ეს წარმოშობით მართლა ქართველი ყოფილა დონბასელი მებრძოლი „გივი“ - ქართველებს: „თქვენს ქვეყანას მიხედეთ!“ (+ვიდეო)
10 DECEMBER, 2014 37 წუთის 6 წამის წინ 180
უკრაინის დონბასში მებრძოლ ვინმე „გივიზე“, რომელსაც სახის ტიპიურად კავკასიური ნაკვთები აქვს, პირველად „იუთუბის“ პორტალზე ატვირთული ვიდეორგოლებიდან გავეცანით. „გივი“ პოდპოლკოვნიკია და უკრაინის აღმოსავლეთში აჯანყებულთა რიგებში იბრძვის. მასთან დაკავშირება ერთ-ერთი ტელეკომპანიის – „НОВОРОССИЯ ТВ“-ს სამხედრო კორესპონდენტების დახმარებით შევძელით. ექსკლუზიური ინტერვიუს დასაწყისშივე „გივიმ“ განგვიმარტა, რომ უკრაინული არმიის წინააღმდეგ ბრძოლა იმის გამო გადაწყვიტა, რომ რუსეთის მხარდამჭერია.
„მე ყოველთვის რუსეთს, პუტინს, მედვედევს და მათ პოლიტიკას ვუჭერდი მხარს. მიმაჩნია, რომ ჟირინოვსკი, მედვედევი და პუტინი ძალიან მამაცი და საკუთარ თავში დარწმუნებული ადამიანები არიან “ - განუცხადა „Frontnews“-ს „გივიმ“.
როგორც თავად ყვება, უკრაინაში დაბადებულ-გაზრდილია, თუმცა კარგად ახსოვს თავისი ფესვები - მისი დიდი ბაბუა თბილისში დაბადებული ქართველი იყო. საძახისი „გივი“ სწორედ მის პატივსაცემად აიღო, სინამდვილეში კი მიშა ჰქვია.
“FRONTNEWS”-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში „გივი“ ყვება, რომ ახლა ცალკეული ბატალიონის - „სომალის“ მეთაურია და „დონბასის სახალხო რესპუბლიკის არსებობისთვის“ იბრძვის.
„გივი“ ამბობს, რომ აჯანყებულთა რიგებში სხვა ქართველებიც არიან. ერთ-ერთი, რომელსაც ასევე „გივის“ ეძახიან, დონბასში საქართველოდან ჩავიდა, აგვისტოში დონეცკის აეროპორტისთვის ბრძოლაში დაიჭრა და მკურნალობის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა.
გივი იხსენებს კიდევ ერთ ქართველ მებრძოლს თბილისიდან, მეტსახელად „მხატვარს“, რომელიც ქალაქ შახტიორსკთან დაიღუპა.
კიდევ ერთი ქართველი, რომელიც ასევე უკრაინის არმიის წინააღმდეგ იბრძვის, მისი მონაცემებით, ტყვედ არის ჩავარდნილი და მის და სხვა მებრძოლების გასათავისუფლებლად მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
ამასთანავე, „გივიმ“ დაგვიდასტურა, რომ დონბასში აჯანყებულთა დასახმერებლად აფხაზები და ოსები არიან ჩასულნი.
„ჩემი საუკეთესო მეგობარი ეთნიკური აფხაზია და მისი საძახისიც „აფხაზია“, მის ქვედანაყოფს კი „აფხაზეთი“ ჰქვია“ - აღნიშნავს „გივი“.
რაც შეეხება იმ ქართველებს, რომლებიც აჯანყებულებმა ადრე დაატყვევეს, „გივი“ ამბობს, რომ ყველა მათგანი გათავისუფლებულია.
უკრაინის აღმოსავლეთში არსებულ სიტუაციაზე საუბარში „გივი“ განმარტავს, რომ „ხალხს უკვე კარგად აქვს გააზრებული, რისთვის იბრძვის და ამიტომ სამხედრო წარმატება მათ მხარეზეა“.
