე მყოფ ამერიკულ საოკუპაციო კორპუსში გაგზავნეს, სადაც აჯანყებულთა წინააღმდეგ მართლაც მოუხდა ბრძოლა ჯუნგლებში. თუმცა მამამისი მხოლოდ ნაწილობრივ აღმოჩნდა მართალი - უმცროს ჯორჯს ბოლო ვერავინაც ვერ მოუღო.
კადეტი ჯორჯ მარშალი1897 წელს ჯორჯ მარშალ-უმცროსი ქალაქ ლექსინგტონში, ვირჯინიის სამხედრო სკოლაში მოეწყო. საკვირველია, თუ რატომ არ სცადა ბედი მან ბევრად უფრო პრესტიჟულ ვესტ-პოინტში, თუმცა ჯორჯ მარშალი თავისი სასწავლებლით სრულიად კმაყოფილი იყო: "რაც კი ვისწავლე ვირჯინიის სამხედრო სკოლაში ეს თვითკონტროლი და დისციპლინაა, რაც ჩემთვის ფუძემდებლური ღირებულებები გახდა. იქ ასევე ადამიანთა ხელმძღვანელობას ვსწავლობდი" - წერდა ის მრავალი წლის შემდეგ. სამხედრო სკოლაში ჯორჯ მარშალი "ვარსკვლავი" იყო: ფეხბურთის ნაკრების ნახევარმცველი, კურსის ზემდეგი, სწავლის ბოლო წელს კი - სასწავლებლის ყველა კადეტის "პირველი კაპიტანი". ყველა სამხედრო დისციპლინაში მას უმაღლესი შეფასებები ჰქონდა, ზოგადსაგანმანათლებლოებში კი - საშუალო.
სწავლის დასრულების შემდეგ ჯორჯ მარშალს სამსახურისთვის არც კავალერია აურჩევია, რომელიც იმ დროს ჯარების არისტოკრატიულ გვარეობად ითვლებოდა და არც არტილერია, "რომელსაც მომავალი ეკუთვნოდა", როგორც 20-ე საუკუნის გარიჟრაჟზე ამას ბევრი თვლიდა. მარშალმა ქვეითი ჯარი აირჩია, რომელიც, მისი აზრით, "ნებისმიერი არმიის ხერხემალი იყო".
1902 წლის თებერვალში ჯორჯ მარშალმა მეორე ლეიტენანტის წოდება მიიღო, ლექსინგტონელ ელიზაბეტ კოულზე იქორწინა და ფილიპინებზე დისლოცირებულ 30-ე ქვეით პოლკში გაემგზავრა, სადაც 2 წელი იბრძოდა. შემდეგ მსახურობდა ოკლაჰომაში, კანზასში არმიის შტაბის კოლეჯში სწავლობდა, რომელიც მან 1908 წელს კურსზე პირველმა დაასრულა და პირველი ლეიტენანტის წოდებაც მიიღო, შემდეგ 4 წელიწადს ასწავლიდა სამხედრო-საინჟინრო სკოლაში, კვლავ მსახურობდა ნიუ-იორკში, არკანზასში, ტეხასში, კალიფორნიაში, იუტაში, იყო მასაჩუსეტსის შტატის ნაცონალური გვარდიის უფროსი სამხედრო ინსტრუქტორი...
პირველი ლეიტენანტი ჯორჯ მარშალი. 1908 წ.ჯორჯ მარშალის კარიერა მეტისმეტად ნელა ვითარდებოდა - კაპიტნის წოდება მან მხოლოდ 1916 წელს, 35 წლის ასაკში, სამხედრო სკოლის დამთავრებიდან 14 წლის შემდეგ მიიღო, როდესაც კვლავ ფილიპინებზე მსახურობდა, თუმცა, მცირე თანამდებობზე ყოფნისას, ის აქტიურად ეწეოდა თვითგანათლებას, სწავლობდა იმდროის მოწინავე არმიების, უპირველეს ყოვლისა - ბრიტანული და გერმანული არმიების - მეთოდიკასა და გამოცდილებას. მარშალი მალე მივიდა დასკვნამდე, რომ "შეერთებული შტატების არმია დღეს მხოლოდ მესამეხარისხოვანი სახელმწიფოს არმიას შეესაბამება" და ამერიკის არმიის ძირფესვიანი რეორგანიზაციის საკუთარი გეგმის შემუშავება დაიწყო, თუმცა ამ გეგმის ხორცშესხმას იმ დროს, როგორც ჩანს, ის მხოლოდ ყველაზე თამამ სიზმრებსა და ოცნებებში თუ ელოდა.
