მწვანეთა პარტიის ლიდერის მოსაზრება აქ არის
http://commersant.ge/index.php?id=1322ექსპერტები და საბაჟო სამსახურის წარმომადგენლები იაპონიიდან შემოყვანილი ავტომობილების „დასხივების“ საფრთხეს გამორიცხავენ. მათი თქმით, პირველადი შემოწმება მანქანებს ჯერ იაპონიაში უტარდებათ და თუ რადიაციის დონე მომატებულია, ის გემზე არცერთ შემთხვევაში არ დაიტვირთება.
„მწვანეთა პარტიის“ ლიდერის გია გაჩეჩილაძის განცხადებით, რადიაციული ავტომობილი საქართველოში შესაძლოა სახმელეთო გზითც შემოვიდეს. საბაჟო სამსახურში კი ამბობენ, რომ საქართველოში რადიაციის ფონზე კონტროლი არ გამკაცრებულა, რადგან ის მუდმივად ხორციელდებოდა.
ბირთვული და უსაფრთხოების სამსახურის მთავარი სპეციალისტის ლევან გოგუას განცხადებით, ფოთის საბაჟო ტერმინალზე დამონტაჟებულია პორტალური დეტექტორული სიგნალიზაციის სისტემა, სადაც შემოწმებას ნებისმიერი ტვირთი, მათ შორის ავტომობილები გადის. თუ რადიაცია მომატებულია, სიგნალიზაცია ირთვება. გოგუას თქმით, დეტექტორი იმდენად მგრძნობიარეა, რომ რადიაქტიურ დანალექს მანქანის სალონშიც კი აფიქსირებს. თუ ის აღმოჩნდება, მანქანა მთლიანად უნდა გაირეცხოს და ეს კერა მოისპოს.
რაც შეეხება სხვა პროდუქტს, მათ შორის მედიკამენტებს, იმის გამო, რომ ზოგიერთი წამალი რადიაქტიულ დანამატს შეიცავს, მისი კონტროლი უფრო რთულია.
პორტიდან რადიაციით დაბინძურებული ავტომობილის შემოსვლას გამორიცხავს გია გაჩეჩილაძეც, თუმცა, მისი თქმით, იაპონიიდან შემოდის სხვა პროდუქციაც, მაგალითად მედიკამენტები, რომელთა აკრძალვასაც „მწვანეთა პარტია“ დროებით ითხოვს.
„მოვითხოვთ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეიზღუდოს იაპონიიდან სასურსათო პროდუქტების და მედიკამენტების შემოტანა. მედიკამენტებში რადიაცია შესაძლოა ისეთი მცირე რაოდენობით იყოს, რომ ის დეტექტორმა ვერ აღიქვას, მაგრამ ადამიანის ჯანმრთელობისთვის იყოს ძალიან საშიში. ასევე შეიძლება იყოს საკვებ პროდუქტებში. იაპონიიდან პროდუქტების შეზღუდვა თითქმის მთელმა მსოფლიომ დააწესა და მიმაჩნია, რომ ჩვენთანაც ასე უნდა მოხდეს,“ – აცხადებს გაჩეჩილაძე