„ჩვენ ტექნიკაც გვაქვს და ყველაფერი, რაც საჭიროა, ამიტომ შეგვიძლია, საბრძოლო მოქმედებები გავაგრძელოთ. სიტუაციის გამწვავებისთვის ისინიც არიან მზად და ჩვენც, მაგრამ ჩვენ ერთი უპირატესობა გვაქვს - ეს ჩვენი მიწაა და ყველა კუთხე-კუნჭული ვიცით. ვიცი, რომ გამარჯვება ჩვენს მხარესაა“ - აცხადებს „გივი“ და იქვე დასძენს, რომ უკრაინელებთან ბრძოლაში აჯანყებულებს რუსები არ ეხმარებიან.
„დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე რუსი ოფიცრები და რეგულარული არმია არ იმყოფება. არიან მხოლოდ ისინი, ვინც საკუთარი ნებით გაწევრიანდა ჩვენს რიგებში. ეს მითქმა-მოთქმა მესამე მსოფლიო ომის პროვოცირებისთვის ვრცელდება, რადგან თუ უკრაინელები დაამტკიცებენ, რომ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე რუსული ჯარი იმყოფება, მაშინ დასავლეთიდან და აშშ-დან დიდ დახმარებას მიიღებენ, რაც მესამე მსოფლიო ომის დაწყების ტოლფასი იქნება. მაგრამ იმედი უნდა გავუცრუვო - დიახ, არიან მოხალისეები, რომლებიც საბრძოლველად საკუთარი ნებით ჩამოვიდნენ - ქართველები, ოსები, ჩეჩნები, ბელორუსები და უკრაინელებიც კი, მაგრამ რუსული რეგულარული ჯარები აქ არ არიან “ - განმარტავს „გივი“.
„FRONTNEWS“-ის კითხვაზე, ვინ ამარაგებს აჯანყებულებს იარაღით, „გივი“ მოულოდნელ პასუხს გვცემს - „უკრაინული არმია“.
„როცა გარბიან, ყველაფერს ტოვებენ - იქნება ეს ტექნიკა თუ სხვა რამ. მაგალითად, დონეცკის აეროპორტიდან „СПГ-9“ -ს 100 ჭურვი გავიტანეთ, აღმოვაჩინეთ იარაღის კიდევ ორი საწყობი. რასაც ვპოულობთ და რისი აღდგენაც შეგვიძლია - აღვადგენთ და ვიბრძვით. არავინ გვყავს, ვინც იარაღით მოგვამარაგებდა. თუ ვინმეს იმის დამტკიცება უნდა, რომ იარაღსა და ჯავშანტექნიკას რუსეთის ფედერაცია გვაწვდის, მინდა, იმედი გავუცრუვო - მსგავსი რამ არ არსებობს. კი, ვლადიმერ ჟირინოვსკიმ ორი „ნივა“ გვაჩუქა, ამას არც ვმალავ, მაგრამ ამ ნივებში არც იარაღი იყო და არც 300 000 დოლარი, როგორც ამას უკრაინული არმია ამტკიცებდა. ამ მანქანებში მინერალური წყალი, ხორცის კონსერვი და მედიკამენტები იყო, და სწორედ ამას გვიგზავნის რუსეთის ფედერაცია“, - ყვება „გივი“ და უარყოფს იმასაც, რომ აჯანყებულებს ფინანსურ დახმარებას მოსკოვიდან უწევენ.
„ჩვენი რეგიონი იმდენად მდიდარია, რომ არავის დახმარება არ გვჭირდება. ჩვენ მაღაროები და ქარხნები გვაქვს, ყველაფერი მუშაობს და შემოსავალიც მოაქვს“ - განმარტავს „გივი“.
„FRONTNEWS“-ის კითხვაზე, თუ რას მოიქმოდებენ აჯანყებულები ინტენსიური საბრძოლო მოქმედებების განახლების შემთხვევაში, „გივი“ შემდეგს გვპასუხობს: „ჩვენ ავიღებთ ყველაფერს და ყველაფერზე უფრო მეტს, ავიღებთ იმას, რაც გვჭირდება. დამიჯერეთ, დონეცკის სახალხო რესპუბლიკას გავათავისუფლებთ - ეს ძალიან სწრაფად მოხდება. ჩვენ ვერავინ გაგვაჩერებს და ვერავინ შეგვიშლის ხელს“.