ევროპაში ამერიკის საექსპედიციო კორპუსის მოწინავე ნაწილების რიგებში, რომელმაც საფრანგეთში ჩამოსვლა 1917 წლის ივნისში დაიწყო, "ნამდვილ ომში" ნებაყოფლობით წასული კაპიტანი ჯორჯ მარშალიც ითვლებოდა. ამერიკელთა საბრძოლო ოქმედებებში ჩაბმისთანავე გამოჩნდა, რომ მის ხელქვეით მებრძოლი ჯარისკაცები უფრო იშვიათად იღუპებოდნენ და ჭრილობებსაც უფრო იშვიათად ღებულობდნენ, თუმცა საბრძოლო დავალებებს ყოველთვის სრულად და სანიმუშოდ ასრულებდნენ. მეთაურის ამგვარი პროფესიონალიზმი სარდლობას შეუჩნეველი არ დარჩენია და მალე ჯორჯ მარშალი 1-ლი ამერიკული ქვეითი დივიზიის შტაბის ოპერატიული განყოფილების უფროსი დაინიშნა და ლუნევილსა და კანტინისთან ამ დივიზიის წარმატებული ოპერაციების გეგმებიც სწორედ მისი დამუშავებული გახლდათ. მარშალის მიერ შემუშავებული გეგმების ხარისხი იმდენად მაღალი იყო, რომ საფრანგეთში მყოფ სამხედრო წრეებში მას ჯადოქარი შეარქვეს. ფრანგი და ბრიტანელი შტაბისტები, რომლებსაც მსოფლიო ომში მონაწილეობის სამწლიანი გამოცდილება ჰქონდათ, გაოცებულნი იყვნენ ამერიკელი მაიორის პროფესიონალიზმითა და მიდგომების არასტანდარტულობით, რომელსაც აქამდე არავითარი პრაქტიკული მონაწილეობა არ ჰქონდა მიღებული მსოფლიო ომის არცერთ ბრძოლაში.
ჯონ პერშინგი და ჯორჯ მარშალი საფრანგეთშიგანსაკუთრებულიად აღნიშნავდა მარშალის ტალანტს ამერიკის საექსპედიციო კორპუსის სარდალი გენერალი ჯონ პერშინგიც, რომელმაც საფრანგეთში ბრძოლების სულ რაღაც 6 თვის შემდეგ მარშალი 1-ლი ამერიკული არმიის შტაბის ოპერატიული განყოფილების უფროსად დანიშნა, თუმცა ჯერ კიდევ 1-ლი დივიზიის შტაბის უფროსად დანიშვნის გზაზე გადაიკვეთა არასასიამოვნოდ ჯორჯ მარშალისა და ჯონ პერშინგის გზები პირველად: მარშალის წყენა და გულისტკივილი პერშინგის მოქმედებამ გამოიწვია, რომელმაც ხელქვეითი ოფიცრების წინაშე სასტიკად დატუქსა გენერალ-მაიორი უილიამ სიბერტი; კაპიტნმა მარშალმა გულისნადები არ დაფარა: „მე მაქვს სათქმელი და ვფიქრობ, ეს უნდა გავაკეთო“ და პერშინგი ათწუთიანი ტირადით გააყრუა, რომელიც ჯარების არადამაკმაყოფილებელ მდგომარეობას, არასაკმარის მომარაგებას და მძიმე სატრანსპორტო პრობლემებს უკავშირდებოდა. ნებისმიერი სხვა ოფიცრისათვის სარდლის მისამართით ამგვარი თავხედობა კარიერის დასასრული გახდებოდა, თუმცა მარშალი სწორედ ამის შემდეგ გადაიყვანეს შომონში, პერშინგის შტაბში და მალე ის სარდლის მთავარი თანაშემწე გახდა. 1918 წლის სექტემბერში კოლონელი (პოლკოვნიკი) ჯორჯ მარშალი სენ-მიელის ოპერაციის მთავარი ავტორი იყო და დაჟინებით მოითხოვა ძირითადი ძალების მაას-არგონის უბანზე გადასროლა, რაც თავიდან არ იყო დაგეგმილი; ამის შედეგი გერმანელთა გამანადგურებელი დამარცხება აღმოჩნდა. ფელდმარშალმა ჰინდენბურგმა კაიზერ ვილჰელმ ІІ-ს უკვე 28 სექტემბერს მიმართა მოთხოვნით, ანტანტის ქვეყნებთან ზავის პირობებზე დაუყოვნებელი მოლაპარაკებები დაეწყო.
