https://kvirispalitra.ge/article/88799-kart...na-mosconebiat/ჩეხურმა სამხედრო ჟურნალმა CZ DEFENCE-m 11 იანვრის ნომერში გამოაქვეყნა საინტერესო სტატია სათაურით "საქართველო სლოვაკური ჰაუბიცებით, ZUZANA-2-ებით, დაინტერესდა". სტატიაში ნათქვამია, რომ გასული წლის ბოლოს ლატვიაში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა იაროსლავ ნაჯიმ იქ სამშვიდობო მისიის ფარგლებში მყოფ სლოვაკ არტილერისტებს განუცხადა, რომ მისი ქართველი კოლეგა დაინტერესდა ახალი სლოვაკური თვითმავალი ჰაუბიცით, "ზუზანა-2"-ით.
"ზუზანა-2" "დანასგან" ვიზუალურად შეჯავშნული კაბინითაც განსხვავდება
ლატვიაში ჩასვლამდე რამდენიმე დღით ადრე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური დელეგაცია მართლაც იმყოფებოდა ვიზიტით სლოვაკეთში და ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებს წარმატებული შეხვედრაც ჰქონდათ, მაგრამ ის, რომ ქართული მხარე "ზუზანა-2"-ით დაინტერესდა, პირველად მაინც სლოვაკებმა თქვეს.
დაინტერესება არ ნიშნავს რამის აუცილებლად შეძენას, მაგრამ მაინც რას წარმოადგენს თუნდაც დაინტერესების საგანი?
ქართული არმია პირველი იყო პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების არმიებს შორის, რომლის შეიარაღებაში "დანა" - ჩეხოსლოვაკიის წარმოების 152 მმ-იანი თვითმავალი საარტილერიო დანადგარი გამოჩნდა.
Pპირველი და ერთადერთი "დანა" დავით თევზაძის თავდაცვის მინისტრობის დროს შემოიტანეს. 2004 და 2005 წლებში ქართველი არტილერისტების შეიარაღებას კიდევ 6-6 "დანა" დაემატა, რომლებიც აგვისტოს ომში აქტიურად გამოიყენეს. მართალია, მაშინ ორი "დანა" დავკარგეთ, მაგრამ არა - რუსი არტილერისტების კონტრსაბატარეო ცეცხლის ან რუსული ავიაციის დაბომბვის შედეგად. სავალი ნაწილის ტექნიკური პრობლემების გამო ორი "დანა" გორი-თბილისის ავტომაგისტრალზე დატოვეს. რუსმა სამხედროებმა ერთი დაწვეს, მეორე კი მოსკოვში წაიღეს და ნაალაფარი სამხედრო ტექნიკის გამოფენაზე გამოამზეურეს.
აგვისტოს ომის შემდეგ უკანდახეულ ქართველ არტილერისტებს დარჩენილი "დანები" ჯვრის მონასტრის ზემოთ მალულად ჰქონდათ განთავსებული საცეცხლე პოზიციებზე (რაც თავადაც მაქვს ნანახი) და მზად იყვნენ სასროლად, თუკი მტერი დედაქალაქისკენ დაიძვრებოდა.
აგვისტოს ომის შემდეგ ქართულმა არმიამ "დანების" დამატებითი პარტია შეიძინა და მათი რაოდენობა გაიზარდა, თუმცა ზუსტ რიცხვს, გასაგები მიზეზების გამო, არ გავამხელთ, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის სამხედრო დაზვერვას თავისუფლად მიუწვდება ხელი ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების ხელშეკრულების კონტროლის მონაცემებზე, რომელსაც ქართული მხარე ყოველწლიურად აწვდის ამომწურავ ინფორმაციას, რა მძიმე შეიარაღება აქვს ქართულ არმიას და სად არის განთავსებული ესა თუ ის ტანკი ან საარტილერიო დანადგარი.
"ზუზანა-2", ცხადია, "დანას" გაცილებით გაუმჯობესებული ვარიანტია, მაგრამ, რაც მთავარია, ის მოიხმარს ნატოს სტანდარტის 155 მმ კალიბრის საარტილერიო ჭურვებს და არა - საბჭოთა სტანდარტის 152 მმ კალიბრისას, ამ ფაქტორს კი იმიტომ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, რომ საბჭოთა დროინდელი 152 მმ-იანი საარტილერიო ჭურვების დიდი დეფიციტია და მათ სერიულად, მგონი, მხოლოდ რუსეთიღა აწარმოებს.
"ზუზანა-2"-დან 155 მმ-იანი მსხვრევადფუგასური ჭურვის გასროლა მაქსიმალურ 41 კმ-ზე შეიძლება, მაშინ, როცა "დანა" მხოლოდ 20 კმ-მდე თუ აღწევდა.
სროლის მანძილის გაორმაგების გარდა, "ზუზანას" "ტატრის" შასიზე ახალი, 440 ცხ.ძ.-ის სიმძლავრის, დიზელის ძრავაა დამონტაჟებული, ხოლო თვითმავალი ჰაუბიცის ავტომატური დატენის მექანიზმი წუთში ექვსი გასროლის შესაძლებლობას იძლევა.
სწრაფ სროლას თანამედროვე ომებში დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რათა დროულად მოხერხდეს საცეცხლე პოზიციის დატოვება, რომ თუნდაც თვითმავალი საარტილერიო დანადგარი საპასუხო კონტრსაბატარეო დაბომბვაში არ მოჰყვეს.
"ზუზანა-2" დღემდე მხოლოდ თავად სლოვაკეთის თავდაცვის სამინისტრომ დაუკვეთა - 25 ერთეული 175 მლნ ევროდ, ოღონდ ამ თანხაში შედის ჭურვების მარაგიც, სათადარიგო ნაწილებიც, ეკიპაჟების მომზადებაც და ექსპლუატაციის დროს ტექნიკური დახმარებაც.ძნელია იმის მტკიცება, გამოჩნდება თუ არა სლოვაკური "ზუზანა-2"-ები ქართველი არტილერისტების არსენალში, მაგრამ ისიც ცნობილია, რომ საქართველოს თავდაცვის ძალების 2030 წლამდე გაძლიერების ხუთი პრიორიტეტული მიმართულებიდან ერთ-ერთი სწორედ საარტილერიო შეიარაღების გაუმჯობესებაა, 41 კმ-მდე ჭურვების სროლა კი დღეს არც ერთ ქართულ საარტილერიო დანადგარს არ ძალუძს.