ქართული ჯავშანმანქანები აზიის ბაზარზე პოპულარული ხდება – საუდის არაბეთის შემდეგ მათი შეძენით სხვა ქვეყნებიც ინტერესდებიან
ქართული ჯავშანმანქანები ექსპორტზე საუდის არაბეთის გარდა სხვა აზიურ ქვეყნებშიც გავა. როგორც „კომერსანტს“ ქართული ჯავშანმანქანების მწარმოებელ „დელტაში“ განუცხადეს, საუდის არაბეთი პირველი იყო, სადაც ქართული ჯავშანმანქანა ექსპორტზე გავიდა, მაგრამ ბოლო არ იქნება.
„დელტას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს სამხედრო-ტექნიკურ საკითხებში სპეციალისტმა გიგა ინაშვილმა განაცხადა, საკმაოდ მასშტაბური კონტრაქტების დადება იგეგმება, თუმცა, ხელშეკრულების დეტალებზე „დელტას“ წარმომადგენელი ჯერჯერობით არ საუბრობს.
ამასთან, მისი ინფორმაციით, სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარების მოლდოვისთვის მიწოდებაზე მოლაპარაკებები ისევ მიმდინარეობს. ტექნიკური საკითხები მოგვარებულია და ახლა საბოლოო გადაწყვეტილება თავად მოლდოვის ხელისუფლებამ უნდა მიიღოს.
როგორც „დელტას“ წარმომადგენელი ამბობს, მოლაპარაკებების დასრულების შემთხვევაში მოლდოვაში ისეთივე სეტყვის საწინაააღმდეგო დანადგარები დაყენდება, როგორიც კახეთშია.
ამასთან, „დელტამ“ სულ 2-3- კვირის წინ სეტყვის საწინააღდეგო რაკეტების წარმოება დაიწყო. მანამდე საქართველო სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტებს მაკედონიიდან და ბულგარეთიდან ყიდულობდა.
საბრძოლო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი ,,დელტა“ უკვე მსოფლიოს 28 ქვეყანაში მოქმედებს, მათ შორის ამერიკაში, დიდ ბრიტანეთში, უკრაინაში, პერუში, პოლონეთში, ინდოეთში და ყაზახეთში.
დაჯავშნული მანქანა, ყუმბარმტყორცნი და ნაღმტყორცნი, ეს იმ საბრძოლო ტექნიკის ნაწილია რომლებიც საქართველოს სახელმწიფო საბრძოლო სამცნიერო-ტექნიკურმა ცენტრმა ,,დელტამ“ შექმნა და 2015 წლიდან საზღვარგარეთის ქვეყნების შეიარაღებული ძალების აღჭურვილობაში შედის.
„დელტამ“ სამედიცინო-საევაკუაციო მანქანის წარმოების შესახებ გამართულ ტენდერში გაიმარჯვა. საუდის არაბეთის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, ქართულმა პროდუქტმა ამერიკულსაც აჯობა.
100 მილიონი ლარის ღირებულების კონტრაქტის მიხედვით საქართელო ვალდებულია 2016 წელს საუდის არაბეთს მიაწოდოს 100 მანქანა.
http://commersant.ge/?m=5&news_id=36159&cat_id=5