კოლონელი ჯორჯ მარშალი. საფრანგეთი, 1919 წ.ჯორჯ მარშალი ამერიკული DSM-ით (Distinguished Service Medal, Army Distinguished Service Medal - მედალი განსაკუთრებული დამსახურებისათვის, ამერიკის არმიის ხარისხით მეორე მედალი) და ფრანგული სამხედრო ჯვრითა და პალმის ბრინჯაოს რტოებით (La Croix de guerre&palme de bronze) დააჯილდოვეს. ის საფრანგეთში 1919 წლამდე მსახურობდა, სანამ ამერიკული საექსპედიციო კორპუსი არ დაშალეს და შინ არ გაგზავნეს. იმდროინდელი აბსურდული კანონების თანახმად, რომელიც ამერიკაში მოქმედებდა (არმიის მკვეთრი შეკვეცის გამო სამხედრო წოდებები იმის მიხედვით ნაწილდებოდა, თუ რამდენი ხელქვეითი ჰყავდა ამა თუ იმ მეთაურს), ფრონტზე მიღებული ყველა სამხედრო წოდება გაუქმდა და 1920 წლის 30 ივნისს 40 წლის კოლონელი ჯორჯ მარშალი ისევ კაპიტნად გადაიქცა; თუმცა მეორე დღესვე ის მაიორად დააწინაურეს და გენერალმა პერშინგმა პირად ადიუტანტად დანიშნა. მომდევნო 4 წლის განმავლობაში, როდესაც ამერიკის არმიის გენერალი (ექვსვარსკვლავიანი, ისტორიაში პირველი და იმ დროისათვის ერთადერთი) ჯონ პერშინგი გენერალურ შტაბს ხელმძღვანელობდა, ჯორჯ მარშალი თავის მეთაურთან ერთად ამერიკის არმიის გლობალური მოდერნიზაციის გეგმებს ამუშავებდა. 1924-1927 წლებში ვიცე-კოლონელი ჯორჯ მარშალი ჩინურ ტიანძინში 15-ე ამერიკულ პოლკს მეთაურობდა: სამოქალაქო ომში გახვეულ ქვეყანაში მან ჩინური ენა ისწავლა.
1927 წელს გარდაიცვალა ჯორჯ მარშალის მეუღლე ელიზაბეტი, რომელთანაც მარშალს შვილები არ ჰყავდა, მეუღლის გულით ავადმყოფობის გამო და 1930 წელს მან მეორედ იქორწინა ქვრივ კეტრინ ბრაუნზე. არც ამ ქორწინებაში ჰყოლია ჯორჯ მარშალს შვილები, თუმცა მან კეტრინის სამივე შვილი იშვილა.
ჩინეთიდან დაბრუნებული ჯორჯ მარშალი 5 წლის განმავლობაში ასწავლიდა არმიის სამხედრო კოლეჯში (გენერალური შტაბის აკადემიის ერთგვარი ანალოგი), იყო ჯორჯიის ქვეითთა სკოლის უფროსის მოადგილე და უფროსი, ბრიგადისა და დივიზიის მეთაური. 1933 წელს კოლონელის წოდება მიიღო, 1936 წელს - ბრიგადის გენერლის წოდება. 1937 წელს ვაშინგტონის შტატის ქალაქ ვანკუვერში, სადაც ჯორჯ მარშალი 5-ე ქვეით ბრიგადას მეთაურობდა, სახელგანთქმული საბჭოთა მფრინავის ვალერი ჩკალოვის სარეკორდო თვითმფრინავი АНТ-25 დაეშვა, რომლითაც სსრკ-დან აშშ-ში ძირსდაუშვებელი გადაფრენა განხორციელდა. შეერთებული შტატების მთავრობის სახელით ჩკალოვს ამერიკის მიწაზე სწორედ ჯორჯ მარშალი მიესალმა და შემდეგ საბჭოთა მფრინავი სტუმრად ამერიკელი გენერლის სახლში იქნა მიღებული.