რაც შეეხება უკრაინის მთავრობასთან ურთიერთობას, „გივი“ აცხადებს, რომ ოფიციალურ კიევთან კავშირების დამყარების წინააღმდეგია.
„უკრაინის მთავრობასთან არანაირი ურთიერთობა არ უნდა გვქონდეს. ჩვენ გვაქვს რესპუბლიკა, მათ ის უნდა აღიარონ და შეგვეშვან. თუ ჩვენთან ეკონომიკური ურთიერთობა სურთ, მაშინ კი ბატონო - შეიძინონ ჩვენგან ქვანახშირი და ყველაფერი, რაც შეგვიძლია, მივყიდოთ. მაგრამ დონეცკის სახალხო რესპუბლიკა უკრაინის შემადგენლობაში აღარასდროს შევა. დიდი იმედი მაქვს, რომ მალე აღარც უკრაინა იარსებებს “ - ამბობს „გივი“.
მისივე თქმით, კონფლიქტი უკრაინაში აჯანყებულთა სასარგებლოდ დასრულდება, თუმცა გამარჯვებამდე „სასტიკი ბრძოლა“ იქნება, რადგან უკრაინელებს „უკან დასახევი გზა არა აქვთ“, აჯანყებულები კი მხოლოდ შეტევას განახორციელებენ.
FRONTNEWS-თან საუბარში „გივი“ უკრაინულ კრიზისთან მიმართებაში საქართველოს პოზიციასაც შეეხო. მისი მოსაზრებით, ოფიციალურმა თბილისმა ფსონი „არასწორ მხარეზე“ დადო. „გივი“-სთვის ალექსანდრ კვიტაშვილიც არის ცნობილი და დარწმუნებულია, რომ ის საკუთარ მოვალეობებს გაუმკლავდება, რადგან „ქართველები გონებაჩლუნგები არ არიან“.
„არ მინდა, ვაწყენინო ჩენი წინაპრის თანამემამულეებს, მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ საქართველო უკრაინას კი არ უჭერს მხარს - ის რუსეთის წინააღმდეგ მოქმედებს. რაც შეეხება იმას, რომ უკრაინის მთავრობამ მინისტრთა პოსტებზე უცხოელები დანიშნა, ეს მათი პირადი არჩევანია. წაკითხული მაქვს იმ ადამიანის ბიოგრაფია, რომელიც ჯანდაცვის მინისტრად დანიშნეს. ის კარგი სპეციალისტია, მადლობა ღმერთს, ქართველები გონებაჩლუნგები არ არიან - ეს დიადი ერია, უბრალოდ სამწუხაროა, რომ ეს ადამიანები სწორ მხარეს არ უჭერენ მხარს. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთ დიად სახელმწიფოს არ ესმის, ჩვენ რას ვაკეთებთ. ალბათ, თქვენი მთავრობიდან ვიღაც დამეთანხმება, ვიღაცა კი განმსჯის - ეს მათი პირადი საქმეა. მე პატივს ვცემ ამ ქვეყანას, პატივს ვცემ თბილისსა და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, მაგრამ მინდა, გითხრათ, რომ ფსონი არასწორად დადეთ. ემოციებს არ უნდა აჰყვეთ და ცივი გონებით უნდა იმოქმედოთ. მეცოდება ის ხალხი, რომელიც უკრაინიდან გვიჭერს მხარს. ადრე ეს დიადი ქვეყანა იყო, რომელსაც ყველა პატივს სცემდა და ითვალისწინებდა, ახლა კი უკრაინა სამარცხვინო და დასაცინი ქვეყანა გახდა. ესეთი ქვეყანა არ უნდა არსებობდეს, ის რუკაზე არ უნდა იყოს. რომელი უკრაინელი იტყვის ახლა, რომ ის უკრაინელია?! მანდ მხოლოდ იდიოტი-ფანატიკოსები არიან, ნარკომანები ან დაზომბილი ხალხი, რომელიც ვერ ხვდება, რომ საზარბაზნე ხორცად გამოიყენეს“ - ამბობს „გივი“ და იქვე დასძენს, რომ „მისი პირადი სურვილია, დონეცკის სახალხო რესპუბლიკა“ რუსეთს მიუერთდეს, მაგრამ ეს საკითხი ხალხმა უნდა გადაწყვიტოს“.
