Smith_Wesson
მოდი, ცოტას მეც დაგეხმარები/თ. მაინც ღამის თენება მიწევს
ა.შ.შ-ს შეიარაღებული ძალების ყველა სახეობა-გვარეობას - არმია (სახმელეთო), საზღვაო ფლოტი, ავიაცია და საზღვაო ქვეითები, ჰყავს თავისი სპეციალური ოპერაციების ძალები. ყოლით კი ერიცხებათ, მაგრამ ეს მხოლოდ ადმინისტრაციულ კონტროლს მოიცავს, ანუ დანიშვნა, ამორიცხვა, დაწინაურება, დაჯილდოება, საყვედური და ა.შ. რეალურად ყველა ამათ ოპერატიულ კონტროლს, ანუ წვრთნა, მომზადება, დავალებაზე გაშვება, შეფასება და ა.შ. ახორციელებს "სპეციალური ოპერაციების სარდლობა" - USSOCOM.
ეხლა ცალ-ცალკე:
არმიის სპეციალური ოპერაციების ძალები:
შედის: სპეციალური ძალების სარდლობა, სპეციალური ბრძოლის ცენტრი და სკოლა, ფსიქოლოგიური ოპერაციების ჯგუფი (ბრიგადის ზომის), სამოქალაქო საქმეების ბრიგადა, 75-ე რეინჯერთა პოლკი, სპეციალური ოპერაციების ავიაციის პოლკი და მხარდამჭერი ბრიგადა.
სპეციალური ძალები, იგივე „მწვანე ბერეტები“, შედგება ბრიგადის ზომის ხუთი მოქმედი და ორი რეზერვის სპეციალური ძალების ჯგუფით. თითოეული ჯგუფი შედგება სპეციალური ძალების ოთხი ბატალიონისაგან და სხვა მხარდამჭერი ელემენტებისაგან. თითოეული ბატალიონი თავის მხრივ შედგება სამი სპეციალური ძალების ასეულისაგან და ასევე მხარდამჭერი ელემენტებისაგან, ხოლო ასეული შედგება ექვსი სპეციალური ძალების ჯგუფისაგან.
ეს უკანასკნელი, როგორც მას უწოდებენ "სპეციალური ძალების ოპერატიული დანაყოფი ალფა" (SFODA), წარმოადგენს სპეციალური ძალების ძირითად საბრძოლო ელემენტს. იგი შედგება 12 ოპერატორისაგან: მეთაური, როგორც წესი კაპიტანი, ჯგუფის სერჟანტი და ათი სერჟანტი, რომლებიც არიან სპეციალისტები სპეციალური ძალების ხუთ ძირითად სფეროში: კავშირგაბმულობა, შეიარაღება, საინჟინრო, სამედიცინო და ოპერაციები.
სპეციალური ძალების უპირველესი ამოცანაა არაკონვენციური ბრძოლის წარმოება. თუ რა არის არაკონვენციური ბრძოლა, ამაზე ოდესაღაც დავწერე და აღარ გავიმეორებ. ერთს დავაკონკრეტებ მხოლოდ, რაც ძალიან ბევრს ეშლება: არაკონვენციური ბრძოლა არ არის მხოლოდ პარტიზანული ბრძოლა. უფრო მეტია.
რეინჯერთა პოლკი:
იგი შედგება სამი იდენტური რეინჯერთა ბატალიონისაგან - პოლკის ძირითადი საბრძოლო ელემენტი და სხვა მხარდამჭერი ელემენტებისაგან. რეინჯერთა ბატალიონის „სამხედრო ოპერაციები შედგება სიღრმეში შეღწევისაგან, მოწინააღმდეგის კრიტიკული კვანძების თუ ინფრასტრუქტურის დაკავების თუ განადგურების ან მონიშნული პერსონალის თუ აღჭურვილობის დაბრუნების მიზნით პირდაპირი მოქმედებების ამოცანებისგან.“
არმიის სხვა სპეციალურ დანაყოფებზე აღარაფერს ვიტყვი. დასახელებები თვითონ ამბობენ თუ ვინ არიან.
ბევრს არ ვიტყვი ავიაციის სპეციალური ოპერაციების ძალებზე, რადგან მათი ამოცანა ძირითადად სხვების მხარდაჭერა და ჩამოვარდნილი საფრენი აპარატის თუ პილოტის ძებნა-გადარჩენის ოპერაციების წარმოებაა.
საზღვაო სპეციალური ბრძოლის სარდლობა (NACVSPECWARCOM ან NSWC) .
შედგება ათი ე.წ. SEAL-ის (Sea-Air-Land) ჯგუფისაგან (ბატალიონის ექვივალენტი) და სხვა მხარდამჭერი დანაყოფებისაგან. თითოეული SEAL-ის ჯგუფი შედგება სამი რაზმისაგან (ასეულის დონე), თითოში ორი SEAL-ის ოცეულისგან, რომლებშიც თავის მხრივ ირიცხება სამი ოფიცერი და თოთხმეტამდე სერჟანტი.