1938 წელს მარშალი არმიის შტაბის ოპერატიული განყოფილების უფროსის მოადგილე გახდა, ხოლო მეორე მსოფლიო ომის დაწყების დღეს - 1939 წლის 1 სექტემბერს, გენერალ პერშინგის რეკომენდაციით, ის პრეზიდენტმა რუზველტმა არმიის შტაბის უფროსად (გენერალური შტაბის უფროსის ანალოგი) დანიშნა. არმიის შტაბის უფროსის თანამდებობა დღემდე ყველაზე მაღალია ამერიკაში იმ თანამდებობათა შორის, რომელთა დაკავების უფლებაც საერთოდ გააჩნია ამერიკელ სამხედრო პირს (თავდაცვის მინისტრი, როგორც წესი, სამოქალაქო პირია და მისი სამხედრო ძალაუფლება შეზღუდულია, ხოლო პრეზიდენტი თავადაა უმაღლესი მთავარსარდალი) და მხოლოდ ორვარსკვლავიანი გენერლის ჯორჯ მარშალის ამგვარ თანამდებობაზე დანიშვნა საერთოდ უპრეცენდენტო მოვლენაა ამერიკის მთელს ისტორიაში.
გენერალმა მარშალმა ამ მაღალი თანამდებობის შეთავაზებისთანავე უთხრა პრეზიდენტ რუზველტს, რომ ახალ პოსტს მხოლოდ იმ პირობით მიიღებდა, თუკი იმის თქმის უფლება ექნებოდა, რასაც ფიქრობდა და როდესაც პრეზიდენტმა ამ, მისი აზრით, უბრალო მოთხოვნაზე თანხმობით უპასუხა, გააფრთხილა: „თვალშისაცემი სიამოვნებით დამეთანხმეთ, მაგრამ ეს სიამოვნებას ნამდვილად არ მოგანიჭებთ“.
ჯორჯ მარშალი არასდროს მიდიოდა სტუმრად პრეზიდენტის მამულში. არ იცინოდა, როდესაც რუზველტი ხუმრობდა და ერთხელ, როდესაც პრეზიდნტმა მას სახელით მიმართა, მკაცრად უპასუხა, რომ მისთვის სახელით მიმართვის უფლება მხოლოდ მის ცოლს ჰქონდა, დანარჩენებისთვის კი ის „გენერალი მარშალი“ იყო. რუზველტი ადამიანთა მოხიბვლის დიდოსტატი იყო, თუმცა მარშალი ხვდებოდა, რომ მისთვის სრული დამოუკიდებლობა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყო და ცდილობდა, დისტანცია შეენარჩუნებინა. თეთრ სახლში ერთ-ერთი სხდომისას მარშალი იძულებული გახდა, პრეზიდენტის წინადადებაზე ასეთი რეაქცია ჰქონოდა: „მაპატიეთ, ბატონო პრეზიდენტო, მაგრამ აბსოლუტურად არ გეთანხმებით“. იქ მყოფებმა ჩათვალეს, რომ ამ წინადადებით მარშალმა საკუთარი კარიერა დაასამარა, თუმცა რუზველტი ყველა მნიშვნელოვან პოზიციას შემდგომშიც კვლავ მას ანდობდა ხოლმე.
მეორე მსოფლიო ომის დასაწყისისათვის ამერიკის არმია მხოლოდ 200 ათას კაცს ითვლიდა და რანგით მსოფლიოში მეცამეტე-მეჩვიდმეტე ადგილს იკავებდა - სადღაც პორტუგალიასა და ბულგარეთს შორის. სწორედ ჯორჯ მარშალის დამსახურებაა, რომ სულ რამდენიმე წელიწადში მან ასეთი სამარცხვინო არმია (დიდი მანევრებისას ზოგჯერ იარაღი არ იყო საკმარისი და ჯარისკაცთა ნაწილი ხის თოფებით იყო შეიარაღებული) აქცია ძალად, რომელიც არ ჩამორჩებოდა არც იაპონურ და არც თვით გერმანულ მრავალმილიონიან არმიებს.