„თუ თქვენ ჩემი პირადი მოსაზრება გაინტერესებთ, მინდა, რომ დონეცკის სახალხო რესპუბლიკამ არსებობა გააგრძელოს და რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შევიდეს. მაგრამ არჩევანი დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მოსახლეობამ უნდა გააკეთოს. მე ჩემს მოსაზრებას თავს არავის ვახვევ, ახლა დონეცკის სახალხო რესპუბლიკის დროშის ქვეშ ვიბრძვი და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ამ რესპუბლიკამ არსებობა გააგრძელოს“ - ამბობს „გივი“.
მას სათქმელი საქართველოსთვისაც აქვს. “FRONTNEWS”-სთან საუბარში დონბასელი „პოდპოლკოვნიკი“ მოუწოდებს იმ ქართველებს, რომლებიც უკრაინის მთავრობას უჭერენ მხარს და უკრაინული არმიის რიგებში იბრძვიან, შინ დაბრუნდნენ.
„მინდა, ვთხოვო თქვენს ბიჭებს, დაბრუნდნენ საკუთარ ქვეყანაში და ეკონომიკას მიხედონ. საქართველოც ძლიერ დაზარალდა, თავადაც ხედავთ, რომ ეკონომიკა სავალალო დღეშია. ქართველმა ხალხმა მიხედოს საკუთარ ეკონომიკას, აღადგინოს საკუთარი ქვეყანა და საკუთარი ქალაქები და ნუ ერევიან იმ ქვეყნის შიდა საქმეებში, რომელსაც მათთან არანაირი კავშირი არ აქვს, ის თქვენი მეზობელი სახელმწიფოც კი არ არის! მე მესმის, როცა აქ რუსულენოვანი მოსახლეობის მხარდასაჭერად რუსეთიდან ჩამოდიან, მაგრამ ჩემთვის გაუგებარია, როცა უკრაინისთვის ქართველები იბრძვიან. ისინი საბრძოლველად ფულის გამო ჩამოვიდნენ. ნუთუ ასეთმა დიადმა ხალხმა, როგორებიც ქართველები არიან, სხვის ტერიტორიაზე ფულისთვის საკუთარი თანამემამულეების წინააღმდეგ უნდა იბრძოლოს? ეს საწყენია. უბრალოდ ვთხოვ, შინ დაბრუნდნენ და მიხედონ ეკონომიკასა და საკუთარ ქვეყანას“ - აცხადებს „გივი“.
ჩვენს კითხვას, ნიშნავს თუ არა მისი ეს განცხადება იმას, რომ დონბასში ჩასული აფხაზები და ოსები ფულს არ იღებენ, „გივი“ დადებითად გვპასუხობს.
„ნებისმიერს შეგიძლიათ, ჰკითხოთ, აფხაზი იქნება, ოსი თუ ჩეჩენი. მათ არანაირი ხელფასი არ აქვთ. დასამალი არაფერი მაქვს, კი, ჩვენ გვაძლევენ ფორმას, ტანსაცმელს, საკვებ პროდუქტებს, მეტს არაფერს. როცა დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ეკონომიკა აღდგება, ჩვენ შეიძლება, ხელფასიც გადაგვიხადონ, მაგრამ ახლა ჩვენ ჩვენი ხალხის ნებისთვის და არჩევანისთვის ვიბრძვით“ - ამბობს „გივი“.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, კითხვაზე, თუ რით დაკავდება ომის დასრულების შემდეგ, „გივი“ გვპასუხობს: „წავალ, თხილამურებზე ვისრიალებ“.
– ვისაც ჩვენ არ ვებრალებთ, ჩვენ შავიბრალოთ რისადა?! სიკვდილი თვითონ უფალსა გაუჩენია მტრისადა!
მარად და ყველგან საქართველოვ მე ვარ შენთანა.
"Прощай немытая Россия, страна рабов" - Лермонтов