რაც შეეხება მათ ძირითად ამოცანებს, „SEAL-ები განიხილებიან, როგორც ექსპერტები სპეციალური რეკოგნოსცირებისა და პირდაპირი მოქმედებების ამოცანებში - ძირითადად კონტრტერორიზმის უნარებში - საზღვაო სპეციალური ბრძოლის სარდლობა ასევე განიხილება, როგორც სანაპიროზე თუ წყალზე გლობალურად გაშლილი მოწინააღმდეგის წინააღმდეგ საბრძოლველად.“
საზღვაო ქვეითთა კორპუსის სპეციალური ოპერაციების ძალები (MARSOC).
მისი ძირითადი საბრძოლო დანაყოფია ორი საზღვაო ქვეითთა სპეციალური ოპერაციების ბატალიონი, რომლებიც შედგებიან ოთხ-ოთხი საზღვაო ქვეითთა სპეციალური ოპერაციების ასეულისაგან.
ამოცანა: „ასეულებს შეუძლიათ შეასრულონ შემდეგი ძირითადი მოქმედებები: პირდაპირი მოქმედებები - როგორც ხმელეთზე, ასევე საზღვაო გარემოში, სპეციალური რეკოგნოსცირება და უცხო ქვეყნის შიდა თავდაცვა.“
რაც შეეხება დელტასა და დევგრუს.
დელტა ადმინისტრაციულად ეკუთვნის არმიის სპეციალური ოპერაციების ძალებს და მისი ოფიციალური დასახელება დღეს არის „საბრძოლო გამოყენების ჯგუფი“ (Combat Applications Group (CAG)). ხოლო დევგრუ (Naval Special Warfare Development Group (NSWDG),ან DEVGRU), იგივე SEAL Team VI, ეკუთვნის საზღვაო ფლოტის სპეციალური ოპერაციების ძალებს. ორივე არის კონტრტერორისტული დანაყოფი. მათ ოპერატიულ კონტროლს ახორციელებს USSOCOM-ის ქვეშ არსებული "გაერთიანებული სპეციალური ოპერაციების სარდლობა - JSOC". მათ შემადგენლობაზე და სტრუქტურაზე ათასი ინტერნეტ-ლეგენდის მოძიება შეიძლება, მაგრამ რომელია სწორი კაცმა არ იცის.
ეხლა სად როგორ ხვდებიან.
ყველა მათგანს, არმიის სპეციალური ოპერაციების ძალებიდან საზღვაო ქვეითების სპეცებით დამთავრებული, აქვს თავისი მოსამზადებელი ცენტრი თუ სკოლა. რა თქმა უნდა რაღაცით მსგავსი და რაღაცით განსხვავებული კრიტერიუმებით.
მაგალითად: "მწვანე ბერეტი" რომ გახდე უნდა გაიარო ე.წ. Q კურსი (კვალიფიკაციის კურსი) რომელიც თავიდან ბოლომდე საშუალოდ 2 წლამდე იჭიმება. სპეციალიზაციას მიაქვს ძალიან დიდი დრო. მარტო მედიკის მომზადებაა ორწლიანი. ამასთან სულ არაა აუცილებელი უკვე იყო რეინჯერი. ხარ? კარგია. არა? ეგეც არაფერი. რაც მთავარია არმიის სპეციალური ოპერაციების ძალებში რომ მოხვდე, უკვე უნდა იყო ქვეითი ჯარისკაცი თუ ოფიცერი. საზღვაოდან (SEAL), თუ მარინებიდან შეიძლება მხოლოდ კურსი გაიარონ რაღაც კონკრეტული მიზნით, თორემ SEAL-ი კურსის მერე რეინჯერებში ჩაირიცხოს, ან "მწვანე ბერეტი" SEAL-ის კურსის მერე ფლოტში ჩაირიცხოს, ეგეთი რამე არ ხდება და ალბათ არც მომხდარა.
სტაჟს რაც შეეხება დაახლოებით 2-4 წლიან ნამსახურეობას ითხოვს ყველა.
დელტაში და დევგრუში კი ცოტა სხვანაირად ხვდებიან. დელტაში სხვა რაღაცეებთან ერთად აუცილებელია "მწვანე ბერეტობის" ან რეინჯერობის დაახ. 4-6 წლიანი გამოცდილება. ანალოგიურად დევგრუში - SEAL-ი უნდა იყო სადღაც 4 წლის მაინც. რაც ყველაზე საინტერესოა, ესენი თვითონ არჩევენ თავიანთი კურსებისათვის კანდიდატებს. ანუ ქვეითს თუ მეზღვაურს შეუძლია თავისი სურვილით სცადოს შესაბამისად რეინჯერის, "მწვანე ბერეტის" თუ SEAL-ის კურსის გავლა. მაგრამ ვერცერთი, რაც არუნდა სტაჟიანი SEAL-ი ვერ მოითხოვს დევგრუს კურსზე გაშვებას. ისინი თვითონ მიდიან ნაწილებში და თვითონ არჩევენ ხალხს.