თანამედროვეთა მოგონებებით ჯორჯ მარშალი „ნიჭიერი, საკუთარ თავში დარწმუნებული, მკაცრი, თავშეკავებულ-ყურადღებიანი, კარგი სტრატეგი და ორგანიზატორი იყო, რომელსაც საკუთარი თავის მართვა შეეძლო და მუდმივად ცვლადი შიდა პოლიტიკსა და მოულოდნელი გლობალური რყევების პირობებშიც კი ესწრაფვოდა, არმიის მშენებლობაში ლოგიკა და თანმიმდევრულობა შეეტანა. მისი თავშეკავებულობა იქამდეც კი მიდიოდა, რომ ის პრეზიდენტის ხუმრობების პასუხად არც კი იცინოდა“. მის გვერდით მომუშავე კოლეგათა სიტყვებით, მარშალი „რამდენადმე ცივი და მშრალი ბუნების ადამიანი იყო და იუმორის დიდი გრძნობითაც არ გამოირჩეოდა“.
ამასთან ერთად ჯორჯ მარშალს მისი ხელქვეითები უბრალოდ აღმერთებდნენ და ისეთ მათთვის სათაყვენებელ თვისებებს აღნიშნავდნენ, როგორებიცაა პირდაპირი ბუნება, ყურადღებიანობა, საკუთარი სამსახურეობრივი მოვალეობებისადმი მკაცრი დამოკიდებულება, აუღელვებლობა იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც გარემოებები მღელვრებას იწვევდა, გონების კრიტიკული წყობა, მსჯელობისა და გადაწყვეტილებების აწონ-დაწონილობა, შეუპოვრობა მიღებულ გადაწყვეტილებათა განხორციელებაში, ამბიციურობისა და პირადი პატივმოყვარეობის სრული არარსებობა, საზოგადოებრივი აზრის კაპრიზებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების გამონათქვამებისადმი აბსოლუტური ინდიფერენტულობა, ხელქვეითთა მიმართ სრულიად კეთილგანწყობილი დამოკიდებულება ფავორიტიზმისა და საყვარელი ადამიანების გამოყოფის ტენდენციის სრული არარსებობის პირობებში.
„1940-1941 წლებში მარშალისათვის საერთო დინებისათვის მიყოლა გაცილებით იოლი იქნებოდა, თუკი მოვლენების განვითარებას თვითდინებას მიანდობდა, თავად კი საკუთარი ბრწყინვალე სამხედრო კარიერის დასრულებას მშვიდად დაელოდებოდა. - აღნიშნავს ეიზენჰაუერი. - ამის ნაცვლად ის მრავალი თვის განმავლობაში წინასწარგანზრახულად მიდიოდა რთული გზით და დაჟინებით ცდილობდა, არმია ომისათვის კარგად მომზადებულიყო“.
