მერიამ ``სითი პარკის`` შემცვლელი უკვე შექმნა
მძღოლები “თბილისის პარკინგს“ წელიწადში 25 ლარს გადაუხდიან
თბილისის მერიაში უკვე შექმნილია "სითი-პარკის" ალტერნატივა, მუნიციპალური საწარმო შპს “თბილისის პარკინგი“, რომელიც პირველი ოქტომბრიდან დედაქალაქში პარკირების საკითხებს ჩაიბარებს. ამის შესახებ ტრანსპორტის საქალაქო სამსახურიდან გვაცნობეს.
სამსახურის უფროსის აკაკი ჯოხაძის განცხადებით, მერია „სიტი პარკის“ მიერ თბილისში მოძრაობის ორგანიზებით კმაყოფილია, მაგრამ აღნიშნული კომპანიის მიერ გადასახადების ადმინისტრირება, პარკირების ადგილებზე საფასურის ამოღების ფორმები, დაჯარიმების წესები და ჯარიმების ოდენობა იმდენად რთულია, რომ მოსახლეობა დღემდე ვერ გაერკვია რას იხდის და რატომ. ამიტომ მერიის ინიციატივით, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები შედის, რომლის მიხედვითაც 1 ოქტომბრიდან წლის განმავლობაში თბილისში პარკირების უფლების მოპოვება 25 ლარიანი ბარათის შეძენით იქნება შესაძლებელი.
აღნიშნული ცვლილებებით, შემცირდება პარკირების და ადმინისტრაციული დარღვევებისთვის დაწესებული გადასახადები. ტრანსპორტის პარკირებისათვის დადგენილი საფასურის გადახდის გარეშე ავტოტრანსპორტის დგომა 40 ლარის ნაცვლად, 10 ლარამდე შემცირდება. წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით 15-დან 10 ლარამდე მცირდება საქალაქო ტრანსპორტით უბილეთოდ მგზავრობისთვის დაწესებული ჯარიმა. მაგრამ ამ ახალი წესებით მუშაობა სავარაუდოდ უკვე არა „სითი პარკს“, არამედ მუნიციპალურ საწარმო „თბილისის პარკინგს“ მოუწევს.
შეგახსენებთ, რომ 2007 წლის ნოემბერში თბილისის მერიაში პარკირების მართვის უფლებისთვის გამართულ აუქციონზე ისრაელურმა “ამაგონი და შოჰარ პარკინგ სერვისმა” გაიმარჯვა, რის შემდეგაც დაარსდა კომპანია "სიტი პარკ"-ი. კომპანიას თბილისში პარკირების მართვის ექსკლუზიური უფლება 15 წლიანი იჯარით გადაეცა. კონტრაქტის პირობების მიხედვით, “სითი პარკის” მიერ ამოღებული თანხების 60%–ი თბილისის ბიუჯეტში უნდა შესულიყო, 40%–ი კი "სითი პარკს" დარჩებოდა.
"სითი-პარკი" დედაქალაქის პარკირების სისტემაზე უარის თქმას არ აპირებს. კომპანიის პიარ-მენეჯერი გიორგი ჯაფარიძე რადიო „კომერსანტთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ "სითი-პარკი" მუშაობას კონტრაქტის პირობების შესაბამისად აგრძელებს.
კომპანიაში აცხადებენ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დაიწყება და ვარაუდობენ, რომ მერიასთან შეთანხმებას მიაღწევენ.
ჯაფარიძის თქმით, თუკი მერია ცალმხრივად დაარღვევს კონტრაქტს, გამორიცხული არ არის, სასამართლოს მიმართონ.
http://www.commersant.ge/index.php?pg=nt&id=11539&ct=6 This post has been edited by Kirchi on 24 Sep 2009, 10:26