გარდა ამ ჩამოთვლილებისა არის კიდევ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (CIA) სპეციალური მოქმედებების დივიზიონი (SAD) და მასში შემავალი სპეციალური ოპერაციების ჯგუფი (SOG). აი ეგენი, თუ დავუჯერებთ ბუხართან მოყოლილ ლეგენდებს, არიან მამების მამები, მარტო ან მეწყვილესთან (შეიძლება ქალიც კი იყოს) ერთად რომ დაბორიალობენ უწყინარი ტურისტების სახით და მთელი დივიზიების საქმეს, რომ აკეთებენ. დაახლოებით ჯეიმს ბონდები.

. SOG-ში ხვდებიან მხოლოდ დელტადან ან დევგრუდან და იშვიათ შემთხვევაში რომელიმე სხვა სამსახურიდან რაღაცის მამა სპეციალისტები.
ეუფ. ბლომად ნაწერი კი გამომივიდა, მაგრამ იმედია ვინმესთვის მაინც საინტერესო და რამე ახალი იქნება.
P.S. ამოცანებზე ბრჭყალებში რაც მიწერია, მაგათი ოფიციალური სახელმძღვანელოებიდან არის ციტირებული.
* * *
პრინციპში არამარტო ამოცანები, რაც ზემოთ მიწერია ყველაფერი მათი დოქტრინებიდან არის ამოღებული.
გამონაკლისია მხოლოდ დელტა, დევგრუ და ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (CIA) სპეციალური მოქმედებების დივიზიონი (SAD) და მასში შემავალი სპეციალური ოპერაციების ჯგუფი (SOG). ამათზე დოკუმენტური მასალის მოიძიების შანსი არის 0%. ვინც არ დაიჯერებს სცადოს. ვერც მოქმედ ა.შ.შ სპეცებს დააცდენინებ სიტყვას. რაც არც მაგათ არ იციან რა თქვან. მხოლოდ ინტერნეტი და მაგათ ვეტერანთა წიგნები თუ მონაყოლი, რომელშიც რა არის სიმართლე და რა მონაგონი ვერაფრით ვერ გაარჩევ. გინდა დაიჯერე, გინდა არა.
* * *
P.P.S. რაც შეეხება საქართველოდან მაქეთ მოხვედრას.
ბევრ ქართველს აქვს გავლილი რეინჯერის თუ "მწვენე ბერეტის" კურსი, ოღონდ ეს უკანასკნელი მხოლოდ სამეთაურო სპეციალიზაციით. ა.შ.შ-ს მხარე ყოველ წელს გამოყოფს ადგილებს სხვა ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეებისათვის და მათ შორის 1-2 ადგილი საქართველოსაც ერგება ხოლმე. აქედან მანდ რომ წახვიდე, რა თქმა უნდა ჯარში უნდა იყო და რა თქმა უნდა სპეცებში, თორემ ტანკისტი თუ ხარ მაგ კურსზე რა დაგრჩენია. SEAL-ის კურსი არც არასოდეს ყოფილა გამოყოფილი და რა თქმა უნდა არც არავინ არ წასულა, თუმცა ჩვენი სპეცების მხრიდან დიდი სურვილი კი იყო.
სულ მთლად რომ წახვიდე და მანდ იმსახურო:
უნდა იყო სადღაც 18-20 წლის. წახვიდე ლეგალურად ამერიკაში (გრინ კარტით ან სასწავლებლად), შეხვიდე ჩვეულებრივ ჯარში. მოიხადო 4 წლიანი კონტრაქტი, მერე უნდა გააგრძელო ეს კონტრაქტი მანამ, სანამ არ მიიღებ მოქალაქეობას (შეიძლება მოგცენ 1 წელიწადში, შეიძლება კიდევ 4 წელი მოგიწიოს მსახური, მაგრამ თუ დამრღვევი არ ხარ და კარიერულად წინ მიიწევ, ჯარში მსახური მოქალაქეობის მიღებას ძალიან ამარტივებს). მოქალაქეობის მერე, შეგიძლია სცადო კურსების გავლა. ამ დროს ხარ დაახ. 25-27 წლის. თუ კურსი გაიარე (ამ დროს ხარ - 27-29 წლის), მერე უნდა იმსახურო მინიმუმ 4 წელი კიდევ რომ დელტადან ან დევგრუდან შეგამჩნიონ.
ამ დროს კი ხარ უკვე 31-33-ს გადაცილებული და დიდი ალბათობით არ შეგამჩნევენ თუ რაღაც გამორჩეული და სასწაული სპეციალისტი არ ხარ.
SOG-იდან შემჩნევაზე აღარ ვილაპარაკოთ.
წარმატებები, ვისაც სურვილი აქვს.
This post has been edited by mona-spa on 27 Jun 2015, 04:12