1943 წელს, კვებეკის კონფერენციაზე პრინციპში უკვე გადაწყვეტილი იყო, რომ 1944 წელს ნორმანდიაში შეჭრის ოპერაციისათვის ჯორჯ მარშალს უნდა ეხელმძღვანელა: რუზველტი ხვდებოდა, რომ ამერიკის არმიის შტაბის უფროსი ყოველთვის ისტორიის ჩრდილში რჩებოდა და ჯორჯ მარშალს ამ ოპერაციის სარდლობა შესთავაზა, მაგრამ ამ დანიშვნას ამერიკის მთელი გენერალიტეტი წინ აღუდგა. ამერიკის სამხედრო-საჰაერო ძალების მთავარსარდალმა გენერალმა ჰენრი არნოლდმა და სამხედრო-საზღვაო ძალების მთავარსარდალმა ადმირალმა ენსტ კინგმა განაცხადეს, რომ ომის ყველაზე საპასუხისმგებლო მომენტში ჯორჯ მარშალის შეცვლა ამერიკის არმიის ბრძოლისუნარიანობას მეტისმეტად მძიმე დარტყმას მიაყენებდა. რუზველტიც იძულებული გახდა, ამ მოსაზრებას დათანხმებოდა და ჯორჯ მარშალს უთხრა კიდეც: „ვგრძნობ, რომ დაძინებას ვერ შევძლებ, თუკი ქვეყანაში არ იქნებით“. თავის მხრივ მარშალიც თვლიდა, რომ ნებისმიერ გენერალზე უკეთ ერკვეოდა სამხედრო მოქმედებების ყველა თეატრში, უკეთ პოულობდა საერთო ენას კონგრესთან და ამიტომ იყო საჭირო მისი პოსტზე დარჩენა. მისი გავლენა კონგრესზე და ამ ორგანოს მხრიდან მარშალისადმი პატივისცემა მართლაც მეტად მაღალი იყო და ყოველივე ეს ხელს უწყობდა ჯარისკაცთა რეკრუტირების ზრდასა და სამხედრო ეკონომიკის ფონდში პერიოდულად საჭირო ასიგნებების მუდმივ და უპრობლემო მატებას. კონგრესმენმა სემ რეიბერნმა განაცხადა კიდეც: „როდესაც ჯორჯ მარშალი მოწმობს რაიმეს თაობაზე, სრულიად გვავიწყდება, რესპუბლიკელები ვართ თუ - დემოკრატები. ჩვენ მტკიცედ ვართ დარწმუნებული, რომ ჩვენს წინაშეა ადამიანი, რომელმაც იცის, რაზე ლაპარაკობს“.
ჯორჯ მარშალი რუზველტს ყველა კონფერენციაზე ახლდა თან: ნიუფაუნდლენდზე, კასაბლანკაში, კვებეკში, თეირანში, იალტაში და ა.შ.. თეირანის კონფერენციაზე, სადაც ამერიკის მხრიდან ჯორჯ მარშალი და ადმირალი უილიამ ლეგი იმყოფებოდნენ, დიდი ბრიტანეთის მხრიდან - გენერალი ალან ბრუკი და ავიაციის მთავარი მარშალი პორტალი, ხოლო სსრკ-ს მხრიდან - მარშალი კლიმ ვოროშილოვი, გენერალმა ჯორჯ მარშალმა, მართალია, არ უარყო ხმელთაშუა ზღვის რაიონში მოკავშირეთა მსხვილი სადესანტო ოპერაციის ინგლისელთა მიერ შემოთავაზებული გეგმები, მაგრამ ნათლად აგრძნობინა ყველას, რომ სადესანტო საშუალებების უკმარისობის გამო ოპერაცია „ოვერლორდი“ მნიშვნელოვნად გაიწელებოდა და ამით ხაზი გაუსვა, რომ ამერიკელები „ოვერლორდს“ მთავარ ოპერაციად თვლიდნენ.
იალტის კონფერენციის 4 თებერვლის სხდომაზე ფრონტებზე მდგომარეობების შესახებ მოხსენებები აღმოსავლეთის ფრონტისათვის წითელი არმიის გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, არმიის გენერალმა ალექსეი ანტონოვმა გააკეთა, ხოლო დასავლეთის ფრონტისათვის - ამერიკის არმიის შტაბის უფროსმა გენერალმა ჯორჯ მარშალმა: მან სტალინის ყველა შეკითხვას გაფართოებული და საფუძვლიანი პასუხი გასცა.
