ფასწარმოქმნის ქართული მდგენელი - მონოპოლისტების მადასაწვავის საერთაშორისო ფასები მცირდება, ქართული ფასები კი იზრდება
ინფლაციური პროცესების გაღრმავებას ხელისუფლება საერთაშორისო ფასების ზრდით ხსნის. ეს პოზიცია ჯერ ეროვნულმა ბანკმა დააფიქსირა, შემდგომ კი პრეზიდენტმა, რომელმაც განაცხადა, რომ მთავრობას და ეროვნულ ბანკს ფასების ზრდაზე გავლენის მოხდენა არ შეუძლია. თავიდანვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ, ამ შემთხვევაში, ხელისუფლების წარმომადგენლები მხოლოდ ნაწილობრივ არიან მართალნი. საერთაშორისო ფასები მართლაც არის გაზრდილი, თუმცა, ინფლაციას რომ ადგილობრივი მიზეზების საკმარისად აქვს, ამის დამტკიცება მარტივად არის შესაძლებელი. მეზობელ ქვეყნებში საქართველოსთან შედარებით, ფასები გაცილებით ნაკლები პროცენტით არის გაზრდილი.
როგორც ცნობილია, ერთერთი ყველაზე სერიოზული ფასების მდგენელი ფაქტორი არის საწვავის ფასები. ნებისმიერი საქონლისა და მომსახურების თვითღირებულებაში საწვავის ფასები მნიშვნელოვნად არის ასახული. ექსპერტების და ანალიტიკოსების მოსაზრებას, რომ საქართველოში ინფლაციას დიდწილად შიდა ფაქტორები განაპირობებს, ამტკიცებს ქვეყანაში საწვავის ბაზარზე შექმნილი სიტუაცია.
წლის დასაწყისიდან ქვეყანაში საწვავის ფასი 15 თეთრით გაიზარდა. ვინაიდან ჩვენთან ყველაზე მოხმარებადი, შედარებით იაფი რეგულარის ტიპის ბენზინია, ჩვენც სწორედ ამ ტიპის საწვავის ფასის ცვლილებაზე ვისაუბრებთ.
საწვავზე ფასების გაძვირებას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა, მწარმოებელთა და მომხმარებელთა კავშირში, საერთაშორისო ფასების ზრდით ხსნიან. დღეს საქართველოში რეგულარის ტიპის ბენზინზე ფასი ყველაზე მაღალია, ბოლო 10, 20 ან თუნდაც 2000 წლის განმავლობაში.
დღეს საქართველოშიო რეგულარის ტიპის საწვავის ფასი საშუალოდ 2.03 ლარია, ამაზე ძვირი ბენზინი ჩვენს ქვეყანაში არასოდეს ღირებულა. ნავთობპროდუქტების ფასის ისტორიული მაქსიმუმი მსოფლიოში 2008 წლის ივლისში დაფიქსირდა. მაშინ ერთი ბარელი ნავთობის ფასმა 140 ამერიკულ დოლარს გადააჭარბა, დღეს კი ეს მაჩვენებელი დაახლოებით 100 დოლარია. 2008 წლის ზაფხულში საქართველოში რეგულარის ტიპის ბენზინი 1.95 ლარი ღირდა. ერთი სიტყვით, ქართული ნავთობპროდუქტების ბაზარი მსოფლიო ფასებთან მიმართებაში არაადეკვატურად რეაგირებს.
საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა ბოლო 15 დღის განმავლობაში. 2011 წლის 17 იანვარს A92 ტიპის (რეგულარი) ერთი ტონა ბენზინი 884.50 დოლარი ღირდა, ეს იმ დღის კურსით 1600 ლარი იყო. 17 იანვრის შემდეგ მზა ბენზინის ფასი მნიშვნელოვნად შემცირდა, 30 იანვარს იმავე ტიპის საწვავის ფასი 855 დოლარი გახდა ტონაზე, ანუ 1547 ლარი. ანუ ბოლო 15 დღის განმავლობაში მზა პროდუქტის ფასი 53 ლარით შემცირდა, ამის მიუხედავად, ჩვენს ქვეყანაში 31 იანვარს საწვავი გაძვირდა და ფასმა წინა წლებში დაფიქსირებულ ისტორიულ მაქსიმუმს გადააჭარბა. რატომ ძვირდება საწვავი მაშინ, როცა მისი თვითღირებულება მცირდება, ამის ახსნა ლოგიკურად არავის შეუძლია.
იმის დასასაბუთებლად, რომ ქართული ნავთობპროდუქტების ბაზარზე ეკონომიკურად დაუსაბუთებელი ფასწარმოქმნის მეთოდებით სარგებლობენ, განვიხილოთ აშშ-ს სიტუაცია. ზოგადი ტენდენციის თანახმად, საწვავი იქაც ძვირდება. ამ ქვეყანაში საწვავის ფასების ლოგიკა ემთხვევა საერთაშორისო ფასებს. აშშ-ში ბენზინის საცალო ფასის აბსოლუტურ რეკორდულ მაჩვენებლად ითვლება 4,114 დოლარი/გალონზე, რომელიც დაფიქსირდა 2008 წლის 7 ივლისს. ანუ, აშშ-ში ბენზინის ფასის ისტორიული მაქსიმუმი ერთ ლიტრზე 1.08 დოლარია. დღეს აშშ-ში რეგულარის ტიპის საავტომობილო ბენზინი საშუალოდ 3.104 დოლარი/გალონზე ღირს, ანუ, დაახლოებით 82.0 ცენტი ლიტრი.
ახლა მარტივად შევადაროთ, საწვავზე ფასწარმოქმნა ჩვენთან და ნორმალურ ქვეყანაში. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ფასები ისტორიულ მაქსიმუმთან შედარებით მნიშვნელოვნად არის შემცირებული, ქართულ ბაზარზე საწვავის ფასი უკვე აჭარბებს დაფიქსირებულ ისტორიულ მაქსიმუმს. ნორმალურ ქვეყანაში კი, დღევანდელი ფასები მსოფლიო ფასებთან შედარებით ზუსტი პროპორციით არის შემცირებული.
გასაგებია, რომ აშშ და საქართველო განსხვავდება. თუმცა, ნავთობპროდუქტების ბაზარი არ არის ის სფერო სადაც ამხელა განსხვავება უნდა არსებობდეს. აქ ელემენტარულ მიდგომებშია პრობლემა და არა ზოგად სიტუაციაში. ნავთობპროდუქტების ფასწარმოქმნა, ჩვენთან და ამერიკაში დაახლოებით იდენტურია. შეიძლება განსხვავდებოდეს გადასახადები ან სხვადასხვა ხარჯები, თუმცა, ჩვენ შეგნებულად გავაკეთეთ ამ ტიპის შედარება. მთავარი ისაა, რომ არც ჩვენთან და არც აშშ-ში, 2008 წლიდან დღემდე არ შეცვლილა ფასწარმოქმნის მექანიზმი, უბრალოდ ქართველი მენავთობეების მადა გაიზარდა.
წყარო:
http://banksandfinance.ge/energetic/2078-neft.html