ამერიკის არმიის შტაბის უფროსის თანამდებობის დაკავებისთანავე ჯორჯ მარშალმა დუაიტ ეიზენჰაუერი ოპერატიული განყოფილების უფროსად დანიშნა, ხოლო 1942 წლის თებერვალში შტაბის სამხედრო ოპერაციათა დაგეგმარების სამმართველოს უფროსად დაამტკიცა. 1943 წლის იანვარში, კასაბლანკის კონფერენციის მსვლელობისას, ჯორჯ მარშალმა ეიზენჰაუერისათვის სრული გენერლის წოდების მინიჭების წინადადება წამოაყენა და იმავე წლის 11 თებერვალს ეიზენჰაუერმა ეს წოდება მიიღო კიდეც. გარდა ეიზენჰაუერის სხვა თვისებებისა, მარშალს განსაკუთრებით მოწონდა საკუთარი აზრის გულახდილად გამოთქმის მისეული უნარი. როდესაც ეიზენჰაუერის ვაჟმა ჯონმა 1944 წელს სამხედრო აკადემია დაამთავრა, მარშალმა მასაც და მამამისსაც საჩუქარი გაუკეთა - ახალგაზრდა ლეიტენანტს ერთთვიანი შვებულების გატარების უფლება საფრნგეთში, მამასთან ერთად მისცა. ამასთან ერთად საკუთარ პროტეჟესთან ურთიერთობაში ჯორჯ მარშალი ფამილარულობის ნასახსაც კი არ უშვებდა და არასდროს ეძახდა მას აიკს, როგორც ამას სხვა, უფრო მაღალი რანგის ადამიანები და თვით მთელი ამერიკაც კი აკეთებდა. თავის მხრივ ეიზენჰაუერიც მთელი ცხოვრების განმავლობაში ჯორჯ მარშალს მხოლოდ „სერ“-ით მიმართავდა.
აი ჯორჯ მარშალის ღირსებების დამადასტურებელი კიდევ ერთი რეალური ფაქტი:
ერთხელ მას მოახსენეს, რომ ფორტ ბენინგისათვის განკუთვნილი მატყლის საბნების პარტიის გაგზავნა ქაღალდომანიის გამო ყოვნდებოდა. მარშალმა ამ საქმეზე პასუხისმგებელი ოფიცრები გამოიძახა: „დღეს საღამოსათვისვე ჩაიტანეთ ეს წყეული საბნები, ღუმელები და ყველაფერი დანარჩენიც.“ - ბრძანა მან. - „ხვალ კი არა - დღესვე! ჯარისკაცებზე ჩვენ პირველ რიგშიც უნდა ვიზრუნოთ, მეორე რიგშიც და საერთოდ - ყოველთვისაც!“. მარშალმა ჩაუყარა საფუძველი სამხედრო-სავაჭრო სამსახურს სამხედრო-საველე ფოსტის შემადგენლობაში და ამით მეტად აამაღლა მორალური სულისკვეთება არმიაში. ასევე მას ეკუთვნის ბრძანება, რომლის ძალითაც მადლიერების დღეს ნებისმიერი ამერიკელი ჯარისკაცი ცხელ სადილს ღებულობდა მაშინაც კი, თუკი ის ფრონტის ხაზზე იმყოფებოდა. შესანიშნავ ფილმ „რიგითი რაიანის გადასარჩენად“-ში წარმოდგენილი მომენტები, როდესაც დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებში გენერალ ჯორჯ მარშალის ხელმოწერილი სამძიმრის წერილები მიდის, რეალობის სრული შესაბამისობაა: ჯორჯ მარშალი მართლაც პირადად უგზავნიდა სამძიმრის წერილებს ომში დაღუპული ყველა ჯარისკაცის ოჯახს.
ჯორჯ მარშალი აქტიურ მონაწილეობას იღებდა მანჰეტენის პროექტთან (ამერიკული ატომური ბომბის შექმნა) დაკავშირებული ყველა უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების მიღებაში ამ პროექტის მსვლელობის აბსოლუტურად ყველა სტადიაზე, მაგრამ როდესაც გენერალმა გროვსმა („მანჰეტენის პროექტის“ უშუალო ხელმძღანელი) მას ჰიროსიმის წარმატებული დაბომბვის შესახებ მოახსენა, მარშალმა უთხრა, რომ ამის თაობაზე მეტისმეტად დიდი სიხარულის გამოხატვა სრულიადაც არ იყო საჭირო, რადგან ამ დაბომბვას უეჭველად შეეწირებოდა მრავალი ათასი იაპონელიო.
1945 წელს, მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან სულ ცოტა ხანში, გენერალმა ჯორჯ მარშალმა სამხედრო სამსახური დაასრულა და არმიის შტაბის უფროსის თანამდებობიდან გადადგა. იწყებოდა მისი პოლიტიკური კარიერა, თუმცა ეს უკვე სულ სხვა საუბრის თემაა.
ხუთვარსკვლავიანი გენერალი ჯორჯ მარშალი. 1946 წ. This post has been edited by Wanguard on 16 Feb 2014, 16:14